USD 2.7215
EUR 3.2155
RUB 3.4658
თბილისი
ნოდარ ანდრიაძე - ირაკლი ანდრიაძემ ერთ ღამეში გაიყვანა რუსული სამხედრო ნაწილი ძველი თბილისიდან, სადაც ფარნავაზ მეფის ძეგლი უნდა დაედგათ
თარიღი:  5302

გასული საუკუნის 70-80 იანი წლები თბილისში გამორჩეულად აქტიური წლები იყო. ამ პერიოდთან არის დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეროვნული პროექტების განხორციელება, მათ შორისაა ცნობილი არქიტექტურული და ხუროთმოძღვრების ძეგლები.    

ჩვენს უახლეს წარსულს ამ ძეგლებთან დაკავშირებით ბევრი ისტორია შემორჩა, თუმცა არის ბევრი კადრს მიღმა დარჩენილი ეპიზოდები, რომელთა შესახებ ნოდარ ანდრიაძის მოგონებებს გთავაზობთ. ბატონი ნოდარი ამ ისტორიების მოზიარე   უფროსი ძმის ირაკლი ანდრიაძის მეშვეობით გახდა, რომელიცამ პროცესების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი და შემოქმედი იყო.

ნოდარ ანდრიაძე: ჩვენს ოჯახში და საახლობლო წრეში, ყოველთვის ტრიალებდა ფიქრი  საქართველოზე, რომელიც  ეროვნული სულისკვეთებით იყო განმსჭვალული.  ამან  ბევრი რამ განაპირობა ჩემი და ჩემი ძმის ირაკლი ანდრიაძის ცხოვრებაში,  საქმიანობაში. ეს განსაკუთრებულად აისახა ირაკლის მოღვაწეობაზე, ის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, ეროვნული პროექტის ავტორი და შემოქმედი იყო. ირაკლი  ხელოვნების დიდი დამფასებელი გახლდათ, ალბათ ამიტომაც, განსაკუთრებული დამოკიდებულება და ახლო მეგობრობა აკავშირებდა მწერლებთან, არქიტექტორებთან, მსახიობებთან, ძალიან აფასებდა ქართულ სპორტს, ჩვენს სპორტსმენებს ირაკლისგან დიდი ხელშეწყობა და დახმარება ჰქონდათ.  

სწორედ ეროვნული ფაქტორის გავლენა იყო, რომ ირაკლი თავიდან ბოლომდე  იყო ჩართული ზურაბ წერეთელის უნიკალური მონუმენტის „საქართველოს მემატიანეს“  განხორციელებაში. ზურაბი და ირაკლი სტუდენტობის პერიოდიდან მეგობრობდნენ და ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, მათი მეგობრობა ირაკლის სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.

 „საქართველოს მემატიანე“ არის  გრანდიოზული ძეგლი, რომელიც ასახავს ჩვენი ქვეყნისთვის  მნიშვნელოვან რელიგიურ და ისტორიულ მოვლენებს და   პიროვნებებს. მასზე გამოსახულია ქრისტეს ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები, ქართველი მეფეების, ქართული ლიტერატურული ნაწარმობების სიუჟეტები, ჩვენი  პოეტების საუკეთესო ლექსები.

ამ ძეგლზე ზურაბ წერეთელმა ტიტანური შრომა გაწია. ირაკლი მას გვერდში ედგა და ძალიან ეხმარებოდა. სწორედ  ირაკლის მიერ მოხდა ძეგლისთვის შესაფერისი ადგილის შერჩევა და გამოყოფა ყეენის მთაზე, საიდანაც იშლება საოცარი ხედი  თბილისზე.   

მონუმენტის დადგმას წინ უძღოდა ერთი არასასიამოვნო ამბავი. მოგეხსენებათ  90 იან წლებში, თბილისში არეული სიტუაცია იყო, შეიარაღებულმა ფორმირებებმა  მოიტაცეს თბილისში ჩამოტანილი და დასაწყობებული კონსტრუქციები, რომელთაც  სპილენძის ზედაპირები ჰქონდა. ისინი პეტერბურგში იყო ჩამოსხმული. ზურას და ირაკლის  მათი ჩამოტანა  მეორედ  მოუწიათ. ირაკლიმ დაავალა შესაბამის სამსახურებს, რომ  კონსტრუქციები გადაემალათ გასაიდუმლოებულ საწყობში, აეროპორტის გზაზე, რომ მათ კვლავ არ შექმნოდა საფრთხე.  კაციშვილმა არ იცოდა სად იყო დამალული მონუმენტის ნაწილები. მათი დადგმის დროსაც ირაკლიმ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღო, დაცვის გამოყოფა გახდა საჭირო, რომ არ გაეძარცვათ. ირაკლი ხშირად ადიოდა ყეენის მთაზე ამ ძეგლის მონტაჟის დროს, სადაც სერიოზული  სამუშაოები ჩატარდა. მშენებლებმა ფუნდამენტში დიდი  რაოდენობით რკინა-ბეტონი ჩაასხეს, რადგან სიმაღლის გამო ეს საკმაოდ რთული კონსტრუქციები იყო და ბევრი დეტალი უნდა  ყოფილიყო გათვალისწინებული. მშენებლები ირაკლის სიტყვას ძალიან ენდობოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ მისი ღრმა და კვალიფიციური ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროში. საბოლოო ჯამში მართლაც დიდებული მონუმენტი გამოვიდა, რომელიც  უკვე ათეული წლებია ამშვენებს თბილისს.   

აქვე გავიხსენებ ერთ ისტორიას. ავლაბარში, სადაც ახლა ულამაზესი ბაღი და მეფე ფარნავაზის ძეგლია, ადრე სამხედრო  შენაერთი იყო. ჩემმა ძმამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იქ ბაღი და ფარნავაზის ძეგლი გაკეთებულიყო. ერთ ღამეში  გაიყვანა იქიდან სამხედრო ნაწილის მოსამსახურე პერსონალი და მაცხოვრებლები, რის გამოც  დიდი დაპირისპირება მოუხდა საბჭოთა კავშირის მაშინდელ  თავდაცვის მინისტრთან. სამხედრო ნაწილის ადგილზე გაკეთდა მშვენიერი ბაღი, თავიდანვე გადაწყვეტილი იყო  მეფე ფარნავაზის ძეგლის დადგმა, რომელიც ირაკლის დაკვეთით და ორგანიზებით ჩამოასხეს, თუმცა მისი დადგმა მოხდა ცოტა  მოგვიანებით. 

 

- როგორც ცნობილია, ირაკლი ანდრიაძის ორგანიზებით და ხელშეწყობით მოხდა „ქართლის დედის“ ახალი ძეგლის დადგმა, რომლითაც შეიცვალა ძველი ძეგლი.

-  „ქართლის დედის “ მონუმენტურ ქანდაკებასთან  დაკავშირებით არსებობს ასეთი ისტორია. როგორც ცნობილია, დღეს არსებულ ძეგლამდე არსებობდა ქანდაკება, რომელიც დაიდგა 1958 წელს თბილისის 1500 წლისთავთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, თავიდან „ქართლის დედა“ არ იყო ჩაფიქრებული არქიტექტურულ შედევრად, მაგრამ ქართველი ქალის როლი იმდენად დიდი და განუზომელია ამ ქალაქის და ქვეყნის ისტორიაში, რომ  ძეგლმა მალე  შეიძინა სიმბოლური დატვირთვა და გახდა   თბილისის სიმბოლო. 

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორებისგან  ირაკლიმდე მივიდა ინფორმაცია, რომ ლენინის მოედნიდან ქვემოთ  თუ დაეშვებოდით, ისე ჩანდა, თითქოს „ქართლის დედის“ ხმალი „თავს აჭრიდა“  ლენინის ძეგლს. რამდენადაც მერე დავაზუსტე,  ეს საკითხი ირაკლისთან დააყენა მექანიკა მათემატიკის ფაკულტეტის დოცენტმა  რაფო ჭიჭინაძემ, რომელიც ძალიან კარგი მათემატიკოსი იყო.  ეს  თემა კარგად იყო ცნობილი თავად ბატონი ელგუჯა ამაშუკელისთვის, მაგრამ მაშინ ვერ მოხდა ამ პრობლემის გადაწყვეტა. ირაკლიმ,  როგორც სჩვეოდა,  სასწრაფოდ დაიწყო  დეტალებში  გარკვევა. მას თავისი თვალით უნდა ენახა ყველაფერი. ირაკლი ავიდა „ქართლის დედის“ ძეგლთან, სადაც  აღმოაჩინა, რომ კონსტრუქციის დიდი ნაწილი ფანერით და თხელი ლითონით  იყო გაკეთებული, რომელიც წვიმისგან და მზისგან უკვე დაზიანებული იყო. ძეგლი ისეთ მდგომარეობაში დახვდა, ამბობდა ძლიერი ქარიც კი  წააქცევდაო. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაკეთებულიყო ახალი ძეგლი, რომელიც იქნებოდა  უკეთესი ხარისხის და ძველ ძეგლზე მაღალი, რომ  ლენინის ძეგლის „თავის მოჭრის“ საკითხი თავიდან აერიდებინათ. ძველი ძეგლის გვერდით, რამდენიმე მეტრში, გაკეთდა ახალი უფრო მაღალი კვარცხლბეკი,  31- ე ქარხანაში ირაკლის ორგანიზებით შექმნეს ახალი  თხელი ლითონის კონსტრუქცია, რომელიც დამონტაჟდა ინჟინერ გელაშვილის მიერ. პარალელურად ირაკლიმ  დაუკვეთა უკვე დღევანდელი ძეგლი, რომელიც ვერ მოესწრო ირაკლის დროს და მისი  დადგმა მოხდა ბადრი შოშიტაიშვილის მერობის პერიოდში. მე მახსოვს, როგორ იდგა ორი ძეგლი ორი დღის განმავლობაში ერთმანეთის გვერდით, რაზეც თბილისში ბევრი მხიარული ლეგენდა და მითი გაჩნდა (იცინის)

მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, თუ  როგორი იყო ქართველი ხალხის, უნივერსიტეტის პროფესორ -მასწავლებლების სულისკვეთება და რა შედეგი მოიტანა ამ სულისკვეთებამ. არის სიმბოლოები, რომელიც აკეთებს თავის საქმეს, თუმცა წარმოუდგენელია ახსნა რა ლოგიკით. სწორედ  უნივერსიტეტელების ოცნება, აზროვნების წესი, საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი, მათი ანტილენინური განწყობები, გამოვლინდა ამ საკითხშიც. ლენინის ძეგლის მოხსნამდე გასწორდა  „ქართლის დედა“, ის  აღარ „ჭრიდა თავს,“ლენინს, თუმცა ლენინის ძეგლს ამანაც ვერ „უშველა“ - ცოტა ხანში ის მაინც  მაინც გადმოაგდეს (იცინის)  

-  როგორ გახსოვთ ირაკლი ანდრიაძის წვლილი დავით აღმაშენებლის ძეგლის  დადგმაში?  

- კარგად მახსოვს ამ  ისტორიასთან  დაკავშირებული პერიპეტიები და ირაკლის განცდები. მერაბ ბერძენიშვილს ძალიან უნდოდა და პრინციპულად ითხოვდა, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი  სასტუმრო „ივერიასთან“ დაედგათ. ქვა, რომლითაც მოპირკეთებული იყო  დავით აღმაშენებლის ძეგლის პოტსდამი, ზუსტად იმ ფერისაა, რაც  გამოყენებული იყო სასტუმრო „ივერიის“ მოპირკეთებაზე.  ირაკლი ამ სასტუმროს მშნებლობაში იღებდა მონაწილეობას და იცოდა, თუ სად იშოვიდნენ ამ ქვას, რომელთა ნაწილების ჩამოტანაც მოხდა სპეციალურად ყაზბეგიდან. წლების შემდეგ, დავით აღმაშენებლის ძეგლი ძველი ადგილიდან დიღომში გადაიტანეს, რასაც თბილისის  მოსახლეობის  გარკვეული პროტესტი მოჰყვა. ხალხი  წუხდა, რომ  დავით აღმაშენებლის ძეგლი ქალაქის ცენტრიდან გაიტანეს. მოგვიანებით,  კი იქ დაიდგა ველოსიპედის ძეგლი.  თბილისელებმა ხუმრობით ამ ველოსიპედს  „კამოს ველოსიპედი“ უწოდეს, რადგან  სწორედ ამ ადგილზე გარდაიცვალა   რევოლუციონერი კამო, რომელიც  ველოსპედით მოდიოდა, როდესაც ეტლი დაეჯახა.

მე მახსოვს, თბილისელების წუხილი, როცა დიდი  მეფის  ძეგლი ქალაქის ცენტრიდან აიღეს. ირაკლიც ძალიან ღელავდა ამ საკითხზე. ის თბილისზე შეყვარებული, მასზე მოამაგე მოღვაწე იყო, ამიტომაც ყველაფერი რაც ამ ქალაქს უკავშირდებოდა, გულთან ისე ახლოს მიჰქონდა და ისე განიცდიდა, რომ ამისი  სიტყვებით გადმოცემა რთულია.     

 ესაუბრა თამარ ნიჟარაძე

ნოდარ ანდრიაძე

ანალიტიკა
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.