USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაზიანებული საგზაო მონაკვეთის გამაგრება მიმდინარეობს - მოძრაობა მაისის ბოლოსთვის აღდგება
дата:  226
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ გზის დაზიანებული მონაკვეთისა და საფეხმავლო ბილიკის გამაგრება მიმდინარეობს. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სამშენებლო მოედანი და ხორციელდება გეოლოგიური კვლევა.
მიმდინარე სამუშაო პროცესი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც გზა ჩამოიშალა, სამუშაოები მიმდინარეობს. პირველ რიგში, მომზადდა სამუშაო მოედანი. გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენს წყალუხვობა. გაზაფხულია და მტკვარი ადიდებულია, რაც გარკვეულწილად, აფერხებს სამუშაოებს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევები, თუ რა ტიპის ხიმინჯოვანი კედელი მოეწყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწრაფად დავასრულოთ აღნიშნული სამუშაოები. შესაბამისად, სავალი გზის აღდგენა მაისის ბოლოსთვის დასრულდება და ავტომობილების გადაადგილება თავისუფალი იქნება. რაც შეეხება ხიმინჯოვანი კედლის მოწყობას, სამუშაოების დასრულება დამოკიდებულია წყლის დონეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გზის სავალი ნაწილის პირველ ზოლსა და საფეხმავლო ბილიკზე რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით, 50-მეტრიან მონაკვეთში ბზარები დაფიქსირდა. დეფორმაცია განიცადა მდინარის ნაპირსამაგრმა კედელმაც.
უსაფრთხოების მიზნით, საპრევენციო ღონისძიებები ოპერატიულად განხორციელდა - დეფორმირებულ პერიმეტრზე შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა და დაიწყო გადაუდებელი, საპრევენციო, წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოების წარმოება.
გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების მოსაზრებით, საგზაო მონაკვეთზე არსებული მდგომარეობა გამოწვეულია გრუნტში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ჩადინებით. ამასთან, გავლენა იქონია მტკვრის ზემოქმედებამ ნაპირდაცვის კონსტრუქციებზე და მიწისქვეშა წყლების დონის სეზონურმა მერყეობამ.
სამუშაოებს, რომლის ღირებულება ხუთ მლნ ლარს შეადგენს, თბილისი მერიის დაკვეთით, კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს.
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, დიდუბის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი იმყოფებოდნენ.
ბლოგი
ვინ გახდება ახალი პაპი?
რომის პაპი არამხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური ინსტიტუციაცაა. მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო ურთიერთობებზე, მით უფრო რომ დიპლომატიურ მისიებში, ტრადიციულად, რომის ნუნციუსი - ელჩი - სხვა დიპლომატების კოლეგიაში მოწინავე პოზიციაზე დგას და დეკანის პატივსაცემ პოზიციას იკავებს ხოლმე. პაპის პოლიტიკურ პოზიციას მთელს ქრისტიანულ სამყაროზე აქვს გავლენა, შესაბამისად, თუ ვინ იქნება რომის შემდეგი ეპისკოპოსი (პაპობის კიდევ ერთი დასახელება) ძალიან მნიშვნელოვანია.
პაპის არჩევა კარდინალთა კოლეგიის მიერ ხდება, რომელსაც კონკლავი ეწოდება. ის პაპის გარდაცვალებიდან მე-15 დღიდან მე-20 დღემდე შეიძლება შეიკრიბოს, თუმცა თუკი კარდინალები უფრო მალე ჩავლენ რომში მისი დაწყება ადრეც დაშვებულია.
მხოლოდ იმ კარდინალებს აქვთ ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, ვინც ასაკით 80 წლის ქვემოთაა. ახლა 135 კარდინალი იღებს კონკლავში მონაწილეობას. 90 ხმა ანუ ორი მესამედია საჭირო იმისათვის, რომ კარდინალი პაპად იქნას არჩეული. აღსანიშნავია ისიც, რომ 135-დან 108 კარდინალი პაპი ფრანცისკეს მიერაა დანიშნული, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მისი პოზიციის გამზიარებელია, შესაბამისად პროგრესულ-ლიბერალური ფრთის გამარჯვების შანსი მაღალია.
მაგრამ ერთი ფრთის სრული გამარჯვება მეორე ფრთაზე ვატიკანის შიგნით შესაძლოა დაპირისპირების საგანი გახდეს. სწორედ ამიტომ ზომიერი და შემრიგებელი კანდიდატის გამარჯვებაც არაა გამორიცხული, მით უფრო რომ წინასწარ თავის კანდიდატურას არავინ ასე არ ასახელებს და ადგილზე ხმის პირველი მიცემისას ბევრი რამ ხელახლა ლაგდება.
ვინაა თითოეული ფრთის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი?
1. კონსერვატიული ფრთის ყველაზე სასურველი კანდიდატი აფრიკიდანაა. იგი გვინეელი კარდინალი რობერტ სარაა. იგი ფრანგულენოვანი, მკაცრად კონსერვატიული ფიგურაა და რადიკალური ისლამისა და გენდერული იდეოლოგიისაგან გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს. მას დიდი ხანია კონსერვატორი პოლიტიკური ფიგურები თუ კომენტატორები უჭერენ მხარს (არ აქვს მნიშვნელობა კათოლიკეები არიან თუ არა ისინი).
2. ლიბერალური ფრთის ყველაზე პოპულარული კანდიდატი ლუი ანტონიო ტაგალეა ფილიპინებიდან. მას აზიელ ფრანცისკესაც უწოდებენ ზედმეტსახელად, თუმცა ის კიდევ უფრო ლიბერალია ვიდრე ფრანცისკე იყო. იგი ეკლესიის შიგნით რეფორმების გატარებასა და მკაცრი დოქტრინების ლიბერალიზაციას ემხრობა.
3. ზომიერი ლიბერალების ყველაზე პოპულარული კანდიდატი ვატიკანის მოწინავე დიპლომატი და პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი პიეტრო პაროლინია, რომელიც უკრაინაშიც არაერთხელ იმყოფებოდა და ღიად მოუწოდებს მსოფლიოს აქტიური ჩართულობისაკენ. ამ ეტაპზე მას პაპობის ყველაზე რეალისტურ კანდიდატად განიხილავენ.
4. ზომიერი კონსერვატორების სასურველი კანდიდატები ბევრია, მაგრამ მოწინავედ მაინც პიტერ ერდო - უნგრელი კარდინალი - სახელდება. მას ევროპაში ძალიან კარგად იცნობენ და მაღალი ქარიზმითაც ხასიათდება.
ცხადია ესენი მხოლოდ მოწინავე შანსის მქონე კარდინალები არიან, მაგრამ რეალურად რა მოხდება ეს მხოლოდ ადგილზე გადაწყდება კენჭისყრისას. არიან სხვა პოტენციური კანდიდატებიც, რომელთა გამარჯვების შანსი არსებობს და რაიმეს წინასწარ თქმა შეუძლებელია. მათ შორისაა იერუსალიმის ლათინი პატრიარქი პიერბატისტა პიცაბალა, რომელიც შეიძლება ყველასათვის მისაღებ კანდიდატად ქცეულიყო, მაგრამ მისი ახალგაზრდობიდან გამომდინარე - 60 წლისაა და ხანგრძლივი პაპობის შანსი მაღალია - შეიძლება მას დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდეს. თუმცა წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია და სრულიად დასაშვებია მივიღოთ შედარებით უცნობი ან ნაკლები შანსის მქონე პაპად არჩეული კარდინალი - ისტორიულად ასეთი შემთხვევები არაერთი ყოფილა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати