USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Тбилиси
მურაზ მურვანიძე: მთელი ცხოვრება მაქვს განცდა, რომ ვალში ვარ ღმერთთან იმისთვის რომ გავჩნდი
дата:  3827

რუბრიკა: თბილისის საპატიო მოქალაქეები

მურაზ მურვანიძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 2003 წელს მიენიჭა.

საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ღირსების ორდენის კავალერი მურაზ მურვანიძე იმ იღბლიან ადამიანთა შორისაა, ვისმა  პროფესიული გზამაც მსოფლიოს დიდი თეატრების სცენაზე გაიარა: მარინის თეატრი, მეტროპოლიტენ თეატრი, კოვენტ გარდენი, რომის თეატრი, ლა სკალა  - ვრცელია იმ საოპერო და საბალეტო თეატრების ჩამონათვალი, სადაც  მურამ მურვანიძემ  წლები გაატარა. უცხოეთში წარმატებული კარიერის მიუხედავად რთული აღმოჩნდა მისთვის  პროფესიული გზა სამშობლოში -  საკრალურად  ექცა მშობლიური ქალაქის ოპერის და ბალეტის თეატრი, რომლის დატოვებაც სამჯერ მოუხდა. 

ამის მიუხედავად, მურაზ მურვანიძე მაინც ფიქრობს, რომ ძალიან გაუმართლა - პირველ რიგში,  იმ სიყვარულისთვის რაც მშობლიურ ქალაქში ნამდვილად არ დაკლებია. თბილისის საპატიო  მოქალაქის ტიტულიც იმაზე ადრე „მიიღო“, ვიდრე ოფიციალურად მიანიჭეს. მისი და თბილისის „რომანი“ ერთი დიდი ისტორიაა -  თბილისის პირველი აღქმაც  ახსოვს და ის ვალიც, რაც ამ ქალაქის და ცხოვრების მიმართ აქვს. ინტერვიუ რუბრიკისთვის, თბილისის საპატიო მოქალაქეებთან, მურაზ მურვანიძესთან  თბილისზე  საუბრით  დავიწყეთ.

მურაზ მურვანიძე: თბილისთან ჩემი ემოციური კავშირი ძალიან პატარა ასაკში დაიწყო, მაშინ, ალბათ, ფეხი არც მქონდა ადგმული. დიდუბეში,  ჩემს სახლში ვიყავი, ვიწექი, თავი უკან გადავწიე და ფანჯრიდან დავინახე სინათლე. ეს ეპიზოდი იმდენად მძაფრად  მქონდა ჩარჩენილი,  რამდენჯერმე დამესიზმრა კიდეც. როგორც ვიცი, ჩემი ბავშვობის სახლს უკვე ანგრევენ,  ძალიან  მინდა ის ფანჯარა წამოვიღო  და  ჩარჩოდ გამოვიყენო.  დიდუბის მოგონებებს დავხატავ და ჩავსვავ ამ ჩარჩოში, რადგან ის სიყვარული, რაც მე მაქვს ამ ქალაქის მიმართ, სწორედ იმ ჩარჩოში შემოსული სინათლით იწყება.

 მსოფლიოს უამრავ ქალაქში მოგიწიათ ცხოვრება, იმ ძველ სახლთან ემოციური კავშირი ასე  მნიშვნელოვანია თქვენთვის?  

 -იქ, იმ სახლში და იმ ქუჩაზე დაიწყო ჩემი ცხოვრების  გზა. მე რომ  შესაძლებლობა მქონდეს, იმ სახლს მთლიანად შევიძენდი და  მასში ჩემს ჩანაფიქრს  განვახორციელებდი - გავაკეთებდი ჩემს მუზეუმს, რაზეც წლებია ვოცნებობ.  მე დიდუბეში გავიზარდე, დღევანდელ იამანიძის ქუჩაზე.  სახელი მთლად კარგი არ ერქვა ჩვენს ქუჩას, კოოპერაციის სახელი  რა დასარქმევია, მაგრამ  ქუჩა ნამდვილად ულამაზესი  იყო. გამიმართლა რომ დიდუბეში დავიბადე. 

სად იყო საბურთალო და ვაკე, როდესაც თამარ მეფემ ჯვარი დიდუბის საყდარში დაიწერა?!  საინტერესო ადამიანები ცხოვრობდნენ, კარგი საზოგადოება იყო თავმოყრილი. ჩემი სახლიდან ყოველთვის ისმოდა კარგი მუსიკა. ბაბუაჩემი, მათემატიკოსი იყო, მაგრამ ძალიან კარგად მღეროდა, დედა მუსიკის მასწავლებელი იყო. დედას კურსელი იყო რეზო ლაღიძე. ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ კომპოზიტორები, მუსიკოსები. სალონური კონცერტები იმართებოდა ხოლმე, რასაც მერე ხშირად მახსენებდნენ ჩემი უბნელები.   

 ამ უბანმა განსაზღვრა ჩემი ცხოვრების გზა. ხატვა დიდუბეში დავიწყე. მაშინ დღევანდელ  ელიავას ბაზრობასთან  მტკვარში კუნძული იყო,  მთელი დიდუბის და ქალაქის  „შავი სამყარო“ იქ იკრიბებოდა. „ნაკოლკებს“ ვახატავდი ქურდებს, ძალიან პოპულარული ვიყავი. „კულტურნი“ მოვიდაო, ამბობდნენ ხოლმე ჩემზე.

განათლებული ბებია და ბაბუა მყავდა, ბევრს მიკითხავდნენ, მეც ბევრს ვკითხულობდი, ამიტომ როცა რამე აინტერესებდათ, „კულტურნი“ მოვიდა, ამას ეცოდინებაო, იტყოდნენ ხოლმე. მე დიდ პატივს მცემდნენ. ნაქურდალ რაღაცეებს მჩუქნიდნენ, მაგრამ  ბაბუა ყველაფერს ყრიდა. იმის მიუხედავად, რომ თვითონ ასე ცხოვრობდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ  უბნის ქურბაცაცებს  ჩემზე ცუდი გავლენა არ მოეხდინათ. ისე გამზარდეს ოჯახში, ტყუილი და მოპარვა არც იყო ჩემი საქმე, ხელი რომ წამცდენოდა, მე თვითონ მოვიჭრიდი  იმ ხელს.

მე მამა არ მყავდა და ეს ადამიანები ასე გამოხატავდნენ ზრუნვას. რატომღაც ისე იყო, რომ ადამიანები, ვინც ფრონტზე არ წავიდა ან  დაბრუნდა  ფრონტიდან, თითქოს დანაშაულს გრძნობდნენ ჩემი, ობოლი ბიჭის მიმართ, რომელმაც მამა ომში დაკარგა. ჩემ მიმართ ყველა  ზრუნვას და ყურადღებას იჩენდა დიდი პიროვნებებით დაწყებული ქურდებით დამთავრებული.  

იმ დროს დიდუბეში, ქუჩაში ყველაფერი  ხდებოდა  - ქურდობასაც შევსწრებივარ, ზარის თამაშსაც, უფრო მეტიც,  ზარის თამაშის  დროს, მეთვალყურედაც ვმდგარვარ, მეტყოდნენ ხოლმე:  მილიცია თუ წამოვა, შეგვატყობინე,  ავკრიფოთო  (იცინის)    მე ყველას მადლიერი ვარ, ვინც ცხოვრების იმ რთულ პერიოდში გვერდით დამიდგა. ასეთი ადამიანები მაშინ ბევრნი იყვნენ. მე ბებია მზრდიდა, ბაბუა და დედა ორ - ორ სამსახურში მუშაობდბენ და ჩემთვის ვერ იცლიდნენ. ხშირად ჩავდიოდო კახეთში მეორე ბებიასთან, თელავის მიმართ დიდი სიყვარული  და მონატრება მაქვს.  ბაბუჩემის და ცხოვრობდა ოზურგეთში იქაც ხშირად მივდიოდი, ძლიერი ოჯახი ჰქონდათ,  მაშინ თბილისში შიმშილი იყო, სოფელს ისე არ უჭირდა, როგორც ქალაქს, რომ ქალაქელი სტუმრები  ვერ მიეღოთ  და ვერ  შეენახათ.

 -  ვინ იყვნენ ადამიანები, ვინც  მაშინ თქვენი ცხოვრება განსაზღვრა?

- ეს იყო პირველ რიგში ჩემი ოჯახი, რაც არის საწყისი ყველა ადამიანისთვის და  ეს იყო ჩემი ქალაქი -  ჩვენ მთელ დღეებს ვატარებდით სხვადასხვა ეროვნების ბავშვებთან, ერთად ვთამაშობდით ყველა: ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ებრალები. მე მგონია, რომ თბილისის სიმბოლო   სწორედ ეს  მრავალფეროვნებაა. ამ ნიშნით იყო გამორჩეული თბილისი   საქართველოს სხვა ქალაქებისგან.  ასე მგონია, რომ   იმ შესანიშნავმა ხოხობმა  თვითონ მოინდომა თავის მოხარშვა  სწორედ ამ ადგილას, რომ აქ აშენებულიყო  ინტერნაციული, სიყვარულის ქალაქი. ახლა ძალიან მაწუხებს ჩვენი ქალაქის ამბავი-ისე გადაიტვირთა მე მინდა თავი მოვიხარშო სადღაც, რომ ახალი სიყვარულის ქალაქი აშენდეს (იცინის)

- რა აკლია თბილისს ისეთი, რაც წარსულში მისი მთავარი ხიბლი იყო?  

 - ამ ქალაქს აცოცხლებდა ნაირფეროვნება. ყვავილების თაიგული წარმოიდგინეთ, ერთი სახეობის ყვავილისგან გაკეთებული თაიგული ლამაზია, მაგრამ ღარიბი,  სხვადასხვა სახეობის ყვავილი სხვა სილამაზის თაიგულს ქმნის. თბილისში 82 ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა. სწორედ ამის გავლენით  ჩვენს ქალაქში  შეიქმნა თბილისური ენა, რომელიც ყველაზე დახვეწილი ენაა, მასში ყველაფერი დევს - მაღალი ნოტებიც, იუმორიც,   გემოვნებაც, სილამაზეც.  აქ დაბადებულ  კაცს  ეს ენა სხვანაირად აქვს შესისხლხორცებული, ვინც ჩამოდის თბილისში, ამ ენაზე ლაპარაკი რომ დაიწყოს„მეცადინეობა“ სჭირდება.  

თბილისელობა ძალიან ძნელია, ბევრი უნდა იმეცადინო, რომ გახდე თბილისელი. თუ აქ დაიბადე  ამ სურნელს თავიდანვე ატარებ, სხვანაირად ხარ აშენებული.

ეს მრავალფეროვნება ისე შედის შენში, ვერვ გრძნობ, როდესაც ამ მრავაფეროვნებას აღარ მოუფრთხილდნენ და თბილისი მონოგამური გახდა,  ქალაქმა დაკარგა ის იერი,  რაც იყო მისი მთავარი ხიბლი.   

ჩვენი ქალაქის ფერადოვნება იყო სიყვარული, მოფერება, რომელიც გააჩნდა თბილისს. დღეს რა ხდება? გაუთავებელი მშენებლობა უდიდეს დაღს ასვავს ჩვენს ქალაქს.

ერთხელ საკრებულოში, თბილისის პრობლემებზე საუბრის დროს,  ქვიშის საათი მივიტანე. გაეცინათ, რატომ მოიტანე ქვიშის  საათიო? - მკითხეს. ვთხოვე წარმოედგინათ, რომ ქვიშის საათი იყო თბილისი, მასში მოთავსებული ქვიშის ნაწილაკები -  ქალაქის მაცხოვრებელები. ქვიშა ზედა კოლოფიდან ქვედა კოლოფში გადის სამ წუთში.  წარმოიდგინეთ, ქვიშის საათის კოლბაში, ვტენით, რაც შეიძლება მეტ ქვიშას, რომელიც ვეღარ გადის სწრაფად და იჭედება კოლოფი. ამას ემატება უამრავი პრობლემა. ჩვენი მოსახლეობა  იხრჩობა გამონაბოლქვით, ვერ მოძრაობს ტრანსპორტი,  სადაც კი თავისუფალ ადგილს პოულობენ, ყველგან რაღაც შენდება, ეს ხომ არ არის ნორმალური?

ამას გარდა ჩვენ გვჭირს გაუთავებელი „თუთიყუშიზმი“. ერთი რომ რესტორანს ააშენებს, მეორემ აუცილებლად გვერდით რესტორანი უნდა მოუდგას, ერთი რომ ბენზინგასამართ სადგურს ჩადგავს, მეორეც იგივეს იმეორებს, არანაირი კრეატიული აზროვნება და ახლის შემოტანა, ეს უარყოფილია ყველა ეტაპზე და ყველგან, ამიტომაც ვდგავართ კოლაფსის პრობლემის წინაშე.

 კრეატივი და სიახლე ყველგან და ყველაფერში აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს გემოვნების, ესთეტიკის შერწყმით. თუნდაც წმინდა გიორგის მონუმენტზე აღმართული ჩემი ნაძვის ხის კომპოზიცია ავიღოთ. რამდენი ვიფიქრე მასზე მუშაობის დროს.   CNN -მა  საუკეთესო ნაძვის ხეების შვიდეულში შეიყვანა თბილისი კი მესამე ადგილზე გაიყვანა მთელ  მსოფლიოში. შემდეგ მერიაში შეიცვალა ხალხი და ყველაფერი შეცვალეს. ეს იგივეა ეკლესია გადააკეთო. ხალხი ამბობდა, რომ გავივლიდით პირჯვარს ვიწერდით, თითქოს წმინდა გიორგის  მონუმეტიდან ღვთის სხივი გადმოდიოდაო. ახლა  რაც შეიძლებოდა ყველაფერი შიგნით  არის ჩადგმული. როგორ შეიძლება საავტორო უფლების ასე დარღვევა?  რატომ უნდა შემოიტანო ცუდი გემოვნება, მაშინ  როდესაც ის უკვე  ტრენდად იქცა და ჩვენგან  მოიპარეს ეს იდეა საბერძნეთის, რუსეთის ქალაქებმა, მაგრამ  ვინ იყო ჩვენი ინტერესების დამცველი?!   

- ძალიან წარმატებული იყო თქვენი საქმიანობა უცხოეთში, მსოფლიოს ცნობილ  თეატრებში, ცნობილ ადამიანებთან მოგიწიათ თანამშრომლობა. იგივეს ვერ ვიტყვით საქართველოზე, აქ თქვენი პროფესიული გზა ძალიან ბევრ სირთულეზე გადიოდა.  გქონდათ სინანული ამის გამო?

-  ჩემი ახალგაზრდობის წლებში ნიჭი ყველაფერში გადგებოდა კაცს, ახლობელი და ნაცნობი არ იყო საჭირო.  ჩემი ნიჭის გამო,  თავიდან ყველგან მეძახდნენ, მერე და მერე  შეწყვიტეს ჩემი გამოცდილების და ნიჭის გამოყენება, იმიტომ რომ  შეიცვალა რაღაცეები, ყველა თავისიანს უწევდა მფარველობას. მგონია, რომ  ნეპოტიზმი ქართული სიტყვაა, თუმცაღა ისეთი თაობა მოდის,  ამას  აუცილებლად დაამთავრებს. არ დაგიმალავთ და  მქონდა სინანული. სამჯერ დამატოვებინეს ოპერის თეატრი, იმ სპექტაკლის  გულისთვისაც კი გამომაგდეს, რომლის დეკორაციაც აღიარებულია, როგორც ყველა დროის საუკეთესო დეკორაცია. როდესაც „აბესალომზე“ ვიმუშავე,  დარწმუნებული ვიყავი, რომ  ბოლოსადბოლოს „აბესალომ და ეთერის“  ბედი გადავწყვიტე. იმის მიუხედავად, რომ კარგად  მღეროდნენ მსახიობები, კარგად უკრავდნენ, თვითონ  მხატვრული გადაწყვეტა არ იყო ისეთი, რომ ამ სპექტაკლს სათანადო აღიარება ჰქონოდა. 14 თვე ვიმუშავე  სპექტაკლზე, მაგრამ ისე გამომაგდეს თეატრიდან, ნანახიც კი არ ჰქონდათ, რა გავაკეთე.  

არ ვიცი რატომ,  მაგრამ  არ ვუყვარდი რეჟისორებს.  მოშურნეც ბევრი მყავდა, რომლებიც ძალიან მიშლიდნენ ხელს. ხანდახან ისეთ ჭორებს გავიგებდი ხოლმე საკუთარ თავზე, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. არაფერი რომ ჰქონდა საერთო სიმართლესთან.   ერთხელ  სერგო ფარაჯანოვმა თვითონ გამაცილა პეტერბურგში, ისეთი ურთიერთობა გვქონდა, წელიწადის შემდეგ  რომ ჩამოვედი, უკვე  აღარ მელაპარაკებოდა, ისეთი რაღაცეები უთხრეს ჩემზე. არა და ვგიჟდებოდი ისე მიყვარდა და  ვაფასებდი  მის ნიჭს.  ხალხი მეკარგებოდა, უცებ ქრებოდნენ ხოლმე ჩემი ცხოვრებიდან. ალბათ, უფერული და უნიჭო ადამიანი რომ ვყოფილიყავი, ასეთი ამბები არ იქნებოდა ჩემ ირგვლივ. არ არის ადვილი მხატვრის,  ხელოვანის ხვედრი. ნებისმიერ დროში და ეპოქაში ასეა.  

-  სამაგიეროდ სალვადორ დალი, ფელინი აღიარებდნენ თქვენს შემოქმედებას. როგორ შეხვდით მათ, სად გადაიკვეთა თქვენი გზები?

-ამ მხრივ ძალიან გამიმართლა,იღბლიანი ადამიანი ვარ. თეთრ სახლში მოვხვდი როლანდ რეიგანთან, მამა ბუშთან. „მარინის თეატრიდან“ წავედით გასტროლზე ამერიკაში. გადავწყვიტეთ, რაიმე გადაგვეცა რეიგანისთვის სამახსოვროდ.  დავიწყე ხატვა. ერთი კვირა ვიმუშავე, ძალიან კარგი  ნამუშევარი გამოვიდა, მაგრამ "კაგებემ“ ჩემი ნახატის ამერიკაში  წაღება  გადაიფიქრა. ამერიკელმა იმპრესარიომ მითხრა,  მოდი, დუბლი გაკეთე,  დუბლი  ამათ გადავცეთ და ნახატს მე  ჩავუტან  ჩუმად როლანდ და ნენსი რეიგანებსო. მართლაც ასე მოიქცა. როცა იმპრესარიომ როლანდ რეიგანს ეს ისტორია მოუყვა, გამაცანიო, უთქვავს ჩემზე. კენედის ცენტრში შევხვდით ერთმანეთს. ნენსიმ როლანდ უთხრა,ნახე როგორი გარეგნობის ახალგაზრდაა, ჰოლივუდში დარეკე, იქნებ სადმე გადაიღონო, რაზეც ძალიან ბევრი ვიცინეთ.

ამ მხრივ საოცარი ბედი მერგო, ასეთ საინტერესო ხალხს შემახვედრა ცხოვრებამ. ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ფედერიკო ფელინიმ და სალვადორ დალიმ. მათ მთლიანად ამოაყირავეს ჩემი მსოფლმხედველობა.

ფელინი ჩვენმა საერთო მეგობარმა გამაცნო. ერთად მივუტანეთ  ჩემი პრემიერის ბილეთები. რომის ოპერაში მქონდა პრემიერა. მე და ჩემი მეგობარი ერთად ვესტუმრეთ ფელინის მის  სახლში,  სადაც ცხოვრობდნენ ფელინი და ჯულიეტა მაზინა. თბილად მიგვიღო, ბევრი  ვისაუბრეთ.  ჩაი დაგვავლევინეს. ფელინისთან შეხვედრა არ დამავიწყდება რა დროც არ უნდა გავიდეს. ასეთი შთამბეჭდავი იყო ჩემთვის სალვადორ დალისთან შეხვედრა. მაშინ ალბომები სად იყო თბილისში, მახსოვს აკადემიაში როცა პირველად მოიტანეს მისი ალბომი. გამიკვირდა, ჩვენ სხვანაირად გვასწავლიდნენ, ყველაფერი გასაგები და რეალისტური უნდა ყოფილიყო. არა და თურმე სიზმრის ხატვაც  შეიძლებოდა, ეს დალის ნახატებმა დამანახა. მერე პარიზში გავიცანი პიერ არჟილე.  მას უდიდესი საგანძური  ჰქონდა და ულამაზესი სასახლე, რომელიც სავსე იყო  სალვადორ დალის ნამუშევრებით. დალისთან მეგობრობდა, დალი სულ  მის სახლში იყო. იმ სასახლეში  ორი კვირა მეც ვიცხოვრე, სალვადორის ლოგინში მეძინა. დავხატე მისი მეგობრის პორტრეტი, რომელიც ძალიან მოეწონათ მასაც და დალისაც.  ჩემს ნახატზე თავად სალვადორმა უთხრა, მუზეუმში დაკიდეო. დღეს ის ნამუშევარი იმ მუზეუმშია. ამ პორტრეტის გამო სალვადორისგან საჩუქარიც მივიღე - მისი ავტოპორტრეტი, რომლის მიხედვითაც, მე დალის ქანდაკება გავაკეთე,დალის, ხელში ორი ნამუშევარი უჭირავს ერთი ჩემი, ერთი თავისი - „ჩენჯი“  ქვია ამ ნახატს.

1989 წელს შემომთავაზეს მხატვარ კოორდინატორად დარჩენა ლინკოლნ ცენტრში, ასევე პარიზიდან და ლონდონიდან  მქონდა ძალიან კარგი შეთავაზებები, მაგრამ  არ დავრჩი. წამოვედი თბილისში, რომ ჩემს თეატრში მემუშავა. მუსიკალური თეატრის ისეთი სკოლა მქონდა გავლილი, აქ მინდოდა ჩემს ქვეყანაში ამ გამოცდილების გამოყენება, მაგრამ არ გამოვიდა.  ძალიან იშვიათი გამონალისია,  მხატვარმა  მუსიკალური ნაწარმოები ბოლომდე შეისწავლოს და მერე მიუძღვნას მას თავისი  მხატვრობა.  თავს კი არ ვიქებ, მაგრამ მე ეს შემეძლო, რადგან  მუსიკასთან გენეტიკურად ვიყავი დაკავშირებული, მუსიკის დიდი დამფასებელი და მცოდნეც ვიყავი, შესაბამისად, ეს ძალიან მადგებოდა ჩემს საქმეში. ამას გარდა სულ მინდოდა, იქ სადაც მე ვიყავი, ერთმანეთის სიყვარული ყოფილიყო. პეტერბურგიდან თბილისში რომ ჩამოდიოდნენ სტუმრები, მეუბნებოდნენ: ვიდრე თქვენ მარინის თეატრში იყავით, ჩვენ ყველას ერთმანეთი გვიყვარდა, რაც თქვენ წახვედით, ერთმანეთი გვეჯავრებაო.

სამწუხაროდ, ასეთი კულისები აქვს თეატრს.

„მარინის თეატრში“ გატარებული პერიოდი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპია.  ხელფასს არ ვიღებ, თორემ იქ ახლაც ვირიცხები თეატრის მთავარ მხატვრად, ხელუხლებელია ჩემი სამუშაო კაბინეტი. ერთმა  ცნობილმა კრიტიკოსმა დაწერა: ლენინგრადის კიროვის თეატრში ჩამოიყვანეს მხატვარი მურაზ მურვანიძე, ცოტა ხანში ლენინგრადის კიროვის თეატრი იმპერატორის მარინის თეატრად გადაიქცა,  მურვანიძე რომ გაუშვეს ამ თეატრიდან, მარინის თეატრი ისევ ლენინგრადის კიროვის თეატრი გახდაო. ამ თეატრთან ბევრი კარგი მოგონება მაქვს დაკავშირებული. არასდროს მავიწყდება ერთი ისტორია -  თეატრში მუშაობის დროს, თეტრის კაპელდინერებმა, საოცარი საჩუქარი  გამიკეთეს. ბლოკადაგამოვლილი, მოხუცი  ქალბატონები იყვნენ, ჩემი დაბადების დღისთვის მანეთ-მანეთი დადეს და მიყიდეს წიგნი „იტალიური მხატვრობა“. ამაზე  ბევრი ვიტირე,  საჩუქრისგან ასეთი სიხარული ცხოვრებაში არ მიმიღია.  

- გამიგია, რომ ახალგაზრდობაში გქონდათ ხილვები, რომელიც  თქვენს პროფესიასთანაც იყო დაკავშირებული,  მაგალითად, ჩაცმულ ქალს, ხედავდით შიშვლად და ა.შ, რაც ადამიანებისთვის საკმაოდ  უცნაურად ჩანდა.

-  კი მქონდა  ხილვები. თვალს რომ დავხუჭავდი ფანტასიკურ რამეებს, აბსტრაქტულ სილამაზეს ვხედავდი. მუსიკაც მესმის, ზეციური მუსიკაა. ნოტების ჩაწერა არ ვიცი და ძალიან ვნანობ, ვხუმრობ ხოლმე,  კარგი იქნებოდა არსებობდეს რამე აპარატი, თავზე დაგამაგრონ და ჩაიწეროს ის მუსიკა, რაც თავში მოდის. მოკლედ ჩემმა  ხილვებმა ისე  შეგვაშინა,  მაკამ ( მაკა მახარაძემ  - ) ავლიპ ზურაბიშვილთან წამიყვანა. მთელი კონსილიუმი იყო შეკრებილი. 6 ექიმი ესწრებოდა. გამსინჯა ბატონმა ავლიპმა, რას უჩივიო, მკითხა. მოვყევი რასაც ვხედავდი. მოგწონსო? მკითხა- კი, მეთქი, დავეთანხმე. მშურს შენი, ნეტავ მე მქონდეს ეგ ნიჭი, არ ხარ სამკურნალო, დროზე ადექი დროზე, წადი აქედანო - გამომაგდო სიცილ-ხარხარით. 

 - მურაზ მურვანიძე და მეგობრები..

-  დღეს ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა. მეგობარი ბევრი გვყავდა, მაგრამ ძალიან ახლოს  ხუთი მეგობარი ვიყავით, მე,  ბუბა, სიომა ბარქაია,  თამაზ გოგინაშვილი დ გაიოზ გალდავაძე. ახლა მარტო მე და თამაზი დავრჩით.  ბუბას წასვლის შემდეგ  ხუთი თვე გარეთ ვერ გავედი. ბოლო წლებში სულ ერთად ვიყავით. პურმარილზე  გვერდი გვერდ ხელჩაკიდებული ვიჯექით, ერთ ლოგინში  გვეძინა, მოდიოდა ჩემთან და აქ რჩებოდა ხოლმე. ახლა აღარც ბუბაა, აღარც სიომა, აღარს გაიოზი. გვიჭირს მე და თამაზს ერთმანეთის ნახვა, ისეთი ტრავმა მივიღეთ ბუბას წასვლით.

- აუხდენელი ოცნებები დაგრჩათ თუ ყველაფერი აისრულეთ, რაზეც გიფიქრიათ?

- სულ მინდოდა სახლი ტბის პირას, მაგრამ ვერ ავისრულე. ამ მხრივ ცოტა დაუდევარი ვარ, როცა საზღვარგარეთ ვმუშაობდი, შემეძლო ამ  ოცნების  ასრულება, მაგრამ ვერ მოვახერხე.  ამ სახის დაგეგმვებში ვერ გამოვდექი. სხვისთვის ყველაფერს გავაკეთებდი, ჩემთვის - სუსტი   ვარ მენეჯმენტში (იცინის)  25 მანქანა მაქვს ნაყიდი,აქედან მხოლოდ 5 ჩემთვის. დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, როდესაც ადამიანებს სიხარულს ვანიჭებდი.  

ამ ოცნებაზე ხელი არ ჩამიქნევია, სიზმარში ხშირად ვხედავ, ჩემს სახლს ტბასთან. ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ასე მგონია, გამოჩნდება ვიღაც უცებ, ვინც ამ ოცნების ასრულებაში დამეხმარება. მე მქონდა  ჩემი ნავი, თბილისის ზღვაზე დავტოვე, არც  კი ვიცი, იმ ნავის ბედი. გაიყიდა იქ იახტ კლუბი, დაიშალა ყველაფერი. ახლა სულ ვფიქრობ, მე ხომ ვაწყობდი ასეთ სიურპრიზებს. ტბასთან რომ ვიცხოვრო, ნავი მეყოლება და ალბათ, დიდხანს არ მოვკვდები.

ბოლო წლებში აქტიურად ვმუშაობ ჩემს  მუზეუმზე, მინდა კარგი მუზეუმი გავაკეთო და  დავტოვო. პოლიტიკასთან კავშირი მე არასდროს მქონია, მაგრამ როცა უცხოეთში ვიყავი, იქ სულ მქონდა ხოლმე კონტაქტი ქალაქის მერებთან, მინისტრებთან. რატომღაც საქართველოში ამ მხრივ არ მწყლობდნენ, ერთადერთი ადამიანი, ვინც დაინტერესდა ჩემით, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანია, პირადად მესტუმრა, ძალიან მონდომებულია რომ ოპერასთან დაიდგას ვახტანგ ჭაბუკიანის ძეგლი, რაც ძალიან მახარებს. ვახტანგი გულნატკენი წავიდა ამ ცხოვრებიდან, არა და ის საქართველოს ნომერი პირველი ხელოვანია. როგორც ბრაზილიისთვის არის პელე, ასეა ჩვენთვის ვახტანგ ჭაბუკიანი, დღემდე რომ ვერავინ გადაფარა. ძალიან კარგი ძეგლი გავაკეთე. იმედია მოვახერხებთ მის დადგმას. ქალბატონი თეას თხოვნით ასევე  ვმუშაობ ქუთაისის ფარდის  მოხატვაზე.  ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ქვეყანას გამოადგება. მთავარია რამე გამაკეთებინონ, მეტი არაფერი მინდა.

მთელი ცხოვრება ისეთი განცდა მაქვს, რომ ვალში ვარ ღმერთთან იმისთვის რომ გავჩნდი. ვიღაცისთვის შეიძლება ეს ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ჩემთვის ასე ნამდვილად არაა. იმაზე მეტი იღბალი რა არის, მილიარდ ქრომოსომას შორის შენ  რომ ამოგარჩიეს და მოევლინე სამყაროს.  ბედნიერი ვარ, როდესაც ვუყურებ ბავშვებს, პატარებს სახლში თუ ქუჩაში, როდესაც ვხედავ სილამაზეს. რადგან გაჩნდი, სულ ვალი უხადო ღმერთს. ეს ვალი ჩემი აზრით გამოიხატება შექმნაში. კაცი ჭამის, სმის და სადღეგრძელოებისთვის კი არ ხარ მოვლენილი ამ ქვეყნად. არა!  უნდა გასცე, შენში უნდა აღმოაჩინო ყველაზე საუკეთესო რაც შეგიძლია და ის უნდა აკეთო ღირსეულად და სიყვარულით! 

თამარ ნიჟარაძე   

Тбилиси
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

более
голосование
Кстати