6 ივნისს 30 წელი შესრულდება ნინა ჟვანიას გარდაცვალებიდან. ის იყო პირველი ქალი ვიცე- მერი თბილისის მმართველების ისტორიაში და ამ პოზიციაზე გაატარა 25 წელი. იქამდე ნინა ჟვანიას კარიერა სახელმწიფო სამსახურში უკავშირდება კომკავშირის ცეკას, ასევე იყო ვაკის (ძველი ორჯონიკიძის) რაიონის რაიკომის პირველი მდივანი. სწორედ იმ პერიოდში გახდა ის, ე..წ "მეგრელების საქმის", ერთ-ერთი მსხვერპლი, რის გამოც ნინა ჟვანია საპატიმროში მოხვდა - დახვრეტის მუხლით ბრალდებული იოსებ სტალინის გარდაცვალებამ იხსნა.
ოფიციალური საქმიანი ბიოგრაფიის მიღმა ნინა ჟვანიას სახელი ცნობილი იყო ყველასთვის, ვისაც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე ქვეყნის მართვაში იყო ჩართული, მასზე, როგორც განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ლიდერსა და ძლიერ ქალზე, ლეგენდებს ჰყვებოდნენ. იმ ისტორიებს შორის, რაც ათეული წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ნინა ჟვანიას შესახებ, ბევრი ისტორია იყო რეალური და ნამდვილი, მათ შორის სენტიმენტალური ამბავი მისი პირადი ცხოვრებიდან - თუ როგორ დაკრძალა აბრეშუმის ფაბრიკის დირექტორმა ნინა ჟვანიამ მეუღლე, და მეორე დღეს, როგორ წარუძღვა ის საკუთარ გუნდს 1 მაისის დემონსტრაციაზე..
ნინა ჟვანიას ცხოვრების შესახებ მისი უფროსი ქალიშვილი მანანა ზოდელავა გვიამბობს.
ნინა ჟვანიას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. სამი ათეული წლის მიუხედავად, უამრავი ადამიანი დღესაც იხსენებს მას. რთული, ძალიან საინტერესო ცხოვრების გზა განვლო აქტიური კომკავშირული მუშაობიდან თბილისის ვიცე-მერობამდე.
დედა დაიბადა ფოთში 1917 წლის 21 დეკემბერს. მამამისი აქვსენტი ჟვანია, ფოთში ცნობილი პიროვნება იყო. მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი საქველმოქმედო პროექტის განხორციელება: ფოთის პორტის და ასევე ისტორიული პირველი საშუალო სკოლის დაარსება და მშენებლობა. ბაბუას ოთხი შვილი ჰყავდა, დედა, მისი ორი და თამარი და მარგო და ვაჟი, გივი ჟვანია, ბავშვთა ქირურგი, ვის სახელსაც ატარებს დღეს თბილისის ბავშვთა საავადმყოფო.
ნინა თავისი თანატოლებისგან ყოველთვის გამოირჩეოდა.. ცელქი და მოუსვენარი იყო, ხშირად შარვლით დადიოდა,სკოლაში ზედმეტსახელად შურას ეძახდნენ. 14 წლის ასაკში, 7კლასის დაამთავრების შემდეგ, ბაბუასთვის უთქვამს, შენთან ერთი დიდი სათხოვარი მაქვსო, ბაბუა გახუმრებია, რაო, აბრეშუმის კაბა გინდაო? ნინას უთქვამს არა, კაბა არ მინდა, თბილისში გამიშვი სასწავლებლადო. ბაბუას გაკვირვებია, მაგრამ მეორე დღესვე აუღია მისთვის მატარებლის ბილეთი და გამოუშვია თბილისში სასწავლებლად.
როგორ დაიწყო მისი კარიერული წინსვლა თბილისში?
დედამ ჯერ ტექნიკუმი დაამთავრა, შემდეგ ჩაირიცხა უნივერსიტეტში ეკონომიურ ფაკულტეტზე. თავისი აქტიური ხასიათის გამო ის ძალიან მალე გახდა გამორჩეული სტუდენტი, და უნივერსიტეტის კომკავშირის მდივნად აირჩიეს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი ფოთის კომკავშირის კომიტეტის მდივნად დანიშნეს. სამამულო ომის დროს ნინა გადმოიყვანეს თბილისში, კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში, ის იყო კომკავშირის ცეკას მდივანი მოსწავლე - ახალგაზრდობის მიმართულებით. ამ დროს ფრონტისათვის საჭირო მედიკამენტების, ტანსაცმლისა და საკვების შეგროვებასა და გაგზავნას ხელმძღვანელობდა.
ომის დასრულების შემდეგ გადაიყვანეს ორჯონიკიძის, დღევანდელი ვაკის რაიონში, პარტიის რაიკომის პირველ მდივნად. ეს იყო ურთულესი წლები; ომიდან დაბრუნებულთა დახმარება, დასაქმება, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, და სხვა უამრავი პრობლემის მოგვარება. 1948 წელს ნინა დაქორწინდა, მაშინ უკვე 31 წლის იყო. მამას, ვანო ზოდელავას მოვლილი ჰქონდა სამამულო ომი, 4 წელი იბრძოდა ყირიმში, ქერჩში, 414-ე ქართულ დივიზიაში. ომიდან მაიორის ჩინით და მრავალი ჯილდოთი ჩამოვიდა. პროფესიით ქიმიკოსი იყო.
50-იანი წლების დასაწყისში ნინა ჟვანია აღმოჩნდა , ე,.წ. "მეგრელთა საქმის" ერთ- ერთი მსხვერპლი, წაყენებული ბრალდების მუხლი დახვრეტას ითვალისწინებდა.
დედა თავის დაპატიმრებაზე თითქმის არასდროს საუბრობდა. ის 1952 წელს დააკავეს. მე მაშინ ერთი წლის ვიყავი. დედამ საპატიმროში წელიწადი და ერთი თვე გაატარა, მამა სამსახურიდან გაათავისუფლეს, დაკავებული იყო ბიძაჩემიც, - მამია ზოდელავა. დედას ბრალად ჯაშუშობას უყენებდნენ, 1947 წელს ნინა მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალზე საბჭოთა კავშირის დელეგაციის შემანდგენლობაში ლონდონში იმყოფებოდა. ბრალდების თანახმად, თითქოს სწორედ ლონდონში შეხვდა ნოე ჟორდანიას და მისი დავალებით ანტი-საბჭოთა საქმიანობას ეწეოდა. საბედნიეროდ, სტალინის გარდაცვალების შემდეგ ნინა მალევე გაათავისუფლეს და მისი სრული რეაბილიტაციაც მოხდა. ის კვლავ დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს და თბილისის აბრეშუმის ფაბრიკის დირექტორად დაინიშნა. სამწუხაროდ რამდენიმე წლის შემდეგ ტრაგიკულად დაიღუპა მამაჩემი, ჩვენს სახლში ხანძარი გაჩნდა და მამა მძიმე დამწვრობებით გარდაიცვალა. ეს იყო ნინასთვის უმძიმესი პერიოდი, სამ შვილთან ერთად დარჩა მარტო.
რა იყო ნინა ჟვანიას გამორჩეული თვისებები, რის გამოც მას არ უჭირდა კარიერული წინსვლა?
ეს იყო ადამიანების სიყვარული, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო დედას მახასიათებელი მთავარი თვისება. გარდა იმისა, რომ ბუნებით იყო ლიდერი, შეეძლო გადაწყვეტილების მიღება სწრაფად, უყოყმანოდ. უამრავ ადამიანს ეხმარებოდა გაჭირვებულს თუ მრავალშვილიან ოჯახს, ის ცდილობდა ყველას სატკივარი გაეთავისებინა და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად დახმარებოდა. ამიტომაც, თითქმის ყოველ დღე მასთან ძალიან ბევრი ადამიანი იყრიდა თავს, არ ჰქონდა მნიშვნელობა მიღების დღე იყო თუ არა, განსაკუთრებით თბილისის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობის პერიოდში. ამ პოზიციაზე გაატარა 25 წელი 1964 წლიდან 1990 წლამდე, სიცოცხლის ბოლო დღეებამდე მუშაობდა.
ნინას საქმიანობის სფერო იყო განათლება, კულტურა, ჯანდაცვა, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა, რადგან მასთან ყველა საკითხზე დასახმარებლად მიდიოდნენ ადამიანები. თბილისში, ალბათ, ცოტაა ოჯახი ვისაც მასთან შეხება არ ჰქონია. დედას სახელთან იყო დაკავშირებული უამრავი რამ, რაც ამ მიმართულებებით ქალაქში კეთდებოდა. ის არ იყო სტანდარტული მოხელე. მისთვის არ არსებობდა ჩარჩოები, თვითონაც ღამეს გაათენებდა და სხვასაც გაათენებინებდა, რომ საქმე მიეყვანა ბოლომდე დათქმულ დროში. იმ წლებში თბილისში არ დადგმულა ძეგლი, არ გაკეთებულა სკვერი, ნინა რომ აქტიურად არ ყოფილიყო ჩართული. მეგობრობდა ხელოვან ხალხთან, ძალიან უყვარდა მსახიობებთან, მომღერლებთან, მწერლებთან ურთიერთობა. დედას ძალიან კარგი და დიდი სამეგობრო წრე ყავდა.
ამბობენ, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ედუარდ შევარდნაძესთან, სად გადაიკვეთა მათი გზები?
დედა მას ძალიან დიდ პატივს სცემდა და იგივეს გრძნობდა თავადაც. დედა მასში ხედავდა პროგრესულ ადამიანს, ვინც ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი აზრით მათი გზები გადაიკვეთა კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში და ეს ურთიერთობა არ გაწვეტილა არც მაშინ, როდესაც ბატონი ედუარდი მოსკოვში გადავიდა. მათ, რა თქმა უნდა, ჰქონდათ აქტიური საქმიანი შეხება, ისინი ხომ ერთი და იგივე დროს მოღვაწეობდნენ. ამის გარდა ბატონი ედუარდის მეუღლე ქალბატონი ნანული იყო ქალთა საბჭოს წევრი. ამ საბჭოს წევრი იყო დედაც. როდესაც თბილისში ჩამოდიოდნენ სტუმრები უცხოეთიდან, მათ "ქალთა საბჭოს" წევრებიც ხვდებოდნენ, დედა თბილისის " ქალთა საბჭოს"თავმჟდომარე იყო.
როდესაც 9 აპრილის ტრაგედია დატრიალდა, ნინას უკვე ჰქონდა პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩვენ ორი დღის დაბრუნებული ვიყავით მოსკოვიდან, სადაც დედა მკურნალობის კურსს გადიოდა, როდესაც ბატონმა ედუარდმა 10 აპრილს დაურეკა და შეატყობინა, რომ ტრაგედიის ადგილზე აპირებდნენ მისვლას. ნინა ავად იყო, მაგრამ მაინც წავიდა რუსთაველზე. იმ რთულ პერიოდში, იმის მიუხედავად, რომ თავს უკვე სუსტად გრძნობდა ერთი დღე არ დარჩენილა სახლში - ყოველდღე სამსახურში იყო და ეხმარებოდა 9 აპრილს დაზარალებულებს.
რა წესების დაცვა იყო აუცილებლობა თქვენთვის მისი ოჯახის წევრებისთვის და გავლენიანი დედის შვილებისთვის?
დედა 24 საათის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მან არ იცოდა ჩვენ როდის რას ვაკეთებდით, პირიქით, ზუსტად იცოდა სად მივდიოდით, ვინ იყვნენ ჩვენი მეგობრები,როგორ ვსწავლობდით. 5 -10 წუთიც რომ ყოფილიყო ჩვენთან ერთად ვერ გამოვაპარებდით უმნიშვნელო დეტალასაც კი. ჩვენს გაზრდაში დედას მისი და, მარგო ეხმარებოდა. ერთად ვცხოვრობდით, ერთად დავდიოდით დასასვენებლად, მახსენდება ბაკურიანი და გაგრა... ჩვენ სამნი ვიყავით, მე, მარინა, ვანიკო. ვანიკომაც თითქმის იგივე სამსახურეობრივი გზა გაიარა რაც ნინამ, ვფიქრობ მანაც გარკვეული კვალი დატოვა ჩვენი ქალაქის უახლოეს ისტორიაში.
თამუნა ჩხენკელი
ორი ათეული წლის წინ, სამმა მეგობარმა საქართველოში ერთობლივი საქმის დაწყება გადაწყვიტა და მაღალი ხარისხის ავეჯის კომპონენტების წარმოება დაიწყო.
ამგვარად, 2004 წელს, სულ რაღაც 10 კაციანი გუნდით შეიქმნა კომპანია „ელთიბი“, რომლის სახელიც დამფუძლებლების ინიციალებს აერთიანებს და კომპანიის მჭიდრო კავშირსა და გუნდურ მუშაობას ასახავს.
დამფუძნებლები თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ განვითარება და ხარისხი კომპანიისთვის პრიორიტეტი იქნებოდა, რაც, თავის მხრივ, მის მომავალ წარმატებასაც განაპირობებდა. ასეც მოხდა, ამბობს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ზაალიშვილი.
„წლებია, „ელთიბის“ წარმატება რამდენიმე საკვანძო ფაქტორზეა დაფუძნებული: სტაბილური ზრდა და განვითარება, ინოვაციურობა, დელეგირების უნარი და ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლებს თავისუფლად შეუძლიათ იდეების დაფიქსირება“, - ამბობს ზაალიშვილი და აღნიშნავს, რომ დღეს კომპანიაში 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
დღეს, „ელთიბი“ ავეჯის კომპონენტების/მაკომპლექტებელი დეტალების ფართო ასორტიმენტს და მომსახურების სამ ძირითად მიმართულებას სთავაზობს მომხმარებელს: ავეჯის კომპონენტებისა და მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტი; საწარმოო მიმართულება: ავეჯის ფასადების დამზადება, საფასადე და საკარკასე მასალის დაჭრა-დაწიბოება და სამღებრო – „პალიტრა“, სადაც ნებისმიერი დეტალის შეღებვა არის შესაძლებელი.
თბილისში და საქართველოს დასავლეთ-ცენტრალურ იმერეთის რეგიონში არსებულ ფილიალებში, „ელთიბი“ ემსახურება როგორც საცალო, ასევე საბითუმო მომხმარებლებს.
კომპანიის ლოგო წარმოადგენს იმ ძირითად ღირებულებებს, რომლებსაც კომპანიის გუნდი პირველივე დღიდან მისდევს, აღნიშნავს ზაალიშვილი. ლოგოს მარტივი კვადრატული დიზაინი გადმოსცემს სტაბილურობისა და ბალანსის განცდას, ხოლო მისი მთავარი მწვანე ფერი განასახიერებს სიახლეს, ზრდას და განვითარებას. ჭანჭიკი კი იმაზე მიუთითებს, რომ ყველა დეტალი მნიშვნელოვანია და მხოლოდ მათი ერთობლიობით მიიღება ხარისხიანი პროდუქტი, ამბობს ზაალიშვილი.
„ელთიბი“ ისეთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია, როგორიცაა Blum, Egger, CLEAF, SM'art, VIBO, Italiana Ferramenta, Roberto Marella, CINETTO და სხვა. ეს საერთაშორისო თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიაწოდოს ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების მიერ შემუშავებული პროდუქტები, რაც უზრუნველყოფს როგორც ხარისხს, ასევე ინოვაციას.
„ელთიბიში“ უმაღლესი ტექნოლოგიითა და ხარისხით დამზადებული ავეჯის დეტალები ჩვენს მომხმარებლებს უმარტივებს სამუშაო პროცესს და ეხმარება ავეჯის საბოლოო ვერსიის შექმნაში“ ამბობს ზაალიშვილი.
COVID-19 პანდემიიდან გამოსვლის შემდეგ, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ეკონომიკას, „ელთიბიმ განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების ძიება დაიწყო.
ევროკავშირის EU4Business პროექტმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) იდეალური შანსი მისცეს კომპანიას გაეზარდა თავისი ბიზნესი EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის გამოყენებით, რომელიც ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს.
ინიციატივა მიზნად ისახავს დაეხმაროს ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს ინვესტიციების დაფინანსებაში და იმ შესაძლებლობების გამოყენებაში, რომელსაც სთავაზობს DCFTA - საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც 2014 წელს გაფორმდა და ძალაში 2016 წელს შევიდა.
მიღებული მხარდაჭერის შედეგად კომპანიები ახალ აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებში აკეთებენ ინვესტიციებს, რაც ხელს უწყობს მათი მუშაობის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობას.
„ელთიბიმ“ მოახერხება ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი განახლებების განხორციელება. კომპანიამ შეისყიდა ფილების დაწიბოების გერმანული დანადგარი და იტალიური ხერხი, რომელიც სამგორის ფილიალის საწარმოშია წარმოდგენილი. სამღებრო „პალიტრას“ შეემატა იტალიური დანადგარებით აღჭურვილი, საქართველოში პირველი ავტომატიზებული ლაბორატორია, რომელიც წარმატებით ამუშავდა.
შედეგად „ელთიბის“ სამგორის ფილიალის გაყიდვები სამჯერ გაიზარდა, რაც წარმოების მაღალი ხარისხით იქნა გამოწვეული. სამღებრო „პალიტრამ“ მომხმარებელს შესთავაზა 2500-ზე მეტი ფერი. ფერის ზუსტი ასლის დასმის შესაძლებლობა კი ახალი ლაბორატორიის გამართვით მიეცა.
„ამ ტიპის მხარდაჭერა მრავალფეროვანს ხდის ჩვენს მომსახურებებს, ხოლო მომხმარებლებს მეტი ნდობა აქვთ ჩვენი საქმიანობის მიმართ,“ ამბობს ზაალიშვილი.
„ალბათ ყველაზე უმნიშვნელოვანესი, რაც EBRD-ის და EU4Business-ის მხარდაჭერას მოყვა ეს არის შესაძლებლობები, ვაწარმოოთ ტექნოლოგიურად გამართული დეტალები იმ ხარისხით, რომ საექსპორტო ხაზი განვავითაროთ.“
წელს, პირველად „ელთიბის“ მიერ წარმოებული პროდუქცია საერთაშორისო გამოფენაზე, SICAM-ზე იქნება წარმოდგენილი. SICAM-ი საერთაშორისო დონის გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად იტალიაში, ქ. პორდენონეში ტარდება, ხოლო მასზე წარმოდგენილი ყველა კომპანიის საქმიანობა ავეჯის წარმეობას უკავშირდება.
„გვეამაყება, რომ პირველი ქართული კომპანია ვართ, რომელიც იტალიაში საქართველოს სახელით იქნება წარმოდგენილი,“ ამბობს ზაალიშვილი.