საქართველოს მთავრობა საპენსიო სააგენტოს მმართველობის სისტემის რადიკალურ შეცვლას გეგმავს. ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა.
საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ მის დაქვემდებარებაში გადაიყვანოს საქართველოს საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურის დანიშვნის საკითხი, ამიტომაც უქმდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო. აღნიშნული საბჭო, რომელიც პარლამენტის მიერ მტკიცდება, ამჟამად 4 წევრისგან არის დაკომპლექტებული და სწორედ ეს საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით.
კანონპროექტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო უქმდება, მას ჩაანაცვლებს 15 წევრისგან დაკომპლექტებული საპენსიო ფონდის საბჭო. ახალი საბჭო პასუხისმგებელი იქნება ფონდის მიერ როგორც ფონდის მენეჯმენტზე, ასევე აქტივების ინვესტირების პროცესზე, განსხვავებით არსებული სისტემისგან, როდესაც საინვესტიციო საბჭო უშუალოდ ინვესტირების პროცესზე არის პასუხისმგებელი. ამასთან რადიკალურად მცირდება ახალი საბჭოს დაკომპლექტებაში პარლამენტის წვლილი და ის ფაქტობრივად მთლიანად მთავრობის მხარეს გადადის.
საპენსიო ფონდის საბჭოში, რომელიც 15 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, 2 წევრს პირდაპირ საქართველოს მთავრობა დანიშნავს, დანარჩენი წევრების შერჩევა კი ღია კონკურსით მოხდება, თუმცა მათი შესარჩევი კომისია ამჟამად არსებული მოდელისგან განსხვავებით პირდაპირ მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტდება.
უფრო კონკრეტულად კი შესარჩევი კომისია, რომელიც საპენსიო ფონდის საბჭოს აირჩევს ასეთი იქნება:
შესაბამისად, საბჭოს 15 წევრიდან 2 წევრს კონკურსის გარეშე პირდაპირ მთავრობა დანიშნავს, ხოლო დანარჩენი 13 წევრის შესარჩევი კომისია ასევე მთავრობის მიერ იქნება დაკომპლექტებული, ეს კი ფაქტობრივად ნიშნავს, რომ თითქმის თავიდან ბოლომდე საბჭოს დაკომპლექტებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ხელისუფლებას ექნება. თავად 15 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო დაიყოფა სამ კომიტეტად, ესენია ა) საინვესტიციო კომიტეტი; ბ) რისკის კომიტეტი; გ) აუდიტის კომიტეტი.
ამჟამად საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებულია 4 უცხოელი წევრისგან, რომელიც პარლამენტმა საერთაშორისო კონკურსის შედეგად შეარჩია. ისინი არიან - ოლივიე რუსო (თავმჯდომარე), ჟან-ფრედერიკ პოლსენი, მაიკლ რიდლი და ტიმო ვიჰერკენტა. აღნიშნული საბჭო გაუქმდება.
იცვლება სხვადასხვა საპენსიო აქტივში ინვესტირების ლიმიტები და ფონდს პირდაპირ მიეცემა სხვადასხვა აქტივში ინვესტირების შესაძლებლობა, რაც ფონდის მიერ შეიძლება იყოს რაიმე მსხვილი პროექტის დაფინანსება ან პირდაპირი კრედიტის გაცემა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა საპენსიო ფონდისთვის სახელმწიფო ბანკის ფუნქციების მინიჭებას გეგმავს.
თუკი ამჟამად არსებულ კანონით, დაბალრისკიანი პორტფელიდან საპენსიო სააგენტოს ინვესტირება შეუძლია მხოლოდ ობლიგაციებში ან აქციებში, ახალი კანონპროექტით ფონდს შეეძლება თანხა მიმართოს პროექტების პირდაპირ ფინანსირებაში, ანუ საკრედიტო დაფინანსების გაცემაში. ახალი კანონპროექტით, დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის 15% შეიძლება ჩაიდოს “სხვა აქტივებში”, რაც პროექტების პირდაპირ ფინანსირებას ნიშნავს. იზრდება ანალოგიური ლიმიტი საშუალორისკიანი პორტფელისთვის და ის 15%-ის ნაცვლად 20% ხდება, ხოლო მაღალრისკიანი პორტფელისთვის ეს ლიმიტი 25%.
ეს ნიშნავს, რომ საპენსიო ფონდს არსებული მდგომარეობით დაახლოებით 750-800 მილიონი ლარის ისეთ პროექტებსა და აქტივებში ჩადება შეეძლება, რომლებიც არც აქციებს და არც ობლიგაციებს არ წარმოადგენს.
“საინვესტიციო ლიმიტებთან (მანდატის გაფართოებასთან) დაკავშირებით კანონპროექტი ითვალისწინებს სხვა აქტივების ჭრილში ლიმიტების გაზრდას 15%-მდე, 20%-მდე, 25%-მდე, აღნიშნული უზრუნველყოფს საპენსიო აქტივების ინვესტიციების მეტად დივერსიფიკაციის შესაძლებლობას, რაც დადებითად აისახება მონაწილეთა საპენსიო აქტივებზე, რადგან დივერსიფიკაცია სწორედ საპენსიო აქტივებზე ამონაგების გაზრდას შეუწყობს ხელს. თუმცა, ასეთი გავლენის წინასწარ შეფასება და ფინანსური შედეგების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი,”- ნათქვამია კანონპროექტში.
ამავე კანონპროექტით იზრდება საპენსიო ფონდის ადმინისტრაციული ხარჯები, რისთვისაც ხდება მართვის საკომისიოს გაზრდა. თუკი არსებული კანონით, საპენსიო სააგენტო იღებს მართვის საკომისიოს 0.5%-ის ოდენობით, ახალი ცვლილებით, საკომისიო 0.75%-მდე იზრდება.
არსებული მდგომარეობით საპენსიო ფონდის აქტივების ზომა 4.9 მილიარდ ლარს შეადგენს და ის 1.3 მილიონი მოქალაქის საპენსიო დანაზოგს წარმოადგენს.