USD 2.7428
EUR 2.8772
RUB 2.6387
Tbilisi
ნაციონალიზმი და იდეოლოგია დღევანდელ საქართველოში: ინტერვიუ სტივენ ჯონსთან
Date:  

პროფესორი სტივენ ჯონსი ჰარვარდის უნივერსიტეტში საქართველოს შესწავლის პროგრამას ხელმძღვანელობს. იგი ათწლეულებია, აკვირდება და შეისწავლის საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკას და, ამ ხნის განმავლობაში, ქვეყნის წარსულის თუ აწმყოს შესახებ არაერთი ნაშრომი გამოსცა. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია წიგნი “საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ”, რომელშიც საფუძვლიანად არის აღწერილი და გაანალიზებული საქართველოს უახლესი ისტორიის ქარტეხილები.

წიგნი, ისევე როგორც პროფესორ ჯონსის სხვა სტატიები თუ ნაშრომები, გამოირჩევა პოლიტიკური პროცესების მრავლისმომცველი ანალიზით, სადაც ავტორი მოვლენებს კრიტიკულად აანალიზებს, მაგრამ საკითხის კომპლექსურობის მიმართ გამგები და, ვიტყოდით, თანამგრძნობი თვალით შეხედვაც არ ავიწყდება.

აღნიშნული წიგნი დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა მათთვის, ვისაც ქვეყნის ხშირად საკამათო და წინააღმდეგობრივი წარსულის უკეთ გაგება განუზრახავს. სამწუხაროდ, წიგნი ქვეყნის უახლეს ისტორიას მხოლოდ 2012 წლამდე მიჰყვება. ჩავთვალეთ, რომ დაგაინტერესებდათ, თუ როგორ შეხედავდა ავტორი უკვე ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

მისი ნაშრომების კითხვისა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებისას რამდენიმე შეკითხვა დაგვებადა და ისინი ბატონ ჯონსს ვიდეო-ინტერვიუს დროს დავუსვით. ჩვენი ჟურნალის – სამოქალაქო რვეულების – მეორე გამოცემის საკვანძო თემიდან გამომდინარე, განსაკუთრებით გვაინტერესებდა დღევანდელ საქართველოში ნაციონალიზმის, იდეოლოგიისა და სამოქალაქო ჩართულობის თემა.

ინტერვიუს ქართულ თარგმანს ქვემოთ გთავაზობთ:

სამოქალაქო რვეულებიბატონო სტივენ, დიდი მადლობა, რომ ინტერვიუსთვის დროის გამონახვა შეძელით. თქვენს წიგნში „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ თქვენ ეხებით ნაციონალიზმს დამოუკიდებელ საქართველოში. როგორც ამბობთ, საქართველოში ნაციონალიზმი წყვეტებითა და, მეორე მხრივ, თანმიმდევრულობითაც ხასიათდება. აღწერთ, თუ როგორ შეცვალა ზვიად გამსახურდიას „სხვათა გამომრიცხველი“ ნაციონალიზმი ედუარდ შევარდნაძის “ელიტების მიერ მართულმა” ნაციონალიზმმა, რასაც მოჰყვა „ემოციური, მაგრამ მოდერნიზებული“ ნაციონალიზმი მიხეილ სააკაშვილის დროს. წიგნი 2012 წლამდე განვითარებულ მოვლენებს ფარავს, მალე კი 2024 წელი დადგება, ხოლო „ქართული ოცნება“ უკვე ათ წელზე მეტია, ქვეყანას მართავს. ქართული ნაციონალიზმის რომელ კატეგორიაში მოაქცევდით „ქართული ოცნების“ მმართველობას?

სტივენ ჯონსინაციონალიზმი ფართო ცნებაა და სწორედ ამიტომ გვჭირდება ამ ზედსართავი სახელების დართვა. არსებობს რადიკალური ნაციონალიზმი, ეთნონაციონალიზმი, სამოქალაქო ნაციონალიზმი და ასე შემდეგ. ნაციონალიზმი მოქნილი, ქამელეონის ბუნების მქონე ცნებაა. ეს ის იდეოლოგიაა, რომელიც მე-19 საუკუნიდან ყველა პოლიტიკურ სისტემაში დომინირებს. ნახეთ, რა დაემართათ იმპერიებს. მართალია, ნაციონალიზმი ხშირად წარსულში იმზირება, მაგრამ მას აწმყოშიც დიდი ხიბლი აქვს.

რაღაც გაგებით, ჩვენ ყველანი ნაციონალისტები ვართ. ზოგი უფრო შემწყნარებელი ვართ, ვიდრე სხვები, მაგრამ, ასეა თუ ისე, ნაციონალიზმი ჩვენი სამყაროს ნაწილია. იმის თქმა არ მინდა, რომ ნაციონალიზმი ყოველთვის უარყოფითია. მრავალი თვალსაზრისით, მისი მოქმედების მექანიზმი ნათელია – ის საზოგადოებაში დადებით თვისებებს, მაგალითად სოლიდარობას წაახალისებს და ხშირად მეტი თავისუფლებისკენაც მივყავართ. ის არის ხელოვნების შთაგონების წყაროც. თუმცა ნაციონალიზმი თავისი არსით სხვათა გამომრიცხველია, რადგან მისი ყურადღების ცენტრშია ერთი ერი, ერი, რომელსაც მოცემულ სახელმწიფოში პირველობას აკუთვნებს. პოლიტიკოსებისთვის, მათ შორის ქართველი ლიდერებისათვის, ნაციონალიზმის ეს თვისება ყოველთვის მაცდუნებელი იყო, რადგან იგი ეფექტურია, მას ეფექტურად შეუძლია ხალხის მობილიზება. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნისას ნაციონალიზმი ძალიან ეფექტური იარაღი აღმოჩნდა, ამახვილებდა რა ხალხის ყურადღებას გარე თუ შიდა მტერზე. ასეთი ნაციონალიზმი მანიპულირებს ხალხის თვითაღქმით, რომ ისინი მსხვერპლს წარმოადგენენ. ოღონდ, არაა სავალდებულო ნაციონალიზმი სწორედ თავის მსხვერპლად დანახვის მექანიზმს ეყრდნობოდეს – მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის დროს, ნაციონალიზმი საერთო მისიისა და დინამიზმის განცდას ემყარებოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის დროს სისტემა უფრო ტოლერანტული იყო. ჩემს წიგნში იმის ჩვენებას ვცდილობ, რომ საქართველოში ნაციონალიზმმა არაერთი კონფიგურაცია გამოიარა.

„ქართული ოცნება“ არ განსხვავდება იმ პარტიების უმრავლესობისაგან, რომლებიც ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოში მინახავს. იგი ნაციონალისტური პარტიაა, რომელიც ქართველთათვის პრივილეგირებულ სტატუსს ესწრაფვის და  ქართულ ეროვნულ კულტურას სწევს წინა პლანზე. ან რატომ იქნება განსხვავებული? მსოფლიოში თითქმის ყველა ერი ცდილობს „საკუთარ სახლში“ პირველობას. ოღონდ „ოცნება“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რასაც შეგვიძლია, „კონსერვატიული ნაციონალიზმი“ ვუწოდოთ. ნაციონალიზმების უმეტესობა წარსულსა და მის სიდიადეს ეთაყვანება – სააკაშვილიც კი, დიდი  მოდერნიზატორი, საქართველოს ისტორიაში ეძებდა მაგალითებს თავისი გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის დასასაბუთებლად. წარსულში ჩაბრუნება აწმყოს ლეგიტიმაციის გზაა, მაგრამ მრავალი თვალსაზრისით, ეს ასევე თავდაცვითი მექანიზმიცაა, რომელიც ერს თანამედროვე სამყაროს წინააღმდეგ აიარაღებს. ნაციონალიზმის „ქართული ოცნებისეული“ ვარიანტი, რომელიც ოჯახთან, ეკლესიასთან და ბინარულ გენდერულ როლებთან აიგივებს ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს, ის ვარიანტია, რომელსაც ბევრი ქართველი იზიარებს და რომლისაც ბევრ ქართველს სწამს.

ამა წლის მაისში, ბუდაპეშტში,  კონსერვატიული პოლიტიკური პარტიების კონფერენციაზე (CPAC) ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან საინტერესო სიტყვა ჰქონდა. ეს იყო „ქართული ოცნების“ მანიფესტი. არ ვიცი, რამდენად იზიარებს ღარიბაშვილის ამ ხედვას მთელი მთავრობა. ვფიქრობ, პოლიტიკოსთა უმეტესობას ეროვნული ხატებებითა და იდეებით წარმატებული მანიპულირება უფრო აინტერესებს და უკვე სხვა საქმეა, მართლაც სჯერათ თუ არა მათ ამ აზრების. CPAC-ზე ღარიბაშვილს ვიქტორ ორბანი, უნგრელი მემარჯვენე ნაციონალისტი მასპინძლობდა. ორბანი მხარს უჭერს ღირებულებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ლიბერალური ევროკავშირის წარმოდგენებს ტოლერანტობასა და თანასწორობაზე. თუმცა, საქართველო და უნგრეთი არც ისე გამორჩეული არიან საერთო-ევროპულ კონტექსტში. ევროპა სხვადასხვანაირი არსებობს და ერთ-ერთი ამ ევროპათაგანი ძალიან კონსერვატიულია და იზიარებს საქართველოს იდეოლოგიურ გადახვევას მარჯვნივ.

ამ ტენდენციას ვხედავთ სლოვაკეთში, ახალი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს სახით, იტალიაში – რადიკალი მემარჯვენე პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მმართველობის სახით და ნიდერლანდებში, სადაც ხეერტ ვილდერსის ანტი-იმიგრანტული მოძრაობა პარლამენტში ყველაზე დიდი პარტია გახდა. „ქართული ოცნება“ არ არის იზოლირებული, ის იმ ევროპული დინების ნაწილია, რომელიც არატრადიციულ ჯგუფებსა და მოძრაობებს იდეალიზებული წარსულისა და კონსერვატიული აწმყოსთვის გამოწვევად აღიქვამს. საქართველოს კონსერვატიული ნაციონალიზმის მეორე მხარე გულისხმობს ლგბტქ თემის უფლებების უარყოფას და სამართლებრივი შეზღუდვების დაწესებას იმ რელიგიური უმცირესობებისთვის, რომლებიც ვერ თავსდებიან ქართველი ერის მართლმადიდებლურ წარმოდგენაში.

ბევრს არ ესმის, თუ რატომ გადავიდა მმართველი ძალა ასეთი კონსერვატიულ ლიანდაგზე. მათი მმართველობის პირველ წლებში კონსერვატიული რიტორიკა ნაკლებად მძაფრი იყო, ახლა კი ეს უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. როგორ ფიქრობთ, რა არის მათი მთავარი მამოძრავებელი – ეს მხოლოდ წინასაარჩევნო ხრიკია, რათა მეტი კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩეველი მოიზიდონ და კრიტიკოსებზე ზეწოლა განახორციელონ? თუ რაიმე მტკიცე იდეოლოგიურ საფუძვლებსაც ხედავთ?

ყველაფერი ერთად. თქვენი ბოლო შენიშვნა იდეოლოგიურობაზე სწორი შენიშვნაა. ეს ისაა, რასაც ხშირად არ ვითვალისწინებთ ხოლმე, როცა ამჟამინდელ მთავრობაზე ვსაუბრობთ. დასავლელ ლიდერებსა და ანალიტიკოსებს სჩვევიათ პოლარიზებულ რიტორიკაზე ყურადღების გამახვილება და პრორუსულობის ან ანტირუსულობის შესახებ პოლემიკაზე ფოკუსირება. ამ რიტორიკის თანახმად, თუკი პრორუსი ხარ, მოღალატე ხარ და თუკი ანტირუსი ხარ, შენ საფრთხეს უქმნი საქართველოს პოლიტიკური სისტემის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ეს ყურადღების მიღმა ტოვებს „ქართული ოცნების“ მოძრაობის იდეოლოგიურ ევოლუციას 2012 წელს არსებითად ზომიერი ლიბერალური პარტიიდან დღევანდელ მემარჯვენე და ძალიან კონსერვატიულ ძალამდე. დღეს „ქართული ოცნება“ მტკიცედაა გადაჯაჭვული ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და მის ღირებულებებთან. „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებას იმ ქართველთა მხარდაჭერის მოპოვების გზად ხედავს, რომლებიც დაუცველობის განცდით ცხოვრობენ და გარესამყაროს პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხის წყაროდ აღიქვამენ.

ასე რომ, ეს ცვლილება ერთი მხრივ იდეოლოგიური ხასიათისაა, მაგრამ ამავე დროს პრაქტიკული პოლიტიკური სტრატეგიაცაა. „ოცნება“ კარგავს მხარდაჭერას განათლებულ ახალგაზრდებსა და თბილისის ცენტრში მცხოვრებ მოქალაქეთა შორის, მაგრამ დედაქალაქის ცენტრის გარეთ – დიდუბეში, გლდანში და მსგავს უბნებში, სოფლებსა თუ დაბებში, სადაც მოსახლეობა თავს უფრო გარიყულად გრძნობს – „ქართული ოცნების“ იდეოლოგიასა და რიტორიკას საკმაო ხიბლი აქვს. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს მხარდამჭერთა სოციოლოგიური ბაზა, ის აკონტროლებს იმ სატელევიზიო არხების დიდ ნაწილს, რომლებიც ქალაქებს გარეთ მცხოვრებ ადამიანთა ოთახებში აღწევს. ოღონდ იდეოლოგია ვერ გადაფარავს იმ ფაქტს, რომ ამჟამად მთავრობას ნაკლებად გააჩნია ქართული ეკონომიკის განვითარების რაიმე სტრატეგია, გარდა უცხოური ინვესტიციებისთვის უკეთესი პირობების შექმნისა. ეს დიდად არ განსხვავდება სააკაშვილის დროინდელი ეკონომიკური რეცეპტებისგან. თუმცა სააკაშვილი მოდერნიზატორი იყო და, ამდენად, რეფორმებსა და ექსპერიმენტებზე იყო მუდმივად ფოკუსირებული.

მრავალი თვალსაზრისით, „ქართული ოცნება“ სააკაშვილის რეჟიმის გაგრძელებაა – იგივე ეკონომიკური პოლიტიკა, იგივე ხაზგასმა სახელმწიფო ძალაუფლებასა და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. სააკაშვილის მთავრობაც მტრულად იყო განწყობილი ქართველი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და მასაც ჰქონდა ავტორიტარული მისწრაფებები. ქართულ პოლიტიკურ სისტემაში ავტორიტარულობის ასეთ ქარგაზე ჩემს წიგნში „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ ვწერდი. „ოცნების“ მთავრობა სააკაშვილის მთავრობას იმითაც ჰგავს, რომ მხარდამჭერთა მდგრადი სოციოლოგიური ბაზის არსებობის მიუხედავად, ის არსებითად მოწყვეტილია ფართო ელექტორატისგან. „ოცნება“ საპარლამენტო ფენომენია, რომელიც დაშორებულია ქართველი მოსახლეობის საჭიროებებს. მე მათგან არ გამიგია რაიმე რეალური წინადადებები იმის შესახებ, თუ როგორ დავასრულოთ ქართველთა შორის გაბატონებული ღრმა სიღარიბე. ესეც ჯდება ბოლო ორი თუ სამი ათწლეულის ქართულ პოლიტიკურ კანონზომიერებაში.

თქვენ ასევე წერდით დემოკრატიაზე ენის გავლენის შესახებ. ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც Eurasianet-ზე გამოაქვეყნეთ, თქვენ ამბობთ, რომ ენას დემოკრატიაზე დამანგრეველი გავლენა შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, პოლიტიკოსების მიერ ერთმანეთისთვის „მტრისა“ და „მოღალატის“ იარლიყის მიწებების გზით. თქვენ ამ ინტერვიუშიც ახსენეთ, რომ „ქართული ოცნების“ კონსერვატიულ რიტორიკას რელიგიური უმცირესობების გაუცხოებაც შეუძლია. როგორც წესი, „ქართული ოცნება“ პირდაპირ არ ესხმის ხოლმე თავს რელიგიურ ან ეროვნულ უმცირესობებს. ისინი, როგორც წესი, ამბობენ, რომ ამაყობენ საქართველოს მრავალფეროვნებით. თუმცა პარტია მართლაც ფოკუსირებულია და ხაზს უსვამს – ზედმეტად დაჟინებითაც – მართლმადიდებლურ ღირებულებებს. შეგიძლიათ, მეტი გვითხრათ იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ასეთ კონსერვატიულ რიტორიკას მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური საზოგადოების შენებაზე?

საქართველო ტრადიციულად მრავალეთნიკური ქვეყანა იყო, თუმცა უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, განსაკუთრებით კი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ის უფრო და უფრო მონოეთნიკურ ქვეყნად იქცა. [ეთნიკურად] არა-ქართველებს უჭირთ, იპოვონ სამუშაო ან მოიპოვონ წვდომა განათლებაზე და ისინი ქვეყნიდან მიდიან. ახალგაზრდა [ეთნიკურად] ქართველებიც დიდი რაოდენობით ტოვებენ ქვეყანას. ეს არ არის კარგი სახელმწიფოს კეთილდღეობისა და მომავლისთვის.

დემოკრატიას ისეთი პოლიტიკური ენა სჭირდება, რომელიც არ გარიყავს მოქალაქეებს და ყოველ მათგანს მიმართავს. საჭიროა ისეთი ენა, რომელიც მოქალაქეებს განუმარტავს და ინფორმაციას მიაწვდის. ის ენა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ და „ქართული ოცნებისგან“ გვესმის, ამ ორი ამოცანიდან არც ერთს არ ემსახურება. არსებული პოლიტიკური ენა საბჭოთა კავშირის დროინდელ ენას მახსენებს იმით, რომ მისი ამოცანა სინამდვილისთვის ნათელის მოფენა კი არა, არამედ მისი დაფარვაა, ანდაც მტრებითა და საფრთხეებით მოცული რეალობის ხელოვნურად შექმნა. მსგავს რიტორიკას დასავლურ ქვეყნებშიც ვხვდებით, სადაც ენას იმიგრანტების დემონიზებისთვის იყენებენ. საუბრის ის მანერა, რომელიც დღეს საქართველოში გამოიყენება, განტევების ვაცებს შობს. იგი [რიტორიკულად] აყალიბებს უმცირესობებს და მათ იზოლირებასაც ახდენს. ენა უბრალოდ კი არ ასახავს იმას, თუ რა ხდება საზოგადოებაში, ის პოლიტიკურ ლანდშაფტს აყალიბებს. ენა არის ძალიან აქტიური და ძალიან მძლავრი იარაღი, მას ძლიერი ემოციური გავლენა აქვს ჩვენზე, როგორც ადამიანებზე და როგორც ამომრჩევლებზე. მას აქვს უნარი, შექმნას ყალბი პოლიტიკური რეალობა, რომელიც მაცდურად მარტივი გამოსავლისაკენ გვიბიძგებს.

უკიდურესი დაპირისპირების ენის გამოყენება ასევე ძალიან ართულებს ოპოზიციასთან თანამშრომლობას. პოლიტიკური თანამშრომლობის გარკვეული დონე დემოკრატიისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. კარგ მმართველობას ძლიერი, ეფექტური ოპოზიცია სჭირდება. საქართველოში ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ევროკავშირს [დე-]პოლარიზაცია საქართველოსთვის კანდიდატობის მისაცემი თორმეტი პირობის თავში ტყუილად არ მოუქცევია – პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობა საქართველოში დემოკრატიის ნგრევამდე მიგვიყვანს. ამჟამად მთავრობასა და მის ოპონენტებს შორის ღრმა პოლიტიკური და რიტორიკული უფსკრულია. ისეთი ექსტრემალური ენა, რომელსაც დღეს საქართველოში ვხედავთ, ძირს უთხრის დემოკრატიის შენარჩუნებას.

თქვენს ნაშრომებში დიდ ყურადღებას უთმობთ სამოქალაქო ჩართულობის თემას და მას ხშირად უკავშირებთ ეკონომიკის მდგომარეობას ან განათლების ხელმისაწვდომობას. ბევრი აქტივისტი გასულ წელს წარმატებულად მიიჩნევს: მაგალითად, მარტში გვქონდა საკმაოდ შედეგიანი პროტესტი უცხოური აგენტების კანონების წინააღმდეგ. ამას მოჰყვა მუდმივი საზოგადოებრივი წნეხი მთავრობის მიმართ, რომ მას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მეტი გაეკეთებინა. დღეს მდგომარეობა ამ მხრივაც თითქოს უკეთ გამოიყურება. ამ გამოცდილებამ თითქოს გამოაცოცხლა საქართველოში სამოქალაქო მობილიზაციის შედეგიანობის რწმენა და ქართველებს აქტიური მოქალაქის როლში თავდაჯერება შემატა.

თქვენ ქართულ სოციალურ და პოლიტიკურ დინამიკას მრავალი წლის მანძილზე აკვირდებოდით. თვლით თუ არა, რომ ამ მხრივ რაღაც მართლაც გაუმჯობესდა? თუ მუდმივი უთანასწორობა და ის განსხვავებები, რომლებიც ქალაქსა და სოფელს, ცენტრსა და პერიფერიას შორის არსებობს, მაინც უშლის ხელს მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას პროცესებში?

დემოკრატია მოითხოვს პროტესტის არსებობას. აშშ-ში 1960-იანი წლების სამოქალაქო უფლებათა მოძრაობა კარგი მაგალითია  იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს პროტესტი დემოკრატიულ ზრდას. ცვლილების მისაღწევად ზოგჯერ არ არსებობს პროტესტზე უფრო ეფექტური საშუალება – ხშირად ინსტიტუციური კონსერვატიზმის ან პოლიტიკური რეფორმით ცვლილებების მიღწევის შეუძლებლობის გამო. სწორედ ამას ვხედავთ დღეს საქართველოში – ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ მოქალაქეების ჩართვას მმართველობაში. წარსული სამი ათწლეულის მანძილზე, ქართული დემოკრატიის განვითარებაში პროტესტი საკვანძო როლს თამაშობდა. საკმარისია, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა თავიანთივე გამოცდილება გაიხსენონ 2012 წლის არჩევნებამდე.

პროტესტი პასუხია სამთავრობო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების ნაკლებობაზე. ის შეახსენებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ თუ ისინი ვერ შეასრულებენ მოვალეობას და კავშირში არ იქნებიან ამომრჩეველთა საჭიროებებთან, მათ გააგდებენ. ამჟამად, ქართველებისთვის არჩევნები კარგად არ მუშაობს, არჩევნები ვერ ქმნის მმართველობის დემოკრატიული სისტემის მდგრადობისათვის აუცილებელ პირობას – ანგარიშვალდებულ მთავრობასა და ანგარიშვალდებულ პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ანგარიშვალდებულების არარსებობის სიმბოლოდ იქცა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობა ციხე-სიმაგრესავითაა. თუკი გსურს შენს წარმომადგენელს ესაუბრო და, როგორც მოქალაქემ, შენი თვალსაზრისი გამოხატო, რამდენიმე საშვი გჭირდება, რომ იმ პოლიციითა და ბარიერებით გარსშემორტყმულ დაწესებულებებში შეაღწიო. ეს პრობლემის ძირეული ნაწილია – მთავრობასა და მოსახლეობას შორის არსებობს ფსიქოლოგიური და ფიზიკური უფსკრული.

პროტესტი მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ პროტესტი საკმარისი არ არის, ხოლო ძალადობრივ პროტესტს შეუძლია, საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს და რეფორმების შესაძლებლობა მოკლას. გვსურს, რომ არსებობდეს სამოქალაქო მონაწილეობისათვის აუცილებელი პოლიტიკური წინაპირობები. ეკონომიკური მდგომარეობა ამაში თავის როლს თამაშობს. როცა ორი ან სამი სამსახური გაქვს და ოჯახს ვერ არჩენ, არც დრო გაქვს და არც ენერგია, რომ შენი ქვეყნის პოლიტიკაში სრულად ჩაერთო, როგორც მოქალაქე. სიღარიბე პოლიტიკურ გაუცხოებას იწვევს. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ თუკი დემოკრატიის დაცვა გსურს, განსაკუთრებით კი ახალ და ხელახლა დაბადებულ სახელმწიფოებში, მაშინ უნდა შექმნა პირობები უკეთესი ეკონომიკური თანასწორობისა და ხელმისაწვდომობისათვის. დღეს, უბრალო ქართველებისთვის ეკონომიკური და განათლების შესაძლებლობები შეზღუდულია. განსაკუთრებით, სოფლად მწირია ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობები. რაც უფრო უმჯობესდება ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობა, მით უფრო იზრდება ღია მთავრობის ლეგიტიმურობა და მდგრადობა, ხოლო მოქალაქეები ბევრად უფრო მეტად ერთვებიან სამოქალაქო ცხოვრებაში.

ესაუბრა ნინი გაბრიჭიძე

This post is also available in: English (ინგლისური)

წყარო:https://civil.ge/

world
"Le Monde" (საფრანგეთი): კვლავ გააქტიურდა დისკუსიები უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარებისა და კერძო თავდაცვითი კომპანიების გაგზავნის შესახებ

მაშინ, როდესაც უკრაინაში კონფლიქტი ესკალაციის ახალ ფაზაში შევიდა, კვლავ გააქტიურდა დისკუსიები უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარებისა და კერძო თავდაცვითი კომპანიების გაგზავნის შესახებ, - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde-ი წყაროებზე დაყრდნობით.

„დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მიმდინარეობს დისკუსიები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ევროპაში მოკავშირეთა ძირითადი ჯგუფის შექმნის მიზნით, რომელიც ორიენტირებულია უკრაინასა და უფრო ფართო ევროპულ უსაფრთხოებაზე“, - განუცხადა Le Monde-ს ბრიტანულმა სამხედრო წყარომ.

ფრანგული გაზეთი აღნიშნავს, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების ან კერძო კომპანიების გაგზავნის შესახებ დისკუსიები 2023 წლის ბოლოდან შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების გაზრდის ფონზე განახლდა.

წყაროების განცხადებით, უკრაინელებს არ შეუძლიათ ამ ტიპის რაკეტების გამოყენება ადგილზე დასავლური მხარდაჭერის გარეშე.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way