USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
თბილისი
ცნობილი ისტორიკოსი და მწერალი, იუვალ ნოა ჰარარი ახალი კორონავირუსის შესახებ
თარიღი:  2473

ცნობილი ისტორიკოსი და მწერალი, იუვალ ნოა ჰარარი ახალი კორონავირუსის პანდემიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

წიგნის "Sapiens: A Brief History of Humankind" ავტორმა, ამჯერად პანდემიის შემდგომ მოსალოდნელ გამოწვევებს ჟურნალ "Financial Times"-ში სტატია მიუძღვნა.

გთავაზობთ ჰარარის სტატიას ქართულ ენაზე:

სამყარო კორონავირუსის შემდეგ

"კაცობრიობა გლობალური კრიზისის წინაშე დგას, ჩვენი თაობის უდიდესი კრიზისის წინაშე. გადაწყვეტილებები, რომლებსაც საზოგადოება და მთავრობები მიიღებენ სამყაროს იერსახეს შეცვლის. საუბარია არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემაზე, არამედ - ეკონომიკაზე, პოლიტიკასა და კულტურაზე. სწრაფად და დამაჯერებლად უნდა ვიმოქმედოთ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ქმედებებს გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება. ალტერნატივების არჩევისას უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, როგორ გადავლახოთ მიმდინარე საფრთხე? და როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ ქარიშხლის შემდეგ. დიახ, ქარიშხალი აუცილებლად დასრულდება, კაცობრიობა გაიმარჯვებს, უმრავლესობა ჩვენგანი ცოცხალი იქნება, მაგრამ სამყაროს ახალი პრობლემები ექნება.

საგანგებო მდგომარეობისას მიღებული მრავალი მოკლევადიანი გეგმები ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდება. ასეთია საგანგებო მდგომარეობების არსი. გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებას მშვიდობის დროს წლები სჭირდება, საგანგებო რეჟიმში საათებში ხორციელდება. მოუმწიფებელი და სახიფათო ტექნოლოგიების ექსპლუატაცია უფრო სწრაფად ხდება, იმიტომ რომ უმოქმედობით გამოწვეული რისკი გაცილებით მაღალია. რიგ ქვეყნებს სოციალურ ექსპერიმენტში მონაწილე ზღვის გოჭების ფუნქცია დაეკისრებათ. რა ხდება როდესაც ყველა სახლიდან მუშაობს და კომუნიკაცია მხოლოდ შორიდან არის შესაძლებელი? რა ხდება როდესაც უნივერსიტეტები და სკოლები სწავლების ონლაინ-რეჟიმზე გადადიან? ნორმალურ დროს მსგავს ქმედებებს სამთავრობო, საგანმანათლებლო და ბიზნეს სტრუქტურები წინააღმდეგობას გაუწევენ, მაგრამ მოგეხსენებათ დღევანდელ სიტუაციაზე ნორმალური არ ითქმის.

ამ რთულ დროს ჩვენ ორ მნიშვნელოვან არჩევანს ვაკეთებთ - ტოტალიტარული თვალთვალი თუ მოქალაქეობრივი უფლებამოსილების გაძლიერება? ეროვნული იზოლაცია თუ გლობალური სოლიდარობა? 

"კანქვეშა" თვალთვალი

ეპიდემიის შესაჩერებლად მოსახლეობამ გარკვეული მითითებები უნდა შეასრულოს. არსებობს განხორციელების ორი გზა: პირველი - მთავრობა აკონტროლებს ხალხს და წესრიგის დამრღვევებს სჯის. დღევანდელი ტექნოლოგიები ნებისმიერი ადამიანის 24-საათიან რეჟიმში თვალთვალის საშუალებას გვაძლევს. 50 წლის წინ "KGB" დღის განმავლობაში მხოლოდ 240 ადამიანის თვალთვალს ახერხებდა, მათი მთავარი ძალა აგენტები და ანალიტიკოსები იყვნენ, საბჭოთა კავშირის თითოეულ მოქალაქეზე დაკვირვება შეუძლებელი იყო. დღევანდელ სადაზვერვო სამსახურებში აგენტების ადგილები ალგორითმებმა დაიკავეს. კორონავირუსთან ბრძოლისას ზოგიერთმა სახელმწიფომ ახალი სათვალთვალო შესაძლებლობები გამოიყენა - საუკეთესო მაგალითი ჩინეთია. სპეციალური სამსახურები მობილური ტელეფონის აპლიკაციის გამოყენებით მოსახლეობის ტემპერატურისა და ჯანმრთელობის მდგომარეობას აფიქსირებდნენ, საეჭვო სიმპტომების მქონე პირების გადაადგილებას აკვირდებოდნენ და საჭიროების შემთხვევაში ზღუდავდნენ. ჯანრმთელი მოქალაქეებიც ინფიცირებული ადამიანის მოახლოებას აპლიკაციის მეშვეობით იგებდნენ.

მსგავსი ტექნოლოგია მხოლოდ აღმოსავლეთ აზიას არ გააჩნია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთენიაჰუმ კორონავირუსის ეპიდემიის დროს სპეციალური დეკრეტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს, ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა ანტიტერორისტული სათვალთვალო ტექნოლოგიებით უნდა მოეხდინა.

ალბათ შემედავებით რომ ამაში ახალი არაფერია. გასულ წლებში როგორც მთავრობებმა, ისე ბიზნესმა ხალხის მანიპულაციისთვის გაცილებით მაღალინტელექტუალური ტექნოლოგიები გამოიყენა. ფრთხილად თუ არ ვიქნებით ეპიდემიის შედეგებმა შესაძლოა სათვალთვალო ტექნოლოგიები კიდევ უფრო მოაძლიეროს. რთული ვითარების ფონზე "კანზედა" თვალთვალი შესაძლოა "კანქვეშა" თვალთვალით შეიცვალოს.

აქამდე, როდესაც სმარტფონში თითით რამე მისამართს ხსნიდით, მთავრობას აინტერესებდა რას ნახულობთ მისამართზე, ახლა მთავრობას სურს გაიგოს რა ტემპერატურა და წნევა აქვს თითის პატრონს.

საგანგებო პუდინგი

თვალთვალის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ის არის, რომ არ ვიცით რა გზებით ხდება ეს. ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება - რაც ათი წლის წინ სამეცნიერო ფანტასტიკა იყო, დღეს უკვე მოძველებული ტექნოლოგიაა. გთავაზობთ ასეთ ექსპერიმენტს: დავუშვათ რომელიმე მთავრობამ თავის მოქალაქეებს სამაჯურების ტარებას სთხოვს, რომლებიც სხეულის ტემპერატურას და გულისცემას ოცდაოთხსაათიან რეჟიმში აფიქსირებს. მიღებულ მონაცემებს სპეციალური ალგორითმები ამუშავებს. ალგორითმები თქვენზე ადრე გაიგებენ თქვენი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, ამასთან ერთად მათ ეცოდინებათ სად იყავით და ვისთან ერთად. მსგავსი სისტემა ნებისმიერ ვირუსულ ეპიდემიას რამდენიმე დღეში გააჩერებს. საოცარია, არა?

მედალის მეორე მხარეს შევხედოთ. ყველამ ვიცით, როდესაც, მაგალითად, Fox News-ის ბმულს უფრო იშვიათად ვიყენებ ვიდრე CNN-ის, ალგორითმი ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს ადვილად ადგენს და შესაბამის კონტენტს მთავაზობს. წარმოიდგინეთ ალგორითმი აფიქსირებს ჩემს ტემპერატურას, წნევას და გულისცემას, როდესაც რამეს ვუყურებ ან ვკითხულობ, მას შეუძლია გამოთვალოს რაზე მეცინება, რაზე მეტირება და რა მაბრაზებს. აქვე შეგახსენებთ, რომ ბრაზი, სიხარული და სიყვარულიც კი ისეთივე ბიოლოგიური ფენომენია, როგორიც სიცხე და გაციება. ტექნოლოგია ერთნაირი სიზუსტით ამოიცნობს, როგორც ხველას, ისე სიცილს. თუ კორპორაციები და მთავრობები ჩვენი ბიომეტრიული მონაცემების მოგროვებას დაიწყებენ, მათ ჩვენ შესახებ უფრო მეტი ეცოდინებათ, ვიდრე თავად ჩვენ ვიცით. მათ არამარტო ჩვენი გრძნობების გამოცნობა, არამედ გრძნობებით მანიპულაცია და სასურველი პროდუქტის მოყიდვაც შეეძლებათ - იქნება ეს ნივთი თუ პოლიტიკოსი. ბიომეტრიულ სკანირებასთან შედარებით Cambridge Analytica-ს ჰაკერული ტაკტიკები ქვის ხანის ტექნოლოგიად მოგეჩვენებათ. წარმოიდგინეთი 2030 წლის ჩრდილოეთ კორეა, რომელშიც ყოველი მოქალაქე ვალდებულია ბიომეტრიული სამაჯურები ატაროს, თუკი დიადი ლიდერის მიმართვის მოსმენისას ბრაზი დაგიდგინდა - შენი საქმე დამთავრებულია.

შეგვიძლია ბიომეტრიული თვალთვალი მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, როგორც დროებით ზომას მივმართოთ. თუმცა, დროებით ზომებს ერთი ცუდი თვისება აქვთ, მათი გამოყენება ხშირდება, ჰორიზონტზე კი სულ ახალი საგანგებო მდგომარეობა ჩნდება. ჩემი სამშობლოს - ისრაელის მაგალითს მოგიყვანთ. 1948 წელს, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მთავრობამ არაერთი ზომა მიიღო: შეიზღუდა პრესა, მოხდა მიწების კონფისკაცია, პუდინგის დამზადების სპეციალური რეგულაცია დაწესდა (არ ვხუმრობ). დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დიდი ხნის წინ დასრულდა, მაგრამ იმდროინდელი შეზღუდვების ნაწილი ისრაელში დღემდე მოქმედებს (პუდინგის რეგულაცია მხოლოდ 2011 წელს გაუქმდა).

კორონავირუსის დამარცხების შემთხვევაშიც კი გამოჩნდებიან სახელმწიფოები, რომლებიც ბიომეტრიული სათვალთვალო სისტემებით მუშაობას მშვიდობიან დროშიც გააგრძელებენ. მიზეზი იქნება კორონავირუსის დაბრუნების საფრთხე, ან ებოლას გავრცელების საფრთხე, ან... მოკლედ მიზეზის მოფიქრება მარტივია. ბოლო წლებში პირადი მონაცემებისთვის ბრძოლა მძვინვარებს. კორონავირუსის კრიზისი შესაძლოა ამ ბრძოლის ფინალური რაუნდი აღმოჩნდეს. კონფიდენციალურობასა და ჯანმრთელობას შორის ადამიანი, როგორც წესი ჯანმრთელობას ანიჭებს უპირატესობას.

საპნის პოლიცია    

პირად მონაცემებსა და ჯანმრთელობას შორის არჩევანი პრობლემის სათავეა, იმიტომ რომ ასარჩევი არაფერია. ორივე აუცილებელია - კონფიდენციალურობაც და ჯანმრთელობაც. კორონავირუსის დამარცხების კიდევ ერთი გზა მოქალაქეთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერებაა. გასულ კვირებში სამხრეთ კორეაში, ტაივანსა და სინგაპურში სამოქალაქო სექტორის ძლიერება გამოჩნდა. თვალთვალის ნაცვლად მოსახლეობამ თანამშრომლობისა და ინფორმაციის გავრცელების გზა აირჩია. როდესაც მოქალაქეებს წვდომა აქვთ სამეცნიერო ფაქტებზე და საჯარო პირებისადმი ნდობა მაღალია, უფროსი ძმის არსებობის აუცილებლობა ქრება. მოტივირებული და ინფორმირებული მოსახლეობა გაცილებით ძლიერი და ეფექტურია, ვიდრე პოლიციური რეჟიმი.

მაგალითად ხელების საპნით დაბანის ტრადიციას მოგიყვანთ. ამ უმარტივესმა პროცედურამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ხელების დაბანა ყოველდღიური ჰიგიენის განუყოფელი ნაწილი მხოლოდ მე-19 საუკუნეში გახდა. იქამდე ქირურგებიც კი ოპერაციებს შორის შუალედში ხელებს არ იბანდნენ. დღეს მილიარდობით ადამიანი ხელებს საპნით იბანს, იმიტომ არა რომ საპნის პოლიციის ეშინიათ, უბრალოდ სამეცნიერო ფაქტების გააზრების უნარი შესწევთ. გამიგია, რომ ვირუსები და ბაქტერიები არსებობენ, ვიაზრებ რომ ეს ვირუსები დაავადებებს იწვევს და ვიცი, რომ საპონი მათ აშორებს.

თანამშრომლობის ამხელა მასშტაბების მისაღწევად საჭიროა ნდობის არსებობა. ადამიანები მეცნიერებას, საჯარო პირებს და მედიას უნდა ენდობოდნენ. გასულ წლებში უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სამივე სექტორის მიმართ ნდობა დააქვეითეს და იგივე პოლიტიკოსები ეცდებიან თავს ავტორიტარული რეჟიმი მოგვახვიონ. ნორმალურ გარემოებებში ნდობას ერთ ღამეში ვერ დაიბრუნებ, მაგრამ გარემოებები არანორმალურია. კრიზისის დროს აზრი სწრაფად იცვლება. შესაძლოა დედმამიშვილთან წლების განმავლობაში უთანხმოება გქონდეს, მაგრამ კრიზისულ სიტუაციაში მის მიმართ ნდობისა და თანადგომის უნარს ხელმეორედ აღმოაჩენ. სათვალთვალო სისტემების ნაცვლად დროა ხალხმა მეცნიერების, საჯარო პირებისა და მედიის ნდობა დაიბრუნოს. ახალი ტექნოლოგიებიც უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ეს ტექნოლოგიები მოქალაქეებმა უნდა შექმნან. მზად ვარ ჩემი ტემპერატურისა და წნევის მონაცემები გავიღო, მაგრამ უნდა ვიცოდე რომ მთავრობა ჩემს მონაცემებს სათავისოდ არ გამოიყენებს. 

კორონავირუსის ეპიდემია სამოქალაქო სექტორისთვის უდიდესი გამოცდაა. ახლო მომავალში ყური ვუგდოთ მეცნიერებს, ჯანმრთელობის ექსპერტებს, ნუ დავიჯერებთ სულელურ კონსპირაციებს, ნუ ვენდობით ეგოისტ პოლიტიკოსებს. თუ არასწორედ ავირჩევთ, შესაძლოა ძვირფასი თავისუფლება დავკარგოთ და ჩავთვალოთ რომ ეს ჯანმრთელობის ფასია.

გვჭირდება გლობალური გეგმა

მეორე მნიშვნელოვანი არჩევანი ნაციონალისტურ იზოლაციასა და გლობალურ სოლიდარობას შორის უნდა გავაკეთოთ. ეპიდემიაც და ეკონომიკური კრიზისიც გლობალური პრობლემებია. მათი მოგვარება მხოლოდ გლობალურ თანამშრომლობას შეუძლია.

ვირუსის დასამარცხებლად ინფორმაცია გლობალურად უნდა გავავრცელოთ. ჩინეთს შეუძლია აშშ-ს ვირუსთან ბრძოლის გამოცდილება გაუზიაროს, დილით იტალიელი ექიმის აღმოჩენამ, შესაძლოა საღამოს თეირანში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს, გაერთიანებულ სამეფოს ვირუსთან ბრძოლის სამხრეთკორეული მოდელი შეუძლია გამოიყენოს - ამ ყველაფრისთვის აუცილებელია გლობალური თანამშრომლობის სულისკვეთება. ქვეყნებმა ერთმანეთს მონაცემები ღიად და გულწრფელად უნდა გაუზიარონ. ერთად უნდა შევქმნათ სამედიცინო პრეპარატები, სატესტო მოწყობილობები და რესპირაციული მანქანები. კორონავირუსთან საომარ რეჟიმში ვიმყოფებით, კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს. ძლიერი ქვეყნები დაავადებულების მცირე რაოდენობით სუსტ ქვეყნებს უნდა დაეხმარნონ.

გლობალური თანამშრომლობა ეკონომიკურ საკითხებშიც მნიშვნელოვანია. ეკონომიკა გლობალური მექანიზმია, რომელიც მრავალი ჯაჭვური პროცესისგან შედგება. თითოეულმა ქვეყანამ მხოლოდ საკუთარ თავზე თუ იზრუნა ქაოსს და დესტაბილიზაციას მივიღებთ. მოქმედების ერთიანი გეგმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევიმუშავოთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოგზაურობაა - უნდა შემოშავდეს შემოწმების საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც დედამიწის ყველა აეროპორტში იმოქმედებს.

სამწუხაროდ ამ ეტაპზე ქვეყნები მსგავსს არაფერს აკეთებენ. საერთაშორისო საზოგადოება კოლექტიურმა დამბლამ მოიცვა. თითქოს ოთახში არც ერთი უფროსი არ დარჩა და სამყაროს ბედი ბავშვების ხელშია. ჯერ კიდევ კვირების წინ მსოფლიოს ლიდერების შეხვედრას მოველოდი, თუმცა დიდი შვიდეულის ვიდეოკონფერენცია მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გაიმართა, თანაც უშედეგოდ, გლობალური თანამშრომლობის გეგმა კვლავ არ გვაქვს.

ბოლო წლების კრიზისებში (2008 წლის ეკონომიკური კრიზისი, 2014 წლის ებოლას ეპიდემია) შეერთებულმა შტატებმა გლობალური ლიდერის როლი თავის თავზე აიღო. დღევანდელი აშშ-ს ადმინისტრაციამ ყველას ნათლად დაანახა რომ კაცობრიობის მომავალზე წინ ამერიკის სიდიადე დგას. ამ ხელმძღვანელობამ ევროკავშირთან ფრენები ევროკავშირთან შეუთანხმებლად აკრძალა, გერმანულ ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობს 1 მილიარდი დოლარის ოდენობის მონოპოლიური გარიგება შესთავაზა. დღევანდელმა ადმინისტრაციამ რომც შეიმუშავოს გლობალური გეგმა, ვინ გაყვება ლიდერს, რომელიც პასუხისმგებლობას გაურბის და არასდროს აღიარებს საკუთარ შეცდომებს?

კაცობრიობამ უნდა გააკეთოს არჩევანი. თუ განვცალკევდებით, კრიზისი არ აგვცდება, მომავალში კი უფრო დიდი კატასტროფა გველის. თუ გავერთიანდებით, ეს იქნება გამარჯვება არა მხოლოდ კორონავირუსზე, არამედ ყველა კრიზისსა და ეპიდემიაზე, რომელიც 21-ე საუკუნეში გველოდება."

 

წყარო: tabula.ge

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.