USD 2.6071
EUR 2.9911
RUB 3.0972
Tbilisi
მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსება და ბიუროკრატია
Date:  2783

ადგილობრივი მმართველობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სერვისის მიწოდება წარმოადგენს, რაც დროის კონკრეტულ მომენტში, საჯარო ფინანსების ეფექტიანად განკარგვის პარალელურად უნდა განხორციელდეს. აღნიშნულ საქმიანობისთვის, მუნიციპალიტეტები აფუძნებენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს, და მათზე ახდენენ ფუნქციების დელეგირებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის: კულტურულ და სპორტულ სფეროთა მხარდაჭერა, კომუნალური სერვისების მიწოდება, ტურიზმი და ძეგლთა დაცვა, სკოლამდელი აღზრდა და აშ.

ბოლო წლებში, მუნიციპალიტეტების მიერ დაარსებულ იურიდიულ პირებში მიმდინარე პროცესების შესახებ არაერთი კვლევა ჩატარებულა, რომლებიც ბიუროკრატიული აპარატის გამოწვევებზე მიუთითებენ. მაგალითად, როგორც IDFI-ის, ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიშები აჩვენებდა, რომ მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში სტაბილურად მზარდი იყო  დასაქმებულთა რაოდენობა და შესაბამისად, მათი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები. ასევე წლების განმავლობაში იზრდებოდა ა(ა)იპ-ების რაოდენობა და დაფინანსების მოცულობა, რაც შესაბამისად ზრდიდა მათ როლს თვითმმართველობების საქმიანობაში.

მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ განკარგული საბიუჯეტო სახსრების ზრდასთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა მათი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტების უმრავლესობა საბიუჯეტო დოკუმენტაციაში თუ მის მიღმა, ვერ უზრუნველყოფენ მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ განკარგული ფინანსების გამჭვირვალობას. მაგალითად, მხოლოდ ცალკეული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებშია განცალკევებით წარმოდგენილი მათი იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშები. ასევე, მუნიციპალიტეტები საკუთარ ვებ-გვერდებზე ნაკლებ ყურადღებას უთმობენ მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის ბოლო 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად მუნიციპალიტეტების იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა დასახელდა.  

მუნიციპალიტეტების იურიდიული პირების გამჭვირვალობის გაზრდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2017 წელს შექმნილ ელექტრონულ პორტალზე „ბიუჯეტის მონიტორი“ ასეთი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის განთავსება. სამწუხაროდ, აუდიტის სამსახურმა ვერ უზრუნველყო ამ ინფორმაციის თანმიმდევრული შეგროვება და პორტალზე გამოქვეყნება. 2020 წლის შემდეგ კი, ბიუჯეტის მონიტორის გვერდზე მუნიციპალიტეტების იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება სრულად შეწყდა.

მუნიციპალიტეტების იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციის შეზღუდული პროაქტიული ხელმისაწვდომობის პირობებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება  ადგილობრივი თვითმმართველობებიდან მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას. თუმცა, კვლევის პროცესი აჩვენებს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტები მათი იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ გასცემენ, ან მოწოდებული მონაცემები არასრულყოფილად არის დამუშავებული. მაგალითად, კვლევის ფარგლებში 64 მუნიციპალიტეტიდან IDFI-მ გარკვეული პასუხი მიიღო მხოლოდ 38მუნიციპალიტეტიდან.

 მუნიციპალიტეტებიდან მიღებული არასრულყოფილი და საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის სიმწირის გათვალისწინებით, IDFI-ის  კვლევის სამიზნედ ასევე შეირჩა  მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან სუბსიდიის მუხლით გაწეული ხარჯებიარსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან სუბსიდიის ხარჯების უდიდესი ნაწილი მიემართება მათ დაქვემდებარებაში მყოფ იურიდიულ პირებზე. შესაბამისად, ამ მონაცემების ანალიზი, რომლებიც სისტემატიზებულად განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე,  გვაძლევს იურიდიული პირების მიერ მიღებული დაფინანსების შესახებ ზოგადი ტენდენციების შეფასების გარკვეულ შესაძლებლობას.

 ძირითადი მიგნებები:

  

- მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან სუბსიდიის მუხლით გაწეული ხარჯები ყოველწლიურად, საშუალოდ 26%-ით იზრდება. შედეგად, 2022 წელს 64 მუნიციპალიტეტის სუბსიდიის ჯამურმა ხარჯმა მილიარდ ლარს გადააჭარბა (1,049,202,528 ლარი);

- 2022 წელს თბილისის ბიუჯეტიდან სუბსიდიის ხარჯმა შეადგინა 569.1 მილიონი ლარი, რაც 89 მილიონი ლარით აღემატება ყველა სხვა  მუნიციპალიტეტის მიერ სუბსიდიის მუხლით ერთად გაწეულ ხარჯს;

 

- 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, თბილისის სსიპ-ების მიღებული დაფინანსება 50 მილიონი ლარით, ხოლო ა(ა)პი-ების დაფინანსება 30 მილიონი ლარით გაიზარდა. სსიპ-ებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ხარჯები 20%-ით  (+2,3 მილიონი ლარი), ხოლო ა(ა)იპ-ების 23%-ით (+8.1 მილიონი) გაიზარდა;

 

- 2022 წელს თბილისის ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იყო 4,894 თანამშრომელი (შტატგარეშეების ჩათვლით), რომელთა შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 55.1 მილიონი ლარი. 2016 წლის შემდეგ, ქალაქ თბილისის ა(ა)იპ-ების რიცხვი 79-დან 71-მდე შემცირდა, თუმცა დასაქმებულთა რიცხვი 3,684-დან 4,894-მდე გაიზარდა;

 

 

- 2022 წელს თბილისის ა(ა)იპ-ებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო შრომის ანაზღაურება იყო (3,395 ლარი) ა(ა)იპ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქში“,  სადაც დასაქმებული 11 თანამშრომელიდან 9 მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. ასევე, ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდში (2,990), სადაც ფონდის დირექტორს, ჰყავს 5 მოადგილე და 4 მრჩეველი; *(იხ.შენიშვნა)

 - თბილისის ა(ა)იპ-ებში  სახელფასო სისტემა არაერთგვაროვანია. მაგალითად, ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს 58 თანამშრომელზე, დაახლოებით იგივე ოდენობის ანაზღაურება გაიცა რაც თბილისის ზოოლოგიური პარკის 143 თანამშრომელზე; მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს 365 თანამშრომელზე დაახლოებით 5-ჯერ მეტი შრომის ანაზღაურება გაიცა, ვიდრე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 353 თანამშრომელზე.

 - ბოლო ხუთ წელში, ბათუმის ა(ა)იპ-ების რაოდენობა 16-დან 13-მდე შემცირდა, თუმცა მათი დაფინანსება დაახლოებით 6-ჯერ, დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 9%-ით, ხოლო მათი შრომის ანაზღაურების ხარჯები 89%-ით გაიზარდა;

 - 2019 წლიდან 2022 წლამდე რუსთავის ა(ა)იპ-ების დაფინასება ბიუჯეტიდან დაახლოებით ორჯერ (22.6 მილიონიდან 40.6 მილიონამდე) გაიზარდა, ხოლო შპს-ეების დაფინანსება დაახლოებით სამჯერ (1.8 მილიონიდან 6.2 მილიონამდე) გაიზარდა. შედეგად, ა(ა)იპ-ების შრომის ანაზღაურების ხარჯი 11.1 მილიონიდან 18.6 მილიონამდე, ხოლო შპს-ეების 667.5 ათასიდან 3.6 მილიონამდე გაიზარდა;

- 2022 წელს, 38 მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში იყო 447 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. მათ შორის, ყველაზე მეტი (71 ა(ა)იპ) იყო თბილისის, ხოლო ყველაზე ცოტა (4 ა(ა)იპ)  ხობის მუნიციპალიტეტში.

 - 2022 წელს 5 მუნიციპალიტეტის შემთხვევაში დაფუძნებულია 7 ახალი ა(ა)იპ, სადაც დასაქმდა 401 თანამშრომელი და შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 2.9 მილიონი ლარი. მათ შორის, ყვარლის მუნიციპალიტეტის 2 ახალ ა(ა)იპ-ში დასაქმებულია 281 თანამშრომელი;

 - 34 მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს მუნიციპალურ ააიპ-ებში დასაქმებული იყო 33,549 თანამშრომელი. წინა წელთან შედარებით, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა;

 - ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, ააიპ-ებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის პროცენტული წილი მთლიან მოსახლეობაში 10%-ს აჭარბებს. მაგალითად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულია მოსახლეობის 15%, ცაგერი 13%, ყაზბეგი 10%;

 - 2022 წელს, 31 მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებზე (შტატგარეშეების ჩათვლით) გაწეულმა შრომის ანაზღაურების ხარჯმა შეადგინა 221.5 მილიონი ლარი. წინა წელთან შედარებით, შრომის ანაზღაურების  ხარჯი გაიზარდა 28%-ით;

 - 2022 წელს, ა(ა)იპ-ების შრომის ანაზღაურების ზრდა  სხვადასხვა  მუნიციპალიტეტში 6%-დან 89%-მდე მერყეობს. მათ შორის, ყველაზე დიდი ზრდა იყო ყვარლის (+89%), დმანისის (+47%) და ჩხოროწყუს (+45%) მუნიციპალიტეტებში;

  - 2022 წელს (13 მუნიციპალიტეტის მაგალითზე) შპს-ეებში დასაქმებულთა რიცხვი 6%-ით, ხოლო შრომის ანაზღაურების ხარჯები 16%-ით გაიზარდა;

  - 64 მუნიციპალიტეტიდან  ა(ა)იპ-ების  შესახებ საჯარო ინფორმაცია გასცა მხოლოდ 38 მუნიციპალიტეტმა, ხოლო შპს-ეების შესახებ - მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტმა.

  

დასკვნა

 

მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო დოკუმენტაციის და მიღებული საჯარო ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ კვლავ სტაბილურად მზარდია მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსება. შედეგად, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების და შპს-ეების ბიუროკრატიული აპარატი ყოველწლიურად იზრდება, რაც ასევე ბიუროკრატიის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ზრდას უწყობს ხელს.

 მუნიციპალიტეტების იურიდიული პირების ბიუროკრატიული აპარატის შესწავლით გამოვლენილი გარემოებები ასევე აჩენს ეჭვებს ადმინისტრაციული რესურსის მობილიზების მცდელობასთან დაკავშირებით. მაგალითად, ცალკეული მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმების მაჩვენებლები მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის 10%-ს აჭარბებს. ასევე, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ბიუროკრატიის ყოველწლიური ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია  იურიდიული პირების რაოდენობის შემცირების ფონზე.

 იურიდიული პირების შრომის ანაზღაურების ხარჯების ანალიზი აჩვენებს, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში  არაერთგვაროვანი  სახელფასო პოლიტიკაა, რაც გამოიხატება ერთი და იგივე სამუშაო პოზიციაზე მნიშვნელოვნად განსხვავებული ანაზღაურების ოდენობით. შედეგად მზარდი შრომის ანაზღაურების ხარჯების მიუხედავად, ვერ ხერხდება სამართლიანი ანაზღაურების სისტემის ფორმირება.  

 ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების საქმიანობის გაზრდილი მასშტაბის მიუხედავად, ასეთი ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის ხარისხი უარესდება. მაგალითად, მცირდება იმ მუნიციპალიტეტების რიცხვი, რომლებიც სრულყოფილად გასცემენ საჯარო ინფორმაციას, ხოლო საბიუჯეტო დოკუმენტაციაში იურიდიული პირების დაფინანსების შესახებ ინფორმაციის არასრულყოფილი, ფაქტობრივი უზუსტობებით და არაერთგვაროვანი აღრიცხვა მნიშვნელოვნად ართულებს სრულფასოვანი ანალიზის შესაძლებლობებს. 

 კვლევაში გამოვლენილი მიგნებების, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებში ა(ა)იპ-ების ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ნაკლოვანებების გათვალისწინებით, IDFI მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია თითოეული მუნიციპალიტეტის მიმართებით გადაიხედოს მათ მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში არსებული საკადრო და სახელფასო პოლიტიკა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები მოქნილი და ოპტიმალური ბიუროკრატიული აპარატის ფორმირების პროცესის დასაწყებად.  

  

*(შენიშვნა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, კვლევის გამოქვეყნებადმე ერთი კვირით ადრე (20.07.2023) გაუქმდა ა(ა)იპ თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი.
 
  
World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way