USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
„მზე, ზღვა და მთები: საქართველო გველოდება“ - «ТВ Россия-1» (რუსეთი)
Date:  581

რუსეთის ფედერალური ტელეკომპანიის „როსსია-1“-ის (Россия-1) პროგრამა „ვესტი ნედელით“ (Вести недели) ეთერში გადაიცა 9-წუთიანი ვიდეოსიუჟეტი საქართველოს შესახებ, რომლის ტექსტური ვერსია ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სათაურით „მზე, ზღვა და მთები: საქართველო გველოდება“.

„ბოლო წლების განმავლობაში ქართველები ჩიოდნენ, რომ არ ჰყავდათ ყველაზე საყვარელი და სასურველი, მთავარი სტუმარი - რუსი ტურისტი, თუმცა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების შემდეგ გაჩნდა არამარტო ფულის გამომუშავების, არამედ კარგ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ყველაზე პოზიტიური კი ისაა, რომ უკვე სამთავრობო დონეზე იხსნება ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტები - თბილისში, ბათუმში და ქუთაისში“. რას გვთავაზობენ სტუმართმოყვარე ქართველები?, - ამბობს ვიდეოსიუჟეტის შესავალში „ვესტი ნედელის“ წამყვანი დიმიტრი კისელიოვი და სიტყვას გადასცემს ალექსანდრე ბუზალაძეს, „როსია-1“-ის ტელეკორესპონდენტს საქართველოში. 

თავის მხრივ, ჟურნალისტი რუსეთის ტელემაყურებელს აცნობს ბათუმელი ავთანდილ სირაბიძის ოჯახის მიერ მოწეულ მარწყვის და რიგი სუბტროპიკული ხილის მოსავალს, ეზოში დარგულ ყვავილებს, ადგილობრივი კლიმატის წყალობით. „ავთანდილის ვაჟი იოსები ჩემს საპატივსაცემოდ სუფრას შლის, სხვათა შორის, უკრაინულ ღორის ქონსაც (сало) ჭრის და უნებლიედ უკრაინაზეც ვლაპარაკობთ: „რა თქმა უნდა, რიგითი უკრაინელებისადმი ნორმალური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ პოლიტიკოსების მიმართ ცუდი - იმიტომ, რომ მათ საკუთარ ხალხს უღალატეს და ხორცსაკეპში გაგზავნეს“. გამოდის, რომ ამერიკელები რუსეთს უკრაინელების ხელით ეომებიან, ახლა ცდილობენ, რომ ომში მსგავსი სახით საქართველოც ჩაითრიონ“. საუბარი ასევე ეხება უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტსაც, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და განხილვიდან მოიხსნა: მასპინძლის თქმით, „უცხოელი აგენტები არა მარტო საქართველოს ანგრევენ, არამედ ნებისმიერ ქვეყანას“.

ბათუმის რესტორნებში და პლაჟებზე რუს ტურისტებს მოუთმენლად ელოდებიან. ამავე დროს, თვითონ ქართველებსაც სურთ რუსეთში წასვლა და რუსული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, რომელიც ახლა, უვიზო რეჟიმის შემოღების შედეგად, სრულიად შესაძლებელი გახდა - ეს აზრი დომინირებს ბათუმის ბულვარზე და პლაჟზე მოქალაქეებთან შეხვედრის დროს.

ტელესიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება საქართველო-რუსეთისა და საქართველო-უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობის საკითხებს. ის პირები, რომლებსაც კორესპონდენტი ალექსანდრე ბუზალაძე ესაუბრება, იწონებენ მოსკოვ-თბილისს შორის ურთიერთობის გაფართოებას და აკრიტიკებენ იმ დესტრუქციული ძალების მოქმედებას, რომლებიც ხელს უშლიან ამ პროცესს. „ყველა მოხარულია და მხარს უჭერს მოსკოვთან თანამშრომლობის გაჯანსაღებას. „თუ ჩვენ რუსეთთან ვიმეგობრებთ, საქართველოს პერსპექტივა ყოველთვის ექნება“, - ამბობენ ბათუმელები.

„როსია-1“-ის კორესპონდენტი რეპორტაჟს თბილისიდან აგრძელებს და ესაუბრება გიორგი ქარდავას, რომლის თქმით, [პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულებებით] ორ მეზობელ ქვეყანას შორის გარდამტეხი მომენტი მოხდა“. საქართველოს პატრიოტი პოლიტიკოსი შოთა მარტინენკო კი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ანტირუსული მცდელობის მიუხედავად, ქართველებისა და რუსების მეგობრობა არ დაიკარგება. „ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ დასავლეთს, უკრაინის მსგავსად, ჩვენი მსხვერპლად შეწირვა სურს“, - ამბობს შოთა მარტინენეკო და ვარაუდობს, რომ შეიძლება ამერიკულმა სპეცსამსახურებმა საქართველოში „უკრაინული მაიდანი“ მოაწყონ.

რეპორტაჟის დროს ალექსანდრე ბუზალაძე იმყოფება აგრეთვე „ქართული ტელეარხის „ალტ-ინფოს“ (Alt-Info) სტუდიაშიც, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობს და კონსერვატიული ფასეულობების პოპულარიზებას ახორციელებს“. Alt-Info აჩვენებს ორსაათიან გადაცემას უკრაინის შესახებ: ეკრანზე ვხედავთ კიევის არმიის კონტრშეტევის შედეგებს - განადგურებულ გერმანულ ტანკებს, ცნობილ „ლეოპარდებს“.

„როსია-1“-ის ჟურნალისტი ესაუბრება თბილისელ მხატვარს, 75 წლის ხატმწერ ანატოლი რიაბოშენკოს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთებს ასრულებს: „რუსეთი პურია, ქრისტეს სხეული, საქართველო კი - ღვინო, ქრისტეს სისხლი. ეს ყველაფერი მთლიანობაა, რომელთა დაშორება საშინელების მომტანია“, - ამბობს ანატოლი რიაბოშენკო, რომელსაც ქართველი და რუსი ხალხების ერთად ყოფნის მომხრეა და მათი დაშორება ვერ წარმოუდგენია. იგი მოლბერტზე ხატს წერს სახელწოდებით „მოულოდნელი სიხარული“, რომელზეც ღვთის მშობელი მარიამია გამოსახული და რომელიც, საქართველოსა და რუსეთის ერთმანეთთან დაახლოების კვალობაზე, ორივე ქვეყნის მფარველი იქნება.

წყარო: https://vesti7.ru/video/2630839/episode/11-06-2023/

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way