USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ნიკოლოზ კახეთელიძემ საზოგადოებას გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
თარიღი:  454

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნიკოლოზ კახეთელიძემ საზოგადოებას გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა.

პრეზენტაციაზე, ნიკოლოზ კახეთელიძემ მისი მონაწილეობით,  საკრებულოსა და კომისიების მუშაობის ფარგლებში გამართულ სხდომებსა და შეხვედრებს, განხილულ საკითხებსა და  განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.  

საკრებულოს წევრის ანგარიშში ნათქვამია, რომ  2021 წლის 3 დეკემბრიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე  ნიკოლოზ კახეთელიძის მონაწილეობით საკრებულოს 15  სხდომა გაიმართა, რომლებზეც  13 დადგენილება და 649 განკარგულება იქნა მიღებული.

გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ , საანგარიშო პერიოდში - 2021 წლის 3 დეკემბრიდან დღემდე,  გაიმართა კომისიის 17 სხდომა სადაც  116 საკითხი იქნა განხილული.  კომისიაში 514 განცხადება/წერილი შევიდა, რომელზეც  შესაბამისი რეაგირება განხორციელდა.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში, ძირითადად, მოქალაქეთა მომართვიანობა  შემდეგ სფეროებს შეეხებოდა: ურბანული განაშენიანება, პარკების, სკვერების, დასასვენებელი სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია, მწვანე ნარგავების სხვლა/ფორმირება, გადაბელვა, გადარგვა და მოჭრა, შინაური, მათ შორის, უპატრონო ცხოველების (ძაღლების)  საკითხები.

მისივე თქმით, რეგულარულად იმართება სამუშაო შეხვედრები მუნიციპალურ სამსახურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ანგარიშის წარდგენისას ნიკოლოზ კახეთელიძემ, დამსწრე  საზოგადოებას, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრის რანგში კომისიის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზეც გაამახვილა ყურადღება.

საანგარიშო პერიოდში ნიკოლოზ კახეთელიძემ ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის  18 სხდომაში მიიღო მონაწილეობა და   334 საკითხი შეისწავლა.

გარდა ამისა, ანგარიშში საკრებულოს წევრმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის რანგში განხორციელებულ  საქმიანობაზე და  პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.

ანგარიშის პრეზენტაციას მოსახლეობასთან ერთად თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის  წარმომადგენლები დაესწრნენ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის