ნეპალის გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელად სუშილა კარკი შეირჩა. უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე პოსტზე გადამდგარ პრემიერ-მინისტრს, კეი პი შარმა ოლის ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ კარკი ახალ თაობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მას თანამდებობა კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო მიდგომის გამო ჯერ კიდევ 2017 წელს დაკარგა. ამასთან, ის ტრადიციული პოლიტიკური ელიტისაგან დისტანცირებულ პიროვნებად ითვლება.
კარკი პირველ შეხვედრას პროტესტის ფონზე დედაქალაქიდან გაქცეულ და ამჟამად დაბრუნებულ პრეზიდენტთან, რამჩანდრა პუდელთან და შეიარაღებული ძალების მეთაურთან გამართავს. ის მათ გარდამავალი მთავრობის კაბინეტს წარუდგენს.
შეგახსენებთ, კომუნისტური ხელისუფლება რამდენიმე დღის წინ დაწყებულ ანტისამთავრობო პროტესტს შეეწირა. ქუჩაში გამოსული მოქალაქეები, რომელთა უდიდესი ნაწილი ახალგაზრდები იყვნენ, ქვეყანაში კორუფციის დასრულებას და სოციალურ ქსელზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვდნენ.
მოვლენებმა პიკს 8 სექტემბერს მიაღწია, როცა სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის აღების მცდელობა ცეცხლის გახსნით აღკვეთა. დაიღუპა 19 ადამიანი და გამოცხადდა კომენდანტის საათი. თუმცა მომავალ დღეს ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა და ნეპალის პარლამენტის, მთავრობის სასახლისა და პოლიტიკური ელიტის რეზიდენციების დარბევითა და გადაწვით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმედღიან პროტესტს სულ 51 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.