ცნობილი ისტორიკოსი და მწერალი, იუვალ ნოა ჰარარი ახალი კორონავირუსის პანდემიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
გთავაზობთ ჰარარის სტატიას ქართულ ენაზე:
"კაცობრიობა გლობალური კრიზისის წინაშე დგას, ჩვენი თაობის უდიდესი კრიზისის წინაშე. გადაწყვეტილებები, რომლებსაც საზოგადოება და მთავრობები მიიღებენ სამყაროს იერსახეს შეცვლის. საუბარია არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემაზე, არამედ - ეკონომიკაზე, პოლიტიკასა და კულტურაზე. სწრაფად და დამაჯერებლად უნდა ვიმოქმედოთ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ქმედებებს გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება. ალტერნატივების არჩევისას უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, როგორ გადავლახოთ მიმდინარე საფრთხე? და როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ ქარიშხლის შემდეგ. დიახ, ქარიშხალი აუცილებლად დასრულდება, კაცობრიობა გაიმარჯვებს, უმრავლესობა ჩვენგანი ცოცხალი იქნება, მაგრამ სამყაროს ახალი პრობლემები ექნება.
საგანგებო მდგომარეობისას მიღებული მრავალი მოკლევადიანი გეგმები ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდება. ასეთია საგანგებო მდგომარეობების არსი. გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებას მშვიდობის დროს წლები სჭირდება, საგანგებო რეჟიმში საათებში ხორციელდება. მოუმწიფებელი და სახიფათო ტექნოლოგიების ექსპლუატაცია უფრო სწრაფად ხდება, იმიტომ რომ უმოქმედობით გამოწვეული რისკი გაცილებით მაღალია. რიგ ქვეყნებს სოციალურ ექსპერიმენტში მონაწილე ზღვის გოჭების ფუნქცია დაეკისრებათ. რა ხდება როდესაც ყველა სახლიდან მუშაობს და კომუნიკაცია მხოლოდ შორიდან არის შესაძლებელი? რა ხდება როდესაც უნივერსიტეტები და სკოლები სწავლების ონლაინ-რეჟიმზე გადადიან? ნორმალურ დროს მსგავს ქმედებებს სამთავრობო, საგანმანათლებლო და ბიზნეს სტრუქტურები წინააღმდეგობას გაუწევენ, მაგრამ მოგეხსენებათ დღევანდელ სიტუაციაზე ნორმალური არ ითქმის.
ამ რთულ დროს ჩვენ ორ მნიშვნელოვან არჩევანს ვაკეთებთ - ტოტალიტარული თვალთვალი თუ მოქალაქეობრივი უფლებამოსილების გაძლიერება? ეროვნული იზოლაცია თუ გლობალური სოლიდარობა?
ეპიდემიის შესაჩერებლად მოსახლეობამ გარკვეული მითითებები უნდა შეასრულოს. არსებობს განხორციელების ორი გზა: პირველი - მთავრობა აკონტროლებს ხალხს და წესრიგის დამრღვევებს სჯის. დღევანდელი ტექნოლოგიები ნებისმიერი ადამიანის 24-საათიან რეჟიმში თვალთვალის საშუალებას გვაძლევს. 50 წლის წინ "KGB" დღის განმავლობაში მხოლოდ 240 ადამიანის თვალთვალს ახერხებდა, მათი მთავარი ძალა აგენტები და ანალიტიკოსები იყვნენ, საბჭოთა კავშირის თითოეულ მოქალაქეზე დაკვირვება შეუძლებელი იყო. დღევანდელ სადაზვერვო სამსახურებში აგენტების ადგილები ალგორითმებმა დაიკავეს. კორონავირუსთან ბრძოლისას ზოგიერთმა სახელმწიფომ ახალი სათვალთვალო შესაძლებლობები გამოიყენა - საუკეთესო მაგალითი ჩინეთია. სპეციალური სამსახურები მობილური ტელეფონის აპლიკაციის გამოყენებით მოსახლეობის ტემპერატურისა და ჯანმრთელობის მდგომარეობას აფიქსირებდნენ, საეჭვო სიმპტომების მქონე პირების გადაადგილებას აკვირდებოდნენ და საჭიროების შემთხვევაში ზღუდავდნენ. ჯანრმთელი მოქალაქეებიც ინფიცირებული ადამიანის მოახლოებას აპლიკაციის მეშვეობით იგებდნენ.
მსგავსი ტექნოლოგია მხოლოდ აღმოსავლეთ აზიას არ გააჩნია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთენიაჰუმ კორონავირუსის ეპიდემიის დროს სპეციალური დეკრეტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს, ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა ანტიტერორისტული სათვალთვალო ტექნოლოგიებით უნდა მოეხდინა.
ალბათ შემედავებით რომ ამაში ახალი არაფერია. გასულ წლებში როგორც მთავრობებმა, ისე ბიზნესმა ხალხის მანიპულაციისთვის გაცილებით მაღალინტელექტუალური ტექნოლოგიები გამოიყენა. ფრთხილად თუ არ ვიქნებით ეპიდემიის შედეგებმა შესაძლოა სათვალთვალო ტექნოლოგიები კიდევ უფრო მოაძლიეროს. რთული ვითარების ფონზე "კანზედა" თვალთვალი შესაძლოა "კანქვეშა" თვალთვალით შეიცვალოს.
აქამდე, როდესაც სმარტფონში თითით რამე მისამართს ხსნიდით, მთავრობას აინტერესებდა რას ნახულობთ მისამართზე, ახლა მთავრობას სურს გაიგოს რა ტემპერატურა და წნევა აქვს თითის პატრონს.
თვალთვალის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ის არის, რომ არ ვიცით რა გზებით ხდება ეს. ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება - რაც ათი წლის წინ სამეცნიერო ფანტასტიკა იყო, დღეს უკვე მოძველებული ტექნოლოგიაა. გთავაზობთ ასეთ ექსპერიმენტს: დავუშვათ რომელიმე მთავრობამ თავის მოქალაქეებს სამაჯურების ტარებას სთხოვს, რომლებიც სხეულის ტემპერატურას და გულისცემას ოცდაოთხსაათიან რეჟიმში აფიქსირებს. მიღებულ მონაცემებს სპეციალური ალგორითმები ამუშავებს. ალგორითმები თქვენზე ადრე გაიგებენ თქვენი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, ამასთან ერთად მათ ეცოდინებათ სად იყავით და ვისთან ერთად. მსგავსი სისტემა ნებისმიერ ვირუსულ ეპიდემიას რამდენიმე დღეში გააჩერებს. საოცარია, არა?
მედალის მეორე მხარეს შევხედოთ. ყველამ ვიცით, როდესაც, მაგალითად, Fox News-ის ბმულს უფრო იშვიათად ვიყენებ ვიდრე CNN-ის, ალგორითმი ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს ადვილად ადგენს და შესაბამის კონტენტს მთავაზობს. წარმოიდგინეთ ალგორითმი აფიქსირებს ჩემს ტემპერატურას, წნევას და გულისცემას, როდესაც რამეს ვუყურებ ან ვკითხულობ, მას შეუძლია გამოთვალოს რაზე მეცინება, რაზე მეტირება და რა მაბრაზებს. აქვე შეგახსენებთ, რომ ბრაზი, სიხარული და სიყვარულიც კი ისეთივე ბიოლოგიური ფენომენია, როგორიც სიცხე და გაციება. ტექნოლოგია ერთნაირი სიზუსტით ამოიცნობს, როგორც ხველას, ისე სიცილს. თუ კორპორაციები და მთავრობები ჩვენი ბიომეტრიული მონაცემების მოგროვებას დაიწყებენ, მათ ჩვენ შესახებ უფრო მეტი ეცოდინებათ, ვიდრე თავად ჩვენ ვიცით. მათ არამარტო ჩვენი გრძნობების გამოცნობა, არამედ გრძნობებით მანიპულაცია და სასურველი პროდუქტის მოყიდვაც შეეძლებათ - იქნება ეს ნივთი თუ პოლიტიკოსი. ბიომეტრიულ სკანირებასთან შედარებით Cambridge Analytica-ს ჰაკერული ტაკტიკები ქვის ხანის ტექნოლოგიად მოგეჩვენებათ. წარმოიდგინეთი 2030 წლის ჩრდილოეთ კორეა, რომელშიც ყოველი მოქალაქე ვალდებულია ბიომეტრიული სამაჯურები ატაროს, თუკი დიადი ლიდერის მიმართვის მოსმენისას ბრაზი დაგიდგინდა - შენი საქმე დამთავრებულია.
შეგვიძლია ბიომეტრიული თვალთვალი მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, როგორც დროებით ზომას მივმართოთ. თუმცა, დროებით ზომებს ერთი ცუდი თვისება აქვთ, მათი გამოყენება ხშირდება, ჰორიზონტზე კი სულ ახალი საგანგებო მდგომარეობა ჩნდება. ჩემი სამშობლოს - ისრაელის მაგალითს მოგიყვანთ. 1948 წელს, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მთავრობამ არაერთი ზომა მიიღო: შეიზღუდა პრესა, მოხდა მიწების კონფისკაცია, პუდინგის დამზადების სპეციალური რეგულაცია დაწესდა (არ ვხუმრობ). დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დიდი ხნის წინ დასრულდა, მაგრამ იმდროინდელი შეზღუდვების ნაწილი ისრაელში დღემდე მოქმედებს (პუდინგის რეგულაცია მხოლოდ 2011 წელს გაუქმდა).
კორონავირუსის დამარცხების შემთხვევაშიც კი გამოჩნდებიან სახელმწიფოები, რომლებიც ბიომეტრიული სათვალთვალო სისტემებით მუშაობას მშვიდობიან დროშიც გააგრძელებენ. მიზეზი იქნება კორონავირუსის დაბრუნების საფრთხე, ან ებოლას გავრცელების საფრთხე, ან... მოკლედ მიზეზის მოფიქრება მარტივია. ბოლო წლებში პირადი მონაცემებისთვის ბრძოლა მძვინვარებს. კორონავირუსის კრიზისი შესაძლოა ამ ბრძოლის ფინალური რაუნდი აღმოჩნდეს. კონფიდენციალურობასა და ჯანმრთელობას შორის ადამიანი, როგორც წესი ჯანმრთელობას ანიჭებს უპირატესობას.
პირად მონაცემებსა და ჯანმრთელობას შორის არჩევანი პრობლემის სათავეა, იმიტომ რომ ასარჩევი არაფერია. ორივე აუცილებელია - კონფიდენციალურობაც და ჯანმრთელობაც. კორონავირუსის დამარცხების კიდევ ერთი გზა მოქალაქეთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერებაა. გასულ კვირებში სამხრეთ კორეაში, ტაივანსა და სინგაპურში სამოქალაქო სექტორის ძლიერება გამოჩნდა. თვალთვალის ნაცვლად მოსახლეობამ თანამშრომლობისა და ინფორმაციის გავრცელების გზა აირჩია. როდესაც მოქალაქეებს წვდომა აქვთ სამეცნიერო ფაქტებზე და საჯარო პირებისადმი ნდობა მაღალია, უფროსი ძმის არსებობის აუცილებლობა ქრება. მოტივირებული და ინფორმირებული მოსახლეობა გაცილებით ძლიერი და ეფექტურია, ვიდრე პოლიციური რეჟიმი.
მაგალითად ხელების საპნით დაბანის ტრადიციას მოგიყვანთ. ამ უმარტივესმა პროცედურამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ხელების დაბანა ყოველდღიური ჰიგიენის განუყოფელი ნაწილი მხოლოდ მე-19 საუკუნეში გახდა. იქამდე ქირურგებიც კი ოპერაციებს შორის შუალედში ხელებს არ იბანდნენ. დღეს მილიარდობით ადამიანი ხელებს საპნით იბანს, იმიტომ არა რომ საპნის პოლიციის ეშინიათ, უბრალოდ სამეცნიერო ფაქტების გააზრების უნარი შესწევთ. გამიგია, რომ ვირუსები და ბაქტერიები არსებობენ, ვიაზრებ რომ ეს ვირუსები დაავადებებს იწვევს და ვიცი, რომ საპონი მათ აშორებს.
თანამშრომლობის ამხელა მასშტაბების მისაღწევად საჭიროა ნდობის არსებობა. ადამიანები მეცნიერებას, საჯარო პირებს და მედიას უნდა ენდობოდნენ. გასულ წლებში უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სამივე სექტორის მიმართ ნდობა დააქვეითეს და იგივე პოლიტიკოსები ეცდებიან თავს ავტორიტარული რეჟიმი მოგვახვიონ. ნორმალურ გარემოებებში ნდობას ერთ ღამეში ვერ დაიბრუნებ, მაგრამ გარემოებები არანორმალურია. კრიზისის დროს აზრი სწრაფად იცვლება. შესაძლოა დედმამიშვილთან წლების განმავლობაში უთანხმოება გქონდეს, მაგრამ კრიზისულ სიტუაციაში მის მიმართ ნდობისა და თანადგომის უნარს ხელმეორედ აღმოაჩენ. სათვალთვალო სისტემების ნაცვლად დროა ხალხმა მეცნიერების, საჯარო პირებისა და მედიის ნდობა დაიბრუნოს. ახალი ტექნოლოგიებიც უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ეს ტექნოლოგიები მოქალაქეებმა უნდა შექმნან. მზად ვარ ჩემი ტემპერატურისა და წნევის მონაცემები გავიღო, მაგრამ უნდა ვიცოდე რომ მთავრობა ჩემს მონაცემებს სათავისოდ არ გამოიყენებს.
კორონავირუსის ეპიდემია სამოქალაქო სექტორისთვის უდიდესი გამოცდაა. ახლო მომავალში ყური ვუგდოთ მეცნიერებს, ჯანმრთელობის ექსპერტებს, ნუ დავიჯერებთ სულელურ კონსპირაციებს, ნუ ვენდობით ეგოისტ პოლიტიკოსებს. თუ არასწორედ ავირჩევთ, შესაძლოა ძვირფასი თავისუფლება დავკარგოთ და ჩავთვალოთ რომ ეს ჯანმრთელობის ფასია.
მეორე მნიშვნელოვანი არჩევანი ნაციონალისტურ იზოლაციასა და გლობალურ სოლიდარობას შორის უნდა გავაკეთოთ. ეპიდემიაც და ეკონომიკური კრიზისიც გლობალური პრობლემებია. მათი მოგვარება მხოლოდ გლობალურ თანამშრომლობას შეუძლია.
ვირუსის დასამარცხებლად ინფორმაცია გლობალურად უნდა გავავრცელოთ. ჩინეთს შეუძლია აშშ-ს ვირუსთან ბრძოლის გამოცდილება გაუზიაროს, დილით იტალიელი ექიმის აღმოჩენამ, შესაძლოა საღამოს თეირანში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს, გაერთიანებულ სამეფოს ვირუსთან ბრძოლის სამხრეთკორეული მოდელი შეუძლია გამოიყენოს - ამ ყველაფრისთვის აუცილებელია გლობალური თანამშრომლობის სულისკვეთება. ქვეყნებმა ერთმანეთს მონაცემები ღიად და გულწრფელად უნდა გაუზიარონ. ერთად უნდა შევქმნათ სამედიცინო პრეპარატები, სატესტო მოწყობილობები და რესპირაციული მანქანები. კორონავირუსთან საომარ რეჟიმში ვიმყოფებით, კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს. ძლიერი ქვეყნები დაავადებულების მცირე რაოდენობით სუსტ ქვეყნებს უნდა დაეხმარნონ.
გლობალური თანამშრომლობა ეკონომიკურ საკითხებშიც მნიშვნელოვანია. ეკონომიკა გლობალური მექანიზმია, რომელიც მრავალი ჯაჭვური პროცესისგან შედგება. თითოეულმა ქვეყანამ მხოლოდ საკუთარ თავზე თუ იზრუნა ქაოსს და დესტაბილიზაციას მივიღებთ. მოქმედების ერთიანი გეგმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევიმუშავოთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოგზაურობაა - უნდა შემოშავდეს შემოწმების საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც დედამიწის ყველა აეროპორტში იმოქმედებს.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე ქვეყნები მსგავსს არაფერს აკეთებენ. საერთაშორისო საზოგადოება კოლექტიურმა დამბლამ მოიცვა. თითქოს ოთახში არც ერთი უფროსი არ დარჩა და სამყაროს ბედი ბავშვების ხელშია. ჯერ კიდევ კვირების წინ მსოფლიოს ლიდერების შეხვედრას მოველოდი, თუმცა დიდი შვიდეულის ვიდეოკონფერენცია მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გაიმართა, თანაც უშედეგოდ, გლობალური თანამშრომლობის გეგმა კვლავ არ გვაქვს.
ბოლო წლების კრიზისებში (2008 წლის ეკონომიკური კრიზისი, 2014 წლის ებოლას ეპიდემია) შეერთებულმა შტატებმა გლობალური ლიდერის როლი თავის თავზე აიღო. დღევანდელი აშშ-ს ადმინისტრაციამ ყველას ნათლად დაანახა რომ კაცობრიობის მომავალზე წინ ამერიკის სიდიადე დგას. ამ ხელმძღვანელობამ ევროკავშირთან ფრენები ევროკავშირთან შეუთანხმებლად აკრძალა, გერმანულ ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობს 1 მილიარდი დოლარის ოდენობის მონოპოლიური გარიგება შესთავაზა. დღევანდელმა ადმინისტრაციამ რომც შეიმუშავოს გლობალური გეგმა, ვინ გაყვება ლიდერს, რომელიც პასუხისმგებლობას გაურბის და არასდროს აღიარებს საკუთარ შეცდომებს?
კაცობრიობამ უნდა გააკეთოს არჩევანი. თუ განვცალკევდებით, კრიზისი არ აგვცდება, მომავალში კი უფრო დიდი კატასტროფა გველის. თუ გავერთიანდებით, ეს იქნება გამარჯვება არა მხოლოდ კორონავირუსზე, არამედ ყველა კრიზისსა და ეპიდემიაზე, რომელიც 21-ე საუკუნეში გველოდება."
წყარო: tabula.ge