USD 2.6910
EUR 2.8756
RUB 2.9082
Тбилиси
მურმან იაშვილი - ადამიანი ვინც შექმნა „იაშვილის კლინიკის“ ბრენდი
дата:  7220

დღეს იაშვილის კლინიკის ხსენება ნებისმიერ ჩვენთაგანში ჩვენი შვილების ჯანმრთელობასთან ასოცირდება და დიდი ალბათობით, ყველა ჩვენთაგანი ერთხელ მაინც არის ამ კლინიკაში ნამყოფი, სადაც ჩვენს შვილების ჯანმრთელობაზე, მაღალი კვალიფიკაციის ექიმები ზრუნავენ.

„იაშვილის კლინიკა“ - სამედიცინო ბრენდია, რომელიც თაობების თავდაუზოგავი შრომის შედეგად შეიქმნა. ამ ბრენდის შექმნის, ფეხზე დადგომის და ფუნქციონირების სათავეებთან იდგა ადამიანი, რომლის თავდაუზოგავი შრომის, საქმის დიდი სიყვარულის, ოპტიმიზმისა და უშრეტი ენერგიის წყალობით შეიქმნა ის რაც შეიქმნა და რასაც დღეს ჩვენ „იაშვილის კლინიკას“ ვუწოდებთ. ეს კაცი იყო - მურმან იაშვილი. სწორედ მის სახელს ატარებს დღეს ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და სწორედ მის მიერ დადებული თითოეული აგური ყვება ამბავს, რომელიც მეოცე საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო და რომელიც დღემდე გრძელდება.

მინი დოსიე: დაბადების თარიღი-1934 .გარდაცვ. თარიღი:1995 (60 წლის ასაკში).1965 წელს იყო ბავშვთა N5 საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1974 წელს რესპუბლიკის ბავშვთა მთავარი ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგი; 1974–1986წწ. ხელმძღვანელობდა ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოს; 1986–1989წწ. მუშაობდა ქალაქის ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსად; მურმან იაშვილმა, პირველად საქართველოში, 1976 წელს დიღომში ლუბლიანის ქუჩაზე მრავალპროფილური პედიატრიული კლინიკა გახსნა. 1995 წლიდან საავადმყოფოს მიენიჭა მისი სახელი. მ. იაშვილის ბიუსტი დგას საავადმყოფოს ეზოში.

მურმან იაშვილი 1934 წელს თბილისში დაიბადა. მამამისი, ონისიმე, სამედიცინო უნივერსიტეტში მუშაობდა. იაშვილების სახლი თავისუფლების მოედანს გადაჰყურებდა, ასე რომ, მურმანმა მთელი ბავშვობა რუსთაველის გამზირზე გაატარა. ონისიმეს და მის მეუღლეს, ელენეს, ძალიან უნდოდათ, მათი ერთადერთი ვაჟი ექიმი გამოსულიყო. არც მურმანი ყოფილა წინააღმდეგი. ასე აღმოჩნდა ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც 1963 წელს დაამთავრა.

საბჭოთა კავშირში ახალგაზრდა ექიმებს სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გამოცდილების დასაგროვებლად სხვადასხვა რეგიონში აგზავნიდნენ სამუშაოდ. სწორედ ასე მოხვდა მურმანი მუხრანის საუბნო საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე წელი გაატარა. თბილისში დაბრუნებულმა, 1965 წელს საქმიანობა ბავშვთა მეხუთე საავადმყოფოს უროლოგიურ განყოფილებაში, ექიმ ორდინატორის პოზიციაზე განაგრძო. განყოფილებას პროფესორი დიმიტრი მურვანიძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც მურმანი დიდ პატივს სცემდა, თავის მასწავლებლად და მისაბაძ ექიმად მიაჩნდა. ბატონი დიმიტრიც მურმანს თავის ერთ-ერთ უნიჭიერეს მოწაფედ მოიხსენიებდა, ენდობოდა და როცა სადმე წასვლა უწევდა, განყოფილებას მშვიდად ტოვებდა მის იმედად.

1974 წელს მურმან იაშვილი ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარ ექიმად დაინიშნა. საავადმყოფო პატარა, უვარგის შენობაში იყო განთავსებული. იმ დღიდან დაიწყო მურმან იაშვილის ბრძოლა ახალი საავადმყოფოს ასაშენებლად. არავის სჯეროდა, რომ მურმანი ოცნებას რეალობად აქცევდა... მურმან იაშვილის მთავარი დანატოვარი სწორედ ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოა, რომელიც მან არაფრისგან შექმნა და რომელიც დღეს მის სახელს ატარებს.

1976 წელს მურმან იაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით მრავალპროფილური პედიატრიული სტაციონარის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. უბადლო ორგანიზატორმა, გარს ნიჭიერი ახალგაზრდების ძლიერი გუნდი შემოიკრიბა. სწორედ მათი საერთო ძალისხმევით შეიქმნა ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფო, რომლის პერსონალიც ახალგაზრდა პროფესიონალებისგან შედგებოდა.

ბატონი მურმანის გვერდით მუშაობა მთელი გუნდისთვის დიდი ბედნიერება და უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ყველა აღნიშნავდა, რომ მურმან იაშვილის მენეჯერის თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდა. არ შეიძლებოდა, მის მონდომებას, საქმის სიყვარულს, შედეგი არ გამოეღო. მასთან მომუშავე ექიმები მხოლოდ მაღალი დონის ინფრასტრუქტურითა და ულტრათანამედროვე ტექნიკით როდი იყვნენ განებივრებულები – ბატონი მურმანი კლინიკაში ყოველგვარ პირობას უქმნიდა ახალგაზრდა ექიმებს პროფესიული ზრდისთვის. ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდები განსაკუთრებით უყვარდა და აფასებდა. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ ახალშობილთა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის ახალგახსნილი განყოფილება 27 წლის ექიმს ჩააბარა. ის გასაოცარი ინტუიციით ამოიცნობდა ახალგაზრდაში პროფესიის სიყვარულს, ავადმყოფისადმი თანაგრძნობას, პასუხისმგებლობას და შრომის უნარს.

მურმან იაშვილის ინიციატივით სწორედ მის კლინიკაში გაიხსნა საქართველოში პირველი ნეონატოლოგიური, ხელოვნური თირკმლისა და დიალიზის განყოფილებები, ასევე – თირკმლის ცენტრი, რომელიც აერთიანებდა უროლოგიურ, ნეფროლოგიურ და ხელოვნური თირკმლისა და დიალიზის განყოფილებებს. მის გვერდით ყველა ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით ივსებოდა. ექიმებს სამსახურში მისვლა უხაროდათ, კლინიკა მათთვის მეორე სახლად იქცა.

ბუნებით ნოვატორს, მუდამ მედიცინის მაჯისცემაზე ედო ხელი, ფეხდაფეხ მიჰყვებოდა სიახლეებს, ცდილობდა, პედიატრიაში დანერგილი ყველა ახალი მეთოდი თავის კლინიკაში, თავისი ექიმების შესრულებით ენახა.

1986-1989 წლებში მურმან იაშვილი ქალაქის ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი იყო. ეძნელებოდა საკუთარი ხელით შექმნილი კლინიკის დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა – ასეთ მნიშვნელოვან წინადადებაზე უარის თქმას ცუდ ტონად ჩაუთვლიდნენ. 1988 წელს მურმან იაშვილს საქართველოს დამსახურებული ექიმის წოდება მიანიჭეს.

ბატონი მურმანი ერთ-ერთი გამორჩეული თბილისელი იყო. იმ თაობის წარმომადგენელი, გალაკტიონს ქუჩაში რომ ხვდებოდნენ და ესალმებოდნენ. მისი ბავშვობის მეგობარი, დამსახურებული ექიმი ალეკო ლაბარტყავა, იხსენებს ხოლმე, ახალგაზრდობაში ხშირად ვსტუმრობდით რესტორან “თბილისს”, სადაც გალაკტიონი დადიოდაო. ჰყვებიან, რომ გალაკტიონი მურმანს ყველასგან გამოარჩევდა, თავისთან მიიხმობდა და საათობით საუბრობდნენ.

ბატონ მურმანს გატაცებაც ჰქონდა. სოფელ უშხვანში, სვანეთში დაბანაკებული საქართველოს მთამსვლელთა ნაკრების ექიმად ყოფნისას, ის პირველად ეზიარა მთისა და ალპინიზმის სიყვარულს. მწვერვალ შხელდის დალაშქვრით მან დაიმსახურა ალპინიზმში პირველი საფეხურის ნიშანი, რომელიც ლეგენდარული ალპინისტის ალექსანდრე ჯაფარიძის ხელით ებოძა. მშვიდი ხასიათით, შესანიშნავი იუმორით, შინაგანი ორგანიზებულობით და კეთილგანწყობით მურმან იაშვილმა მთამსვლელთა ექიმის კარგი სახელი დაიმსახურა.

მთელი ცხოვრება არ განელებია მთის, ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის სიყვარული, რომელიც შვილებსაც უანდერძა.

გუდაური, ამჟამად ესოდენ ცნობილი კურორტი, 1981 წლის ზამთარში შეარჩიეს ვახტანგ მიქელაძემ, კოსტა ქავთარიამ, ლევან ლორთქიფანიძემ, ზურაბ მაისურაძემ, ნუკრი კოტრიკაძემ და მურმან იაშვილმა. სწორედ ამით დაიწყო გუდაურის როგორც სამთო-სათხილამურო სპორტული ცენტრის ისტორია.

ქალაქის ჯანდაცვის სამმართველოს უფროსის თანადებობაზე ყოფნისას ბატონმა მურმანმა შექმნა სტიქიასთან მებრძოლი ჯგუფი, რომელიც ექიმ ალპინისტებისგან შედგებოდა. დიდთოვლობისა და ზვავების დროს ამ ჯგუფმა მაღალმთიანი რეგიონიდან 500 ადამიანი გამოიყვანა. ბატონ მურმანს ეკუთვნის დღეს ესოდენ პოპულარული ოჯახის ექიმის ინსტიტუტის საქართველოში დანერგვის იდეაც. ყველაფერში ნიჭიერმა, ქვეყანაში ახალფეხადგმულ ბიზნესსაც იოლად აუღო ალღო. არც ქველმოქმედება ავიწყდებოდა.

ბ-ნი მურმანის ცხოვრების ისტორიიდან, რამოდენიმე ეპიზოდს მისი ოჯახის წევრები იხსენებენ - ბატონი მურმანის შვილები, კოტე და ზაზა იაშვილები და რძალი, ქალბატონი ნანა.

კოტე იაშვილი - „მამა ახალგაზრდობაში პროფესიულ დონეზე მისდევდა ალპინიზმს. სწორედ ამ გატაცებას უკავშირდება მისი ერთ-ერთი გამორჩეული მოგონება. საქართველოს მთიან რეგიონებს ჯიხვებზე სანადიროდ ესტუმრა ირანის შაჰი. საპატიო სტუმრის დასახვედრად და უსაფრთხო ნადირობისთვის შექმნილ ალპინისტთა ჯგუფში მურმანიც აღმოჩნდა. შაჰი ჩინებული მონადირე და უშიშარი ბედაური გამოდგა, არც ვიწრო და საშიშ გზებს შეუშინებია, ჯიხვიც მოუკლავს, ხოლო ფიტული სამშობლოში წაუღია“

ავბედითი 90-იანი წლების ერთ ავბედით ისტორიას ზაზა იაშვილიც იხსენებს: -„გვიან ღამით კლინიკიდან დაურეკეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთი “ავტორიტეტის” შვილი ცუდად გამხდარიყო და საავადმყოფოში მიეყვანათ. კლინიკაში რომ მივედით, ფოიე სავსე იყო ავტომატიანი, შავით შემოსილი ხალხით. პაციენტს სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, მისი თანმხლები პირები კი ექიმებს თავიანთი საქმის გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ. მურმანი რეანიმაციაში შევიდა, პაციენტის მდგომარეობა გამოიკითხა, მერე გულშემატკივრებთან სასაუბროდ გამოვიდა, ბავშვის მამა თავისთან იხმო და რამდენიმე წუთში ზედმეტი დავიდარაბის გარეშე დაითანხმა ოპერაციაზე. ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რაოდენ დახვეწილი კომუნიკაციური უნარები ჰქონდა მას, არ არსებობდა ადამიანი, ვისთანაც საერთოს ვერ გამონახავდა, ვისაც რამეში ვერ დაარწმუნებდა.“

ქალბატონი ნანა: „ – ის იყო ადამიანი-დღესასწაული, –– გაოცებული ვარ, რა ცოცხლად შემოინახეს მისი ხსოვნა არა მხოლოდ მისი თაობის ექიმებმა, არამედ ახალგაზრდა კოლეგებმაც, რომლებიც მხოლოდ გადმოცემით თუ იცნობდნენ მურმანს. იყო ძალიან სიმპათიური, გალანტური, საოცარი ქარიზმისა და იუმორის პატრონი, პოზიტივის უშრეტი წყარო. იშვიათად მინახავს ადამიანი, ვინც მურმანს გაიცნობდა და მისი პიროვნებით აღფრთოვანებული არ დარჩებოდა....

მურმანს ჰყავდა არაჩვეულებრივი მეუღლე, ქალბატონი დოდო არსენიშვილი, პროფესიით გეოლოგი, და სამი ვაჟი – ზაზა, კოტე და დათუნა. სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, ყველასთვის იცლიდა, ყველასთვის ჰქონდა დრო. ყველას ეგონა, სწორედ ის იყო მურმანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი…..“

მურმან იაშვილი 1995 წლის 23 მარტს სამოცი წლისა გარდაიცვალა, თუმცა მის ხსოვნას სიკვდილი არ უწერია – მან ხომ ურიცხვი მადლიერი პაციენტი დატოვა ძეგლად.

Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 26 აპრილს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ  მეფის  გამზირის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ),  რკინიგზის  სადგურის  მიმდებარე  ტერიტორიის, ხუდადოვის,  ჩხიკვაძის,   მესხის,  არგვეთის, ტყეშელაშვილის, მანგლისის, ზაქარაიას, მანჯგალაძის, ქურდიანის, ჩერნიშევსკის, ჯავახიშვილის, არჩილ და გია ქურდიანების, ჩიქობავას, ნეკრასოვის, აბასთუმნის, სამღერეთის, გოგოლის,  ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, თევდორე მღვდლის, კონსტიტუციის და წინამძღვრიშვილის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი ჯიხაიშის, ბენდელიანის, სანერგეს,  იმერეთის,  ცოტნე დადიანის,  წმინდა მელქისედექ I, კავთისხევის,  ჭყონდიდელის,  დეპოს,  მრევლიშვილის, კოხრეიძის, საყვირის, სვანეთის,  იფნევის,  იფნის,  კვერნაულის,  ზვარეთის,  დვირის და ედისის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, კოსტავას, ბალანჩივაძეების,    რამიშვილის, ჩიქოვანის, კუტუზოვის, გამრეკელის, ცაგარელის, ცინცაძის და მიცკევიჩის   ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის, სოფელი გლდანის, გაზის დასახლების,  ანდრონიკაშვილის,  კაჭარავას, ჯანჯღავას და კბილაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელავის,  წინანდლის,  კობარეთის და ზურაბიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის მე-10 კილომეტრის, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის I კვარტლის,  ბოხუას, ტერევერკოვის, ბელიაშვილის, ბერძენიშვილის,  ჩაჩუას,  ჭიაურელის,  ერისთავის,  ლუბლიანას,  ჯორჯ  ბალანჩინის და  გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით  აღმაშენებლის  გამზირის (ნაწილობრივ),  მარშალ გელოვანის  გამზირის,  მტკვრის მარჯვენა  სანაპიროს, დიღმის მასივის II კვარტლის (ნაწილობრივ),  ბაქრაძის,  უზნაძის,  დუმბაძის და დგებუაძის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების,  წყნეთის გზატკეცილის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ),  წყნეთის და ტაბლიაშვილის   ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის  გზატკეცილის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ), დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ), კირილე უკლებას, მთაწმინდის,  ბესიკის, მოსიძის,  ჩიტაძის და კრავეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის, კოტე აფხაზის, ცინცაძის,  ნაკაშიძეების, ავლევის, ყავლაშვილის, ვერცხლის, ოქრომჭედლების და დიუმას ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ),  ვარკეთილის მეტროს  მიმდებარე ტერიტორიის,  ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ჯავახეთის, ჩაჩუას, ხომლელის, ხვედელიძის, კალოუბნის,  უძოს,  მხარგრძელის,  17 შინდისელი  გმირის,  შანდორ  პეტეფის,  რამიშვილის, წულუკიძის, მანდელშტამის, ლაღიძის და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის     ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ზემო ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების,  ბერი გაბრიელ სალოსის, თრიალეთის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯიქიას, ორბელების, ხარაბაძის, კვაჭანტირაძის, ანდღულაძის, ქობულაძის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ბუკისციხის, კობცოვის,  ბეგიაშვილის, ონაშვილის, ანთიმოზ ივერიელის, ტატიშვილის, მანდელშტამის, ლაღიძის, ქიზიყის,  იგოთის,  ლოლაძის,  კაცხის და კაჭარავას  ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати