USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ნოდარ ანდრიაძე: მეამაყება რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეის სათავეებთან ჩემი ძმა, ირაკლი ანდრიაძე იდგა
дата:  3090

  ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული მრავალწლიანი   ეპოპეა ბევრ  საინტერესო ისტორიას და  დეტალს  მოიცავს, რომელიც ფართო  საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.  ბევრი არაფერი ვიცით  არც იმ ადამიანების წვლილზე, ვინც ამ  ისტორიის  სათავეებთან იდგენენ.   ამ ადამიანთა შორის არის   ირაკლი ანდრიაძე,  გამორჩეული მოღვაწე, რომლის სახელთანაა  დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება   80- 90 -  იანი  წლების საქართველოში. ამ საქმეთა „გვირგვინი“ იყო ყოვლაწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელსაც  ირაკლი ანდრიაძე მისი უწმინდესობის და ასევე,  საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის თხოვნით  ჩაუდგა სათავეში. 

  ანაკლიის პორტის ისტორიას  ირაკლი ანდრიაძის ძმა ნოდარ ანდრიაძე იხსენებს.   ბატონ ნოდარს თავადაც  საინტერესო ბიოგრაფია აქვს. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობზე და კარგად ახსოვს ის მოვლენები, რაც ვითარდებოდა საქართველოში გასული საუკუნის მიწურულს.  ბატონი ნოდარი აქტიურად იყო ჩართლი  ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობაში,    მშენებლობა  და საქმის ერთგულება იყო  ძმები ანდრიაძეების ცხოვრების  კრედო - სწორედ ამიტომაც მათ დამსახურებულად ერგოთ ერის გამორჩეული მოღვაწეების სტატუსი.

 ნოდარ ანდრიაძე:   ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა  ჩვენი ქვეყნის   გეოპოლიტიკური და ეკონომიკური  ინტერესებიდან გამომდინარე  უმნიშვნელოვანესი პროექტია.  დღეს, როცა  ანაკლიის პორტის  თემა  კვლავ აქტიურად დგას დღის წესრიგში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება გავიხსენოთ როგორ დაიწყო  მასზე მუშაობა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში. ძალიან მეამაყება, რომ ამ პროექტის სათავეებთან იდგა ჩემი უფროსი ძმა ირაკლი ანდრიაძე, მისი ხელმძღვანელობით ქვეყანაში  უკვე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი იყო განხორციელებული, მათ შორის დაწყებული იყო  სამების ეკლესიის მშენებლობა,  როდესაც ედუარდ შევარდნაძემ ჩემს ძმას  ამ თემაზე მუშაობა დააკისრა. ირაკლი გაბედული, პროგრესული ადამიანი იყო, ძალიან კარგად აცნობიერებდა ანაკლიის პროექტის  მნიშვნელობას და პერსპექტივას  ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომაც ამ საქმეს, ისევე როგორც ყველაფერს, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა.

 

  პირადად მე,  ანაკლიის უნიკალური პოტენციალის  შესახებ ინფორმაცია პირველად  ჯემალ  ჭიღვარიასგან გავიგე.  ბატონი ჯემალი ლეგენდარული ადამიანი იყო და უზარმაზარი წვლილი მიუძღოდა საქართველოს საზღვაო -სავაჭრო ფლოტის და საზღვაო ნაოსნობის განვითარებაში  80 -90 იან წლებში. ჩვენ საერთო მეგობარი გვყვავდა, ერთმანეთი მისი  დახმარებით გავიცანი.  მაშინ ვანის რაიკომის პირველი მდივანი იყო. ბათუმში ჩავედით მე და ჩემი მეგობარი ჯემალთან შესახვედრად.  საოცარი კაცი აღმოჩნდა ჩვენი მასპინძელი, შეხვედრის დროს  ბევრ საინტერესო თემაზე  ვისაუბრეთ.  ჯემალს სამუშაო კაბინეტში ეკიდა რუკა, რომელზეც საქართველოს საზღვაო  სტრატეგიული ობიექტები იყო დატანილი. ასეთ რუკებს უშიშროების სამსახურები აკონტროლებდა,  მათ გარდა მასზე თავისუფალი წვდომა  იოლი არ იყო.    ჯემალს რუკა  ფარდით ჰქონდა დაფარული, თუმცა ჩვენთან   გახსნა ფარდა  და მოგვიყვა  ანაკლიის უზარმაზარ პოტენციალზე.   მან აღნიშნა, რომ მთელი შავი ზღვის აუზში ყველაზე ღრმაწყლოვანი სექტორი იყო ანაკლიაში და სუფსის შესართავში.  მაშინ იდგა დღის წესრიგში პორტების თემა, მაგრამ არა აქტიურად. ანაკლიაც  არ იყო განვითარებული, სულ რამდენიმე კოტეჯი იყო ჩადგმული, თუმცა   თავისი  მონაცემებით მართლაც რომ უნიკალური  შესაძლებლობები ჰქონდა  და არც  ერთ მოქმედ პორტს არა თუ ჩამოუვარდებოდა, პირიქით, მეტი პოტენციალიც  ჰქონდა.

  ძალიან საინტერესოა ამ ტერიტორიის ისტორიაც. როგორც ცნობილია, საუკუნეების წინ  სწორედ  ანაკლიადან ხდებოდა ბავშვების გაყვანა ოსმალეთში გასაყიდად. ადგილობრივები ამ ადგილს  ცოდვილ ადგილად მიიჩნევდნენ. ანაკლია  მეგრულად  ნიშნავს -  ანა კივის. ხალხური გადმოცემის მიხედვით, ამ  ადგილებიდან   ბავშვების  დედების  კივილი ისმოდა, რადგან სწორედ ამ ტერიტორიებზე ხდებოდა  მოტაცებული და გაყიდული ბავშვების შეგროვება.  კათოლიკე მისიონერების არქივების მიხედვით,  მე -18 საუკუნეში  და მე-19 საუკუნის დასაწყისში აქედან დაახლოებით 2  მილიონი ბავშვის გაყვანა მოხდა, რაც ძალიან დიდი უბედურება იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ეს  ბარბაროსობა შეჩერდა  სოლომონ  მეფის მიერ გამოცემული  დეკრეტით, რომლითაც დაწესდა სიკვდილით დასჯა ბავშვების მოპარვისა  და  ვაჭრობისთვის.

 ჯემალ ჭიღვარიასთან  შეხვედრიდან საკმაო  დრო იყო გასული, როდესაც ჩემი ძმისგან შევიტყვე, რომ ედუარდ შევარდნაძემ ანაკლიის შესახებ მასალების მომზადება სთხოვა.  1999 წელს ედუარდ შევარდნაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა იაპონიაში, სადაც  ახლდა   ირაკლი, რომელიც  მაშინ  იყო  სახელმწიფო  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და პრეზიდენტს ყველა ვიზიტზე   მიჰყვებოდა.  მოგვიანებით ირაკლი თავად მომიყვა ამ  ამბავს.  იაპონიაში უმაღლესი დონის  შეხვედრების დროს, ერთ-ერთი მიღებისას, რომელსაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი  იაპონელი ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ,   ცნობილმა იაპონელმა ბიზნესმენმა ედუარდ შევარდნაძეს უთხრა: ჩვენ გვსმენია ანაკლიის  პოტენციალის შესახებ და თუ თქვენგანაც  თანახმა იქნება,  ჩვენ შეგვიძლია  იქ  პორტის აშენებაო. მაშინ იაპონია სწრაფად ვითარდებოდა, პორტების მშენებლობის, ტვირთების გადაზიდვის დიდი  ინტერესი   ჰქონდათ.   ედუარდ შევარდნაძეს ეს იდეა ძალიან მოეწონა და იქვე დაავალა ირაკლის, ჩამოსვლისთანავე მიეხედა ამ საქმეებისთვის და  ჩაეტარებინა მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც მოიცავდა რუკების,  ნახაზების და სხვადასხვა დეტალების  დამუშავებას.  ედუარდი ძალიან ენდობოდა ირაკლის, იქვე  იაპონიაში შეხვედრაზე  განაცხადა, რომ რომ აქ არის კაცი, რომელიც ამ საქმეს მიხედავსო. სწორედ ირაკლის დაევალა  სამუშაოების მომზადება იაპონელების კითხვარების და წინადადებების  მიხედვით.

როგორც კი ირაკლი საქართველოში დაბრუნდა, მალე გაემგზავრა  ანაკლიაში.  მეც თან გავყევი. მას ძალიან უყვარდა ოპერატიული მუშაობა. როგორც კი  დავალებას მიიღებდა, მაშინვე მის განხორციელებას იწყებდა,  ამიტომაც იყო რომ ამდენი წელი გაატარა ედუარდ შევარდნაძის გვერდით. ედუარდი მას ძალიან ენდობოდა და კარგად იცოდა ირაკლის შრომითი პოტენციალი, რომლითაც ირაკლი ჩვენს გამზრდელ ბაბუას ჰგავდა.  ბატონმა ედუარდმა, როდესაც პირველი მაისის რაიკომის მდივანი გახდა  ირაკლი და შოთა გორგოძე, რომლებიც მაშინ ახალგაზრდები და  უშტატო თანამშრომლები იყვნენ, მაშინვე შტატში გადაიყვანა და მისი  გუნდის წევრები გახდნენ. 

 თბილისში დაბრუნების შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ ირაკლის უთხრა, ირაკლი ანაკლიის პორტზე დიდ სიკეთეს ჩვენ ვერ გავუკეთებთ  ჩვენს ქვეყანას, უნდა ჩახვიდე ანაკლიაში და საქმეს მიხედოო. როგორც ირაკლიმ მითხრა, იაპონიიდან ირაკლის გამოატანეს  დოკუმენტაციები, რომელთა მომზადებაც იყო საჭირო საქმის დასაწყებად.  მე და ირაკლი ერთად წავედით  ფოთში. მე არც ვიცოდი, რა იყო ჩვენი წასვლის მიზანი, იქ ადგილზე გავერკვიე დეტალებში. მახსოვს  შემოდგომა იყო, როდესაც ჩავედით, ფოთიდან  კატერით გადავედით ანაკლიაში,  სადაც   ჩვენ დაგვხვდა სამეგრელოს  გუბერნატორი ბონდო ჯიქია -  საქმიანი და პასუხისმგებლიანი  ადამიანი, რომელმაც რეგიონში ბევრი კარგი პროექტი განახორციელა.   რამდენიმე ადამიანი ახლდა ბატონ ბონდოს, მათ შორის იყვნენ  სხვადასხვა სპეციალისტები,   სანაოსნოს წარმომადგენელები, კარტოგრაფები.  ირაკლიმ მათ სთხოვა, დროულად მოემზადებინათ ყველა დოკუმენტი. მართლაც მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება მოხდა ოპერატიულად,  მომზადდა დოკუმენტები, რომელიც უნდა გადასცემოდა იაპონურ მხარეს.   აქ ირაკლის მისია  უკვე  მთავრდებოდა.  

- როგორ განვითარდა მოვლენები მოგვიანებით, რატომ ვერ მოხდა ამ პროექტის განხორციელება.

- ირაკლის ჰქონდა კომუნიკაცია იაპონელებთან,   როგორც მათთგან  გაირკვა, საბოლოოდ  დოკუმენტაცია ვერ მოხვდა იაპონიაში.  ირაკლი ძალიან წუხდა,  ლამის ტიროდა კაცი. მან ხომ ზუსტად იცოდა, რას მოუტანდა ანაკლიის პორტი  ქვეყანას, რომელიც განვითარების ახალ ეტაპზე გადადიოდა. მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ  პროექტი დაიბლოკა იმ ძალების მიერ, რომელთაც არ სურდათ მისი განხორციელება.  გავიდა დრო და მერე კვლავ  ამოტივტივდა ეს თემა.  ყველას გვახსოვს, ვინ წამოწია წლების შემდეგ ეს საკითხი.   წარმოიდგინეთ, რამხელა მნიშვნელობა ექნებოდა ამ პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის, სუფსის მაგალითიც ხომ საკმარისია.  ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ედუარდ შევარდნაძის დიდი დამსახურებაა   სუფსის ტერმინალი,  რომლითაც საქართველოს აბრეშუმის გზის  ცენტრალური დერეფანის სტატუსი დაუბრუნდა.  ანაკლიის  თემა დაბლოკა იმ ხალხმა, ვინც   90  - იან  წლებში გაძარცვა საქართველო.  თუ  გადახედავთ აკადემიკოს  ნოდარ ჭითანავას შესანიშნავ გამოცემას, იმ პერიოდის ეკონომიკური, დემოგრაფიული და ზოგადი მდგომარეობის ანალიზის  შესახებ,  თუ რა მოხდა საქართველოში  80 - 90 იან წლებში და რატომ გაკოტრდა ქართველი ხალხი, რატომ დაეცა  ცხოვრების საშუალო დონე 10 % მდე,  ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.  

ანაკლიის პროექტი  მაშინ რომ განხორციელებულიყო,  ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ  რა  მდგომარეობა იქნებოდა  დღეს   სამეგრელოში და მთელ საქართველოში, როგორც შეიცვლებოდა ზუგდიდელების, მიმდებარე სოფლების  მოსახლეობის ცხოვრება.  არც ახლაა გვიანი.  ობლის კვერი ცხვა და ბოლოს გამოცხვაო, ასეა ანაკლიის ბედიც.  ძალიან მახარებს რომ ათეული წლებით გაწელილი და დაუსრულებელი პროექტი ბოლოს და ბოლოს განხორციელდება  დღევანდელი ხელისუფლების, ჩვენი  პრემიერ - მინისტრის   აქტიური  და სწორი  პოზიციით ანაკლიის პორტის მშენებლობასთან  დაკავშირებით.  პრემიერის  განკარგულებით, ანაკლიის  პორტი გადავიდა საქართველოს მთავრობის, ქართველი ხალხის  განკარგულებაში და ის  აუცილებლად აშენდება.  შეუფასებელი იქნება მისი მნიშვნელობა  თანამედროვე საქართველოსთვის, რითიც ჩვენი ქვეყნის  როლი   გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე განუზომლად  გაიზრდება.   

  თამარ ნიჟარაძე

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати