USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო
თარიღი:  735

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის