USD 2.6859
EUR 2.8804
RUB 2.9145
Тбилиси
მწვანე ენერგიის ლობისტი | ინტერვიუ მაია მელიქიძესთან
дата:  993

საქართველო იმაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე აწარმოებს. გასულ წელს, მაშინ როდესაც პანდემიის გამო მოხმარება შემცირებული იყო, ქვეყანას 1610.07 მლნ კვტ-სთ-ის მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტი მაინც დასჭირდა.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა გაიზარდოს? სემეკის წევრი მაია მელიქიძე, რომელიც განახლებადი ენერგიების შესახებ არაერთი წიგნის ავტორია, ერთ-ერთ გამოსავლად მწვანე ენერგიის ათვისების მაჩვენებლების გაზრდას მიიჩნევს. ჩვენ მას ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფო პოლიტიკაზე ვესაუბრეთ.

ქალბატონო მაია, 2020 წელს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტმა ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს მიაღწია და 11 თვეში მთლიანი იმპორტის 37% შეადგინა. რატომ?

დავიწყოთ იმით, რომ დროთა განმავლობაში იზრდება ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი. ეს გამოწვეულია ინფრასტრუქტურული პროექტებით, მათ შორის ახალი მრავალბინიანი სახლების მშენებლობით და ა.შ. ასე თუ ისე, ინფრასტრუქტურა იცვლება, ამას ემატება ტექნოლოგიების განვითარება და ადამიანის კომფორტის კომპონენტი. მაგალითად, სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებში ზაფხულში გამაგრილებლების დამატება, ზამთარში – გამათბობლების. ამგვარად, ჩვენ მივიღეთ მოხმარების ზრდა, რასაც ვერანაირად ვერ დაეწია გენერაციის მაჩვენებელი. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ელექტროენერგიის იმპორტის ზრდასაც იწვევს. დღეის მდგომარეობით ჩვენ ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან შემოგვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ დივერსიფიცირების კომპონენტი ფასთან მიმართებით გადამწყვეტია. დივერსიფიცირების უზრუნველყოფის კუთხით მართებულად მიმაჩნია სხვადასხვა ქვეყანასთან საუბარი და ამ კუთხით თანამშრომლობა. მაგალითისთვის, სომხეთსაც რომ ჰქონდეს საკმარისი ელექტროენერგია, მასაც დაველაპარაკებოდით, შემდეგ ყველაზე ოპტიმალურ ფასს შევარჩევდით და ხელსაყრელ ფასად ვიყიდდით ელექტროენერგიას.

და რუსეთს აქვს კონკურენტუნარიანი ფასი?

ფასის თვალსაზრისით ჩვენთვის საინტერესოა აზერბაიჯანი, მაგრამ ველაპარაკებით ხოლმე რუსეთსაც, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აზერბაიჯანს შესაძლოა, არ ჰქონდეს ის რაოდენობა, რაც ჩვენ გვჭირდება. გარდა ამისა, ველაპარაკებით თურქეთსაც, თუმცა თურქეთს არა აქვს საკმარისი რაოდენობა, რომ ამ ქვეყნიდან იმპორტირებულმა ელექტროენერგიამ ჩვენი მოხმარების დიდი ნაწილი დააკმაყოფილოს.

რა ნაბიჯები იდგმება ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად?

ერთი – დივერსიფიცირება და მეორე – განახლებადი ენერგიების ინტეგრაცია ქსელში. მნიშვნელოვანი ფაქტორია ენერგოეფექტიანობა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჰიდროგენერაცია არის ამ ქვეყნის ყველაზე წარმატებული მოდელი. ელექტროენერგიის 80% გენერირდება სწორედ ჰიდროგენერაციით. ასევე გვაქვს თბოგენერაციაც, მაგრამ ამ შემთხვევაში გაზია საჭირო, რაც ჩვენს ქვეყანას არა აქვს. მოგეხსენებათ, ჩვენი მოხმარება დიდწილად იმპორტირებულ გაზზეა დამოკიდებული. შესაბამისად, თბოსადგურების შემთხვევაშიც, რესურსი, რითაც ენერგიას ვაწარმოებთ, იმპორტირებულია. აქედან გამომდინარე, გაცილებით ოპტიმალურია, დამატებით შევქმნათ ენერგიის წყაროები. ჰიდროგენერაციასთან ერთად ავითვისოთ სხვა მწვანე ენერგიები – ესენია ქარისა და მზის ენერგია. მიმაჩნია, რომ ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, ერთი მხრივ იმპორტის დივერსიფიცირება და მეორე მხრივ – ადგილობრივი წარმოების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანი და აუცილებელი ფაქტორებია ენერგოდამოუკიდებლობისათვის, თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ადგილობრივი წარმოების განვითარება დიდ გამოწვევად იქცა.

რამდენად მზარდია მზის სხივებით გამომუშავებული ენერგია საქართველოში?

ჩვენ გვაქვს კანონის მიხედვით დათქმა, რომ მთელი გენერაციის დაახლოებით 2% უნდა იყოს მზის ენერგიისგან მიღებული ელექტროენერგია. დღეს მხოლოდ 0.2%-ია ათვისებული, ამიტომ მზის ენერგიის გამოყენების ძალიან დიდი შესაძლებლობა გვაქვს. 2020 წლის დეკემბერში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდამ დიდი ბიძგი მისცა იმას, რომ მოსახლეობამ და ბიზნესმა მზის ენერგიის გამოყენებაზე დაიწყო ფიქრი. ამ თვალსაზრისით მოთხოვნა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ძალიან გაიზარდა.

ჩვენთან მოდიან კომპანიები, რომლებიც მუშაობენ მზის პანელების მონტაჟზე. ისინი ამბობენ, რომ მათ აინტერესებთ ბიზნესმოდელი, თუ როგორ უნდა იმუშაონ ახალი მოთხოვნის შესაბამისად. 2021 წლის 1 ივლისიდან იხსნება ენერგეტიკის ბაზარი, რის შემდეგაც ამ კუთხით უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. ამას დაემატა ისიც, რომ ბანკებმა დაინახეს თავისუფალი ნიში და შექმნეს სპეციალური საბანკო პროდუქტი. შესაბამისად, სესხის გაცემა შეუძლიათ კონკრეტულად მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის მიმართულებით. არიან ბიზნესები, რომლებმაც უკვე გააკეთეს განაცხადი მსგავსი საბანკო პროდუქტის მიღებაზე. ჩვენ ვაკვირდებით ამ კუთხით მოთხოვნის ზრდის პროცესს.

რა ვადაზეა გათვლილი ამ 2%-ის ათვისება?

ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ამ 2%-ს დაახლოებით 5-6 წელიწადში ავითვისებდით, თუმცა გასული წლის ბოლოს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდამ ეს პროცესი დააჩქარა, რის გამოც შესაძლოა, ეს ვადა განახევრდეს – ანუ 2-3 წლამდე შემცირდეს.

და რა იქნება შემდეგ, თუ 2%-ს გადავაჭარბებთ?

შემდეგ უნდა ჩატარდეს კვლევა, თუ რამდენად შეუძლია ჩვენს ენერგოსისტემას 2%-ზე მეტის მიღება ელექტროსისტემის ქსელში. თუ დავინახეთ, რომ შესაძლებელია, მაშინ ეს ზღვარი აუცილებლად გაიზრდება. თუმცა მომავალში ასევე განიხილება ბატარეების დამონტაჟებაც. დღეისათვის საკმაოდ აქტიურად მოქმედებს ნეტო-აღრიცხვის სისტემა, რომლის ფარგლებშიც ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის შენახვა ხდება გამანაწილებელი კომპანიის ქსელში და ქსელიდან გამოყენების შემთხვევაში ელექტროენერგიის აღრიცხვა ხდება რევერსული მრიცხველით. იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება მზის ენერგიის ათვისება და გადაიტვირთება გამანაწილებელი ქსელი, შესაძლოა, რეგულაციის პირობა გახდეს ბატარეების დადგმაც, რომლებიც შეინახავს ელექტროენერგიას, დაიტენება დღის განმავლობაში და საღამოს მომხმარებელი ელექტროენერგიას ბატარეის საშუალებით გამოიყენებს.

ამ ეტაპზე კი ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მათ, ვისაც აქვს მზაობა, მზის პანელებისა და განახლებადი ენერგიების ათვისების მიმართულებით ჩვენი ქვეყანა ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახადოს. დღეს უკვე არიან ისეთი ინვესტორები, რომლებმაც ამ კუთხით საქართველოში თავისუფალი სივრცე დაინახეს და ინტერესი გამოხატეს.

თქვენ ინვესტიციები ახსენეთ… ენერგოსექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წელს 2019-თან შედარებით 98%-ით შემცირდა. გვაქვს თუ არა რაიმე წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც სექტორში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობდა ხელს?

ენერგოსექტორში ინვესტიციების შემცირების ერთი მიზეზი იყო პანდემიაც, მაგრამ მეორე მხრივ იყო გარდამავალი პერიოდი, რომელსაც ახლა გავდივართ. კერძოდ, ჩვენ ახლა ჩვენი კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ვახდენთ. მზადდება კიდევ არაერთი პაკეტი, რათა საკანონმდებლო ბაზაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო პროცესი დასრულდება, ინვესტორებისთვის გაცილებით უფრო მარტივი იქნება, დაინახონ დიდი სურათი და თამამად შემოვიდნენ ბაზარზე. არიან ინვესტორები, რომლებიც ელოდებიან ასევე 2021 წლის 1 ივლისს, როდესაც საქართველოში ენერგობაზარი გაიხსნება.

გარდა ამისა, ინვესტორები სხვადასხვა კვლევას ატარებენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში მოთხოვნა იზრდება და იმპორტიც მზარდია, ასევე იციან, რომ სახელმწიფო პოლიტიკა არის ენერგოუსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოეფექტიანობა. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი გენერაციის წყაროები უნდა იყოს განვითარებული, აქედან გამომდინარე, ყველა გონიერი ბიზნესმენი და ინვესტორი მიხვდება, რომ ეს არის ნიში, სადაც შეუძლიათ თამამად შემოსვლა და ადგილობრივი წარმოება და რომ მათ მიერ შექმნილი პროდუქტი აუცილებლად გაიყიდება, ვინაიდან ელექტროენერგიაზე მოთხოვნა არსებობს. აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან მათი მხრიდან ინტერესთა გამოხატვა დაიწყება.

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი / Forbes Georgia

ქვეყნის ენერგოპოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფომ და სექტორის მონაწილეებმა ხელი უნდა შეუწყონ სუფთა ენერგიის წარმოებას და ამ ენერგიით ვაჭრობის რეგიონულ ცენტრად ქვეყნის გადაქცევას. თქვენ განახლებადი ენერგიების შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორიც ხართ. როგორია თქვენი დაკვირვება, რა პოტენციალი აქვს ქვეყანას ამ კუთხით?

გაეროს მდგრადი განვითარების მეშვიდე მიზნის მიხედვით, 2030 წლამდე ჩვენ განახლებადი ენერგიების მოხმარების მაღალი წილი უნდა გვქონდეს. ჩვენ დღესაც ვაკმაყოფილებთ ამ მაჩვენებელს, ვინაიდან ჰესები და წყლის ენერგია არის განახლებადი ენერგიის შემადგენელი ნაწილი. მაგრამ წმინდა სახელმწიფოებრივად რომ ვიმსჯელოთ, ჩვენ გარშემო არიან ქვეყნები, რომლებიც უფრო მდიდრები არიან სხვადასხვა რესურსით, გაზი იქნება ეს თუ სხვა. ჩვენ კი ვართ ის ქვეყანა, რომელსაც არა აქვს გაზი, არც ატომური ელექტროსადგური. მაგრამ გვაქვს წყალი, მზე და ქარი. აი ასეთ გარემოცვაში მწვანე ყვავილივით ვართ ამოსული.

აქედან გამომდინარე, გააჩნია, რა პოლიტიკას ვაწარმოებთ: თუ მაქსიმალურ ფსონს დავდებთ ენერგოეფექტიანობასა და მწვანე ენერგიის განვითარებაზე, აუცილებლად ვიქცევით ჰაბად და ევროპელი პარტნიორებისთვის საინტერესო ქვეყნად. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც დაიწყება ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სადაც იტყვიან, რომ სახურავი უნდა იყოს მზის პანელებისგან დამზადებული, მშენებლობისას უნდა იყოს გამოყენებული ენერგოეფექტიანი მასალა, ფანჯრის მინებიც უნდა იყოს ისეთი ტექნოლოგიის, რომლებიც მზის სხივს ინახავს. ნელ-ნელა მივდივართ ამისკენ.

თუმცა ეს საკმაოდ ძვირადღირებული მიზნებია…

დიახ, ამის შემხვედრი არგუმენტი არის ის, თუ რამდენად შეუძლია ჩვენს ქვეყანას, ფინანსურად აიტანოს მსგავსი დაწოლა. ესაა გამოწვევა. თუმცა პოტენციალი რომ გვაქვს, ცალსახაა. აქ ერთი მხრივ კითხვაა ის, თუ როგორ გამოვიყენოთ, როგორ მივაღწიოთ ამას ისე, რომ დაბალანსებული იყოს ადამიანების ფინანსური შესაძლებლობა და მეორე მხრივ, ეს ყველაფერი რესურსებთან შესაბამისობაში მოვიდეს.

 სემეკის ერთ­-ერთი მისიაა ნეტო­-აღრიცხვის ხელშეწყობა. რა ტენდენცია იკვეთება ბოლო წლებში ამ კუთხით? რა კეთდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის?

ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ამჟამად 294 აბონენტია ჩართული. მათ შორის არიან თბილისისა და რეგიონების მცხოვრებლები. ამ მხრივ ჩვენ გადავდგით გარკვეული ნაბიჯები. მაგალითად, 100 კვტ გავზარდეთ 500 კვტ-მდე და ეს იყო დიდი მიღწევა ჩვენი ქსელიდან გამომდინარე. ასევე, დავამკვიდრეთ ვირტუალური მომხმარებლის ცნება. დღეს უკვე შეგიძლია, აწარმოო ენერგია ბორჯომში და გადაიტანო, მაგალითად, ბათუმში. ინფრასტრუქტურა ყველანაირად არის მოწყობილი იმისათვის, რომ მზის ენერგიის გამომუშავებას ხელი შეეწყოს.

რაც შეეხება ცნობიერების ამაღლებას, სემეკში ვმუშაობთ სასწავლო ცენტრის შექმნაზე. ამ ცენტრში ყველა სიახლეს დაინტერესებულ ადამიანებს გავუზიარებთ. გვაქვს ასევე მედიაკლუბი, რომელიც უკვე წლებია, არსებობს და წლიდან წლამდე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც აქვს სურვილი, რომ ამ კლუბის ფარგლებში მიიღოს ინფორმაცია, დასვას კრიტიკული კითხვები, რაზეც ჩვენი თანამშრომლები გულწრფელად პასუხობენ. კლუბში დაყენებულ საკითხებს ჩვენ კომისიის დონეზეც კი განვიხილავთ. მედიაკლუბმა დაგვანახა ის, რომ ძალიან მოთხოვნადია ინფორმაცია, თუ რა ხდება ენერგეტიკაში, რაც ძალიან კარგია.

განახლებადი ენერგიების ათვისება/გამოყენებას სჭირდება ცოდნაც. რამდენად გვაქვს შესაბამისი ცოდნა საქართველოში დაგროვებული?

გვყავს უფროსი თაობა, რომლის სპეციალობაც იყო ელექტროენერგეტიკა. შემდეგ გვაქვს ჩავარდნა, და ახლა გვყავს ახალი თაობა, რომელიც დაინტერესებულია ამ სფეროთი. ახალმა თაობამ ნახა, რომ ენერგეტიკა მხოლოდ ტექნიკური სფერო არაა, აქამდე ნამდვილად იყო ასეთი შთაბეჭდილება. ორ უნივერსიტეტში ვარ ლექტორი, და ჩემდა გასაკვირად სტუდენტების ინტერესი საბანკო სექტორსა და ბიზნესზე წერასთან დაკავშირებით შემცირებულია. თითქოს ამოწურეს ეს საკითხები, ახლა უფრო მეტად სურთ, წერონ განახლებადი ენერგიების შესახებ, მათი როლის შესახებ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ან იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ენერგეტიკული ბირჟის შემოსვლას და ა.შ. უკვე გაჩნდა ახალი თაობა, რომელიც მზად არის, სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომები დაწეროს ენერგეტიკის თემებზე. ეს მე, როგორც ამ სფეროს წარმომადგენელს, ძალიან მახარებს. აქედან გამომდინარე, მოლოდინი მაქვს, რომ დაახლოებით 5-6 წელიწადში ენერგეტიკაში გაცილებით უფრო ძლიერი და კომპეტენტური თაობა გვეყოლება.

თქვენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განახლებადი ენერგოწყაროების ლაბორატორიაც შექმენით. ამის მიზანიც ენერგეტიკის შესახებ ცოდნის გავრცელებაა?

ამ ლაბორატორიის შექმნის მიზანი ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება იყო. გვაქვს სხვადასხვა სახის ტრენინგები, რომელთაც ახალგაზრდები ესწრებიან. სხვა უნივერსიტეტებიდანაც არის მოთხოვნა, რომ მათი „გესტსპიკერი“ ვიყო. სტუდენტები ძალიან აქტიურობენ, ეს ძალიან მახარებს. მომეცა სიგნალი, რომ ახალგაზრდა თაობას აქვს სურვილი, გაიგოს უფრო მეტი, დასვას კითხვები, შეგეკამათოს და ა.შ. ლაბორატორიაც ერთ-ერთი სივრცეა იმისათვის, რომ ენერგეტიკის მიმართულებით ახალ თაობაში ცნობიერება გავზარდოთ.

 ამას გარდა, თქვენ ხართ ერთ­-ერთი პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც ენერგეტიკის სექტორში წამყვან პოზიციებზე ქალების წახალისებასა და ხელშეწყობას ითვალისწინებს. რამდენად არიან ქალები წარმოდგენილები ამ სექტორში და რა კეთდება მათი წახალისების მიზნით?

 ენერგოსექტორში ძალიან ცოტა ქალია დღეს წარმოდგენილი. სემეკში სიტუაცია შედარებით უკეთესია, წამყვან პოზიციებზე გვყავს ქალები, თუმცა ზოგადად სექტორში ქალების რიცხვი ძალიან მცირეა. ენერგეტიკით ქალების დაინტერესება დროთა განმავლობაში იზრდება, მაგრამ უფრო მეტი ხელშეწყობაა საჭირო და პირველ რიგში, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ამას ხელი მე უნდა შევუწყო. 2017 წელს, როდესაც ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაციის (ERRA) კონფერენციას ვესწრებოდი, საკუთარ თავს მივეცი პირობა, რომ აუცილებლად გავაქტიურდებოდი ამ სექტორში, და ზუსტად სამ წელიწადში შევძელი, რომ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე გავმხდარიყავი. დღეს ვხელმძღვანელობ ორგანიზაციას, ასოციაციას, სადაც 48 ქვეყანაა გაერთიანებული. ასოციაცია იძლევა ძალიან ფართო შესაძლებლობებს, რომ როგორც ზოგადად ენერგეტიკის განვითარების კუთხით, ასევე ქალთა როლის გაძლიერების კუთხით ენერგეტიკაში სხვადასხვა პროექტი განხორციელდეს. სწორედ ახლა ამ ასოციაციაში ვიწყებ პროექტს, რომელიც ენერგოსექტორში ქალების გააქტიურებას შეუწყობს ხელს. გვაქვს სხვა გეგმებიც. ასე რომ ვიმედოვნებ, ქალების როლი და პოზიციონირება ენერგეტიკის სექტორში გაიზრდება.

ფოტოები: ნიკა ფანიაშვილი / Forbes Georgia

წყარო:https://forbes.ge/

Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 26 აპრილს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ  მეფის  გამზირის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ),  რკინიგზის  სადგურის  მიმდებარე  ტერიტორიის, ხუდადოვის,  ჩხიკვაძის,   მესხის,  არგვეთის, ტყეშელაშვილის, მანგლისის, ზაქარაიას, მანჯგალაძის, ქურდიანის, ჩერნიშევსკის, ჯავახიშვილის, არჩილ და გია ქურდიანების, ჩიქობავას, ნეკრასოვის, აბასთუმნის, სამღერეთის, გოგოლის,  ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, თევდორე მღვდლის, კონსტიტუციის და წინამძღვრიშვილის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი ჯიხაიშის, ბენდელიანის, სანერგეს,  იმერეთის,  ცოტნე დადიანის,  წმინდა მელქისედექ I, კავთისხევის,  ჭყონდიდელის,  დეპოს,  მრევლიშვილის, კოხრეიძის, საყვირის, სვანეთის,  იფნევის,  იფნის,  კვერნაულის,  ზვარეთის,  დვირის და ედისის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, კოსტავას, ბალანჩივაძეების,    რამიშვილის, ჩიქოვანის, კუტუზოვის, გამრეკელის, ცაგარელის, ცინცაძის და მიცკევიჩის   ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის, სოფელი გლდანის, გაზის დასახლების,  ანდრონიკაშვილის,  კაჭარავას, ჯანჯღავას და კბილაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელავის,  წინანდლის,  კობარეთის და ზურაბიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის მე-10 კილომეტრის, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის I კვარტლის,  ბოხუას, ტერევერკოვის, ბელიაშვილის, ბერძენიშვილის,  ჩაჩუას,  ჭიაურელის,  ერისთავის,  ლუბლიანას,  ჯორჯ  ბალანჩინის და  გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით  აღმაშენებლის  გამზირის (ნაწილობრივ),  მარშალ გელოვანის  გამზირის,  მტკვრის მარჯვენა  სანაპიროს, დიღმის მასივის II კვარტლის (ნაწილობრივ),  ბაქრაძის,  უზნაძის,  დუმბაძის და დგებუაძის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების,  წყნეთის გზატკეცილის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ),  წყნეთის და ტაბლიაშვილის   ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის  გზატკეცილის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ), დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ), კირილე უკლებას, მთაწმინდის,  ბესიკის, მოსიძის,  ჩიტაძის და კრავეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის, კოტე აფხაზის, ცინცაძის,  ნაკაშიძეების, ავლევის, ყავლაშვილის, ვერცხლის, ოქრომჭედლების და დიუმას ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ),  ვარკეთილის მეტროს  მიმდებარე ტერიტორიის,  ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ჯავახეთის, ჩაჩუას, ხომლელის, ხვედელიძის, კალოუბნის,  უძოს,  მხარგრძელის,  17 შინდისელი  გმირის,  შანდორ  პეტეფის,  რამიშვილის, წულუკიძის, მანდელშტამის, ლაღიძის და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის     ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ზემო ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების,  ბერი გაბრიელ სალოსის, თრიალეთის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯიქიას, ორბელების, ხარაბაძის, კვაჭანტირაძის, ანდღულაძის, ქობულაძის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ბუკისციხის, კობცოვის,  ბეგიაშვილის, ონაშვილის, ანთიმოზ ივერიელის, ტატიშვილის, მანდელშტამის, ლაღიძის, ქიზიყის,  იგოთის,  ლოლაძის,  კაცხის და კაჭარავას  ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати