USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
მტკვარი ძველ თბილისში
Date:  336

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მდინარეებს არა მარტო ქალაქების, არამედ მთელი ცივილიზაციების ჩამოყალიბების პროცესში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ენიჭებოდა. წყლის ნაპირი ყოველთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ადამიანისთვის და მუდმივ საცხოვრებლად სწორედ მდინარეებისა და ზღვების სანაპიროებს ირჩევდნენ. დასახლებას სჭირდებოდა საკვები, სასმელი წყალი, მიწების მორწყვა, რის საშუალებასაც ამგვარი ლოკაცია იძლეოდა. ამასთანავე, წყალი იყო არა მხოლოდ ყოფითი ცხოვრების, არამედ მითოლოგიისა და ლეგენდების მთავარი მოქმედი გმირიც. როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, აუცილებლად გაგვახსენდება ორი დიდი სახელი: ტიგროსი და ევფრატი, რომლებიც ოდითგანვე შუა აზიის მაცოცხლებელი ძალა და რელიგიური, პოლიტიკური, კომერციული და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს წარმოადგენდნენ. რად ღირს ნილოსის ხსენებაც, რომელიც დედამიწაზე არა მხოლოდ ყველაზე გრძელი მდინარეა, არამედ მთლიანად მასზე იყო დამოკიდებული ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია.

დავუბრუნდეთ საქართველოს და სრულიად სამართლიანად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველთვის ზუსტად ამგვარ ფუნქციას ასრულებდა მტკვარიც თბილისისთვის. ძველი თბილისის დღევანდელ ტერიტორიაზე ჯერ დასახლების გაჩენა და შემდეგ ქალაქის ჩამოყალიბება, სწორედ მტკვარს უკავშირდება. თბილისი მის გარშემო ვითარდებოდა და ალეგორიულად თუ ვიტყვით, მტკვარი საქართველოს დედაქალაქის ერთგვარი არქიტექტორია, რომელსაც წამყვანი როლი ეკავა ზოგადად ქვეყნის სოციალური და კულტურული ცხოვრების ჩამოყალიბების პროცესშიც.

არც თუ ისე შორეულ წარსულს თუ გადავხედავთ და თუნდაც მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის დოკუმენტურ მასალას, ფოტოებსა და ფილმებს, ჩანაწერებსა თუ ფერწერულ ნამუშევრებს დავათვალიერებთ, ჩვენს თვალწინ გადაიშლება თბილისელებისა და მტკვრის ურთიერთობის მრავალფეროვანი პალიტრა. ქალაქის ცხოვრება მდინარეზე იყო მიჯაჭვული, რომლის გასწვრივ ჩალაგებული ქარვასლები და წისქვილები თბილისის უნიკალურ იერსახეს ქმნიდა. ოდესღაც მის ტოტებში მოქცეული მადათოვისა და ორთაჭალის კუნძულები კი თავიანთი გამორჩეული ხასიათებითა და დანიშნულებით ქალაქის ერთგვარი სავიზიტო ბარათი იყო.

ძველი თბილისის მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის თუ სასმელად, ბუნებრივია, დიდი რაოდენობით წყალი სჭირდებოდა. წყალსადენების არარსებობის გამო კი წყალი მტკვრიდან ამოჰქონდათ, რაც ძველ თბილისურ ყოფა-ცხოვრებასთან მჭიდროდ დაკავშირებული მეთულუხჩეების გარეშე წარმოუდგენელი იყო. ისინი მტკვრიდან ამოღებულ წყალს ხარის ტყავისგან შეკერილ რუმბებში ანუ თულუხებში ასხამდნენ, ცხენს ან ჯორს გადაჰკიდებდნენ და ქალაქში დაჰქონდათ. მიუდგომელი პირობების გამო წყლის ამოღება ყველგან ვერ ხერხდებოდა, ამიტომაც მდინარეზე ჩასასვლელად საგანგებო ბილიკებს აწყობდნენ.

ზემოთ ნახსენები მადათოვის კუნძული მდებარეობდა ახლანდელ მშრალ ხიდთან, სადაც მტკვრის ორი განშტოება მიედინებოდა. მაგრამ საბჭოთა კავშირის პერიოდში გატარებულმა რეფორმებმა, როდესაც მდინარის სანაპიროები ბეტონის ჯებირებში მოაქციეს, ხოლო ერთი განშტოება საერთოდ მიწით ამოავსეს და სამანქანო გზად აქციეს, არა მხოლოდ კუნძულის გაქრობა, არამედ თბილისის ავთენტური სახის შეცვლა გამოიწვია. ეს პროცესი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო და 60-იან წლებამდე ეტაპობრივად მიმდინარეობდა. იგივე ბედი ეწია ორთაჭალის კუნძულსაც, რომელიც, თავის დროზე, ვაჭრობისა და გართობის ცენტრი იყო, აქტიურად ხდებოდა თევზჭერა და ქალაქის ბაზრები სწორედ ამ კუნძულიდან „ვირის ხიდის“ გავლით მარაგდებოდა. იქ ხშირად იმართებოდა მასობრივი თავყრილობები. ფუნქციონირებდა ორი ცნობილი რესტორანი ძალიან საინტერესო სახელწოდებებით: „არგენტინა“ და „ელდორადო“. ბაღებით სახელგანთქმული უბანი სარეკრეაციო, გასართობ სივრცეს წარმოადგენდა თბილისელებისთვის, რაც კარგად ჩანს მოცემული პერიოდის ფერწერაში, სიმღერებში, ლექსებსა თუ მხატვრულ ლიტერატურაში. დღეს კი ამ კულტურული მოვლენისგან არაფერი დარჩა. მდინარის კალაპოტის ბეტონის ჯებირებში მოქცევამ მისი ფუნქციის ნაწილობრივი დაკარგვა განაპირობა. მტკვარი თითქოს მხოლოდ სანახაობად იქცა მოსახლეობისთვის და მდინარესთან პირდაპირი კონტაქტი თანდათან შეუძლებელი გახდა.

თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ორთაჭალის კუნძულის გაქრობა დიდწილად ორთაჭალჰესის მშენებლობას უკავშირდება, რამაც, თავის მხრივ, ქალაქის თანამედროვე ურბანულ განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია. ჰიდროელექტროსადგურმა, გარდა იმისა, რომ თავისი 18 მგვტ. დადგმული სიმძლავრით მნიშვნელოვანი ობიექტია ენერგომომარაგების თვალსაზრისით, უზრუნველყო თბილისის ფარგლებში წყალმცირობის პერიოდში მდინარის კალაპოტის გაწყლიანება. მტკვრის დაგუბებამ ქალაქის იერსახე განსხვავებული მიმართულებით განავითარა. 1954 წლამდე, სანამ ჰესი ექსპლუატაციაში შევიდოდა, კალაპოტი საგრძნობლად შიშვლდებოდა და სანაპიროს მაღალ კედლებს მკვეთრი დისონანსი შეჰქონდა თბილისის ღირსშესანიშნაობათა საერთო ანსამბლში. ობიექტის აშენების შედეგად კი მიმდებარე ტერიტორიები ქალაქის განაშენიანების თანამედროვე მიდგომებს დაექვემდებარა. მართალია, კუნძულები გაქრა, საინტერესო კულტურული სივრცეები დაიკარგა და მტკვარი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას თითქოს ჩამოშორდა, მაგრამ საბოლოოდ ქალაქის შუაგულში თანამედროვე, ევროპული ტიპის მდინარე მივიღეთ, უამრავი შესაძლებლობას რომ იძლევა მრავალფეროვანი ურბანული განვითარებისთვის.

ამ მხრივ კი, აშკარაა, რომ მტკვრის პოტენციალსა და შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ ვიყენებთ. თუმცა უამრავი განუხორციელებელი იდეა და დაუმთავრებელი პროექტი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, რომელთაგან ბევრი ისევ გასული საუკუნის შუა პერიოდს უკავშირდება. ორივე სანაპიროზე მარტივი შესამჩნევია ძველი პლატფორმები, რომლებსაც ნავმისადგომებისა თუ გაჩერებების ფუნქცია უნდა შეესრულებინა სამდინარო ტრანსპორტისთვის. პროექტი შეწყდა, თუმცა ბევრი სხვა ქალაქის მაგალითის კვალდაკვალ, მსგავსი ტრანსპორტის განვითარება დღესაც სრულებით შესაძლებელია, რაც ხელს შეუწყობს სამანქანო გზების განტვირთვასა და სწრაფი გადაადგილების უზრუნველყოფას. მტკვარიც კიდევ ერთი სახით ჩაერთვებოდა ქალაქის ურბანულ განვითარებაში. მით უმეტეს, წარსულს თუ გადავხედავთ, მტკვარზე მსგავსი გამოცდილება უკვე არსებობს. მართალია ოდნავ სხვა სახითა და დანიშნულებით, მაგრამ თბილისს ქართლის სხვადასხვა დასახლებიდან ტივები სტუმრობდნენ, რომლებსაც ჩამოჰქონდათ საშენი მასალა, ხილი, ბოსტნეული და ა. შ. ბოლო წლებში მტკვარზე სანაოსნო ტრანსპორტთან დაკავშირებით მცირე წინსვლა კი შეიმჩნევა, თუმცა ეს ძირითადად ეპიზოდურ ხასიათს ატარებს და ტურისტებს ქალაქის სხვა კუთხიდან დათვალიერების საშუალებას აძლევს.

დღეს არსებული მდგომარეობით ერთი მთავარი პრობლემაა თვალსაჩინო: მდინარეს ქალაქი ორ ნაწილად აქვს გაყოფილი და ბარიერად გვევლინება მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე მდებარე კულტურულ, საგანმანათლებლო თუ საცხოვრებელ დაწესებულებათა შორის. ეს დიდწილად გამოწვეულია, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად, ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი ტემპით, რაც ძირითადად ახალი ხიდების ნაკლებობაში გამოიხატება.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ქალაქები სწორედ მდინარის ნაპირებზე შენდებოდა. ამ უძველესი კანონზომიერების შედეგია თბილისიც. სწორედ მტკვრის თავისებურმა ბუნებამ ჩამოაყალიბა ძველი თბილისის მოსახლეობის ცხოვრების სტილი და დღესაც დიდ გავლენას ახდენს დედაქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ავტორი - ბაკურ გაბუნია

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way