USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Тбилиси
ნადიმი საქართველოს სამეფო კარზე
дата:  2916

როგორც წესი, ყველაფერი განსაკუთრებული სამეფო კარიდან იწყება და არც გასაკვირია, რომ ქართული სუფრის ტრადიციების დიდი ნაწილიც სამეფო ნადიმიდან წამოსულიყო. ამ ცოტა ხნის წინ გავეცანიბატონ ნიკო ჯავახიშვილის ნაშრომს “დიპლომატიური ეტიკეტი და ნადიმის ტრადიციები ქართულ სამეფო კარზე (XVI-XVIII საუკუნეები)”, რომელიც გახლავთ ისტორი­ის მეცნი­ე­რე­ბათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნო­ლო­­გი­ის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თა­ნამშრომელი. ნაშრომში ბევრი ჩემთვის საინტერესო დეტალი აღმოვაჩინე. მასში მოწოდებულია საქართველოში XVI-XVIII საუკუნეში მყოფი მოგზაურებისა და დიპლომატიური მისიით მოვლინებულ პირთა ჩანაწერები, ისტორიული დოკუმენტები და ამაზე დაყრდნობით განხილულია იმ პერიოდის საქართველოს სამეფო კარზე არსებული ნადიმის ტრადიციები. შევეცდები მეტი ყურადღება გავამახვილო XVI-XVIII საუკუნეების საქართველოში სამეფო სუფრასა და სუფრასთან ქცევის ტრადიციებზე.

დასავლეთ თუ აღმოსავლეთ საქართველოს მეფეები სტუმარს დიდი პატივით იღებდნენ, ყურადღებას არ აკლებდნენ და გულუხვად უმასპინძლდებოდნენ მათ. სამეფო ნადიმები დიდხანს გრძელდებოდა, სადაც ვაჟკაცობად ითვლებდა დიდი რაოდენობით ღვინის დალევა. სუფრაზე დომინირებდა ხორცეულით მომზადებული კერძები. აქვე ვიგებთ, რომ სტუმარს ღვინოს არ აძალებდნენ, რადგან ეს მისადმი უპატივცემულობად ითვლებოდა. “თუმცა ღვინო ნადირის ხორცს ძლიერ უხდება, მე მაინც ვბრძანებ, ძალა არ დაგატანონ სმაში.” ქართლ-კახეთის მეფის, ვახტანგ V-ის ეს სიტყვები ცალკე აქვს გამოყოფილი ფრანგ მოგზაურს ჟან შარდენს. იგი გაოცებული აღწერს სამეფო სუფრის მრავალფეროვან მენიუს: “სუფრაზე იყო სამნაირი პური: “ერთი - თხელი, როგორც ქაღალდი, მეორე - თითის სისქე, მესამე - მომცრო ზომისა და ტკბილი.” შესაძლოა ეს ყოფილიყო თხელი ლავაში, ხაშზე მოზელილი პური და ნაზუქი. საჭმელი სუფრაზე ვეება ლანგრებით შემოჰქონდათ, კერძებს სუფრაჯები ღრმა თეფშებზე ამოიღებდნენ და ისე მიართმევდნენ სტუმრებს. საკვები სტუმრებს რანგის მიხედვით ჩამოურიგდებოდათ. მოგზაურის მიერ ჩამოთვლილი კერძები აშკარად აღმოსავლური წარმოშობისაა, ხოლო მომსახურება კი საოცრად წააგავს თანამედროვე მაღალი კლასის რესტორნის მომსახურებას. პირველ თავ საჭმელში შედიოდა ფლავის სხვადასხვა სახეობა. მოხარშულ ხორცთან ერთად; დარიჩინით, შაქრითა და ზაფრანით შენელებული ყვითელი ფერის ფლავი; ასევე მოწითალო ფერის - ბროწეულის წვენგარეული; ყველაზე მეტად კი ფრანგ მოგზაურს თეთრი, ნატურალური ფერის ფლავი მოსწონებია. მეორე თავში შედიოდა ღვეზელები, მოხრაკული ხორცეული მოტკბო-მომჟავო საწებლით (ეს მოტკბო-მოჟავო საწებელი შესაძლოა ტყემლის, ან ჭანჭურისგან ყოფილიყო დამზადებული). მესამე თავი სრულიადაც არ იყო ტკბილეული და ჩაროზი, როგორც დღეს არის მიღებული, ეს იყო მშრალად შემწვარი ხორცი. გარდა ამისა, სასულიერო პირთათვის ემატებოდა თევზეული, კვერცხი და მწვანილი. სუფრაზე ეწყო როგორც სახსნილო, ასევე სამარხვო კერძები.

ბატონ ნიკო ჯავახიშვილის ნაშრომში ერთი ძალიან საინტერესო ფრაზაც აღმოვაჩინე, რომელმაც შეიძლება თანამედროვე საქართველოში ბევრს ღიმილიც აღუძრას. სხვა ყველაფერთან ერთად შარდენი მოხიბლული დარჩენილა სამეფო სუფრის კულტურით: “კერძები საოცარი წესრიგითა და უხმა­უ­როდ შემოჰქონდათ. ყველა უხმოდ ასრულებდა თავის საქმეს. ერთ მაგიდაზე მსხდომი სამი ევროპელი უფრო მეტს ხმაურობს, ვიდრე ამ ნადიმზე მყოფი ასორმოცდაათი კაცი.” დღეს ეს ტრადიცია აშკარად დაკარგულია, განსაკუთრებით ხალხმრავალ სუფრებზე, სადაც წესრიგის ნაცვლად ერთიანი ყაყანია ხოლმე გამეფებული. ამ მონათხრობის მიხედვით სამეფო ნადიმი დიდხანს გრძელდებოდა. სუფრაზე მრავლად იყო სასმისები და სხვა ჭურჭელი. ცალკე თემაა ღვინის სმის კულტურა. ღვინის სმას მესამე თავი კერძის შემდეგ იწყებდნენ. პირველად მეფის ახლოს მსხდომი 8 კაცი ფეხზე ადგებოდა და შესვამდა ღვინოს, ისინ მათ შემდეგ მსხდომთ გადააწოდებდნენ და ასე გრძელდებოდა, სანამ ყველა არ შესვამდა სადღეგრძელოს. ეს ძალიან გავს თანამედროვე “ალავერდის გადასვლის” ტრადიციას. შემდეგი სადღეგრძელოები უფრო მოზრდილი სასმისებით ისმებოდა და ბოლოს, დიდებულებს ყველაზე დიდი სასმისებით ადღეგრძელებდნენ. აქაც შეგვიძლია გავავლოთ პარალელი ე.წ. “განსხვავებულ სასმისებთან.” როგორც ჩანს, ისევე როგორც დღეს, მაშინაც საამაყოდ ითვლებოდა დიდი რაოდენობით ღვინის დალევა. განსხვავება ის იყო, რომ სტუმრებს არ აძალებდნენ დიდი რაოდენობით ღვინის დალევას, მითუმეტეს დიდი სასმისებით.

მეფეთა მხრიდან დიდი პატივი იყო სტუმრისთვის გაეწოდებინა მის მიერ შესმული ღვინო. ამით იგო მისადმი პატივისცემას გამოხატავდა.

როგორც რუსეთის მეფის ალექსი მიხეილის ძე რომანოვის ერთ-ერთი ელჩი, ალექსი მიხეილის ძე იევლევი აღწერს, სპეციალურად ელჩებისადმი მიძღვნილ ნადიმზე მეფისთვის გაიშალა ოქროსფერი აბრეშუმის სუფრა, იგი  დანარჩენისგან განსხვავდებოდა როგორც ფერით, ასევე ფაქტურით. იერარქიის მიხედვით სასულიერო პირებისთვის, ელჩებისა და აზნაურობისთვის გაიშალა ატლასისა და ბამბის ქსოვილის სუფრები და დეკეულის ტყავის ნაჭრები. მეფისა და კათალიკოსისთვის სუფრაზე ეწყო ოქროს ჭურჭელი, სხვა სასულიერო პირთა და თავად-აზნაურთათვის - ვერცხლის. ამასთან, საგულისხმო ფაქტია, რომ მეფე სტუმრებს თავისი სუფრიდან აწვდიდა საჭმელ-სასმელს. ესეც კიდევ ერთი დადასტურება იმ ფაქტისა, რომ იმ დროინდელ საქართველოში სტუმრის პატივისცემა უმაღლეს ხარისხში იყო აყვანილი.  სადღეგრძელოების სმის კულტურა წააგავს ვახტანგ V-ის კარზე არსებულ ტრადიციას. აქაც სადღეგრძელო ჯგუფ-ჯგუფად ისმებოდა. მეფის სადღეგრძელოს წარმოთქმისას კი სუფრის წევრთა ერთი შვიდკაციანი ჯგუფი მიუახლოვდებოდა მეფეს, დალევდნენ სადღეგრძელოს, მდაბლად თავს დაუკრავდნენ და მათ სხვა ჯგუფი ცვლიდა. როდესაც კათალიკოსი სუფრას აკურთხებდა და მამაო ჩვენოს წარმოთქვამდა, მეფეც ქუდმოხდილი იჯდა. მას მერიქიფეები დაჩოქილები ემსახურებოდნენ. როდესაც მეფე ფეხზე წამოდგებოდა, სუფრის ყველა წევრიც ფეხზე დგებოდა. რუსი ელჩის ნიკიფორე მათეს ძე ტოლოჩანოვის აღწერს, რომ ნადიმის ბოლოს შემოიტანეს ხილი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა მსხალი, ქლიავი, კაკალი და კიტრი. როგორც ჩანს, იმ პერიოდში კიტრს უფრო ხილს მიაკუთვნებდნენ, ვიდრე ბოსტნეულს. სტუმრებს სუფრიდან წასვლა მხოლოდ მეფის ნებართვის შემდეგ შეეძლოთ. როგორც რუსი ელჩები წერენ, მათთვის უცხო იყო ნადიმის ქართული წესი, რის მიხედვითაც ქართველები მთელ ღამეს სუფრასთან ატარებდნენ. როგორც ჩანს, საკვებიც, რომელსაც შემდეგ სტუმრებს ატანდნენ, გარკვეული ეტიკეტის მიხედვით ნაწილდებოდა. თანამდებობრივად უფრო მაღლა მდგომ პირს უფრო გულუხვად ასაჩუქრებდნენ.

ამ ისტორიული კვლევის მიხედვით იმასაც აღმოვაჩენთ, რომ ადრე საქართველოში არ იყო მიღებული მამაკაცთა შორის გადაკოცნა. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს II-ის კარზე კი უკვე პოპულარული იყო როგორც ჩაის, ასევე თურქული ყავისა და ლიქიორების მირთმევა.  

ძალიან საინტერესოა გიორგი XII-ის სამეფო სუფრის ტრადიციები. იგი დიდი გურმანი ყოფილა და ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. მეფეს სუფრაზე მიღებული ყოფილა ფლავი ქათმითა და “ზრიშკი” (ალბათ ქიშმიში), შემწვარი ხბო, ძროხის ხაშლამა, მთაში გაზრდილი ცხვრის ხორცი და ორაგული.   

ტრადიციულ შოთთან ერთად კიდევ ოთხი სახეობის პური ცხვებოდა მეფისთვის: “მურასა”, “სა­გა­რეჯო”, “პი­რგაჭ­რი­ლი პუ­რი” და “კაკალა პური.” საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გირგი XII-ს ყვარებია ილიან-დარიჩინიანი ჩინური ჩაი. ილიც და დარიჩინის  წნევის დამწევ საშუალებად არის აღიარებული და შესაძლოა მეფისთვისაც ასეთ სასმელს სამკურნალო დატვირთვა ჰქონოდა. მიხაკ-დარიჩინით ჩაის მოდუღების ტრადიცია დღემდე  არსებობს აღმოსავლეთ საქართველოში.

მეფეს განსაკუთრებით “საფერავი” ყვარებია, სპეციალურად მისთვის ყვარელსა და ქვემო ხოდაშენში წურავდნენ წითელ ღვინოს. გირგი XII არყის მოყვარულთ ურჩევდა, რომ ეს სასმელი მურაბასთან და თაფლთან ერთად დაელიათ.

ქეთი ადეიშვილი

аналитика
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати