USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
ნაძალადევის რაიონის გამგეობა დადიანის ქუჩაზე, იმ ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს, სადაც იატაკი ჩამოიშალა, ქირით უზრუნველყოფას კიდევ ერთხელ სთავაზობს
თარიღი:  685

ნაძალადევის რაიონის გამგეობა ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ის მცხოვრებლებს, სადაც ავარიული კორპუსის იატაკი ჩამოიშალა, დროებითი თავშესაფრის მიცემის მიზნით, ქირით გაყვანას კიდევ ერთხელ სთავაზობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლებმა გასულ წელს უარი განაცხადეს მუნიციპალიტეტის შეთავაზებაზე - ესარგებლათ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით, მანამდე კი გამგეობა მათ ქირით უზრუნველყოფდა.

„გასული კვირის ბოლოს ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში ჩამოიშალა ავარიული კორპუსის იატაკი. ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, იმავე დღესვე, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები 34 ოჯახი სასტუმროში გადაიყვანა და დააბინავა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის გარეშე ესა თუ ის პროგრამა განვახორციელოთ და ხალხი საცხოვრებელი სახლებიდან იძულებით გამოვიყვანოთ. ამიტომ, აღნიშნულ მისამართზე, რამდენიმე დღის წინ სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ადგილობრივ მცხოვრებლებს რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე შეხვდა და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიეწოდა.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორპუსის ამხანაგობის წარმომადგენლები იმსჯელებენ, თბილისის მერიის პროგრამაში ჩაერთვებიან თუ კერძო ინვესტორთან განაგრძობენ მოლაპარაკებას. საკითხის გადაწყვეტამდე, მოსახლეობას რაიონული გამგეობა, დროებითი თავშესაფრის მიცემის მიზნით, ქირით გაყვანას სთავაზობს. ადგილზე მუშაობას განაგრძობენ სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები. მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიებაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოუწოდა ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში.

„მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისაც ანალოგიური პრობლემა გააჩნია - იაქტიურეთ, მიმართეთ ადგილობრივ გამგეობებს. სამწუხაროდ, გვაქვს 10 ათასამდე ავარიული შენობა-ნაგებობა, მაგრამ ამ პროგრამით შეგვიძლია, მათ ნაცვლად თანამედროვე საცხოვრებლები ავაშენოთ. ქალაქში ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა და გამოწვევა გაგვაჩნია, თუმცა ადამიანის უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი და პასუხისმგებლობაა. ამიტომ, გთხოვთ, ჩაერთეთ მუნიციპალურ პროგრამებში, რათა თქვენ, თქვენივე შვილებით იცხოვროთ უსაფრთხოდ და არ გქონდეთ კორპუსის ჩამოშლისა თუ სხვადასხვა სახის დაზიანების მიღების შიში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის