USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
Tbilisi
მუხურის თაფლი, გრძელხორთუმიანი ფუტკრის უნიკალური ჯიში და თაფლის სახეობა, რომელზე დაკვირვებასაც მთელი მსოფლიო აწარმოებს
Date:  2067
გეოგრაფიული აღნიშვნა „მუხურის თაფლი“
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, „90-იანი წლების“ სახელით ცნობილ პერიოდში განსაკუთრებით გაჭირდა ცხოვრება. პურის რიგით დაწყებული, უხელფასოდ გატარებული დღეებით გაგრძელებული ფინანსური სიდუხჭირე ყოველ ოჯახს შეეხო. ამბობენ, მაშინ ხალხმა გასაყიდად გაიტანა ყველაფერი, საოჯახო რელიკვია თუ ელემენტარული ღირებულების მქონე ნივთები, რათა პურის ფული ეშოვაო. იმასაც ამბობენ, „შავი ბაზრით“ დაინტერესებულმა გადამყიდველებმა სამეგრელოში თვალი დაადგეს ფუტკრის უნიკალურ ჯიშს, გრძელხორთუმიან ფუტკარს და მეფუტკრეებს, ფუტკრის მასობრივი გაყვანის სანაცვლოდ, მსუყე თანხაც კი შესთავაზესო. ეს იყო შემთხვევა, როდესაც არც ერთ ოჯახს, არც ერთი სკა არ გაუხსნია და ფუტკარი ფულზე არ გადაუცვლია. გადმოცემით ცნობილია, რომ სამეგრელოს იმ მხარეში  ჩხოროწყუში, სადაც გრძელხორთუმიანი ფუტკრის სახეობა ბინადრობს, ყველა მოსახლემ პირი შეკრა, გაჭირვება მოითმინა და გრძელხორთუმიანი ფუტკარი მშობლიურ გარემოში შეინარჩუნა.
აი, სწორედ ამ ფუტკრის სახეობა გვაძლევს გამორჩეული გემოვნური თვისებებისა და არომატის მქონე „მუხურის თაფლს“.
მუხურელების მტკიცე ხასიათი იმასაც მოწმობს, რომ ეს ხალხი ფუტკრის სახით უძველეს კულტურას ინახავს, იმაზე ძველს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამას ადასტურებს ფუტკრის დალოცვა – წინაქრისტიანული გასაოცარი ტრადიცია, რომელსაც მეგრულად ჯარაგუნა ჰქვია. ჯა  მეგრულად ხევს ნიშნავს, აგუნა  ნაყოფიერების კოლხურ ღვთაებას. სიტყვის ეტიმოლოგია გვეუბნება, რომ მეფუტკრეები ნაყოფიერების ღვთაებას ფუტკარს შეავედრებდნენ. საუკუნეებია დალოცვის რიტუალი არ შეცვლილა. ტექსტი დღესაც კი ყველა მხცოვანმა მეფუტკრემ იცის, თუმცა მისი გამხელა აკრძალულია. მეფუტკრეებს შორის უხუცესი ყოველი წლის გაზაფხულზე, აღდგომიდან მეორმოცე დღეს ლოცვას იწყებს და სჯერა, რომ იმ წელს თაფლი უხვად ექნება. ასეც ხდება. რწმენას შედეგი მოაქვს და ჩხოროწყუს რეგიონი, ყოველ წელს, ამ უნიკალური თაფლის სახეობით მთელ საქართველოს ამარაგებს.
მუხურის თაფლის უნიკალურობას განსაზღვრავს ადგილობრივი მრავალფეროვანი ფლორა. განსაკუთრებით კი ათამდე დასახელების თაფლოვანი მცენარეების არსებობა. გასათვალისწინებელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. ამას ემატება გრძელხორთუმიანი ფუტკრის უნიკალური ჯიში და საბოლოოდ ვიღებთ იმდენად განსაკუთრებული თაფლის სახეობას, რომ მასზე დაკვირვებას მთელი მსოფლიო აწარმოებს. მუხურის გრძელხორთუმიანი ფუტკრის სახეობამ მაღალი რეპუტაცია XX საუკუნის შუა წლებშიც მოიპოვა. მან სამჯერ მიიღო უმაღლესი შეფასება მსოფლიო საერთაშორისო გამოფენაზე (1961-1965-1971 წლებში). მუხურის თაფლის მწარმოებელი მეგრული პოპულაციისთვის დამახასი¬ათე-ბელია რუხი ფერი, ყველაზე გრძელი ხორთუმი (7,15-7,25 მმ), ფეხებისა და ფრთების მეტი სიგრძე, თვინიერება, სუსტად გამოხატული ბუნებრივი ნაყრიანობა, ღალიანობის უფრო ეფექტიანად სარგებლობა, ბუდის აქტიურად დაცვა, ღალის წყაროს სხვაზე მალე პოვნა არახელსაყრელ პირობებშიც კი, ღალაზე მუშაობის უნარი, ზამთარში თაფლის მარაგის ეკონომიურად ხარჯვა, ბუდეში სისუფთავის დაცვა, წითელი სამყურას დამტვერვის შესაძლებლობა.
მუხურის თაფლის მისაღებად სკები განთავსებულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის არეალში, ძირითადად, 300-დან 2200 მეტრის სიმაღლეზე, ფუტკრის ინფექციური დაავადებების მიმართ კეთილსაიმედო ადგილებში.
დასაშვებია საფუტკრის მთა-ბარობაც, ოღონდ მხოლოდ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ისე, რომ არ მოხდეს სხვა რეგიონში მიღებული თაფლის შერევა მუხურის თაფლთან.
გეოგრაფიული აღნიშვნა „მუხურის თაფლი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2022 წლის 22 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე
tbilisi
მერი - „ლაგუნა ვერეზე“ ერთი რამ უნდა გაიგოთ, ეს არის კერძო საკუთრება, ეს არც ჩემია, არც მუნიციპალიტეტის - როცა სამუშაოები წარიმართება, შენარჩუნებული იქნება საცურაო აუზი

„ლაგუნა ვერეზე“ ერთი რამ უნდა გაიგოთ, ეს არის კერძო საკუთრება. ეს არც ჩემია, არც მუნიციპალიტეტის, არც თქვენი - როდესაც სამუშაოები წარიმართება, შენარჩუნებული იქნება „ლაგუნა ვერე“, საცურაო აუზი. მე თუ მკითხავთ, როგორც დედაქალაქის მერს, საერთოდ არაფერი არ ესაქმება იქ საცურაო აუზს, ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი გახლავთ კონკრეტული გზის მონაკვეთი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძემ ასევე, უპასუხა კითხვას, „ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელებას „თან ბევრი სირთულე ახლდა და ახლა, ის უკვე ბოლოშია გასული“.

„ლაგუნა ვერეზე“ ერთი რამ უნდა გაიგოთ, ეს არის კერძო საკუთრება. ეს არც ჩემია, არც მუნიციპალიტეტის, არც თქვენი. ეს არის კერძო საკუთრება. რა დაპირებაზე მესაუბრებით? ჩვენი დაპირება იყო, რომ იქ, როდესაც სამუშაოები წარიმართება, შენარჩუნებული იქნება „ლაგუნა ვერე“, საცურაო აუზი. მე თუ მკითხავთ, როგორც დედაქალაქის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, საერთოდ არაფერი არ ესაქმება იქ საცურაო აუზს, ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი გახლავთ კონკრეტული გზის მონაკვეთი.

არ ვიცი, დაველოდოთ, როდესაც კერძო მესაკუთრე განახორციელებს პროექტს. ხელშეკრულებაში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ აღნიშნული საცურაო აუზი უნდა იყოს შენარჩუნებული.

რაც შეეხება „ვარკეთილის“ მეტროს, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ უდიდესი პრობლემა იყო, სერიოზული გამოწვევა. აქაც, არ არსებობს კომპანიები საქართველოში. გვაქვს სერიოზული პრობლემა, გამოწვევა.

სერიოზული გამოწვევა გვაქვს მუშახელთან დაკავშირებით. პროექტი, რა თქმა უნდა, უკვე ბოლოშია გასული და უახლეს მომავალში მთლიანად დამთავრებული და მოწესრიგებული იქნება. უამრავი გამოწვევა ახლდა თან ამ პროექტს. ჯერ ერთი, კომპანიები პასუხისმგებლობას არ იღებდნენ იმიტომ, რომ იმ უბედურების გამო, რაც მოხდა, ყველა შეშინებული იყო და არავის არ ჰქონდა სურვილი, მონაწილეობა მიეღო ამ პროექტის განხორციელებაში. მოგვიწია უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა, დეტალურად შესწავლა თვითონ გვირაბის, რა მდგომარეობა იყო, წყლები საიდან შემოდიოდა, როგორ უნდა მომხდარიყო ამ ყველაფრის არიდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

See all
Survey
By the way