USD 2.6800
EUR 2.8848
RUB 2.9378
Tbilisi
მუსტაფა შელია (1921-1943) - პოლიტიკური ორგანიზაცია
Date:  520

ლევან (მუსტაფა) შელია (1921-1943)

პოლიტიკური ორგანიზაცია "თეთრი გიორგის" თავმჯდომარე. 1937 წელს იგი დაიჭირეს, დაკითხვების დროს დააძვრეს ფრჩხილები, შემდეგ კი ამოუშანთეს, მაგრამ სერიოზული წამების მიუხედავად თავისი თანამებრძოლები არ გასცა, გადაასახლეს შუა აზიაში. გადასახლებიდან 1940 წელს დაბრუნდა, ჩააბარა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე. მეორე მსოფლიო ომის წლებში დაუკავშირდა ორგანიზაცის ,,თეთრ გიორგს'' და გერმანულ დაზვერვას, გეგმავდა ამბოხს საქართველოში კომუნისტურ წყობი დასამობად და გერმანული არმიის დახმარებით საქართველოს გასათავისუფლებლად. 1943 წელს გამცემის წყალობით სახლს, სადაც ლევან შელია იმყოფებოდა რამდენიმე ათეულმა ჩეკისტმა შემოარტყა ალყა, ლევან შელია ,,ნაგანით'' იყო შეიარაღებული, მაგრამ ჩეკისტებს არ დანებდა, სამჯერ დაჭრილმა ალყა გაარღვია, მაგრამ ჭრილობებისა და სისხლდენისაგან მოგვიანებით გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.

მუსტაფა შელია არასოდეს ყოფილა პიონერი და კომკავშირელი. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც გულზე წმინდა გიორგის ჯვარი ეკიდა და ისე დადიოდა.

საინტერესოა რას იხსენებენ მუსტაფა შელიას შესახებ  მისი კლასელი მარიკა აბაშიძე და ბიძაშვილი ბატონი მალხაზ შელია.

მალხაზ შელია:

მუსტაფა შელია 16 წლით ჩემზე უფროსი იყო. იგი 1921 წლის 11 აგვისტოს დაიბადა. მუსტაფა ისეთ ოჯახში იზრდებოდა, სადაც ეროვნული სულისკვეთება სუფევდა. კლასში იყო, როდესაც პირველად, 1937 წელს 2 თუ 3 წლით გადაასახლეს შორეულ ციმბირში. დედამისი, ნუცა აბდუშელიშვილი შვილის სანახავად ციმბირში წავიდა, მაგრამ ბანაკს ვერ მიაგნო და უკან დასნეულებული დაბრუნდა. გადასახლებიდან დაბრუნებულ მუსტაფას ფეხის ფრჩხილები სულ დამძვრალი და დაშანთული ჰქონდა.

– როგორ დაიხსნა მამამისმა გადასახლებიდან?

– მამამისი ალიოშა შელია სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი იყო. ერთხელაც მოსკოვში სასოფლო–სამეურნეო გამოფენაზე წავიდა, გამოფენის უფროსმა, რომელიც ალიოშას კარგად იცნობდა, დამწუხრების მიზეზი ჰკითხა. ალიოშასაც უთქვამს, სკოლის მოსწავლე შვილი გადამისახლესო. ამ კაცს შეეცოდა ალიოშა, უშუამდგომლა და მუსტაფა გადასახლებიდან დააბრუნეს. თბილისში დაბრუნებულმა მუსტაფამ თსუ–ში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, პარალელურად კი გერმანულ ენას სწავლობდა. ომის დაწყების შემდეგ, გენერალ ლეო კერესელიძის წინადადებით პარიზში დაფუძნდა საქართველოს პატრიოტული ახალგაზრდული ორგანიზაცია “თეთრი გიორგი”, რომელიც დაიშალა 1950 წელს. პარალელურად, საქართველოშიც გაიხსნა მსგავსი ორგანიზაცია “თეთრი გიორგი”, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მუსტაფა შელია. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულები იყვნენ: ძმები წულუკიძეები, ძმები ჯორჯაძეები, ამირან მორჩილაძე და სხვები, ყველას სახელი არ მახსოვს. ეს ორგანიზაცია 1943 წელს დაიშალა, როდესაც მუსტაფა მოკლეს. სანამ მუსტაფას დაიჭერდნენ, მას მამა გარდაეცვალა, ხოლო დედამისს ავტომანქანა დააჯახეს, როცა შვილის სანახავად საავადმყოფოში მიდიოდა. იმ დროს თბილისში სულ 2 მანქანა დადიოდა და ორივე ჩინოვნიკებს ეკუთვნოდათ. მუსტაფამ ორგანიზაცია რომ შექმნა 20 წლის ბიჭი იყო, ამ დროისთვის ის უკვე ჩამოყალიბებული რევოლუციონერი გახლდათ. მუსტაფა მალე დაიჭირეს, მაგრამ მანქანიდან გაექცათ. ერთი პერიოდი ჭაბუა ამირეჯიბთან იმალებოდა, რომელიც ქალაქიდან მოშორებით ცხოვრობდა. მერე საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, ბოლოს ვახტანგ ჯორჯაძის სახლში აიყვანეს. ღამით სახლს ალყა შემოარტყეს და სახლში შეცვივდნენ. მუსტაფას ნაგანი ედო ჯიბეში და სროლა აუტეხა, გაქცევა მოასწრო, მაგრამ ტყვია სამგან მოხვდა და სასიკვდილოდ დაიჭრა. ეს მოხდა 1943 წლის ნოემბრის თვეში. იმ საღამოს ყველა დაიჭირეს, ვინც “თეთრი გიორგის” წევრი იყო, მათ შორის მუსტაფას დედის ძმა – ლევან აბდუშელიშვილი. მუსტაფა იმ წუთში არ მომკვდარა, სასიკვდილოდ დაჭრილი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს ექიმი მისი ყოფილი სიდედრი, მანანას დედა გახლდათ. ყველა ცდილობდა მის გადარჩენას, მაგრამ ვერ შესძლეს. ლევან აბდუშელიშვილმა იცოდა, რომ მუსტაფა დაიჭირეს, მაგრამ არ იცოდა, რომ გარდაიცვალა. საყვარელი დისწული წამებისგან და გადასახლებიდან რომ დაეხსნა, ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო. დაკითხვის დროს ჩვენება მისცა, თითქოს ორგანიზაცია “თეთრი გიორგის” ხელმძღვანელი თავად იყო. მუსტაფას სიკვდილის ამბავი სასამართლო პროცესზე გაიგო. თავის ჩვენებას უკან ვერ წაიღებდა, ამიტომ როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი დახვრიტეს, დანარჩენები კი გადაასახლეს.

– როგორც ცნობილია, მისი ადგილსამყოფელი ორგანიზაციის ერთ–ერთმა წევრმა გასცა, ვინ იყო ეს ადამიანი?

– მისი გვარის ხმამაღლა დასახელება საჭირო არ არის. მან ამის გამო 25 წელი გადასახლებაში გაატარა. იგი დღეს ცოცხალია, თანაც ძალიან ცნობილი პიროვნებაა. ამასთანავე, მას სამაგიერო ღმერთმა მიუზღო – მუსტაფასხელა შვილი დაეღუპა. ერთხელ ლუკა ტყემალაძემ (მუსტაფას კლასელი იყო) მითხრა: ყველას არ შეეძლო იმ წამების ატანა, რასაც ჩეკისტები მათთან მოხვედრილებს უტარებდნენ, ამიტომ ზოგიერთი ბევრ მეგობარს აბეზღებდაო. ჩემი აზრით, ის კაციც აწამეს და იძულებული იყო მეგობარი ჩაეშვა.

 

– მის მეუღლეზე რას გვეტყვით?

– მან ცოლად სერიოჟა ქავთარაძის ძმისშვილი შეირთო, ულამაზესი მანანა ქავთარაძე. მუსტაფამ მანანა დედის ძმებთან, გორისაში წაიყვანა. მუსტაფას ბიძებმა დიდი ქორწილი გადაუხადეს. ახალგაზრდებს თან ახლდათ ვახტანგ ალადაშვილი, მაგრამ წყვილი მალე დაშორდა. სერიოჟა ქავთარაძე არაფრით დაუშვებდა მუსტაფას შესვლას მათ ოჯახში, ამიტომ მალე დაშორდნენ. მუსტაფას შვილი არ დარჩენია.

– რატომ უწოდეს მუსტაფა?

– როგორც ისტორია გვეუბნება, აბდუშელიშვილები ჯერ ქრისტიანები იყვნენ, მერე კი გამუსულმანდნენ. წლების შემდეგ, ვინც აბდუშელიშვილები კვლავ გააქრისტიანა მუსტაფა აბდუშელიშვილი იყო. ამ კაცის საპატივცემულოდ შინაურებმა ლევანს მუსტაფა დაარქვეს.

ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, 1991 წელს რამდენჯერმე ზვიად გამსახურდიას შევხვდი, მინდოდა რამე გამეკეთებინა მუსტაფას სახელთან დაკავშირებით. ზვიადი მუსტაფას ძალიან კარდად იცნობდა. ზვიად გამსახურდიას დედა და მუსტაფა შელიას დედა ბიძაშვილ–მამიდაშვილები იყვნენ. ზვიადის მამამ, დამ და დედამ მუსტაფა შელიას დეიდის, მაკინეს ხელში დალიეს სული. ბოლოს ეს ქალი საცხოვრებლად გამსახურდიების ოჯახში გადავიდა. ზვიადიმ მითხრა, მე და მერაბ კოსტავამ გადავწყვიტეთ, რომ ენგელსის ქუჩას მისი სახელი დავარქვათო. სამწუხაროდ, ზვიად გამსახურდიას ამის გაკეთება არ დასცალდა.

მარიკა აბაშიძე:

– მუსტაფა შელია ბავშვობიდანვე რაინდი იყო. არასოდეს ყოფილა პიონერი და კომკავშირელი. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც გულზე წმინდა გიორგის ჯვარი ეკიდა და ისე დადიოდა. დღესაც არ ვიცი, ამას როგორ ახერხებდა. ჩვენ პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდით, სკოლის დირექტორი ჯერ მიხეილ ზანდუკელი, მერე კი მარი მაჩაიძე იყო. მაჩაიძე სულით–ხორცამდე კომკავშირელი ქალი გახლდათ და სკოლაში გარდაქმნა დაიწყო, მაგრამ მუსტაფა არ შეცვლილა. ის ყოველთვის გამოირჩეოდა. სკოლის ბიჭები უნივერსიტეტის უკან (ახლა საცხოვრებელი ბინებია, მაშინ ტრიალი მინდორი იყო) ფეხბურთის სათამაშოდ მიდიოდნენ, მუსტაფა ამხანაგებს გაზეთებით ხელში დაჰყვებოდა. სულ კითხულობდა. პოლიტიკაში V| კლასიდან უკვე გარკვეული იყო. იმ დროს საქართველო საბჭოთა კავშირში ამიერკავკასიის რესპუბლიკად იყო შესული. როდესაც სკოლაში გავიგეთ, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა, ყველას გაგვიხარდა, ჩვენს სიხარულს მუსტაფამ ირონიულად უპასუხა: თქვენ გგონიათ, რომ საქართველო თავისუფალი რესპუბლიკაა, არა, მხოლოდ სახელი შეუცვალესო.

– მუსტაფა კლასში როგორი იყო?

– ძალიან კარგი, არასოდეს არავის დაჩაგრავდა. ყველა გოგოს დამცველი იყო. ისეთი აურა ჰქონდა, რომ ყველას უყვარდა, თუმცა არასოდეს ყოფილა ფრიადოსანი. ძირითადად ჰუმანიტარული საგნები უყვარდა. ბავშვები ტიციან ტაბიძის სახლში გავიზარდეთ, რადგან ნიტა ჩვენი კლასელი იყო. დედამისს, ქალბატონ ნინოს ბავშვები ძალიან უყვარდა და თბილად გვექცეოდა. მეუღლის რეაბილიტაციის შემდეგ, როდესაც ტიციანის ლექსების კრებული პირველად გამოვიდა, წიგნს ასეთი წარწერა გაუკეთა: თქვენ გადამატანინეთ მთელი ჩემი უბედურებაო. როცა 1937 წელს ტიციანი დააპატიმრეს, მაშინ 16 წლის ბავშვები ვიყავით. მუსტაფა ამ დროს პატრიოტულ ლექსებს წერდა. თითოეული ლექსის სტრიქონი სამშობლოს სიყვარულით იყო გაჟღენთილი.

– როდის იგრძენით, რომ ის შეიცვალა?

– |\ კლასში რომ გადავედით, ის უეცრად შეიცვალა. თუმცა, არავის არაფერს უყვებოდა. მუსტაფა დედით აბდუშელიშვილი იყო, საჩხერეს რაიონის სოფელ გორისიდან. ბავშვობას დედულეთში (იმერეთში) უფრო ატარებდა, ვიდრე – სამეგრელოში. მეც იმერეთში, ამ სოფელთან ახლოს მქონდა სოფელი, ამიტომ ზაფხულობითაც ერთად ვიყავით, სოფელში გავიგეთ და ვეზიარეთ ეროვნულს და ტრადიციულს. მუსტაფას ძალიან ლამაზი დედა და დეიდა ჰყავდა. მისი ოჯახი ზვიად გამსახურდიას ენათესავებოდნენ, რადგან ზვიადის დიდი ბებიაც აბდუშელიშვილის ქალი გახლდათ. აბდუშელიშვილების გვარი აკაკი წერეთლის “ბაში–აჩუკიდან” მოდის, მერე კი ტახტის აზნაურობა უბოძეს. მუსტაფა კეთილი გულის ადამიანი გახლდათ, სოფელში სიმინდის ტომარას სახედარს კი არ აჰკიდებდა, არამედ, მხარზე გადაიდებდა, სახედარი კი ისე მიდიოდა.

– მის პირველ დაპატიმრებას როგორ გაიხსენებდით?

– ის დღე გუშინდელივით მახსოვს. ეს მოხდა 1937 წლის პირველ სექტემბერს, როცა სკოლის დამამთავრებელ კლასში გადავედით. მაშინ 16 წლის ვიყავით. პირველ გაკვეთილზე შემოვიდა ფიზკულტურის მასწავლებელი არჩილ ბაქრაძე და მუსტაფა შელია კლასიდან გაიყვანა. მუსტაფამ კართან მჯდარ მეგობარს, ნინო ჟღენტს ჩაულაპარაკა: ჩემს მშობლებს გააგებინეთ, რომ დამაპატიმრესო, თითქოს ელოდა, რომ დაიჭერდნენ. მერე გავიგეთ, რომ კგბ–ს ხალხი კლასში შეგნებულად არ შემოსულან. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, 19 წლის, როდესაც ის თბილისში დაბრუნდა. მამამისმა დაიხსნა. მთელი კლასი მის სანახავად წავედით. მამამისმა მაშინ გამოგვიცხადა, რომ ჩემს შვილს მუსტაფა აღარ დაუძახოთო. თბილისში დაბრუნებული მუსტაფა კერძოდ მოემზადა, საღამოს სკოლა დაამთავრა და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა.

– გადასახლებიდან დაბრუნებულმა არაფერი გიამბოთ კლასელებს?

– მხოლოდ ერთს ამბობდა: ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ვარ, ბედნიერი ვარ, რომ საწოლი მაქვს და ფიცარს არ ვეძებ დასაძინებლადო. გადასახლებაში თუ ფიცარს ვერ იპოვიდა, ცემენტზე მოუწევდა დაძინება. ერთხელ გვიამბო, რომ შინსახკომის ციხეში თითო საკანში თითო სკამი იდგა, ჩემს საკანში ამ სკამზე მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილს ვსვამდით. ჯავახიშვილი პატიმრებს საინტერესო ისტორიებს გვიყვებოდა. საღამოთი ჯავახიშვილს დაკითხვაზე გამოიძახებდნენ, გათენებისას ნაცემს შემოიყვანდნენ, მწერალი სათვალეს გაისწორებდა და თხრობას გააგრძელებდაო. მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და 19 წლის მუსტაფა ჯარში გაიწვიეს. უფრო სწორედ ჯარში კი არ გაიწვიეს, არამედ სამუშაო ბატალიონში, სადაც ფიზიკურად მუშაობდა. ისე სასტიკად ექცეოდნენ და ისეთ საშინელ საჭმელს აჭმევდნენ, რომ კოლიტი დაემართა, თანაც ისეთი საშინელი, რომ ჯარიდან გაათავისუფლეს. სამხედრო ჰოსპიტალში დააწვინეს. დედამისი ყოველდღე მის სანახავად მიდიოდა. იმ დღეს, როცა საავადმყოფოდან უნდა გამოეწერათ, ჰოსპიტალში მიმავალ დედას მანქანა დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა. არის ვერსია, რომ ეს მოხდა შეგნებულად, რომ მუსტაფა მარტო დარჩენილიყო, მანამდე მამამისი ჰყავდა გარდაცვლილი.

– კლასელებთან ურთიერთობა ხომ არ შეუწყვეტია?

– არა, მაგრამ ვატყობდით, რომ სხვებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. მალე მეორედ დააპატიმრეს, მაგრამ მანქანიდან გადაუხტა ჩეკისტებს და გაიქცა, 3 წლის განმავლობაში ემალებოდა კგბ–ს ხალხს. პირველად იმალებოდა ბეთანიის მონასტერში, ბერებმა შეიფარეს. მერე ხან ვისთან იყო და ხან ვისთან. ერთხელ კლასელთანაც, ლუკა ტყემალაძესთანაც გაათენა ერთი ღამე (ამის გამო ლუკა ტყემალაძემ 8 წელი გაატარა გადასახლებაში). მუსტაფა ტუსა დიასამიძეს ფანჯარაში წერილს შეუგდებდა, რომლითაც ვიგებდით, რომ ცოცხალი იყო.

– მისი აყვანის ღამეს როგორ გაიხსენებთ?

– ეს ღამე გადმოცემით ვიცი. მაშინ ასე თქვეს, რომ ჩეკისტმა ილია (ილიკო) მალანიამ მოკლაო. მუსტაფას 2 თუ 3 ტყვია მოხვდა, მაგრამ იმ წუთში არ გარდაცვლილა. საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. მუსტაფა შელია 22 წლის გამოასალმეს სიცოცხლეს.

– მუსტაფას მეუღლეზე რას გვეტყვით?

– მეუღლედ თავისი კლასელი, მანანა ქავთარაძე მოიყვანა და თავის სოფელში გორისაში წაიყვანა. ერთი თვე იყვნენ ერთად, მერე კი დაშორდნენ. სამწუხაროდ, მას შვილი არ დარჩენია.

sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way