USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
თბილისი
«NBCnews» : უკრაინის ომი დღეს ვლადიმერ პუტინისათვის იმედის მომცემია, ვოლოდიმირ ზელენსკისათვის კი - იმედის გამაცრუებელი: პუტინი ტრიუმფატორია, ზელენსკი კი - დათრგუნული
თარიღი:  186

ამერიკული ტელეარხის „ენ-ბი-სი ნიუსის“ (NBCnews) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის ომი დღეს ვლადიმერ პუტინისათვის იმედის მომცემია, ვოლოდიმირ ზელენსკისათვის კი - იმედის გამაცრუებელი: პუტინი ტრიუმფატორია, ზელენსკი კი - დათრგუნული“ (ავტორი - იულია ტალმაზანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

2023 წელი იწურება. მტრული მხარეები შედეგებს აჯამებენ: უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფებიან. შარშანდელი ტრიუმფატორი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს კუთხეში მიმწყვდეულივით გამოიყურება, ვლადიმერ პუტინი კი იმ სპორტსმენს ჰგავს, რომელიც წარმატების მიღწევის შემდეგ, წრეზე საპატიო გარბენს აკეთებს.

ერთი წლის წინ უკრაინელ ლიდერს აშშ-ის კონგრესი ოვაციით შეხვდა და მრავალმილიარდიანი დახმარება გამოუყო „კრემლის არმიასთან საბრძოლველად“, რუსი პრეზიდენტი კი პირიქით, საჯაროდ გამოსვლებს ერიდებოდა. მისი არმია უკან იხევდა, თვითონ კი თავისივე ძალოვან სტრუქტურებში გამოვლენილი უკმაყოფილების ჩაქრობას ცდილობდა. 

მაგრამ გასულ კვირაში მათ თითქოსდა ადგილები გაცვალეს: თავდაცვის სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე ვლადიმერ პუტინს ძლევამოსილი ლიდერის გამომეტყველება ჰქონდა და თავდაჯერებული ადამიანის რწმენას ასხივებდა, ვოლოდიმირ ზელენსკი კი, ნაჩქარევად გამართულ წლიურ პრეს-კონფერენციაზე უკიდურესად იმედგაცრუებულ და სასოწარკვეთილ ადამიანს ჰგავდა.

პროფესორი მარკ გალეოთი, ბრიტანელი პოლიტოლოგი და ყოფილი ჟურნალისტი, ამჟამად კი ანალიტიკური კომპანიის Mayak Intelligence-ს ხელმძღვანელი, ვლადიმერ პუტინის თავდაჯერებულებას სრულიად ბუნებრივად თვლის. რუსეთის ლიდერი, ომის დაწყებიდან ამჟამად ისეთი ძლიერია როგორც არასოდეს. მას აქვს ყველა საფუძველი, რომ მიღწეულით იამაყოს“, - ამბობს მარკ გალეოთი, რომელსაც თავის დროზე რუსეთის პრეზიდენტის შესახებ ბრიტანულ და ამერიკულ პრესაში ბევრი რამ აქვს დაწერილი.

ამასობაში კი ვოლოდიმირ ზელენსკი ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. მიმდინარე წლის ბოლოს მან დასავლელი პარტნიორებისადმი თავისი საყვარელი ტაქტიკა გამოიყენა და მათ შეახსენა - „ზნეობრივად ვალდებულები ხართ უკრაინას დაეხმაროთო“.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა - ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთმა უახლოესმა მოკავშირემ, უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფა დაგეგმა (ისრაელისადმი და ტაივანისადმი დახმარებასთან ერთად, მაგრამ კანონპროექტისათვის კონგრესს „მწვანე შუქი არ აუნთია“.  საბოლოოდ კი, უკრაინის ლიდერი გასულ კვირას ამერიკიდან გაწბილებული დაბრუნდა: მან ვერ მიიღო მტკიცე გარანტიები, რომ თეთრი სახლი მას დახმარებას გაუწევს.

მარკ გალეოთის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის ლაპარაკი, რომ დასავლეთი უკრაინას „ღალატობს“ და დაპირებებს არ ასრულებს“, იმ „მორალური შანტაჟის“ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს,  რომელსაც კიევისათვის ორი წლის განმავლობაში კარგი ნაყოფი მოჰქონდა, თუმცა დღეს უკვე არის იმის რისკი, რომ ასეთი მოქმედება მას შედეგს აღარ მოუტანს, „მექანიზმი მუშაობას წყვეტს“.

„ვფიქრობ, ამას გვაჩვენებს არა მარტო მისი იმედგაცრუბა აშშ-ში ყოფნით, არამედ სახეზეა შიდაპოლიტიკური სისუსტეების ყველა ნიშანი“, - ამბობს პროფესორი, - იგი ხომ საკუთარ თავს იმ სასწაულმოქმედად ასაღებს, რომელიც მძიმე მომენტში გამოჩნდება და ყველა პრობლემას მომენტალურად აგვარებს“.

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პირველ კვირეებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გამოიჩინა დაუღალავი მცდელობებით, რათა მსოფლიო უკრაინისადმი კეთილად ყოფილიყო განწყობილი, რათა ყველას კიევისადმი დახმარება გაეწია. მაგრამ, როგორც ჩანს, მისი ვარსკვლავური დიდება და ძალა ქრება - ორწლიანი განუწყვეტელი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ უკრაინაში ყველგან - ხელისუფლებაშიც, მოსახლეობაშიც და არმიაშიც - დაღლილობის სიმპტომები შეიმჩნევა.

გასულ წელს უკრაინის შეიარაღებულმა ზალებმა ბევრი გააკვირვა - არმიამ არამარტო შეძლო რუსების შეცერება, არამედ დაიბრუნა კიდეც მოსკოვის ჯარისაგან ოკუპირებული მიწა-წყლის ნაწილი. ამ წარმატებამ განამტკიცა იმედი, რომ ზაფხულში დაწყებული კონტრშეტევა კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანდა და უკრაინის ტერიტორიის მთლიანი გათავისუფლება მოხდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დასავლეთის მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინის არმიამ რუსული თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა ვერ მოახერხა და ჩაიშალა. რასაკვირველია, ასეთმა რეალობამ თავისი ნეგატიური გავლენა მოახდინა მოკავშირეებზე - ვაშინგტონში და ევროპის დედაქალაქებში გაჩნდა ეჭვი, რომ კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ მოგვარდებოდა და ის დიდი დახმარება, უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი, ქარს გატანებული აღმოჩნდებოდა.

გარდა ამისა, უკრაინის არმიის მიერ განცდილმა წარუმატებლობამ პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს შიდა პრობლემებიც გაუჩინა: ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისსავე  გენერალს ვალერი ზალუჟნის შორის გარკვეული დაპირისპირება წარმოიქმნა: გენერალმა განაცხადა, რომ კონტრშეტევამ თავის მიზნებს ვერ მიაღწია და ომის პოზიციურ ბრძოლაში გადაიზარდაო, ვოლოდიმირ ზელენსკი კი მას არ დაეთანხმა და ხაზი გაუსვა - კონტრშეტევა გრძელდებაო.

„რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინმა დაინახა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი მხარდაჭერის იმპულსი შესუსტდა და მან დაუყონებლივ ისარგებლა მომენტით - ყველას დასანახავად აჩვენა ისეთი განწყობა, რომელიც მისი ძალებისადმი რწმენას განამტკიცებს“, - ამბობს მარკ გალეოთი.

ორიოდე დღის წინ რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ჯარი „ინიციატივას ფლობს“ და რომ რუსულმა არმიამ ისეთი გამოცდილება დააგროვა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ამ დროს კი უკრაინამ უდიდესი დანაკარგები განიცადა და თავისი რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი ამოწურა“. ვლადიმერ პუტინმა, შამპანური ღვინით სავსე ბოკალით ხელში, რუსეთის არმიის გენერლებთან და ჯარისკაცებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ბოლომდე იომოს და თავისი მიზნები განახორციელოს.

„ვერ ვუარყოფთ იმას, რომ ბოლო თვეები უკრაინისათვის მართლაც მძიმე გამოდგა, რუსეთისათვის კი - პირიქით - კრემლი, რომელმაც „ვაგნეროველთა ამბოზი“ გადაიტანა, დღეს უკეთეს სიტუაციაში იმყოფება, ვიდრე ამ ზაფხულს“, - ამბობს მაიკლ კლარკი, ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი, - რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის, იგი ჯერ-ჯერობით მხარდაჭერას კვლავ ინარჩუნებს, მაგრამ სიმპტომები მის დასუსტებას ადასტურებს - შარშან ამ დროს უკრაინის პრეზიდენტისადმი მხარდაჭერის ინდექსი 84% იყო, ახლა კი რეიტინგი 60%-ზე ცოტა მეტია“.

გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ 2023 წელი უკრაინისთვის „მძიმე გამოდგა“, თუმცა კატეგორიულად უარყო მტკიცება, რომ ქვეყანა დამარცხებისაკენ მიექანება. მან გაიმეორა ტრადიციული ლოზუნგი „რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლების“ თაობაზე.

„აშკარად იგრძნობა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი გადაიღალა. მას კიევში შიდა ოპოზიცია სერიოზულად უპირისპირდება“, - აღნიშნავს მაიკლ კლარკი, - სხვათა შორის, ზუსტად იგივე დაემართა უინსტონ ჩერჩილსაც 1943 წელს: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გადაღლილი და გამაღიზიანებელი ჩანდა, იგი კარგავდა პოპულარობას, რაც საბოლოო ჯამში, 1945 წლის საპარლამენტო არჩევნებში, კონსერვატორები და მათი ლიდერი დამარცხებამდე მიიყვანა. მაგრამ, რასაკვირველია, უინსტონ ჩერჩილის როგორც სამხედრო ლიდერის დამსახურებისთვის, პოლიტიკურ მარცხს ჩრდილი არ მიუყენებია“.

წყარო: https://www.nbcnews.com/news/world/zelenskyy-putin-year-end-conference-rcna130656

 

რეგიონი
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.