USD 2.6742
EUR 3.1521
RUB 3.4899
თბილისი
ნათია თურნავა - არ ვგეგმავთ მონეტარული ოქროს გაყიდვას, რადგან ვთვლით, რომ ეს საკმაოდ კარგი და მიმზიდველი ინვესტიციაა ჩვენთვის
თარიღი:  361

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამბობს, რომ სებ-ი მონეტარული ოქროს გაყიდვას არ გეგმავს, რადგან ცენტრალური ბანკისთვის ის კარგი და მიმზიდველი აქტივია. თუმცა ნათია თურნავა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს მოცულობა ზღვრულ 20%-ს მიაღწევს, მარეგულირებელი საკითხის გადაწყვეტის ორ გზას განიხილავს.

ასე უპასუხა მან პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ ოქროს რეზერვებზე დასმულ კითხვას. როგორც მან თქვა, ამჟამად რეზერვებში ოქროს აქტივის ზედა ზღვარი 20%-ით არის განსაზღვრული და ფასის ზრდის შემთხვევაში, ზედა ზღვარი გადაიხედება ან სებ-ი ოქროს ბაზარს მიაწვდის. დღეის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 4.5 მილიარდი დოლარია, აქედან დაახლოებით 758 მლნ დოლარი ღირებულების მონეტარული ოქროა.

"ჩვენ შევიძინეთ 500 მლნ დოლარის ღირებულების ოქრო იმ დროს, როცა ფასები გაცილებით დაბალი იყო. მას შემდეგ ორჯერ და მეტად გაიზარდა ფასი. ამიტომ აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ეს სწორი ნაბიჯი იყო. ოქროს ინვესტიციის მთავარი ამოცანაა გრძელვადიან პერსპექტივაში მეტი დივერსიფიკაცია, რადგან მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასები ვოლატილობით ხასიათდება, ახლა იზრდება გლობალური რისკების ზრდის მომატების პირობებში, თუმცა როგორც კი ეს რისკები შემცირდება მისი ფასი შეიძლება ქვევით წამოვიდეს.

ამან არ უნდა შეგვაშინოს, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანაა პორტფელში ინსტრუმენტი გვქონდეს. როცა ოქროს ვიძენდით, შესაბამისმა კომიტეტმა მაშინვე იმსჯელა თუ რა უნდა იყოს ზედა ზღვარი იმიტომ, რომ ამ ტიპის აქტივს რეზერვებში ზედა ზღვარი უნდა გააჩნდეს. დავაწესეთ 20%-იანი ზღვარი და როცა შევიძინეთ მისი მოცულობა [ჯამურ რეზერვებში] დაახლოებით 11% იყო, შემდეგ ფასების ზრდის შესაბამისად მისი წილი გაიზარდა და ამჟამად 16.8%-ს აღწევს. არ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეულ მომენტში 20%-ს მიუახლოვდეს. ვიმსჯელებთ ზღვარი ავწიოთ თუ ნაწილი ოქრო ბაზარს მივაწოდოთ, თუმცა არ ვგეგმავთ მონეტარული ოქროს გაყიდვას, რადგან ვთვლით, რომ ეს საკმაოდ კარგი და მიმზიდველი ინვესტიციაა ჩვენთვის", - ამბობს თურნავა.

სებ-ის პრეზიდენტმა სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და საკუთარი გამოსვლის ფარგლებში დაასახელა კონკრეტული რიცხვები, თუ რამდენით გაიზარდა ოქროს ღირებულება ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული ოქროს შეძენიდან.

"სარეზერვო აქტივების ეფექტური მართვაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამ მიზნით გასულ წელს სებ-მა სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია განახორციელა და 2024 წლის მარტში ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, დაახლოებით 99 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2024 წლის დეკემბრის შემდეგ ოქროს ფასი გლობალურად მნიშვნელოვნად გაზრდილია, აპრილის მდგომარეობით ჩვენი ოქროს ღირებულება შეძენის თარიღთან შედარებით 257.7 მილიონით არის გაზრდილი. ეს ფაქტი ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

სებ-ის პრეზიდენტმა პარლამენტში 2024 წლის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ სებ-ის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. "წელს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესყიდვები შარშანდელ წმინდა გაყიდვებს ბევრად აჭარბებს" - განაცხადა თურნამავ, თუმცა შესყიდული რეზერვების ზუსტი რიცხვის დასახელებისგან თავი შეიკავა. ამასთან, ის ამბობს, რომ სებ-ი აგრძელებს რეზერვების შესყიდვებს, რომლის შესახებაც უახლესი სტატისტიკა მაისის ბოლოს გამოქვეყნდება.

სებ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოს ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 4.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

„თუკი წინა წელს წმინდა გაყიდვებმა შეადგინა 434,75 მილიონი დოლარი, წელს ჩვენი წმინდა შესყიდვები, უკვე ბევრად მეტია, ვიდრე შარშანდელი წლის წმინდა გაყიდვები. 2025 წელს ვახორციელებთ სავალუტო შესყიდვებს, რომელსაც ეტაპობრივად ვაქვეყნებთ ყოველთვიურად. ხაზგასმით ვიტყვი, რომ წელს ჩვენ არ გაგვიყიდია, მხოლოდ ვყიდულობთ და 2025 წლის დასაწყისიდან უფრო მეტი ვიყიდეთ, ვიდრე გასულ წელს წმინდა გაყიდვა გვქონდა“, - დასძინა მან.

საზოგადოება
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

1921 წლის 25 თებერვალი, თავისი შედეგებით, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს ბოლშევიკურირუსეთის არმიამ აიღო თბილისი, დაამხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სასტიკი და სისხლიანი კომუნისტური რეჟიმი დაამყარა საქართველოში. 1921 წლის თებერვლის მოვლენების გახსენება იუნკრების გარეშე წარმოუდგენელია, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას გმირულად შესწირეს თავი ქართველმა იუნკრებმა, თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა.კოჯორში, სადაც ისტორიული ბრძოლა გაიმართა, მემორიალი გაიხსნა, 23 თებერვალი კი იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა.

იუნკერთა სამხედრო სკოლა 1919 წლის აგვისტოში გაიხსნა გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით. სასწავლებელში, ძირითადად, ქართველ თავადაზნაურთა შვილები სწავლობდნენ.  სამხედრო ხელოვნებას სულ 182 იუნკერიეუფლებოდა (“იუნკერ”  გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ- ოფიცერს ნიშნავს).

 ეს იყო პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებელი, რომლის სასწავლო პროგრამა იმჟამინდელი ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ზედმიწევნით ითვალისწინებდა.სკოლის ხელმძღვანელმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, თანაშემწედ პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე მიიწვია. 

სამხედრო სკოლის სახელი და მისი მნიშვნელობა არ გამოჰპარვიათ საქართველოს დაუძინებელ მტრებსაც. 1920 წლის მაისის დასაწყისში, აზერბაიჯანის იოლი გასაბჭოებით გათამამებული ბოლშევიკები წითელი დროში აღმართვას საქართველოშიც ესწრაფვოდნენ. თავდასხმა 2 მაისს, ღამით მოხდა. სკოლამ თავდასხმა ღირსეულად მოიგერია. რამდენიმე საათის შემდეგ იუნკერთა სიმამაცეზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. თავდასხმის მოგერიება სამხედრო სკოლას მთავრობის თავჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ პირადად მიულოცა.

1921 წელს კი იუნკერები ბრძოლაში 17 თებერვალს ჩაერთნენ, ისინი თბილისის მისადგომებს იცავდნენ. პირველი იერიშების მოგერიება მამაც იუნკრებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები წაართვეს.

ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით ქართველი იუნკრები 10 დღის განმავლობაში იგერიებდნენ ბოლშევიკთა შემოტევებს, რამდენიმეჯერ იერიშზეც გადავიდნენ და რუსები აიძულეს უკან დაეხიათ.როდესაც გენერალმა ანდრონიკაშვილმა ბრძანება გასცა იუნკრებს უკან დაეხიათ, პოლკოვნიკმა ჩხეიძემ უკან დახევის მაგივრად თავის ოფიცრებს უბრძანა ხიშტებით მოეგერიებინათ მოწინააღმდეგე და იერიშზე გადასულიყვნენ. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ტყვიამფრქვევისკენ. მოიერიშეებს მალევე გამოეყო, 22 წლის შალვა ერისთავი. მან საოცარი სისწრაფით აირბინა აღმართიდა საკუთარი სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს.

გაზეთი „ერთობა“ წერდა „20 და 21 თებერვალს ჩვენმა ჯარმა იერიში მიიტანა მტრის მარცხენა ფრთისკენ- კოჯორისა და ტაბახმელას სიმაღლეებზე და მარჯვენა ფრთისკენ სადგურ ვაზიანის რაიონში. ამ ძალების ლიკვიდაციით ტფილისს სრულიად ეხსნება ალყა, ტფილისი გადარჩენილია და პირდაპირი საფრთხე მოკლე დროში მას აღარ მოელის.“

თუმცა, შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა.23 თებერვალს ის თბილისში, რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, საძმო საფლავში დაკრძალეს რუსეთთან ომში დაცემულ 10 იუნკერთან ერთად იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.

საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების და მცხეთის მიმართულებით უკანდახევის შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა.მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას. “

26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ იუნკერთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. "ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესისათვის ხელი შეეშლა" იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის