USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
თბილისი
ნიკო ლორთქიფანიძე - შემოქმედი მწარე ღიმილით
თარიღი:  6490

დღეს ნიკო ლორთქიფანიძის გარდაცვალების დღეა... ის 1944 წლის 25 მაისს გარადიცვალა.

ნიკო ლორთქიფანიძე დაიბადა 1880 წლის 29 სექტემბერს სოფელ ჩუნეშში (ამჟამინდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი). მწერალი იმერელ თავადთა შთამომავალი იყო. მისი წინაპრები იმერეთის მეფის კარზე მიღებული პირები ყოფილან. მათ „ფიცის კაცებს“ უწოდებდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქვეყნისათვის ყველაზე რთულ პერიოდში მათ ანდობდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტას. „ფიცის კაცები“ სასახლის გვარდიის როლს ასრულებდნენ. ამ „ფიცის კაცთა“ წინამძღოლი ყოფილა მწერლის ბაბუა – გიორგი ლორთქიფანიძე – ბავშვობიდანვე დაახლოებული იმერეთის მეფე სოლომონ მეორესთან. თავის დროზე ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო მწერლის მამა – მერაბ ლორთქიფანიძეც. მას ერთ-ერთ პირველს, ჯერ კიდევ საგლეხო რეფორმის გატარებამდე გაუთავისუფლებია თავისი ყმები. მწერლის დედა წულუკიძეთა ოჯახის ასული იყო.

ნიკო ლორთქიფანიძეს ხუთი და და ორი ძმა ჰყავდა. მწერლის ძმები – იასონი და ალექსანდრე ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწეები იყვნენ. წერა-კითხვა ნიკომ შინ შეისწავლა. მწერლობაც ადრეული ასაკიდანვე დაიწყო, თუმცა ბავშვობის ხანის ნაწერები მოგვიანებით თავადვე გაუნადგურებია. მწერლის ბავშვობაში ჩვენი საზოგადოება ქართული წიგნების ნაკლებობას განიცდიდა და პატარა ნიკოც თურმე უფრო ხშირად რუსული წიგნებით სარგებლობდა. შესაბამისად, წერაც რუსულად დაუწყია. თავდაპირველად ნიკო ლორთქიფანიძე ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს. იგი ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1901 წელს ქუთაისს ესტუმრა რუსეთის მოხეტიალე დასი, რომელთაც წარმოადგინეს პიესა „შვილი ისრაელისა“. რუსმა შოვინისტებმა შემთხვევა ხელიდან არ გაუშვეს და სცადეს, წარმოდგენა ქართველთა და ებრაელთა შორის შუღლის გასაღვივებლად გამოეყენებინათ. ამ მცდელობას წინ აღუდგნენ ნიკო ლორთქიფანიძე და მისი მეგობრები. საქმეში პოლიცია ჩაერია. აღელვებული ხალხის დასაწყნარებლად ჯარისკაცთა 150 კაციანი რაზმის გამოყენება გახდა საჭირო.

 ნიკო ლორთქიფანიძე და მისი მეგობრები პასუხისგებაში მისცეს. ბრალი ედებოდათ პოლიციის მოხელეთა შეურაცხყოფაში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. ბრალდებულებს ფულადი ჯარიმა დააკისრეს. მაგრამ ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მოთხოვნით განაჩენი გადაისინჯა და ნიკო ლორთქიფანიძეს ორი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელის მოხდის შემდეგ ნიკო ლორთქიფანიძე ვლადიკავკაზში გაემგზავრა. აქვე სწავლობდა მისი ძმა იასონი. ნიკომ გიმნაზიის სრული კურსი დაამთავრა და ხარკოვის უნივერსტეტში, მათემატიკის ფაკულტეტზე შევიდა. მოკლე ხანში კი იურიდიულზე გადავიდა. თუმცა უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია – სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილების გამო იგი სასწავლებლიდან გარიცხეს.

 1902 წელს ნიკო ლორთქიფანიძე ავსტრიაში გაემგზავრა. ბინას, რომელშიც მწერალი ავსტრიაში ცხოვრობდა, ამშვენებდა წარწერა: „პრინცი ლორთქიფანიძე“. აღნიშნული პერიოდიც ფათერაკებიანი აღმოჩნდა მწერლისათვის, „ფიცის კაცთა“ შთამომავალს ერთი ლექტორი, შეურაცხმყოფელი გამოხტომის გამო, დუელში გამოუწვევია. დუელი „ქართველი პრინცის“ გამარჯვებით დასრულებულა.

 დუელში ჩაბმა ნიკო ლორთქიფანიძეს კიდევ ერთხელ მოუხდა რუს ოფიცერთან, რომელმაც ქართველები მასხრად აიგდო. 1907 წელს ნიკო ლორთქიფანიძე, ისე რომ სასწავლებელი არ დაუმთავრებია, თბილისში დაბრუნდა. 1907-08 წლებში გერმანულის მასწავლებლად მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ეწეოდა პუბლიცისტურ და საგამომცემლო საქმიანობას, რედაქტორობდა გაზეთს „ერი“, რომელიც ხელისუფლებამ დახურა ეროვნული პოზიციის გამო. 1912-25 წლებში ქუთაისში ცხოვრობდა, სადაც საადგილმამულო ბანკში დამფინანსებლად მოეწყო. აქვე დაოჯახდა. ქუთაისში ყოფნის დროს ნიკო ლორთქიფანიძე არაერთ გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს დაუახლოვდა: ტიციან ტაბიძეს, პაოლო იაშვილს, კოლაუ ნადირაძეს, კონსტანტინე გამსახურდიას და სხვებს.

 1925 წლიდან ნიკო ლორთქიფანიძე ისევ თბილისში გადავიდა და პედაგოგიური მოღვაწეობა განაგრძო. მწერალი საგამომცემლო საქმიანობითაც იყო დაკავებული. 1910-11 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ყოველკვირეული ჟურნალი „ცხოვრება და ლიტერატურა“. 1917 წლიდან მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ „სამშობლოს“ პასუხისმგებელ მდივნად, მოგვიანებით კი ამავე გაზეთის რედაქტორი გახდა.

 საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ქუთაისში ნიკო ლორთქიფანიძის რედაქტორობით გამოდიოდა ლიტერატურული ალმანახი „კრებული“. ნიკო ლორთქიფანიძეს თანამედროვენი ახასიათებენ დიდსულოვან, არისტოკრატული ბუნების, მოკრძალებულ და დახვეწილ ადამიანად. მწერლის ცხოვრების უკანასკნელი წლები ჩვენი ქვეყნის შავბნელ პერიოდს დაემთხვა. უკუღმართი დროებით შეწუხებული მწერალი ჩუმად, უპრეტენზიოდ ცხოვრობდა და ხელისუფალთ თავს არიდებდა. ხშირად უნახავთ შებინდებისას რუსთაველის გამზირზე მარტო მოსეირნე, ფიქრებში ჩაფლული, თვალებში ნაღველჩამდგარი. ნიკო ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1944 წლის 25 მაისს, 64 წლისა, დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, საიდანაც 1954 წელს დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. დიდუბის პანთეონში მის გვერდით ასვენია მისი მეუღლე — თამარ გიორგის ასული ჩხეიძე (დ. 1894, ქუთაისი — გ. 27 დეკემბერი, 1980, თბილისი).

 

 

ნიკო ლორთქიფანიძე მეუღლესთან ერთად

ფოტო მწარე ღიმილით

 ვუყურებ შავ-თეთრ ფოტოს. ფოტოდან იცქირება მამაკაცი, სათვალით, დინჯი გამომეტყველებით და ძლივსშესამჩნევი, მწარე ღიმილით. დიახ, ზუსტად, მწარე ღიმილით მიყურებს და ამბობს:“იყიდება საქართველო“ - ეს ნიკო ლორთქიფანიძეა, მწერალი,რომელიც სკოლაში გვასწავლეს ტრადიციული, ბანალური ფრაზით - „დიდი ქართველი მწერალი ნიკო ლორთქიფანიძე“, მწერალი, რომელის სახელიც ხშირად გვესმის და მწერალი, რომელიც წაკითხული არ გვაქვს.

 "კაფანდარა იყო, სქელი ტუჩებით, მეჩხერი ულვაშითა და კოხტად შეკრეჭილი მოკლე წვერით. სათვალიდან დაღლილი იცქირებოდა, მშვიდი ნაბიჯით დადიოდა, სახეზე მუდამ ნაღვლიანი შთაგონება ეფინა და ჩუმი ირონიით შეფერილი "მწარე" ღიმილი იცოდა. ძალზე თავისებური და შეუცნობელი გარეგნობა ჰქონდა." - იგონებს სიმონ ჩიქოვანი, აქაც მწარე ღიმილი, ღიმილი, რომელიც არ გავიწყდება.

საიდან უნდა დაიწყო მასზე ლაპარაკი, თავმდაბალ, გაუპრანჭავ, ზნეობრივ ადამიანზე, რომელიც ყველანაირად ცდილობდა, ზედმეტ მანერულობას გაქცეოდა. მისი პროზაც ხომ ამაზეა, ზედმეტი სიტყვებისგან დაცლილი, ლაკონური, თითქოს კამერული, ერთ პატარა კუბში მოქცეული, დაპრესილი და დატუმბული ჰაერის ნაკადი.

 ქართული ენის მთავარი ძალა ზმნააო, გსმენიათ ეს წინადადება, ქართულ ზმნას ყველაფერი შეუძლიაო, გამოხატოს ვინ ვის რა რატომ როდის რა დროში ვისი დახმარებით ნამდვილად თუ არც ისე თავისთვის თუ სხვისთვის ... მოკლედ, ყველაფერი შეუძლიაო. მართალია, ასეცაა, ჩვენი ზმნა ადამიანი - ორკესტრია, ყველა ინსტრუმენტს თავად ახმიანებს.

 ნიკო ლორთქიფანიძესთან ზმნა სხვა სიძლიერეს იძენს, ზოგჯერ ამბავი მისი დახმარების გარეშეა მოთხრობილი, ზოგჯერ კი, ზუსტად შერჩეული ზმნები დამიზნებული ტყვიის მსგავსად არასდროს სცდება მიზანს:

 “მამა წამოიჭრა, ეზო გადირბინა. ვენახში მოხვდა. გაბმული ცხვარი სძოვდა. ახსნა. გავიდა ხეზე. დაჯდა. ბაწარი ტოტს მაგრათ მიაბა, მარყუჟი გამოსკვნა მეორე ბოლოში, გაშინჯა - კისერზე თუ მომიჭერსო და...კეთილი ბებერი ნათლია იფოფრებოდა: - ღმერთო! ღმერთო! რა დროს მომასწარი!.. რა საცოდაობა დატრიალდა... ვინ მოუვლის დამშეულ ობლებს?!

ქართველი ქვრივი დედაკაცი თავსაფრიანად წუღებამდის... წინდაც კი შავი... თუ გამოჩნდა, მეტისმეტათ ლილიან წყალში გავლებული საცვალი,

თეთრი შუბლი,

შავი მაყვალივით თვალები,

მზეზე გაშავებული ლოყები,

მოქნილი ცხვირი,

სისხლისფერი ტუჩები.”

ნიკო ლორთიფანიძის რიტმული, დამუხტული, იმპრესიონისტული, ემოციითა და ტკივილით სავსე, ზუსტი, მოზომილი ტექსტები ერთგვარი ლიტერატურული მანიფესტებია, სადაც ძალიან კარგად ჩანს ავტორი - მართალი და მორალური, ღირსებით სავსე კაცი, მასწავლებელი, მოღვაწე, დუელიანტი, ფათერაკიანი, არისტოკრატული, ჩუმი და დახვეწილი.

შალვა დადიანი და ნიკო ლორთქიფანიძე

„…შესაშური ბიოგრაფია აქვს ნიკო ლორთქიფანიძეს. გაიხსენეთ, რომელი მწერლის ბიოგრაფიას ამშვენებს საქართველოში, და თუნდაც მის გარეთ, ორი დუელი, არა პირადი ღირსების, არამედ სამშობლოს, ერის წმინდა სახელის და ღირსების დასაცავად.

 ნიკო ლორთქიფანიძისნაირი მწერლები კი არ იბადებიან, არამედ ჩნდებიან და გამოეცხადებიან ხოლმე ხალხს. ასე გამოეცხადა იგი 1880 წელს საქართველოს - წერს ნოდარ დუმბაძე.

ვუყურებ შავ-თეთრ ფოტოს და იქიდან მწარედ მიღიმის კაცი, რომელიც ტექსტებიც ზეპირად მახსოვს, მახსოვს ტკივილით, განცდით, რომელსაც სულ დავატარებ, აქაა საქართველო, რომლიც იყიდება, თავსაფრიანი დედაკაცი, რომელიც უგზოუკვლოდ მიჰყვება გზას არსაით, მამა, რომელმაც შვილებს მჭადი შეუჭამა, სიცხიანი ბავშვი, რომელიც ფორთოხალს ნატრობს, მონატრებისგან ფერფლადქცეული გული, ვიღაც, ვინც სამშობლოსთვის ლოცულობს, ბრმა თერძი, რომელიც გვირისტს ვეღარ ავლებს, ქალი, რომელიც გველთან ერთად ცეკვავს, შურისძიებისგან ჭკუადაკარგული ბატონი და დედა, რომელიც შობის ღამეს, სულ მალე პირმშოს დაკარგავს...

 „იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნის წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი...

აქ კი... დღეს...“

 წყარო:https://www.helloblog.ge

 

სპორტი
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.