ნაძალადევის რაიონში, სანერგის ქუჩა N31-41-ის ჩათვლით გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 64 მ სიგრძის გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა, უსაფრთხოების მოაჯირი დამონტაჟდა და ასევე, გზის სავალ ნაწილზე ბეტონის საფარი მოეწყო.
შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.
„ამ მისამართზე გზის სავალი ნაწილი ჩამოიშალა და ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთხოების მიზნით საჭირო გახდა გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა. მოგეხსენებათ, ნაძალადევის რაიონში რამდენიმე მისამართზეა მსგავსი პრობლემა და ეტაპობრივად ვგეგმავთ გამაგრების სამუშაოებს. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაა“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან ჯამში 288 000 ლარი დახარჯა.