USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
თბილისი
ნინა ჟვანია - თბილისის ლეგენდარული ვიცე-მერი
თარიღი:  9548

6 ივნისს  30 წელი  შესრულდება  ნინა ჟვანიას გარდაცვალებიდან. ის იყო პირველი ქალი ვიცე- მერი თბილისის  მმართველების ისტორიაში და ამ პოზიციაზე გაატარა 25  წელი. იქამდე  ნინა ჟვანიას  კარიერა სახელმწიფო სამსახურში  უკავშირდება კომკავშირის  ცეკას,  ასევე იყო ვაკის (ძველი  ორჯონიკიძის) რაიონის რაიკომის პირველი მდივანი. სწორედ იმ პერიოდში გახდა ის, ე..წ  "მეგრელების საქმის",  ერთ-ერთი მსხვერპლი, რის გამოც  ნინა ჟვანია  საპატიმროში მოხვდა - დახვრეტის მუხლით ბრალდებული იოსებ სტალინის  გარდაცვალებამ იხსნა.     

ოფიციალური საქმიანი ბიოგრაფიის მიღმა ნინა ჟვანიას სახელი ცნობილი იყო ყველასთვის, ვისაც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე  ქვეყნის მართვაში იყო ჩართული, მასზე, როგორც განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ლიდერსა და ძლიერ ქალზე, ლეგენდებს ჰყვებოდნენ. იმ ისტორიებს შორის, რაც ათეული წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ნინა ჟვანიას შესახებ, ბევრი ისტორია იყო რეალური და ნამდვილი, მათ შორის სენტიმენტალური ამბავი მისი პირადი ცხოვრებიდან - თუ როგორ დაკრძალა აბრეშუმის ფაბრიკის დირექტორმა  ნინა ჟვანიამ მეუღლე, და მეორე დღეს, როგორ წარუძღვა ის საკუთარ გუნდს 1 მაისის დემონსტრაციაზე..            

ნინა ჟვანიას ცხოვრების შესახებ მისი უფროსი ქალიშვილი მანანა ზოდელავა გვიამბობს.   

ნინა ჟვანიას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. სამი ათეული წლის მიუხედავად, უამრავი ადამიანი დღესაც იხსენებს მას. რთული, ძალიან საინტერესო ცხოვრების გზა განვლო აქტიური კომკავშირული მუშაობიდან თბილისის ვიცე-მერობამდე.

დედა დაიბადა ფოთში 1917 წლის 21 დეკემბერს. მამამისი აქვსენტი ჟვანია, ფოთში ცნობილი პიროვნება იყო. მის სახელთან  არის  დაკავშირებული  არაერთი საქველმოქმედო პროექტის განხორციელება: ფოთის პორტის და ასევე ისტორიული პირველი საშუალო  სკოლის  დაარსება და მშენებლობა. ბაბუას ოთხი შვილი ჰყავდა, დედა, მისი ორი და თამარი და მარგო და ვაჟი, გივი ჟვანია, ბავშვთა ქირურგი,  ვის სახელსაც ატარებს  დღეს თბილისის ბავშვთა საავადმყოფო.

ნინა თავისი თანატოლებისგან ყოველთვის გამოირჩეოდა.. ცელქი და მოუსვენარი იყო, ხშირად შარვლით დადიოდა,სკოლაში ზედმეტსახელად შურას ეძახდნენ. 14 წლის ასაკში, 7კლასის დაამთავრების შემდეგ, ბაბუასთვის უთქვამს, შენთან ერთი დიდი სათხოვარი მაქვსო, ბაბუა გახუმრებია, რაო, აბრეშუმის კაბა გინდაო? ნინას უთქვამს არა, კაბა არ მინდა, თბილისში გამიშვი სასწავლებლადო. ბაბუას გაკვირვებია, მაგრამ მეორე დღესვე აუღია მისთვის მატარებლის ბილეთი და გამოუშვია თბილისში სასწავლებლად.

როგორ დაიწყო მისი კარიერული წინსვლა თბილისში?

დედამ ჯერ  ტექნიკუმი დაამთავრა, შემდეგ ჩაირიცხა უნივერსიტეტში ეკონომიურ ფაკულტეტზე. თავისი აქტიური ხასიათის გამო ის ძალიან მალე გახდა გამორჩეული სტუდენტი, და უნივერსიტეტის კომკავშირის მდივნად აირჩიეს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი ფოთის კომკავშირის კომიტეტის მდივნად დანიშნეს. სამამულო ომის დროს ნინა გადმოიყვანეს თბილისში, კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში, ის იყო კომკავშირის ცეკას  მდივანი  მოსწავლე - ახალგაზრდობის მიმართულებით. ამ დროს ფრონტისათვის საჭირო მედიკამენტების, ტანსაცმლისა და საკვების შეგროვებასა და გაგზავნას ხელმძღვანელობდა.

ომის დასრულების შემდეგ გადაიყვანეს ორჯონიკიძის, დღევანდელი ვაკის რაიონში,  პარტიის რაიკომის  პირველ მდივნად. ეს იყო ურთულესი წლები; ომიდან დაბრუნებულთა დახმარება, დასაქმება, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, და სხვა უამრავი პრობლემის მოგვარება. 1948 წელს ნინა დაქორწინდა, მაშინ უკვე 31 წლის იყო. მამას, ვანო ზოდელავას მოვლილი ჰქონდა სამამულო ომი, 4 წელი იბრძოდა ყირიმში, ქერჩში,  414-ე ქართულ დივიზიაში. ომიდან მაიორის ჩინით და მრავალი ჯილდოთი ჩამოვიდა. პროფესიით ქიმიკოსი იყო.

50-იანი წლების დასაწყისში ნინა ჟვანია აღმოჩნდა , ე,.წ. "მეგრელთა საქმის" ერთ- ერთი მსხვერპლი, წაყენებული ბრალდების მუხლი დახვრეტას ითვალისწინებდა.

დედა თავის დაპატიმრებაზე თითქმის  არასდროს საუბრობდა. ის 1952 წელს დააკავეს. მე მაშინ ერთი წლის ვიყავი. დედამ  საპატიმროში წელიწადი და ერთი თვე გაატარა, მამა სამსახურიდან გაათავისუფლეს, დაკავებული იყო ბიძაჩემიც, - მამია ზოდელავა. დედას ბრალად ჯაშუშობას უყენებდნენ, 1947 წელს ნინა მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალზე საბჭოთა კავშირის დელეგაციის შემანდგენლობაში ლონდონში იმყოფებოდა. ბრალდების თანახმად, თითქოს სწორედ ლონდონში შეხვდა ნოე ჟორდანიას და მისი დავალებით ანტი-საბჭოთა საქმიანობას ეწეოდა. საბედნიეროდ, სტალინის გარდაცვალების შემდეგ ნინა მალევე გაათავისუფლეს და მისი სრული რეაბილიტაციაც მოხდა. ის კვლავ დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს და თბილისის აბრეშუმის ფაბრიკის დირექტორად დაინიშნა. სამწუხაროდ რამდენიმე წლის შემდეგ ტრაგიკულად დაიღუპა მამაჩემი, ჩვენს სახლში ხანძარი გაჩნდა და მამა  მძიმე დამწვრობებით გარდაიცვალა. ეს იყო ნინასთვის უმძიმესი პერიოდი, სამ შვილთან ერთად დარჩა მარტო.

რა იყო ნინა ჟვანიას გამორჩეული თვისებები, რის გამოც მას არ უჭირდა კარიერული წინსვლა?

ეს იყო ადამიანების სიყვარული, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  ეს იყო დედას მახასიათებელი მთავარი  თვისება. გარდა იმისა, რომ ბუნებით იყო ლიდერი,  შეეძლო გადაწყვეტილების მიღება სწრაფად, უყოყმანოდ. უამრავ ადამიანს ეხმარებოდა გაჭირვებულს თუ მრავალშვილიან ოჯახს, ის ცდილობდა ყველას სატკივარი გაეთავისებინა და  შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად დახმარებოდა. ამიტომაც, თითქმის ყოველ დღე მასთან  ძალიან ბევრი ადამიანი იყრიდა თავს, არ ჰქონდა მნიშვნელობა მიღების დღე იყო თუ არა, განსაკუთრებით თბილისის აღმასკომის თავმჯდომარის  მოადგილედ მუშაობის პერიოდში. ამ პოზიციაზე  გაატარა 25 წელი  1964 წლიდან 1990  წლამდე, სიცოცხლის  ბოლო დღეებამდე მუშაობდა.  

ნინას საქმიანობის სფერო  იყო  განათლება, კულტურა, ჯანდაცვა, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა, რადგან მასთან ყველა საკითხზე დასახმარებლად მიდიოდნენ ადამიანები. თბილისში, ალბათ, ცოტაა ოჯახი ვისაც მასთან შეხება არ ჰქონია.  დედას სახელთან იყო დაკავშირებული უამრავი რამ, რაც ამ მიმართულებებით ქალაქში კეთდებოდა. ის არ იყო სტანდარტული მოხელე. მისთვის არ არსებობდა ჩარჩოები, თვითონაც ღამეს გაათენებდა და სხვასაც გაათენებინებდა, რომ საქმე მიეყვანა  ბოლომდე დათქმულ დროში. იმ წლებში თბილისში არ დადგმულა ძეგლი, არ გაკეთებულა სკვერი, ნინა რომ აქტიურად არ ყოფილიყო ჩართული. მეგობრობდა ხელოვან ხალხთან, ძალიან უყვარდა მსახიობებთან, მომღერლებთან, მწერლებთან  ურთიერთობა. დედას  ძალიან კარგი  და დიდი სამეგობრო წრე ყავდა.   

ამბობენ, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება  ჰქონდა ედუარდ შევარდნაძესთან, სად გადაიკვეთა მათი გზები?

დედა მას ძალიან დიდ პატივს სცემდა და იგივეს გრძნობდა თავადაც. დედა მასში ხედავდა პროგრესულ ადამიანს, ვინც ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი აზრით მათი გზები გადაიკვეთა კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში და ეს ურთიერთობა არ გაწვეტილა არც მაშინ, როდესაც ბატონი ედუარდი მოსკოვში გადავიდა. მათ, რა თქმა უნდა, ჰქონდათ აქტიური საქმიანი  შეხება, ისინი ხომ ერთი და იგივე დროს მოღვაწეობდნენ. ამის გარდა ბატონი ედუარდის მეუღლე ქალბატონი ნანული იყო ქალთა საბჭოს წევრი. ამ საბჭოს წევრი იყო დედაც. როდესაც თბილისში ჩამოდიოდნენ სტუმრები უცხოეთიდან, მათ "ქალთა საბჭოს" წევრებიც ხვდებოდნენ, დედა თბილისის " ქალთა საბჭოს"თავმჟდომარე იყო.

როდესაც 9 აპრილის ტრაგედია დატრიალდა, ნინას უკვე ჰქონდა  პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩვენ ორი დღის დაბრუნებული ვიყავით მოსკოვიდან, სადაც დედა მკურნალობის კურსს გადიოდა, როდესაც ბატონმა ედუარდმა 10 აპრილს დაურეკა და შეატყობინა, რომ ტრაგედიის ადგილზე აპირებდნენ მისვლას.  ნინა  ავად იყო, მაგრამ მაინც  წავიდა რუსთაველზე. იმ რთულ პერიოდში, იმის მიუხედავად, რომ თავს უკვე სუსტად გრძნობდა ერთი დღე არ დარჩენილა სახლში - ყოველდღე სამსახურში იყო და ეხმარებოდა 9 აპრილს დაზარალებულებს. 

რა წესების დაცვა იყო აუცილებლობა თქვენთვის მისი ოჯახის წევრებისთვის და   გავლენიანი დედის შვილებისთვის?   

დედა 24 საათის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მან არ იცოდა ჩვენ როდის რას ვაკეთებდით, პირიქით, ზუსტად იცოდა სად მივდიოდით, ვინ იყვნენ ჩვენი მეგობრები,როგორ ვსწავლობდით.  5 -10 წუთიც რომ ყოფილიყო  ჩვენთან ერთად ვერ გამოვაპარებდით უმნიშვნელო დეტალასაც კი. ჩვენს გაზრდაში დედას მისი და, მარგო ეხმარებოდა. ერთად ვცხოვრობდით, ერთად დავდიოდით დასასვენებლად,  მახსენდება ბაკურიანი და გაგრა... ჩვენ სამნი ვიყავით, მე, მარინა, ვანიკო. ვანიკომაც თითქმის იგივე  სამსახურეობრივი გზა გაიარა რაც ნინამ, ვფიქრობ მანაც გარკვეული კვალი დატოვა ჩვენი ქალაქის უახლოეს ისტორიაში.

თამუნა ჩხენკელი

სპორტი
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.