USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
ნათია მეზვრიშვილი - დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“ ქვეყანა დახია უკან
თარიღი:  1142

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“ ქვეყანა დახია უკან. ამის შესახებ მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„ძალიან მოკლედ იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, როგორ შეიძლებოდა ბრალდებული პატიმრობის გარეშე დარჩენილიყო განაჩენის გამოტანამდე და ქვეყნისთვის აგვერიდებინა ის დამაზიანებელი პროცესები, რაც დღეს ხდება:

პირველ რიგში - არ ვეხები ბრალდებულის დამნაშავეობა - უდანაშაულობის საკითხს. ვეხები აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხს, რასაც სამართლებრივად არანაირი კავშირი არ აქვს ბრალდებულის მიმართ საბოლოო განაჩენთან.

სულ რომ თავი დავანებოთ პატიმრობის აღსრულების, ანუ დაკავების ფორმას, შეუძლებელია პროცესის ბოლო ნაწილი (პატიმრობის აღსრულება) იყოს სამართლებრივად გამართული, მაშინ, როცა აღსრულებამდე მთლიან პროცესში იყო არაერთი კითხვის ნიშანი. ამაში დამეთანხმება ყველა, ვისაც აღკვეთის ღონისძიების საფუძვლების შესახებ რაიმე სმენია და ვინც კარგად იცნობს ამ მხრივ პრაქტიკას.

ვიწროდ და კონტექსტიდან ამოგლეჯილად კანონის ნორმების განმარტება, ასეთ საქმეზე, უხეშად რომ ვთქვათ, ქვეყნისთვის დამღუპველი იყო და ამის შედეგებს მომდევნო დღეები უკეთ დაგვანახებს, თუ უკვე ვერ ვხედავთ.

დიახ, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურორი მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე. მაგრამ ეს ნორმა ცალკე მდგომად ვერ იქნება განხილული, იმიტომ რომ, ნებისმიერ აღკვეთის ღონისძიებას (იქნება ეს პატიმრობა თუ გირაო) პირველ რიგში სჭირდება საფუძველი - ანუ, დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება, გაანადგურებს მტკიცებულებას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ეს ნიშნავს იმას, რომ მაშინაც კი, როცა ბრალდებული გირაოს ვერ/არ გადაიხდის, მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას, პროკურატურამ/სასამართლომ პირველ რიგში უნდა იმსჯელოს ამ ბრალდებულის მიმართ ისევ არსებობს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. ანუ, მარტივად შეიძლებოდა მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული, განაჩენის გამოტანამდე, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო.

გარდა ამისა, კანონი არ განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიებების იერარქიას. არავინ იცის რომელი აღკვეთის ღონისძიებაა უფრო მკაცრი ან ნაკლებად მკაცრი. ამის გამოა, რომ ხშირად სასამართლო ბრალდებულს, რომელიც გირაოს პირობებს არღვევს, პატიმრობას კი არა პირად თავდებობას ან სხვა არასაპატიმრო აღკვეთს უფარდებს.

შესაბამისად, აპელირება იმაზე, რომ პატიმრობა კანონის ერთადერთი მოთხოვნა იყო და სხვა გზა არ იყო, იმთავითვე მცდარი იყო.

რაც შეეხება პატიმრობის აღსრულებას, ანუ დაკავებას, რა თქმა უნდა, შეუძლებელია აღსრულება გამართულად შეფასდეს, როცა აღსრულებამდე პროცესში უამრავი კითხვის ნიშანი იყო როგორც პოლიციის, ისე პროკურატურის და სასამართლოს ქმედებებთან დაკავშირებით.

ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ცვლილების საკითხმა ზედაპირზე ამოიტანა მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის და მისი თითოეული რგოლის წინაშე არსებული გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლადაა.

იმედია, როცა პოლიტიკური ქარცეცხლი გადაივლის, ყველა ერთად დავფიქრდებით მართლმსაჯულების მთლიანი სისტემის კომპლექსური (და არა ფრაგმენტული) ფუნდამენტური და რეალური რეფორმირების აუცილებლობაზე.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი - ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს „კანონის აღსრულების სახელით“. არავინ ამბობს, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების, იმიჯის და დასავლური გზით განვითარების მომავალი პერსპექტივის ხარჯზე. დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“, ქვეყანა დახია უკან“, - წერს ნათია მეზვრიშვილი ფეისბუქზე.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის