USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
ნიკა ხოფერია - ჭადრაკის კუს საიდუმლო
Date:  504

შუა საუკუნეების ქართულ პოემაში, „ამირანდარეჯანიანში“, ჩამოთვლილია შვიდი უნარი, რომელსაც ყველა რაინდი უნდა ფლობდეს: მშვილდოსნობა, ასპარეზობა, შუბის ხმარება, ცხენოსნობა, ნადირობა, ცურვა და ჭადრაკი.[1] არჩილ მეფეც, დაახლოებით იგივე თვისებებს ჩამოთვლის XVII საუკუნეში და მისგან შექებულ უნარებს შორის, კვლავ გვხვდება ჭადრაკი. გიორგი ათონელი რელიგიურ ტექსტშიც ასახელებს, მეფე ვახტანგ VI წესებს აღწერს, სულხან-საბა ორბელიანი ლექსიკონში განმარტავს, თეიმურაზ II კი საინტერესო ლექსს უძღვნის გვიანანტიკურ ხანაში შექმნილ უკვდავ თამაშს, რომელსაც ამიერკავკასიაში სულ ცოტა, 1300 წელია, რაც თამაშობენ.

ადრეული შუა საუკუნეებიდან, ჭადრაკს თამაშობდნენ ინდოეთში, სასანურ ირანში, ბიზანტიის იმპერიაში, ქართულ და სომხურ სამეფოებში, აბასიანთა სახალიფოში, კაპეტინგების საფრანგეთში, საღვთო რომის იმპერიაში, ინგლისში, ჯვაროსნულ სამეფო-სამთავროებში, კორდოვის სახალიფოში, ტამპლიერთა ორდენში, მონღოლთა იმპერიასა და საერთოდ, შორეულ აღმოსავლეთში. თამაშს ჰქონდა მრავალი ნაირსახეობა, სანამ იმ კლასიკურ ვერსიამდე მოვიდოდა, რომელიც დღესაც ინარჩუნებს დიდ პოპულარობას.

ფირდოუსის „შაჰნამეში“ (XI ს.), მოყვანილია ამბავი ინდოეთის მეფისა და თამაშის გამომგონებელი ბრძენი სისა იბნ დაჰირისა, რომელმაც მეფე ჯერ ჭადრაკის გამოგონებით გააოცა, შემდეგ კი, ჯილდოდ, ოსტატურად მოითხოვა იმ რაოდენობის ხორბალი, დედამიწას რომ დაფარავდა. ისევ „შაჰნამეშია“ მოთხრობილი სხვა ვერსია: თითქოს თამაშის გამოგონების მიზანი, უფლისწულის ბრძოლაში დაღუპვის მიზეზის ჭადრაკის დაფაზე, ფიგურების მეშვეობით ჩვენება იყო. ასევე, ამ სპარსულ ეპოსშია მოთხრობილი, როგორ გაცვალეს ინდოეთის მეფემ და სპარსეთის შაჰმა თავიანთი სამაგიდო თამაშები (სპარსელებმა ნარდი, ინდოელებმა ჭადრაკი) და შეთანხმდნენ, რომელიც გამოიცნობდა მოწინააღმდეგის შექმნილი თამაშის ყველა წესს, იმას მეორე მხარე დიდძალ ძღვენს უბოძებდა. სპარსელებმა ამოიცნეს ჭადრაკის პრინციპები, ინდოელებმა კი ვერაფერი მოუხერხეს ნარდს და შაჰისთვის ხარკის გადახდა მოუხდათ. „ჩატურანგა“ - ასე ეძახდნენ ინდოელები თამაშს. ეს სიტყვა, ოთხ ნაწილს, ოთხ დივიზიას ნიშნავს და უნდა მიუთითებდეს ინდური ჯარის ოთხ სახეობაზე - სპილოები, ეტლები, კავალერია, ქვეითი ჯარი, რაც ჭადრაკის დღემდე შემორჩენილ ფიგურებზეც კი აისახება. ასევე, ჩატურანგას ოთხი მოთამაშე თამაშობდა და მასში კამათელიც გამოიყენებოდა.

 
ხოსრო II-ს მკვლელობა. მინიატურა ფირდოუსის „შაჰნამედან" (XVI ს. ხელნაწერი)

 

სასანურ ირანში, შაჰის კარზე, თამაშს ჩატრანგი უწოდეს, დახვეწეს, განავითარეს და ბიზანტიას თუ სპარსული კულტურის გავლენის ქვეშ მოქცეულ ქვეყნებს - ალბანეთს, სომხეთსა და ქართლს უწილადეს. მიაღწია შუა აზიასაც, იმ დროისთვის, თეთრი ჰუნების, ჰეფტალიტების სახელმწიფოს. აქ, ჭადრაკის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ფიგურებიც კი არის აღმოჩენილი. სასანიანებისგან ჭადრაკის გავრცელება, VI-VII საუკუნეების მიჯნაზე უნდა მომხდარიყო და ამავე დროს უნდა შემოსულიყო ქართლშიც. თამაშობდა თუ არა მხცოვანი ვახტანგ გორგასალი ამ თამაშს უჯარმაში, არ ვიცით, მაგრამ, ქართლის ერისმთავრებისთვის უკვე ნაცნობი უნდა ყოფილიყო.

არაბებმა, რომელთაც VII საუკუნეში სასანური ირანი დაიპყრეს, თამაშის სახელი, ჩატრანგი, შატრანჯით შეცვალეს, რადგან ჩ და გ არაბულ ანბანში არ არის; ქართული ჭადრაკი კი, მისი სახელის ეტიმოლოგიის მიხედვით, აშკარად სპარსულ-ფალაური ჩატრანგიდან არის წარმოშობილი, რაც მთავარი მტკიცებულებაა ქართლში ამ თამაშის ჯერ კიდევ არაბულ პერიოდამდე შემოსვლისა.

სპარსეთი რომ საკვანძო იყო ჭადრაკის განვითარებაში, ფიგურების სახელწოდებებსა და შემდგომში, ევროპულ ქვეყნებში, ამ თამაშის სახელიდანაც კარგად ჩანს: შახმატი, ჩეკმეთი და ა.შ. სხვათა შორის, ეს ტერმინი, შაჰის, მეფის დაუძლურებას, უსუსურ მდგომარეობაში ჩავარდნას ნიშნავს და არა მოკვლას, როგორც ხშირად თარგმნიან ხოლმე.

 
ინდური ჩატურანგა

 

ჭადრაკმა დიდი გზა გაიარა აღმოსავლეთიდან ევროპამდე. მის გავრცელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისლამურმა სამყარომაც, რომელიც VII საუკუნის მეორე ნახევრიდან ერთბაშად გაიზარდა და ესპანეთიდან ინდოეთამდე იყო გადაჭიმული. როდესაც გარკვეული დროით, დიდი სივრცე, ერთი მმართველობის ქვეშ მოხვდება, ამ მხარეთა კულტურა, გამოგონებები, ინოვაციები, ადვილად ვრცელდება იმპერიის ფარგლებში. არაბებისგან, ევროპაში ჭადრაკი X საუკუნის დამდეგს მიიღეს და მას შემდეგ ის, ნელ-ნელა გავრცელდა კონტინენტზე.

შორეულ აღმოსავლეთში, ჩინეთსა და იაპონიაში, ჭადრაკი მნიშვნელოვნად დაშორდა იმ თამაშს, რომელიც წესების მცირედი ცვლილებებით ვრცელდებოდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. ეს შეეხო წესებს, ფიგურების ფორმას და დაფასაც.

ჩინეთში თუ ჭადრაკს რელიგია არ ზღუდავდა, სამაგიეროდ, მონოთეისტურ რელიგიებთან გაჩნდა პრობლემები. სუნიტურ ისლამში ეს უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენდა ვიდრე შიიტურში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჭადრაკი ბოლომდე ვერაფერმა შეაჩერა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რელიგიური წესების გამო, არაბული ჭადრაკის ფიგურები უფრო აბსტრაქტულები გახდა და აღარ იყო გამოკვეთილი ადამიანების თუ ცხოველების გამოსახულებები. შესაბამისად, სუნიტ მუსლიმებსაც შეეძლოთ ჭადრაკს შემოსხდომოდნენ თუ მას აბსტრაქტული ფიგურები ექნებოდა, რელიგიური წეს-ჩვეულებების შესრულებას ხელს არ შეუშლიდა, არ ითამაშებდნენ ფულზე, ხოლო თამაშის დროს კამათი ბილწსიტყვაობაში არ გადაიზრდებოდა.

არაბული „ათას ერთი ღამის“ ზღაპრებში ჭადრაკი ხშირადაა მოხსენიებული და მისმა პოპულარობამ პიკს, ხალიფა ჰარუნ ალ რაშიდის დროს მიაღწია. ჰარუნ ალ რაშიდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჭადრაკის ცოდნას თავის ხელქვეითებს შორის. განსაკუთრებულ ნიჭს, მაგალითად, ჭადრაკის თვალახვეულ თამაშს, შეიძლება მაღალი საზოგადოებრივი პოზიცია და სიმდიდრე მოეტანა დაბალ სოციალურ ფენას მიკუთვნებული ადამიანისთვის. ამას, ალეგორიულად, პაიკის ლაზიერად დაწინაურებასაც უწოდებდნენ. შუა საუკუნეების ისლამურ სამყაროში, იყო პერიოდები, როდესაც ჭადრაკი იკრძალებოდა, მაგრამ, ის მაინც იქცა ისლამური კულტურის დამახასიათებელ, მნიშვნელოვან ნაწილად.

 
ჭადრაკის მოთამაშეები. მინიატურა „შაჰნამეს" XV საუკუნის ხელნაწერიდან 

 

შუა საუკუნეებში, განსაკუთრებით საინტერესოა, ჭადრაკის ტერმინების გამოყენება პოლიტიკური მდგომარეობის აღსაწერად და დიპლომატიურ მიმოწერებში. ამის ყველაზე მკაფიო ნიმუში არის ნიკიფორე I ლოგოთეტის (IX ს.) წერილი ჰარუნ ალ რაშიდს: „დედოფალი, რომელსაც მე ვმემკვიდრეობ (იგულისხმება ბიზანტიის რეგენტი დედოფალი ირინე) შენ გთვლიდა ეტლად (ძველი სახელით, რუხად, რომელიც ამ დროს ჭადრაკში უძლიერესი ფიგურა იყო), ხოლო თავის თავს უყურებდა როგორც პაიკს; ამის გამო იგი დათანხმდა შენთვის ხარკი გადაეხადა იმ დროს, როცა მას ამნაირი და კიდევ ორჯერ მეტი შენთვის უნდა მოეთხოვა, მაგრამ ეს მისი სქესის სისუსტით აიხსნება. ახლა მე მოვითხოვ, ამ წერილის მიღებისთანავე, დამიბრუნო მთელი ფული, რომელიც მისგან მიიღე. თუ ყოყმანობ, ხმალი გაასწორებს ჩვენს შორის ანგარიშს“. ბიზანტიის დედოფლისგან ჭადრაკის ცოდნა გასაკვირი არ არის, რადგან ამ თამაშს ქალებიც თამაშობდნენ, როგორც ქრისტიანულ, ისე ისლამურ სამყაროში. ბიზანტიაში ჭადრაკი არაბებამდე უკვე იცოდნენ. ირანიდან შესულ ამ თამაშს, ბერძნებმა „ძატრიკიონი“ უწოდეს. ვინაიდან ბერძნულს არ აქვს ფალაური ჩ-ს შესატყვისი ასო, ის ძ-თი შეიცვალა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ჭადრაკმა ევროპაში შესვლისას განიცადა იყო მდედრობითი სქესის ფიგურის გაჩენა, უფრო სწორად, დედოფლით ვეზირის ჩანაცვლება. ეს, რასაკვირველია, შუა საუკუნეების ევროპაში ძლიერი და გავლენიანი დედოფლების გამოჩენამაც გამოიწვია. ჭადრაკის დედოფლის შესახებ წიგნის ავტორი, მერილინ იალომის აზრით, ასეთი დედოფლები შეიძლება ყოფილიყვნენ X-XI საუკუნეების მოღვაწეები, საღვთო რომის იმპერატორ ოტო I-ს მეუღლე, დედოფალი ადელაიდე და ოტო II-ს მეუღლე თეოფანო. X საუკუნის „ჭადრაკზე სტროფებში“, დედოფალი უკვე მოხსენიებულია ფიგურებს შორის. თუმცა, შემდგომში, ელეონორა აქვიტანელის (XII ს.), ესპანეთის დედოფალ იზაბელას (XV ს.), უფრო გვიან, ელიზაბეტ I-ს (XVI ს.) მოღვაწეობის შემდეგ, მისი პოზიციები კიდევ უფრო გამტკიცდა. XV საუკუნეში, თავის დროზე ერთ დიაგონალურ უჯრაზე მოძრავი, სუსტი ფიგურა, ჭადრაკის დაფის ბატონ-პატრონი გახდა და ჩამოაქვეითა ეტლი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ლიდერობდა.

 
ე.წ. „ლუისის ჭადრაკის ფიგურები". დამზადებულია XII საუკუნეში, სკანდინავიაში (მასალა ლომვეშაპის ეშვი)

 

რადგან საქართველოში ჭადრაკი მისი გამოგონებიდან საკმაოდ მალევე შემოვიდა, ფიგურების სახელებიც, მეზობელი იმპერიების გავლენის სფეროების ცვლილებების მიხედვით იცვლებოდა. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ უცხო ქვეყნებში მოხვედრილი ჭადრაკი ხშირად ტრანსფორმირდებოდა და ადგილობრივ საზოგადოებას ერგებოდა. ამიტომ არის ჭადრაკის ისტორიის მანძილზე, ფიგურებისა და სვლების მრავალფეროვანი ფორმები და სახელწოდებები.  საქართველოშიც, ჭადრაკი ქართულ კულტურაში შემოსული აღმოსავლური და ადგილობრივი ელემენტების ნაერთია.

შუა საუკუნეებიდან ქართული ჭადრაკის მხოლოდ რამდენიმე ფიგურა თუა შემორჩენილი. მიხეილ ვადბოლსკის ცნობით, ამ ფიგურებს ივანე ჯავახიშვილმა, 1937 წელს, დმანისის შუა საუკუნოვანი ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრებისას მიაგნო და XII საუკუნეს მიაკუთვნა. სამაგიეროდ, საკმარისი ცნობებია შუა საუკუნეების ქართული ჭადრაკის ფიგურების შესახებ. მათი უმრავლესობა, დღემდე ძალაშია, რაც ჭადრაკის ხანგრძლივ ტრადიციაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

გადავხედოთ შუა საუკუნეების ქართული ჭადრაკის ფიგურებს:

პაიკი, ერთი შეხედვით ყველაზე დაბალი ღირებულების, სინამდვილეში კი, უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ისევე, როგორც ბრძოლის ველზე გვიანანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეებშიც, კავალერიის დომინაციის პერიოდშიც კი, ქვეითი ჯარი, ლაშქრის ძირითად მასას ქმნიდა, მის უკან გადაჯგუფდებოდა ცხენოსანი ჯარი, ასევე შეუძლებელი იყო საალყო მოქმედებები ქვეითების გარეშე. „პაიკი“ სპარსულიდან შემოსული ტერმინია. სპარსულად ამ ფიგურად პიადაკი, ბაიდაკი ეწოდებოდა. ასევე, განიხილება ფაიქის ვერსიაც, რაც სპარსულად შიკრიკს ნიშნავს და საქართველოშიც ხშირად გამოიყენებოდა.

მხედარი, რასაკვირველია, პირდაპირ ითარგმნა და მოერგო ქართულ ჭადრაკს. ეს ფიგურა, ჭადრაკის უძველესი ვარიანტების შექმნის დროიდანაა ცნობილი. გვიანანტიკურ ქართლში, მძიმე, კატაფრაქტული კავალერიის ტრადიცია არსებობდა. ხოლო, მძიმედ აღჭურვილი, ცხენოსანთა შოკური შეტევის ტაქტიკისა და წაგრძელებული შუბით ბრძოლის წესის მიმდევარი ცხენოსანი ჯარი, ქართული ფეოდალური ლაშქრის დასაყრდენი იყო შუა საუკუნეებში და ბუნებრივია, ამ ფიგურის შეცვლა უცნაური იქნებოდა. ცხენის გადაადგილება დაფაზე, მისი მანევრულობა, კავალერიის ფუნქციას და შესაძლებლობებს შეესაბამება.

ეტლი, რუხი თუ ტურა? ამ, თავის დროზე, ჭადრაკის უძლიერეს ფიგურას სხვადასხვა სახელით ვიცნობდით და ვიცნობთ. მათგან, რუხი და მისგან ნათარგმნი ეტლი პირველია. რუხი ახლო აღმოსავლური მითოსის გიგანტური ფრინველიც იყო, მაგრამ რუხს, როხს ეტლის მნიშვნელობაც აქვს, რასაც სამართლიანად მიუთითებს აღმოსავლეთმცოდნე გოჩა ჯაფარიძე თავის სტატიაში ქართულ ჭადრაკში აღმოსავლური ტერმინების შესახებ. რუხიდან მოდის ფართოდ გავრცელებული რუკიც (Rook) და ცნობილი საჭადრაკო სვლის  - როქის სახელიც (ეს სვლა მეფისა და ეტლის კომბინაციით სრულდება). ეტლი რუხის ქართული შესატყვისია. ტერმინი „ტურა“ ევროპული ენებიდანაა (ლათ. Turris; ფრანგ. Tour; ინგ. Tower) შემოსული და კოშკს ნიშნავს, სწორედ ამიტომ, მას უკვე დიდი ხანია კოშკის ფორმას აძლევენ. ამ ფიგურის ყველაზე ძველი ფორმა, საბრძოლო ეტლი, ანტიკურობისთვისაა დამახასიათებელი, შემდეგ კი, მისი მნიშვნელობა იკარგება, ამიტომ, ფიგურაც შეიცვალა და თავის დროს მოერგო, ჯერ, დროებით, მითიურ ფრინველად, საბოლოოდ კი, კოშკად იქცა.

 
მითიური ფრინველი „რუხი"

მეფე, ყველაზე უსუსური და ამავე დროს, უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. თამაშის მიზანი ხომ მისი „დაშამათება“ - უმწეო მდგომარეობაში ჩაგდება, შეპყრობაა. ქართული „მეფე“ სპარსული შაჰიდან მომდინარეობს და მისი შესატყვისი ქართული ტერმინია. მართალია, „შაჰი“ არ დარჩა ფიგურის სახელად, სამაგიეროდ, სპარსული შაჰ-მატ ანუ მეფე ძალაგამოცლილია, დაქანცულია (და არა, მკვდარი), შამათის სახელით, შემოგვრჩა. მეფე, შუა საუკუნეების ქართული ფეოდალური სოციუმის თავში იდგა და ჭადრაკის ამ ფიგურის არსებობას, ბუნებრივია, ვერანაირი საფრთხე ვერ შეექმნებოდა.

ლაზიერი - არაბული ალ ვაზირიდან მომდინარეობს. ამ ფორმით, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ VIII-IX საუკუნეებში უნდა დამკვიდრებულიყო. ამ დროს, როგორც გოჩა ჯაფარიძე აღნიშნავს, საქართველოში როგორც ეს ტერმინი, ისე მისი შინაარსობრივი მნიშვნელობა, ჯერ კიდევ სიახლეს წარმოადგენდა. უფრო გვიან, X-XIII საუკუნეებში, ქართულ წერილობით წყაროებში „ვაზირი“, როგორც სამოხელეო ტერმინი, სავსებით სწორი ფორმით გვხვდება. ვაზირის ინსტიტუტი უკვე მთელს მახლობელ აღმოსავლეთში იყო გავრცელებული. ძველ საქართველოში კარგად იცოდნენ „ლაზიერი“ რომ ვაზირის სინონიმი იყო. ამას ადასტურებს სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“ მოცემული განმარტება, რომ ლაზიერი ჭადრაკის მეფის ვეზირია. ქართულ ჭადრაკში, განსხვავებით ევროპულისა, დედოფალმა ვერ შეცვალა ვეზირი. აღმოსავლური გავლენა, ტერმინოლოგია, მმართველობის ფორმის თავისებურებები და ასევე, ჭადრაკის უძველესი ტრადიცია, ამის მთავარი მიზეზია. მართალია საქართველოს, შუა საუკუნეებში ძლიერი ქალი პერსონაჟები არ აკლდა, მაგრამ ისიც აღსანიშნავია რომ მათგან ორი ყველაზე მაღალი რანგის ქალი - თამარი და მისი ქალიშვილი რუსუდანი, მეფეებად იწოდებოდნენ - მეფეები იყვნენ და არა დედოფლები.

ჩემი აზრით, ქართული ჭადრაკის დაფაზე, რომელსაც ძველად, რუკად მოიხსენიებდნენ და საერთოდ არ იყო შავ-თეთრი კვადრატებით შედგენილი, არამედ მთლიანად ერთი ფერისა გახლდათ, ყველაზე საინტერესო ფიგურა კუა. ჭადრაკის უძველეს ინდურ ვარიანტში, ეს ფიგურა სპილო იყო. სახელწოდება და მნიშვნელობა შეინარჩუნა სპარსეთშიც, სადაც მას ფილს (ანუ სპილოს) უწოდებდნენ. ზოგიერთ ენაში, ახლაც ამ სახელით არის შემორჩენილი, ევროპაში კი, ეპისკოპოსად (Bishop), ოფიცერად და სხვა რანგის სამხედრო, რელიგიურ თუ სამოქალაქო თანამდებობის პირად იქცა (ცალკეულ შემთხვევებში, ნავად ან გემადაც კი).

 ქართული კუს წარმომავლობა, ვფიქრობ, გამოცანაა. ქართველი მოჭადრაკის, თენგიზ გიორგაძის მიხედვით, ის სპარსული ფილიდან შეიძლება მომდინარეობდეს, მაგრამ ამ ვერსიას მნიშვნელოვანი სისუსტე აქვს. სპილო, სპარსული ფილიდან მიღებული სიტყვაა და როგორც ჩანს, საქართველოში მას ჯერ კიდევ გვიანანტიკურ ხანაში იცნობდნენ, რადგან სპილოების კორპუსი, სასანური ჯარის შემადგენელი ნაწილი იყო და ეს გიგანტური ცხოველები, შაჰმა ხოსრო I ანუშირვანმა, ლაზიკის ომშიც კი გამოიყენა VI საუკუნის შუა ხანებში. ამავე ფილიდან მომდინარეობს ლოდსატყორცნის ქართული სახელწოდება „ფილაკავანი“ ანუ სპილოსხელა საგნების მტყორცნელი, როგორც ამას ქართველი სამხედრო ისტორიკოსი მამუკა წურწუმია განმარტავს „შუა საუკუნეების ქართულ პოლიორკეტიკაში“. ამ იარაღის სახელი რომ გვიანანტიკური ხანიდან მოდის იქიდან ჩანს, რომ არაბულ პერიოდში მისი სახელწოდება შეიცვალა „მანჯანიკით“, ქართულში კი, ამ ფორმით, არ დამკვიდრებულა, რადგან უკვე არსებობდა სპარსული ვარიანტი.

მიხეილ ვადბოლსკისა და თენგიზ გიორგაძის მიხედვით, კუს სახელწოდება შეიძლება საალყო მანქანა „კუს“(ტესტუდოს) უკავშირდებოდეს, რაც ხის, ცხოველის ტყავებით გადახურული კონსტრუქცია იყო და ტარანის ანუ გალავნის სანგრევი მორის დასაცავად გამოიყენებოდა. სამწუხაროდ, ქართულ პოლიორკეტიკის ისტორიისთვის უცხოა მსგავსი სახელწოდების საალყო კონსტრუქცია. სავარაუდოდ, „კუს“ მაგვარი მოძრავი თავშესაფარი, ციხესთან ტარანით თუ იარაღით მიახლოებული ქვეითების დასაცავად, სხვადასხვა დროს, გამოიყენებოდა საქართველოშიც, მაგრამ რა სახელით იყო ის ცნობილი და დამკვიდრდა თუ არა ძველი რომაული სახელწოდებით, ჩვენთვის უცნობია.

შესაძლებელია, ჭადრაკის კუ, მართლაც, უბრალოდ ქვეწარმავალი კუ იყოს (რომელსაც „ამირანდარეჯანიანში“ ბაღა ეწოდება), მაგრამ ეს საკმაოდ უცნაური იქნებოდა. არც ერთი ქვეყნის ჭადრაკში, ეს ფიგურა კუ არ არის და არც ძველ, ტრადიციულ სპარსული, არაბული და ინდური ფიგურების სახელწოდებებს ემთხვევა. ზოგადად, ჭადრაკს „ადამიანური“ ფიგურები ყავს, ეს ხომ, ბრძოლის ველია, რომელზეც მეფე ჯარს მართავს. წარმოვიდგინოთ მეფე, ლაზიერი და გვერდით... კუ?  უცნაურია, მაგრამ მსგავსი შემთხვევები ანუ ცხოველები ფიგურებად, მართლაც გვხვდება ჭადრაკის არა კლასიკურ არამედ განსხვავებულ ვარიანტებში, მაგალითად, XIII საუკუნეში, კასტილიის მეფე ალფონსო X-ს პერიოდის ჭადრაკში ე.წ. Grande Acedrex-ში. ამ ჭადრაკს 12X12 უჯრიანი დაფა აქვს, კლასიკურ ფიგურებთან ერთად კი, არის განსხვავებულებიც: ჟირაფი, ნიანგი, აანკა (სპარსული რუხის მსგავსი ფრინველი), ცალრქიანი ცხენი, ლომი. XIV საუკუნეში, ე.წ. თემურლენგის ჭადრაკში, გვხვდება ჟირაფი და აქლემი (აქლემი, ზოგიერთ ენაში ახლაც არის, მაგრამ იგივე Bishop, კუა); ასევე, შოგიში, იაპონურ ჭადრაკში ე.წ. დაწინაურებული ეტლი, იგივე დრაკონია.

 
ე.წ. თემურლენგის ჭადრაკის თანამედროვე რეკონსტრუქცია

 

VI-VII საუკუნეებში, სპარსეთიდან შემოსულ თამაშს, თავდაპირველად, ორიგინალი ფიგურები, მათ შორის, სპილოც თან უნდა მოყოლოდა, მაგრამ შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა. განსხვავებით სასანური ირანისგან, არაბულ პერიოდში, საბრძოლო სპილოები, ფაქტობრივად, აღარ გამოიყენებოდა, ამიტომ მან, ნელნელა, ალბათ, საჭადრაკო დაფაზეც დაკარგა მნიშვნელობა.

ჰიპოთეზის სახით აღვნიშნავ, რომ შესაძლებელია, ადრეულ შუა საუკუნეებში, საქართველოში ჩამოყალიბებულიყო ჭადრაკის თავისებური ვერსია (თუნდაც, მეფე ალფონსოს ან თემურლენგის ჭადრაკის მსგავსი), რომელშიც, კლასიკურის გარდა, ადგილობრივი მოთამაშეებისგან ჩამატებული ფიგურებიც ყოფილიყო, მათ შორის, კუც, შემდეგ კი, როცა, ჭადრაკი ნელ-ნელა იმ ვერსიამდე მივიდა, რომელიც XV საუკუნიდან გვაქვს, მისი არქაული სახელწოდება შერჩა აღმოსავლური სპილოსა და ინგლისური ეპისკოპოსის ანალოგ ფიგურას.  მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ ბუნდოვანი ჰიპოთეზაა და ქართული წერილობითი წყაროებიდან, საკმარისი არგუმენტები არ გაგვაჩნია; ჩემი აზრით, მას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს, თუნდაც იმიტომ რომ კუ, თავისი პირდაპირი მნიშვნელობით, ჭადრაკის ტრადიციული დაფიდან, შინაარსობრივად აშკარად ამოვარდნილი ფიგურაა და ის, არც ადრეული ჭადრაკის აღმოსავლურ ვერსიებში გვხვდება.

ვფიქრობ, სამაგიდო თამაშების, მათ შორის, „უკვდავი“ ჭადრაკის განვითარების საფეხურები, ფიგურების ტრანსფორმირება, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ისტორიის შესასწავლად და საჭიროა მას სათანადო ყურადღება საქართველოშიც, უძველესი საჭადრაკო ტრადიციის მქონე ქვეყანაშიც, დავუთმოთ. 

წყარო - ნიკა ხოფერია. სამხედრო ისტორიული ბლოგი

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way