USD 2.6797
EUR 2.8812
RUB 2.9138
თბილისი
ნესტორ კალანდარიშვილი - კრიმინალი თუ იდეისთვის მებრძოლი?
თარიღი:  578

1905 წლის შემოდგომას რუსეთის იმპერიამ გურიის რესპუბლიკის ლიკვიდაცია დაიწყო - გლეხობის თვითმმართველობის, რომელიც დასავლეთ საქართველოში აჯანყების შედეგად წარმოიქმნა და თითქმის ოთხი წელი არსებობდა.

წინააღმდეგობის ერთ-ერთი მონაწილე ნესტორ კალანდარიშვილი იყო - აზნაური, ანარქისტი და შეუმდგარი მსახიობი, რომელიც გურულების დარბევის შემდეგ ციმბირში აღმოჩნდა. სამოქალაქო ომის დროს ის წითელი პარტიზანების მეთაური გახდა და იაკუტებისა და ევენკების აჯანყების ჩახშობისას დაიღუპა. 1974 წელს კალანდარიშვილზე მხატვრული ფილმი გადაიღეს. მისი სახელი დღემდე ჰქვია ქუჩებს რამდენიმე ციმბირულ ქალაქში.

ვინ იყო ის სინამდვილეში - იდეისთვის მებრძოლი ადამიანი თუ ბანდიტი მეტსახელად „პაპა“? „სიბირ.რეალიის“ კორესპონდენტი ამ თემაზე ნესტორ კალანდარიშვილის შვილთაშვილსა და ისტორიკოსებს ესაუბრა.

ოთხი წელი რუსეთის იმპერია კავკასიის ამ რეგიონს ფაქტობრივად ვერ აკონტროლებდა, თუმცა, გურიის რესპუბლიკა საბოლოდ მაინც დაიშალა.

„აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს: ქალებს აუპატიურებდნენ, კაცებს კლავდნენ. კაზაკები სარდაფებში ჩადიოდნენ და ღვინოს საკუთარი ჩექმებიდან სვამდნენ. ბარბაროსებივით იქცეოდნენ“, - ჰყვება გურიის მკვლევარი და რეჟისორ-დოკუმენტალისტი ირაკლი მახარაძე.

ეს ისტორია 1902 წლის იანვარში დაიწყო. ბათუმში როტშილდების ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. 8 მარტს გაფიცვა მასობრივ პროტესტში გადაიზარდა, ითხოვდნენ 15-საათიანი სამუშაო დღე შეემცირებინათ და მუდმივი ხელფასი დაენიშნათ - მანამდე მუშები ანაზღაურებას მხოლოდ მაშინ იღებდნენ, როდესაც პორტში ბაქოდან ნავთობი შემოვიდოდა.

აქციის მონაწილეების ნაწილი პირველივე დღეს დაიჭირეს. 9 მარტს ამხანაგები მათ გათავისუფლებას შეეცადნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი 500 კაცამდე დააპატიმრა კიდეც. დაახლოებით სამასი კაცი, მათ შორის ახალგაზრდა იოსებ სტალინიც, ბათუმიდან გაასახლეს, შედეგად ბათუმის პროტესტის ბევრი მონაწილე მეზობელ გურიაში მოხვდა.

„დემონსტრაციის მონაწილეების დიდი ნაწილი გურული იყო, - ჰყვება ირაკლი მახარაძე, - მარქსისტული იდეები გურიაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც მთავრობამ ბათუმში მშრომელების პროტესტი ჩაახშო და ისინი ქალაქგარეთ გაასახლა. 1908 წელს, როდესაც „გურიის რესპუბლიკის“ მომხრეებს ასამართლებდნენ, ოზურგეთის ყოფილ თავს ლაზარენკოს ჰკითხეს, თუ ვინ მოაწყო გურიის რევოლუცია. მან სრულიად სამართლიანი პასუხი გასცა: „...რევოლუცია გურიაში არ დაწყებულა, ბათუმში დაიწყო და იქიდან გურიაში გაგრძელდა“.

1902 წლის მაისში, ოზურგეთთან, სოფელ ნიგოეთში გლეხები შეიკრიბნენ და თავიანთი მოთხოვნა წამოაყენეს: საძოვრების, მიწისა და საეკლესიო გადასახადის შემცირება. ზაფხულში გლეხები მთელ გურიაში გამოვიდნენ და მალევე თვითმმართველობა ჩამოაყალიბეს. ძირითადი საკითხები სოფლის შეკრებებზე წყდებოდა. გლეხებს გადასახადები შეუმცირდათ, ამ თანხას უკვე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გასცემდნენ.

ფაქტობრივად 1902 წელს საქართველოში გურიის რესპუბლიკა გაჩნდა, თავისი განათლების სისტემით და თავისი სასამართლოებით.

„ადგილობრივ სასამართლოებში აზნაურებიც კი მიდიოდნენ საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად. ამ სასამართლოებში უფრო სწორად იქცეოდნენ, ვიდრე იმპერიულებში. იქ არ იყო კორუფცია და ბიუროკრატია. სოციალისტებმა რესპუბლიკის დაარსებას თავიდან სკეპტიკურად შეხედეს, მაგრამ მერე მათაც დაუჭირეს მხარი. გურიის რესპუბლიკა განსაკუთრებული შემთხვევაა. პირველი რუსული რევოლუციის პერიოდში ბევრი რესპუბლიკა ჩამოყალიბდა, მაგალითად, ციმბირში, მაგრამ რამდენიმე დღით. გურიის რესპუბლიკა კი თითქმის ოთხი წელი არსებობდა. რომ შევადაროთ, პარიზის კომუნამ მხოლოდ ათი კვირა გაძლო“, - ამბობს ირაკლი მახარაძე.

1905 წლამდე რუსეთის იმპერია გურულ გლეხობას არ უპირისპირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გუბერნატორი და პოლიცია რეგიონს ფაქტობრივად ვეღარ აკონტროლებდნენ. შესაძლოა, რუსეთ-იაპონიის ომის ფონზე სამეფო მმართველობას უბრალოდ ძალა არ შესწევდა გურია დაემორჩილებინა. რევოლუციის დაწყებასთან ერთად ხელისუფლებამ გურიაში ათიათასიანი კორპუსი გამოაგზავნა გენერალ მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკის ხელმძღვანელობით. ის შემდეგ თბილისის გუბერნატორი გახდა. გურულებმა „წითელი ასეულებით“ გაუწიეს წინააღმდეგობა, ეს იყო გლეხების შეიარაღებული შენაერთი. მეფის ჯარი ოზურგეთში ვერ შევიდა.

 

გურიის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა
გურიის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა

1905 წლის 20 ოქტომბერს „წითელმა ასეულებმა“ ნასაკირალთან კაზაკების შენაერთი გაანადგურეს. მალევე აიღეს ფოსტა, ტელეგრაფი, ოზურგეთის რკინიგზა და გურიის რესპუბლიკის დაარსება ოფიციალურად გამოაცხადეს. მხოლოდ 1906 წლის იანვარში მოახერხა მეფის ჯარმა აჯანყების ჩახშობა და გურიის რესპუბლიკის მოსპობა.

„ალიხანოვ-ავარსკის მოადგილე კრილოვი ამბობდა, რომ გურულებს ოთხი ათასი თოფი ჰქონდათ. ტყუილია. ოთხი ათასი თოფი რომ ჰქონოდათ, არ დამარცხდებოდნენ. იარაღი ცოტა იყო, ისიც კაზაკებს წაართვეს. ხელისუფლება აჯანყებულებს სასტიკად გაუსწორდა. მეორე მხრივ, აჯანყების ლიდერები უბრალოდ ციმბირში გაგზავნეს, ზოგი კი საერთოდ გაუშვეს. მეფის ჯარის ნაცვლად ბოლშევიკები რომ ყოფილიყვნენ, ყველას დახვრეტნენ“, - ამბობს მახარაძე.

 

კრება გურიაში
კრება გურიაში

„მივემხროთ გამარჯვებულებს“

ნასაკირალის ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე 29 წლის ნესტორ კალანდარიშვილი იყო, ქუთაისის მაზრის ღარიბი აზნაურის ოჯახიდან. ის გიმნაზიაში სწავლობდა, თბილისში სემინარიაში ჩააბარა. ჯარი ვლადიმირსკის პოლკში მოიხადა, რომელიც საქართველოში იდგა. საუკუნის დასაწყისში კალანდარიშვილი ესერების პარტიაში (სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია) შევიდა და არტილერისტების იატაკქვეშა კურსებიც კი გაიარა, რაც პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. ესერებთან კავშირის გამო კალანდარიშვილი სემინარიიდან გარიცხეს. მალე ის სოციალ-ფედერალისტებს შეუერთდა, ქართულ რევოლუციურ პარტიას, რომლის საფუძველიც გლეხობა იყო.

საბოლოოდ ქუთაისში ნესტორმა გამოჩენილი ანარქისტები გაიცნო და ერთ-ერთი მათგანი გახდა. მსახიობად მუშაობდა ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი ბათუმის თეატრებში. 1905 წელს კალანდარიშვილი ბათუმის როტშილდის ქარხანაში კლერკად მოეწყო. რევოლუციის დასაწყისში ქუჩის შეტაკებებში მონაწილებდა. პირველი რუსული რევოლუციის წლებში ნესტორს საკუთარი პარტიზანული ჯგუფი ჰყვადა. ის ჟანდარმერიებს ესხმოდა თავს, ასევე მიწის მესაკუთრეებსა და შავრაზმელებს. კალანდარიშვილი ერთხელად არ გაუსამართლებიათ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა დიდ ციხეში იჯდა, - წერს ისტორიკოსი ილია პოლონსკი წიგნში: „მე-20 საუკუნის ანარქისტები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ“.

 

ობელისკი ნასაკირალის ბრძოლის უკვდავსაყოფად
ობელისკი ნასაკირალის ბრძოლის უკვდავსაყოფად

„კალანდარიშვილის ქმედება ყოველთვის გამომწვევი იყო, - ამბობს ირაკლი მახარაძე, - მაგალითად, ასეთ რამეს აღწერენ: სოციალ-ფედერალისტები იარაღს შვეიცარიაში ყიდულობდნენ. ოდესიდან ორთქლმავალ „ლიბავათი“ მორიგი პარტია უნდა ჩამოეტანათ. მანამდე გემი კონსტანტინოპოლში უნდა შესულიყო. ნესტორ კალანდარიშვილმა გაიგო, რომ რუსეთის ხელისუფლება გემს საქართველოს წყლებში ელოდა. კონსტანტინოპოლში ჩავიდა. ნავით მიცურდა გემთან, რომელიც ქალაქიდან 150 ვერსით (დაახლოებით 160 კილომეტრი) იყო დაშორებული და გააჩერა ის. შემდეგ გემი გადაღება და ზედ ახალი სახელი დააწერა. საბოლოოდ, როდესაც გემი დანიშნულების ადგილას ჩავიდა, მეფის ხელისუფლებამ მისი შეჩერება ვერ შეძლო, რადგან სხვა სახელი ერქვა“.

როდესაც რევოლუცია დამარცხდა, ნესტორ კალანდარიშვილი ირკუტსკში აღმოჩნდა. საბჭოთა ისტორიოგრაფიის ვერსიით, კალანდარიშვილი ციმბირში გადაასახლეს, მაგრამ თანამდეროვე კვლევები უფრო იმას მოწმობს, რომ ის ირკუტსკში პოლიციას დაემალა. ზოგ სტატიაში ისიც კია ნათქვამი, რომ ნესტორი ციმბირით იაპონიაში გადასვლას ცდილობდა.

„მგონია, რომ იაპონიაში წასვლა მართლაც უნდოდა, - ამბობს ისტორიკოსი ალექსეი ტეპლიაკოვი, - ნესტორ კალანდარიშვილის კარიერა ძალიან ბუნდოვანია. წყაროები დიდწილად მემუარებია, რომლებსაც ბოლომდე ვერ დაეყრდნობი“.

ირკუტსკში კალანდარიშვილი თავისი სახელით დასახლდა, რადგან მისმა ამხანაგებმა ქართველი ჟანდარმებისგან გამოისყიდეს ის მასალები, რომლებიც მის ბრალეულობას ამტკიცებდა. მალე ის ქართველ ქალზე, ქრისტინა მკერავალზე დაქორწინდა. დაუმეგობრდა სერგეი ნაზმოვს, ვინც ფოტოატელიეში მოწყობაში დაეხმარა. დროდადრო ირკუტსკის თეატრში თამაშობდა. ჰყავდა გავლენიანი ადვოკატი ოსიპ პატუშინსკი, რომელიც დევნილ ანარქისტს ძალიან წაადგა. პატუშინსკი იხსენებდა, რომ კალანდარიშვილს თავიდან უფასოდ იცავდა, ადვოკატები შეთანხმებულები იყვნენ, „პოლიტიკურებს“ უსასყიდლოდ მომსახურებოდნენ. ისტორიკოსების ნაწილი თანხმდება, რომ ირკუტსკში ნესტორ კალანდარიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე კი არ იბრძოდა, კრიმინალი იყო.

 

ნესტორ კალანდარიშვილი
ნესტორ კალანდარიშვილი

„ოფიციალური საბჭოთა წყაროებიც კი არ მალავდნენ, რომ ირკუტსკში ნესტორი პოლიტიკით არ იყო დაკავებული, - ამბობს ალექსეი ტეპლიაკოვი, - 1910-1914 წლებში მან ორ წელზე მეტი გაატარა ციხეში, სწორედ კრიმინალური ბრალდების გამო. მაგრამ ის არასდროს გაუსამართლებიათ, ან მოწმეები არ ეყოთ, ან - ნივთმტკიცებები. შეიძლება მონაცემების პოვნა იმის შესახებ, რომ ნესტორი ირკუტსკის ქურდებთან „სამშვიდობო ხელშეკრულების“ დადებას აპირებდა - შეთანხმებით, რომ ისინი ძალადობას არ მიმართავდნენ და წესიერად იშრომებდნენ. ვიტყოდი, რომ ეს სიმართლეს ჰგავს. გარდა ამისა, კალანდარიშვილი საკუთარ თავს მიაწერდა ირკუტსკის გუბერნატორის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებას. მაგრამ, როგორც მისი თანამედროვეების მოგონებებიდან ჩანს, ის ამაზე მხოლოდ ლაპარაკობდა“.

ისტორიკოსების ნაწილი თავიანთ სტატიებში ამტკიცებს, რომ ირკუტსკში კალანდარიშვილი „გურულების კლანის“ მეთაური იყო. მისი მეტსახელი გახლდათ „პაპა“. ის ასევე ეყრდნობოდა ძლიერ, ქართველ ანარქისტებს, რომლებიც ჩერემხოვსკის მაღაროში მუშაობდნენ. 1913 წლის ბოლოს გურულები თავს დაესხნენ ვაჭარ იაკობ მეტელევს: ღია ფანჯრიდან ესროლეს. მეტელევი მხოლოდ დაიჭრა. მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი იყო თავად მეტელევის მეუღლე და უფროსი ვაჟი. კალანდარიშვილის ხალხმა საქმეში ხუთი ათას რუბლი აიღეს, მათგან დიდი წილი კი ნესტორმა მიითვალა. მას ფული იატაკქვეშა წარმოების მოსაწყობად სჭირდებოდა, რომ მერე დაბალი ხარისხის ვერცხლის მონეტები მოეჭრა. პოლიციამ მკვლელები დააპატიმრა, არალეგალური „ზარაფხანის“ აღჭურვილობაც ამოიღო. თუმცა, კალანდარიშვილის ამ საქმეში მონაწილეობის დამტკიცება მაინც ვერ მოხერხდა.

„გესმის, ფოთლები ცვივა?“

ნესტორ კალანდარიშვილის შთამომავლები ირკუტსკში ცხოვრობენ. მის შვილთაშვილს ქრისტინას სახელი დიდი ბებიის პატივსაცემად შეურჩიეს. ქრისტინა ჰყვება, რომ საქართველოში ნესტორს კიდევ ერთი ოჯახი დარჩა: მის შვილებსა და შვილიშვილებს, პირველი და მეორე ქორწინებიდან, ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. „ერთმანეთთან არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ. ჩამოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან, ირკუტსკში. სამოქალაო ომი იყო და ყველას ყველაფერი ესმოდა“, - ამბობს ქრისტინა.

ის ჰყვება, რომ ნესტორი მართლაც მეგობრობდა ფოტოგრაფ სერგეი ნაზმოვთან. ამის გამოისობით ჩვენამდე მისმა საკმაოდ ბევრმა ფოტომ მოაღწია.

„ბებიაჩემის სახლში დღემდე დგას პიანინო - ბოლო მოგზაურობის წინ ნესტორმა თავის ქალიშვილებს უყიდა. როგორც მისი ქალიშვილი, ბებიაჩემი ნინა იხსენებდა, ის პიანინოს მიუჯდებოდა, ჩაიკოვსკის „წელიწადის დროებს“ უკრავდა და ამბობდა: „ნუცა, გესმის, ფოთლები როგორ ცვივა?“ ისიც ყურს მიადებდა პიანინოს და პასუხობდა: „მესმის“.

 

ნესტორ კალანდარიშვილი თანამებრძოლებთან ერთად
ნესტორ კალანდარიშვილი თანამებრძოლებთან ერთად

ქრისტინა კალანდარიშვილი იურისპრუდენციას ასწავლის. დიდი ბაბუის „კრიმინალურ წარსულზე“ მას თავისი შეხედულება აქვს.

„მის „ქართულ“ პერიოდს არ შევეხები, რადგან საკმარისი მტკიცებულებები არ გვაქვს, ირკუტსკზე შევჩერდები. კალანდარიშვილი არაერთხელ დააპატიმრეს. უცნაური იქნებოდა, რევოლუციონერი-ანარქისტი არ დაეპატიმრებინათ. ბრალდება პოლიტიკური იყო - ქმედება არსებული წყობილების დასამხობად, ირკუტსკის გენერალ-გუბერნატორ სელივანოვზე თავდასხმის ორგანიზება. იცავდა ნაფიცი ადვოკატი ოსიპ პატუშინსკი. მისი ჩანაწერები გამოქვეყნებულია. კალანდარიშვილი გაამართლეს და გაათავისუფლეს. არ არსებობს ინფორმაცია, რომ ის სისხლის სამართლის დანაშაულზე იყო დაჭერილი, არც ბრალდება იყო ასეთი. მთელი ინფორმაცია, მის კრიმინალურ ქმედებაზე (ყალბი მონეტების მოჭრა, ვაჭარ იაკობ მეტელევზე თავდასხმა) ჟანდარმერიის საქმის მიხედვითაა შეთხზული, რომელიც ირკუტსკის რაიონის სახელმწიფო არქივში ინახება.

ქრისტინა კალანდარიშვილი
ქრისტინა კალანდარიშვილი

რა არის ჟანდარმერიის საქმე - ის ფაქტობრივად არის ეკვივალენტი თანამედროვე ოპერატიულ-საგამოძიებო ინფორმაციისა, რომელსაც მტკიცებულების ძალა არა აქვს და მტკიცებულებებით სასამართლოში უნდა გაამყარო. თუ მეფის ჟანდარმერიამ 1912-1913 წლებში ვერ მოახერხა ეს საქმე სასამართლომდე მიეტანა, მაშინ მკვლევრები ამ წყაროს ასე რატომ ენდობიან? ეს ინფორმაცია, დიდი ალბათობით, ვინმე პროვოკატორის ახსნა-განმარტებაა, ან სულაც ჭორები“, - ამბობს ქრისტინა კალანდარიშვილი.

 

კალანდარიშვილების პიანინო
კალანდარიშვილების პიანინო

„ლენინთან შეხვედრის შემდეგ ბოლშევიკი გახდა“

1974 წელს სსრკ-ის ეკრანზე გამოვიდა გიორგი კალატოზიშვილის ფილმი „ციმბირელი პაპა“. ფილმი იმით იწყება, რომ ირკუტსკელი ყაჩაღები ცდილობენ ნესტორს ქურქი გახადონ, მაგრამ ის თავად აიძულებს მათ წელსზევით გაშიშვლდნენ, შემდეგ ამ სიტყვებით გაყრის: „ანარქიზმის ალამს ნუ არცხვენთ“. შემდეგ ნესტორი ოზურგეთში დაბრუნებას აპირებს, რასაც თავის გარემოცვას ატყობინებს. მაგრამ სამოქალაქო ომი იწყება და „პაპა“ წითლების მხარეს გადადის.

„ეს შეიძლება მართლაც მოხდა და შესაძლოა კალანდარიშვილი მართლაც აპირებდა სამშობლოში დაბრუნებას, - ამბობს ალექსეი ტეპლიაკოვი, - თუმცა, ალბათ ნოსტალგია არ აწუხებდა, რადგან მუდმივად თანამემამულეებით იყო გარშემორტყმული. საბოლოოდ „წითლებს“ რატომ მიემხრო? მგონია, რომ მათში მომავალი გამარჯვებულები დაინახა. პოლიტიკური კუთხით ნესტორი სრულიად უპრინციპო იყო. ამასთან, ლიდერის თვისებები ჰქონდა, სამოქალაქო ომმა კი საშუალება მისცა, ეს თვისებები, ასე ვთქვათ, ლეგალურად გამოევლინა. უბრალოდ კარიერას იკეთებდა“.

სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე ნესტორ კალანდარიშვილმა კავალერისტების შენაერთი შექმნა. მათ დროშაზე შემდეგი დევიზი იწონებდა თავს: „გაძარცვე ნაძარცვი“. ომში ნესტორმა ახალი მეტსახელი მიიღო „ფანქარი“. მის უახლოესი თანაშემწე გურიის აჯანყების კიდევ ერთი მონაწილე, როტშილდის ქარხნის მუშა მიხეილ ასათიანი გახდა. სამოქალაქო ომის პირველ წლებში ბოლშევიკების გამარჯვება არცთუ ისე პროგნოზირებადი იყო. ჩეხოსლოვაკიის კორპუსის აჯანყების შემდეგ, პანიკაში ჩავარდნილმა „წითლებმა“ ირკუტსკი დატოვეს. ხელმძღვანელობამ კალანდარიშვილს ქალაქში მთავარი შენობის აფეთქება დაავალა, თუმცა ბოლო წუთებში გადაიფიქრეს.

 

ჩეხოსლოვაკიის კორპუსის ლეგიონერები
ჩეხოსლოვაკიის კორპუსის ლეგიონერები

კალანდარიშვილის რაზმი ბურიატიაში გადავიდა. იქ რაზმს მებრძოლების ნაწილი გამოეყო, ისინი, ვისაც არ სურდათ საიანის ქედი გადაელახათ და მონღოლეთში შესულიყვნენ, როგორც ამას მათი ხელმძღვანელი გეგმავდა. 1918 წლის ნოემბერში კალანდარიშვილის პარტიზანები მთლიანად გაანადგურეს: 2 ათასი კაციდან 70 დარჩა. მოგვიანებით კალანდარიშვილის 27 მებრძოლი ირკუტსკში ჩამოახრჩვეს.

„26 ნოემბერს „პაპამ“ თავისი რაზმის დარჩენილი წევრებიც გაუშვა, თითოეულს 9 ათასი სამეფო რუბლი უწილადა, ამ ფულს მაშინ ჯერ კიდევ ჰქონდა ფასი, - ამბობს ალექსეი ტეპლიაკოვი, - თავად კალანდარიშვილი ირკუტსკში არარეგალურად დასახლდა. ორსართულიანი სახლი იყიდა. თავს მღვდლად ან მიწის ამზომველ ვაჭრად ასაღებდა. ირკუტსკში ამბობდნენ, რომ „პაპას“ პარტიზანული შენაერთი ჰყავს, 2 ათასი კაცის შემადგენლობითო. სხვები ჰყვებოდნენ, რომ მის რაზმში მხოლოდ შვიდი კაციღა იყო დარჩენილი“.

მიუხედავად ამისა, კალანდარიშვილმა რაზმის შეკრება მაინც მოახერხა. ეს რაზმი ორი წლის განმავლობაში თეთრი ატამანის გრიგორი სემენოვისა და გენერალ ვლადიმირ კაპელის წინააღმდეგ იბრძოდა. 1919 წლის ზაფხულში მისმა პარტიზანებმა მდინარე კიტოიზე რამდენიმე ხიდი მოშალეს და რვა, იარაღით დატვირთული მატარებელი რელსებიდან გადაიყვანეს. ნესტორის საბჭოთა ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ ამის შემდეგ ადმირალმა კოლჩაკმა მისი თავისთვის ჯილდო დააწესა - 40 ათასი რუბლი. ისტორიკოსი ალექსეი ტეპლიაკოვი მიიჩნევს, რომ კალანდარიშვილის მებრძოლების წარმატება საბჭოთა ისტორიკოსებმა ძალიან გააზვიადეს.

„სჯეროდა იმის, რისთვისაც იბრძოდა? ბებია მისი თანამებრძოლის მიხეილ ასათიანის ნათქვამს იგონებდა ხოლმე, ლენინთან შეხვედრის შემდეგ ნესტორს უეჭველად სჯეროდა ბოლშევიზმისო“, - ამბობს ქრისტინა კალანდარიშვილი.

„ზოგიერთებზე ღირსეულად გამოიყურებოდა“

ლენინს ნესტორ კალანდარიშვილი 1920 წელს შეხვდა, როდესაც ფრონტზე დაჭრის შემდეგ ჩინელი კომუნისტების მისიას ახლდა მოსკოვში. ბოლშევიკების პარტიაში მალევე შევიდა.

კამათის საგნად რჩება ნესტორ კალანდარიშვილის მონაწილეობა სამხედრო დანაშაულებში სამოქალაქო ომის დროს - სიკვდილით დასჯა სასამართლოს გარეშე, მაროდიორობა. მაგალითად, ისტორიკოსი ალექსეი ტეპლიაკოვი, ეყრდნობა რა მონოგრაფიას „წითელი“ ტერორი რუსეთის აღმოსავლეთით, 1918-1922 წლებში“, ამბობს: „გენერალი ნ. ხრაბროვი მემუარებში „ბედი თუ შემთხვევითობა“, 1920 წლების მოვლენებზე წერდა: „საზარელი იყო იმ სადგურზე (ნიჟნეუდინსკი) წასვლა, სადაც კალანდარიშვილი ყველა გენერალს თოკზე ჰკიდებს“.

 

ნესტორ კალანდარიშვილის პორტრეტი, დახატა მისმა ერთ-ერთმა თანამებრძოლმა.
ნესტორ კალანდარიშვილის პორტრეტი, დახატა მისმა ერთ-ერთმა თანამებრძოლმა.

ნოვოსიბირსკის არქივის მონაცემებზე დაყრდნობით, ტეპლიაკოვი წერს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტის მთავარი მეთაური დ. ზვერევი ხელმძღვანელობას ატყობინებს, კალანდარიშვილმა თავი ციმბირის ყველა პარტიზანის მეთაურად გამოაცხადაო, „იღებდა კონტრიბუციას მოსახლეობისგან, უკონტროლოდ ანიავებდა ხალხისგან მითვისებულ სიმდიდრესა და მონაგებს“. ის პარტიზანის განიარაღებას მოითხოვდა, მაგრამ ხელმძღვანელობისგან უარი მიიღო.

ისტორიკოსები კალანდარიშვილს მიაწერენ იმასაც, რომ ის ადგილობრივ მოსახლეობას უსწორდებოდა. წიგნი „ბარონ უნგერნის ისტორია - რეკონსტრუქციის გამოცდილება“ ისტორიკოსი ალექსეი ტეპლიაკოვი წერს, რომ 1920 წლის ოქტომბერში კალანდარიშვილი „თავს დაესხა ბურიატიის მოსახლეობას, რომელიც „თეთრებს“ ემხრობოდა“.

პარტიზანების თავდასხმის შედეგად სამი სოფელი მოსახლეობისგან დაიცალა, 3000 კაცისგან მხოლოდ 200 დარჩა. ახლომახლო 70 გვამი აკრიბეს. თუმცა, წიგნის ავტორს სერგეი კუზმინს არ მოჰყავს მონაცემები იმის შესახებ, რომ ანგარიშსწორებაში სწორედ კალანდარიშვილის რაზმი მონაწილეობდა. ის ამბობს, რომ როცა თავდასხმა დაიწყო, „ბაბუის“ პარტიზანები რეზერვში იყვნენ, ოპერაციის ბოლოს კი „დაბა ბირცისა და სოფელ ალტანსკის გაწმენდით იყვნენ დაკავებულები მცირე რაზმებისგან“.

ქრისტინა კალანდარიშვილი ამბობს, რომ ცდილობდა ის პირველწყაროები მოეძიებინა, რომლებსაც ისტორიკოსები ეყრდნობიან, როდესაც მისი დიდი ბაბუის მაროდიორობაზე საუბრობენ.

„ეს სტატიები - რომ ის ავანტიურისტია, მაროდიორი და ასე შემდეგ - ძალიან მტკენენ გულს. პრესაში მსგავს პუბლიკაციებს შეჩვეულები ვართ, მაგრამ, როდესაც საეჭვო მონაცემები სამეცნიერო სტატიაში ხვდება, ეს უკვე არაფერში წერია. არ გამოვრიცხავ, რომ რომელივე ავტორს ვუჩივლო კიდეც. არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს ეს მხოლოდ ჩემი აზრია. მთავარი წყარო არის ვლადიმირ კოჟევინის წიგნი „კალანდარიშვილის თანამებრძოლები“. ეს საბჭოთა პერიოდის შრომაა, მაგრამ მასში ამომწურავი მონაცემებია. ნესტორი იქ სულ სხვა ადამიანი ჩანს. ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს. მაგალითად, ნესტორის ქალიშვილი ნინა - ბებიაჩემი - ყოველთვის ამბობდა, რომ კოჟევინის დაჯერება შესაძლებელია. შემიძლია ვთქვა, რომ სამოქალაქო ომის სხვა მონაწილეებთან შედარებით ნესტორ ალექსანდროვიჩი საკმაოდ პრეზენტაბელურად გამოიყურება.

დედაჩემი ბავშვობაში ესწრებოდა ნესტორ ალექსანდროვიჩის რაზმის წევრებთან შეხვედრას. ასეთი შეხვედრები რეგულარულად ტარდებოდა, თანამებრძოლებს თავიანთი ბავშვები მოჰყავდათ. სახლის კარი მათთვის ყოველთვის ღია იყო. ერთ შეხვედრაზე, ყოფილმა პარტიზანმა დალია და ცრემლებით გაიხსენა, სადღაც სოფელში, ომის დროს როგორ მოიპარა ორი ქათამი. ამის გამო ნესტორმა ის რაზმის წინაშე გაამათრახა“, - ამბობს ქრისტინა კალანდარიშვილი.

„ბოლშევიკებთან გადავიდა, ამიტომ პატივს არ სცემენ“

1921 წელს შორეული აღმოსავლეთის სამდივნოს უფროსმა ბორის შუმიაცკიმ გადაწყვიტა, კორეაში იაპონელების წინააღმდეგ საბრძოლველად პარტიზანული რაზმი ჩამოეყალიბებინა. მას ოთხი ათასი კორეელი პარტიზანის იმედი ჰქონდა, ისინი იაპონური ჯარიდან შორეულ აღმოსავლეთში იყვნენ გამოქცეულები. მაგრამ ბოლშევიკებს მხარს ყველა კორეელი როდი უჭერდა. კორეელების რაზმი, ილია პაკის მეთაურობით, კორეის დევნილ ხელისუფლებას ეყრდნობოდა. ეს ხელისუფლება შანხაიში მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც კორეის კოლონიურმა მმართველობამ 1919 წელს მასობრივი პროტესტი ჩაახშო.

 

ნესტორ კალანდარიშვილი
ნესტორ კალანდარიშვილი

პაკის ხალხი ბლაგოვეშჩენსკის მიმდებარედ მაროდიორობდნენ. კორეელი პარტიზანების ჯარის ხელმძღვანელად შუმიაცკიმ კალანდარიშვილი დანიშნა. „პაპამ“ ირკუტსკში რაზმი შეკრიბა, ჩავიდა ბლაგოვეშჩენსკში და პაკის რაზმს გაუსწორდა. ე.წ. ამურსკის ხოცვა-ჟლეტის დროს, რომელიც ბლაგოვეშჩენსკთან ახლოს მოხდა, სხვადასხვა მონაცემით, ოთხასამდე ადამიანი მოკლეს, კიდევ ცხრაამდე ტყვედ ჩაბარდა.

საბოლოოდ ბოლშევიკებმა უარი თქვს რევოლუციის ექსპორტზე კორეაში, არ სურდათ იაპონიას დაპირისპირებოდნენ. შორეულ აღმოსავლეთში ნესტორ კალანდარიშვილის ჩასვლის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა, რომ მას დამსჯელად გამოიყენებდნენ. 1922 წლის დასაწყისში ის იაკუტიაში გაემგზავრა, რომლის მოსახლეობა მაშინ მთლიანად „თეთრებს“ ემხრობოდა. 6 მარტს „ბაბუის“ რაზმი აჯანყებულების ალყაში მოხვდა. დაიღუპა ნესტორ კალანდარიშვილი, მისი უახლოესი თანამებრძოლი ასათიანი და რაზმის მთელი შტაბი. არსებობს მოსაზრება, რომ კალანდარიშვილს სიფრთხილის გრძნობამ უმტყუნა, აღარ იყენებდა დაზვერვას, დაცვას, რის გამოც პასუხი აგო.

„ადგილობრივები ძალიან ცუდად იყვნენ განწყობილები ბოლშევიკების მიმართ. ასეთი ვერსიც იყო, რომ „ბაბუის“ მკვლელობა გსპმ- (გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო) მოაწყო, მაგრამ მე ასე არ მგონია. უბრალოდ, იაკუტიაში მაშინ ისე იყვნენ გადაკიდებული ერთმანეთს, რომ ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, - ამბობს ალექსეი ტეპლიაკოვი, - სავარაუდოდ, კალანდარიშვილს სამომავლოდ დიდი კარიერის იმედი უნდა ჰქონოდა წითელ არმიაში, მაგრამ არ გამოვიდა“.

კალანდარიშვილის ცხედარი მხოლოდ ერთი თვის მერე იპოვეს. ის ჯერ იაკუტსკში დამარხეს, შემდეგ ირკუტსკში. მისი სახელობის ქუჩები ირკუტსში, იაკუტსკში, ულან უდეში დღემდე გვხვდება. დგას მისი ძეგლიც. ისტორიკოსი ილია კოლიანსკი ირწმუნება, რომ კალანდარიშვილი ერთადერთი ქართველი ანარქისტია, რომელმაც საბჭოთა მმართველობის პერიოდში ასეთი მაღალი სტატუსი მიიღო.

საქართველოში კი მას ძეგლებს არ უდგამენ. აქ უფრო სოციალ-დემოკრატი ბენია ჩხიკვიშვილი მოსწონთ, რომელიც გურიის რესპუბლიკის მმართველად მიიჩნეოდა, სამოქალაქო ომის პერიოდში კი თბილისის მერიც იყო. როდესაც საბჭოთა ჯარმა საქართველო დაიპყრო, ბენია ჩხიკვიშვილი საზღვარგარეთ წავიდა, 1923 წელს კი საქართველოს საყოველთაო აჯანყების წინ უკან დაბრუნდა. დამარცხების შემდეგ ბოლშევიკებმა ის სიკვდილით დასაჯეს.

„კალანდარიშვილს საქართველოში, ერთი მხრივ, აფასებენ, მეორე მხრივ კი - არა. ის იმპერიულ ძალებს ებრძოდა, მაგრამ საბოლოოდ ბოლშევიკებს მიემხრო, ეს კი პატივისცემას არ იმსახურებს“, - ამბობს ირაკლი მახარაძე.

ქრისტინა კალანდარიშვილი და მისი ოჯახი ნესტორის პირად ნივთებს, მის წერილებსა და ფოტოებს დღემდე ინახავს, ნაწილი მუზეუმში გადაიტანეს.

„რუდუნებით ვინახავთ დიდი ბაბუის ხსოვნას. დიდ პატივს ვცემთ მას, - ამბობს ქრისტინა, - ვფიქრობთ, რომ ის იმისთვის იბრძოდა, რისიც სწამდა“.

წყარო:https://www.radiotavisupleba.ge

სპორტი
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.