აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა, დევიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომ, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, მისი ლიდერი, ვლადიმერ პუტინი ნატოს წევრ ქვეყანას დაესხმება.
პეტრეუსის აზრით, შემდეგი ქვეყანა ბალტიისპირეთის რეგიონიდან, სავარაუდოდ ლიეტუვა იქნება.
ლონდონში მიმდინარე ერთ-ერთ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა აღნიშნა, რომ პუტინის გეგმას უკრაინაში ხელისუფლების დამხობა და „მარიონეტი რეჟიმის დასმა“ წარმოადგენს. „თუ ეს მოხდება, ნახავთ, რომ ის ყურადღებას ბალტიის რეგიონის ქვეყნებზე გადაიტანს“, - თქვა პეტრეუსმა.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა, რომელიც უწყებას 2011-2012 წლებში ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ ლიეტუვა არის.
„ლიეტუვას მის [პუტინის] გამოსვლებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა, და ჩვენ მას უფრო ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ“, - აღნიშნა პეტრეუსმა.
ყოფილმა გენერალმა, რომელიც ერაყსა და ავღანეთში ათი ათასობით ამერიკელ, ბრიტანელ და სხვა სამხედროებს ხელმძღვანელობდა, პუტინის საბოლოო მიზნად უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება დაასახელა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დამხობა და პრორუსი მარიონეტის დასმა სურს.