USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
მთავრობა საპენსიო სააგენტოს მართვის სისტემის რადიკალურ ცვლილებას და საინვესტიციო საბჭოს გაუქმებას გეგმავს
თარიღი:  607

საქართველოს მთავრობა საპენსიო სააგენტოს მმართველობის სისტემის რადიკალურ შეცვლას გეგმავს. ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა.

საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ მის დაქვემდებარებაში გადაიყვანოს საქართველოს საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურის დანიშვნის საკითხი, ამიტომაც უქმდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო. აღნიშნული საბჭო, რომელიც პარლამენტის მიერ მტკიცდება, ამჟამად 4 წევრისგან არის დაკომპლექტებული და სწორედ ეს საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით.

კანონპროექტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო უქმდება, მას ჩაანაცვლებს 15 წევრისგან დაკომპლექტებული საპენსიო ფონდის საბჭო. ახალი საბჭო პასუხისმგებელი იქნება ფონდის მიერ როგორც ფონდის მენეჯმენტზე, ასევე აქტივების ინვესტირების პროცესზე, განსხვავებით არსებული სისტემისგან, როდესაც საინვესტიციო საბჭო უშუალოდ ინვესტირების პროცესზე არის პასუხისმგებელი. ამასთან რადიკალურად მცირდება ახალი საბჭოს დაკომპლექტებაში პარლამენტის წვლილი და ის ფაქტობრივად მთლიანად მთავრობის მხარეს გადადის.

საპენსიო ფონდის საბჭოში, რომელიც 15 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, 2 წევრს პირდაპირ საქართველოს მთავრობა დანიშნავს, დანარჩენი წევრების შერჩევა კი ღია კონკურსით მოხდება, თუმცა მათი შესარჩევი კომისია ამჟამად არსებული მოდელისგან განსხვავებით პირდაპირ მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტდება.

უფრო კონკრეტულად კი შესარჩევი კომისია, რომელიც საპენსიო ფონდის საბჭოს აირჩევს ასეთი იქნება:

  • საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
  • საქართველოს პარლამენტის 3 წევრი;
  • 1 დამოუკიდებელი წევრი.

შესაბამისად, საბჭოს 15 წევრიდან 2 წევრს კონკურსის გარეშე პირდაპირ მთავრობა დანიშნავს, ხოლო დანარჩენი 13 წევრის შესარჩევი კომისია ასევე მთავრობის მიერ იქნება დაკომპლექტებული, ეს კი ფაქტობრივად ნიშნავს, რომ თითქმის თავიდან ბოლომდე საბჭოს დაკომპლექტებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ხელისუფლებას ექნება. თავად 15 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო დაიყოფა სამ კომიტეტად, ესენია ა) საინვესტიციო კომიტეტი; ბ) რისკის კომიტეტი; გ) აუდიტის კომიტეტი.

ამჟამად საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებულია 4 უცხოელი წევრისგან, რომელიც პარლამენტმა საერთაშორისო კონკურსის შედეგად შეარჩია. ისინი არიან - ოლივიე რუსო (თავმჯდომარე), ჟან-ფრედერიკ პოლსენი, მაიკლ რიდლი და ტიმო ვიჰერკენტა. აღნიშნული საბჭო გაუქმდება.

იცვლება სხვადასხვა საპენსიო აქტივში ინვესტირების ლიმიტები და ფონდს პირდაპირ მიეცემა სხვადასხვა აქტივში ინვესტირების შესაძლებლობა, რაც ფონდის მიერ შეიძლება იყოს რაიმე მსხვილი პროექტის დაფინანსება ან პირდაპირი კრედიტის გაცემა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა საპენსიო ფონდისთვის სახელმწიფო ბანკის ფუნქციების მინიჭებას გეგმავს.

თუკი ამჟამად არსებულ კანონით, დაბალრისკიანი პორტფელიდან საპენსიო სააგენტოს ინვესტირება შეუძლია მხოლოდ ობლიგაციებში ან აქციებში, ახალი კანონპროექტით ფონდს შეეძლება თანხა მიმართოს პროექტების პირდაპირ ფინანსირებაში, ანუ საკრედიტო დაფინანსების გაცემაში. ახალი კანონპროექტით, დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის 15% შეიძლება ჩაიდოს “სხვა აქტივებში”, რაც პროექტების პირდაპირ ფინანსირებას ნიშნავს. იზრდება ანალოგიური ლიმიტი საშუალორისკიანი პორტფელისთვის და ის 15%-ის ნაცვლად 20% ხდება, ხოლო მაღალრისკიანი პორტფელისთვის ეს ლიმიტი 25%.

ეს ნიშნავს, რომ საპენსიო ფონდს არსებული მდგომარეობით დაახლოებით 750-800 მილიონი ლარის ისეთ პროექტებსა და აქტივებში ჩადება შეეძლება, რომლებიც არც აქციებს და არც ობლიგაციებს არ წარმოადგენს.

“საინვესტიციო ლიმიტებთან (მანდატის გაფართოებასთან) დაკავშირებით კანონპროექტი ითვალისწინებს სხვა აქტივების ჭრილში ლიმიტების გაზრდას 15%-მდე, 20%-მდე, 25%-მდე, აღნიშნული უზრუნველყოფს საპენსიო აქტივების ინვესტიციების მეტად დივერსიფიკაციის შესაძლებლობას, რაც დადებითად აისახება მონაწილეთა საპენსიო აქტივებზე, რადგან დივერსიფიკაცია სწორედ საპენსიო აქტივებზე ამონაგების გაზრდას შეუწყობს ხელს. თუმცა, ასეთი გავლენის წინასწარ შეფასება და ფინანსური შედეგების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი,”- ნათქვამია კანონპროექტში.

ამავე კანონპროექტით იზრდება საპენსიო ფონდის ადმინისტრაციული ხარჯები, რისთვისაც ხდება მართვის საკომისიოს გაზრდა. თუკი არსებული კანონით, საპენსიო სააგენტო იღებს მართვის საკომისიოს 0.5%-ის ოდენობით, ახალი ცვლილებით, საკომისიო 0.75%-მდე იზრდება.

არსებული მდგომარეობით საპენსიო ფონდის აქტივების ზომა 4.9 მილიარდ ლარს შეადგენს და ის 1.3 მილიონი მოქალაქის საპენსიო დანაზოგს წარმოადგენს.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის