USD 2.8082
EUR 2.9174
RUB 2.7198
თბილისი
მურაზ მურვანიძი - სულ მაგდებენ ჩვენი თეატრებიდან… სამაგიეროდ, საზღვარგარეთის თეატრებში მეძახიან
თარიღი:  4018

მურაზ მურვანიძე- მხატვარი, სცენოგრაფი, მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ხელოვანი დღეს იუბილარია. "თბილისი პოსტის" რედაქცია ულოცავს ბატონ მურაზს დაბადების დღეს და დღეგრძელობას და კიდევ ბევრ შემოქმედებით წარმატებას უსურვებს. გთავაზობთ ინტერვიუს ბ-ნ მურაზთან, რომლის შემოქმედებით პოტენციალსაც ისე მოხდა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ უფრო აფასებენ და იყენებენ..

მურაზ მურვანიძე არის საქართველოს სახალხო მხატვარი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, გაფორმებული აქვს 180 სპექტაკლი თბილისის, სანქტ-პეტერბურგის, მოსკოვის, რომის, მილანის, პარიზის, ნიუ-იორკის, ლონდონის, სან-ფრანცისკოსა და სხვა თეატრებში. პიკასოს, ლინკოლნის ცენტრის, ჩიკაგოსა და სხვა მრავალი საერთაშორისო პრემიების ლაურეატი; საქართველოს (1963), პოლონეთის (1977), კანადის (1986), საფრანგეთისა (1977) და აშშ-ს (1989) თეატრალური სეზონების საუკეთესო მხატვარი; სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრის, მონტე კარლოს საერთაშორისო მუსიკალური ასოციაციის, ძველი და ახალი მონტე კარლოს (1990-1993) მთავარი მხატვარი. იგი მუშაობდა მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო, საოპერო და საბალეტო თეატრებში.

ხელოვანი თავისუფლების მოედანზე, წმიდა გიორგის მონუმეტზე აღმართული საახალწლო დეკორაციისა და მთაწმინდის პარკის, „ბომბორას“ ავტორია.

 

ეპიზოდი პირველი: დიდუბეში დავიბადე და გავიზარდე, უბნის ბიჭებთან ერთად მტკვარზე ჩავდიოდი, მანქანის კამერებით ვბანაობდით. პატარა კუნძულივით იყო მტკვარზე, ეს იყო ჩვენი ნავსაყუდელი. ოდითგანვე მეხერხებოდა ხატვა. ეს იყო ახლა ელიავას ბაზრობა რომაა, იქ, ამ კუნძულზე მოდიოდნენ ეგრეთ წოდებული „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებიც… იქ იყო „ნაკოლკების აკადემია“. ახლა სვირინგი ჰქვია, მაშინ „ნაკოლკა“ ერქვა. ამის დიდოსტატი ვიყავი. ახლა სვირინგებს აღარ ვაკეთებ, ამიტომ პოპულარულიც აღარ ვარ…

ეპიზოდი მეორე: სიყვარულის ქალაქი რას ჰქვია, აღარ ვიცი – ვეღარ ვხედავ ამ სიყვარულს ამ ქალაქში, სამწუხაროდ. ძალიან ბევრი ცუდი ხდება მიზანმიმართულად თუ მიზანშეწონილად – არ ვიცი რა დავარქვა. არიან ადამიანები, ვისაც მართლა უყვარს თბილისი, ცდილობენ შეწყდეს ეს უმსგავსო მშენებლობები, მანქანების მოზღვავება, ეს ხმამაღალი, უხარისხო მუსიკა რუსთაველზე, მარჯანიშვილზე, ყველგან… ეს მაღაზიები უმსგავსო ნიმუშებით… თბილისი ის თბილისი აღარ არის! თუმცა, ალბათ კიდევ შეიძლება გამოსწორება. ძალიან ბევრი დაშავდა. ქალაქს მოვლა უნდა და მოვლა უნდა თბილისურად. არავითარი პრეტენზია არ მაქვს ჩვენი მომავალი თაობისადმი, არ მიყვარს, როცა ამბობენ, „აი, ჩვენ რა მაგრები ვიყავით…“ არა, შესანიშნავი ახალგაზრობა მოდის, მაგრამ ცუდ გარემოში იზრდებიან, ულამაზო გარემოში, თბილისის ვარდნის და დამახინჯების პერიოდში…

ეპიზოდი მესამე: მოსაგონარი ბევრია, მაგრამ ახლა ერთ რამეზე ვფიქრობ – მოვასწრო რაც შეიძლება მეტი და დავუტოვო ჩემს მომავალ თაობას და საზოგადოებას.  რთულია გავიხსენო – ვინ, რა და როდის… ერთი რამ უდავოა – მე არ შევდგებოდი, რომ არა ოჯახი, ჩემი პედაგოგები და მეგობრები. ჯერ ოჯახია მთავარი, მერე ქუჩა და სასწავლებელი. რაც შეეხება პედაგოგებს, მაშინ ფანტასტიკური პედაგოგები იყვნენ: შუხაევი, მეჩიევი, ლანსერები, უდიდესი პიროვნებები ქმნიდნენ ამ აკადემიას – აპოლონ ქუთათელაძე, უჩა ჯაფარიძე, სერგო ქობულაძე, ფარნაოზ ლაპიაშვილი, ბევრი სხვა, ჩემზე უფროსი თუ ჩემი თაობის ადამიანი, თავისი საქმის ფანატიკოსები, ბრწყინვალე პედაგოგები, ვისაც ვერასდროს დავივიწყებ და ვისი მადლიერიც ყოველთვის ვიქნები. თუ ვარ, იმათი წყალობით ვარ.

ყველაფერი დაიწყო ალეკო მაჭავარიანის „ვეფხვისტყაოსნით“. ამ სპექტაკლმა საოცრად დიდი წარმატება მოიპოვა, მსოფლიოში იარა და მთავარ მხატვრად დამნიშნეს კიდეც. შემდეგ იყო „პოტიომკონი“, ეს იყო გრანდიოზული სპექტაკლი, მის გაფორმებას ეძახიან ყველაზე მონუმენტურს მარიას თეატრის ისტორიაში. არც ერთ თეატრს არ უთქვამს ისეთი მადლობა, როგორიც მარიას თეატრს. ცოტა მსახიობიც უნდა იყო, ცოტა რეჟისორიც, ცოტა მუსიკოსიც, არქიტექტორიც, მხატვარიც, მოქანდაკეც, ლიტერატურა უნდა იცოდე, მუსიკა უნდა იცოდე, სხვანაირად სცენოგრაფი ვერ იქნები.

ეპიზოდი მეოთხე: ოპერის თეატრში ყველას ეგონა, რომ მთავარი მხატვარი ვიყავი, მაგრამ სამჯერ გამომაგდეს იქიდან. ბოლოს მთავარ მხატვრად ორი წლის წინ დამნიშნეს და მაშინაც გამომაგდეს. სულ მაგდებენ ჩვენი თეატრებიდან… სამაგიეროდ, საზღვარგარეთის თეატრებში მეძახიან. დამდგმელი ჯგუფი – კომპოზიტორი და რეჟისორი, ბალეტმაისტერი და მხატვარი ერთ დონეზე უნდა იყვნენ, რომ გამოვიდეს სპექტაკლი. სპექტაკლი დროს ამ შემთხვევაში უძლებს. მაქვს ისეთი სპექტაკლები გაკეთებული, რომლებიც დღემდე არსებობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

ეპიზოდი მეხუთე: როსტროპოვიჩი, მაია პლისეცკაია, ვალოდია ვასილევი, პიტერ უსტინოვი, მორის ბეჟარი, პლასიდო დომინგო, ბორის ჰეიფმანი, იური ტემირკანოვი, ვალერი გერგიევი, უამრავი კიდევ, ვისაც ვერ ვიხსენებ, ვახტანგ ჭაბუკიანი, სალვადორ დალი… მათთან მქონდა ურთიერთობა. როცა ხარ იმ ორბიტაზე, სადაც ესენი არიან, ძალაუნებურად ხვდები ამ ადამიანებს, ეჯახები შემოქმედებით, ეს ბუნებრივად ხდება.

ეპიზოდი მეექვსე: „ბომბორა“ „ჩემი ბიჭია“. სამი ქალიშვილი მყავს, ბიჭი არ მყოლია და ავდექი და გავაკეთე „ბომბორა“. ამიტომაც ჩემ ბიჭს ვეძახი. ბომბორა ბავშვების გმირად გადაიქცა. ის თვითონ აირჩიეს ბავშვებმა. როდესაც ბადრი პატარკაციშვილმა მითხრა, მომეხმარე ამ პარკის აღმშენებლობაში, მოიფიქრე საინტერესო რაღაც-რაღაცებიო, მაშინ ბავშვებს მისცეს ამოსარჩევად და ბავშვებმა ამოირჩიეს ბომბორა. ბომბორამ თავისით გაიკვლია გზა. ბავშვებს შეაყვარა თავი, „ავიდა“ ზევით და მთის მასპინძელია. ბოლო დროს შეცვალეს მსოფლმხედველობა იქაურმა მესვეურებმა და ჯერ „შრეკი“ აიყვანეს, უნდა შეეცვალათ ბომბორა შრეკით, მერე „მიკი მაუსები“ და რაღაცები, და არ ვიცი, არ მომწონს, რა თქმა უნდა, რადგან შენი გმირი უნდა გყავდეს. ბავშვებს უყვართ და ვის ეჯიბრები, ვერ გავიგე…

ეპიზოდი მეშვიდე: ძალიან საინტერესო, საოცარი მოვლენებით და სილამაზით დაძეძგილი გზა გავიარე. ამიტომ ჩემი არჩევანი სწორი გამოდგა – საითაც წავედი, უნდა წავსულიყავი. ჩემი ისტორია არის იუმორით, სიკეთით, ტრაგედიით აღსავსე. ვცდილობ პატივი ვცე ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემ შექმნაში, ყველას ვუკეთებ ან ძეგლს, ან ვხატავ. მინდა ეს საოცარი გალერეა მოვასწრო და დავასრულო.

ეპიზოდი მერვე: ყველაფერს ვამბობ, იმიტომ რომ შიშის გრძნობა არ მაქვს. თუ რაღაცის გაკეთება მინდა სიყვარულით — ვაკეთებ. გეგმებზე წინასწარ არ ვსაუბრობ, რადგან მერე აღარ გამოდის. არ ვუფრთხილდებით იმას, რაც გვაქვს. ღმერთმა უკვე გვაჩუქა სამოთხე, ადამიანები კი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს სამოთხე თავზე დაგვექცეს. ამიტომ ხდება ამდენი უბედურება, ამიტომ იცვლება ამინდები.

ბევრმა არ იცის, რომ მთაწმინდის პარკი ჩემი გაკეთებულია, არ იციან, რომ ჩემი გაკეთებულია ნაძვის ხე, რომელიც მეშვიდე წელიწადია თავისუფლების მოედანზე დგას, მესამე ადგილზე გაიყვანა თბილისი მსოფლიოში. პოპულარობას რაც შეეხება, არ მინდა ეს პოპულარულობა, არ მაინტერესებს. ვიქნები – ვიქნები, არ ვიქნები — არ ვიქნები. ჩემთვის მთავარია გავცე, რაც შეიძლება მეტი დავახვავო და დავტოვო, თან ხომ არ წავიღებ… რა გაქვს გაკეთებული საქართველოსთვისო და ხომ არ დავუჯდები და ხომ არ დავუწყებ საუბარს. ფილმიც გადაიღეს, ნორმალური გადაცემების გაკეთება დაიწყეს, მაგრამ არ ვუშვებ ხოლმე სახლში ახალგაზრდა კორესპონდენტებს – ისეთი შეკითხვები აქვთ, არ შემიძლია პასუხი გავცე. არ ვცდილობ, რომ პიარი გავიკეთო, იმიტომ რომ არ მჭირდება. ეს არ არის პესიმიზმი, ეს არის რეალურად მოაზროვნე ადამიანის აზრი ცხოვრებაზე. ზედმიწევნით ზუსტად ვიცი, რა არის მიწა, როგორ უნდა დავდგა ფეხი, ვიცი, რომ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ არ იქნება როგორც გინდა და ასე შემდეგ. ერთი რამ მაწუხებს – ბოლო დროს ჯანმრთელობამ შეიძლება შემიშალოს ხელი, რომ რაღაცას ვერ მოვერიო და ვერ გავაკეთო. ამას განვიცდი, თორემ ისე ოპტიმისტი ვარ…

ეპიზოდი მეცხრე: სიყვარულის იდეალური აღქმა, გაგება აღარ არის. არსებობს ღმერთის მიერ ბოძებული ყველაზე დიდი გრძნობა. მთავარია, ფესვები გაიდგა თუ არა ბოლომდე. სიყვარული განსაზღვრავს ყველაფერს, ის არის წინსვლის, პროგრესის, ფანტასტიკური ცხოვრების და ურთიერთობის საშუალება, ამაზე უკეთესი არაფერი გამოგონილა, მაგრამ რატომღაც არ გვიყვარს სიყვარული, ამაზე მწყდება გული…

P.S. თავად არ ინება საუბარი და ჩვენ უნდა ვთქვათ: პარიზში, პიერ არჟილეს ცნობილ მუზეუმში სალვადორ დალის ნამუშევრებთან ერთად შეგხვდებათ მურაზ მურვანიძის შესრულებული დალის პორტრეტი, რომელიც დიდი მხატვრის სიცოცხლეშივე და მისი თხოვნით გამოფინეს. 

ასეთი გახლავთ მურაზ მურვანიძე, მხატვარი, სცენოგრაფი, მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული, ხოლო საქართველოში?!

 

ავტორი: ვახტანგ კობაიძე

გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.