მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქ. N8-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდა.
აღნიშნული საცხოვრებელი სახლის გამაგრება ორ ეტაპად განხორციელდა. გასულ წელს, მონოლითური რკინაბეტონით სახლების საძირკველი გამაგრდა, რისთვისაც მზიდ კედლებზე არმატურის ბადე, ხოლო პერიმეტრზე - მონოლითური რკინაბეტონის კოჭები მოეწყო. ასევე, ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდა ფანჯრებისა და კარების ღიობები, ბზარები კი სპეციალური მასალით დამუშავდა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს, რეაბილიტაცია შენობის ფასადს ჩაუტარდა. აღდგა და პირვანდელი სახე დაუბრუნდა აივნებს და შუშაბანდს.
დასრულებული სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა ზურაბ აბაშიძემ და გამგეობის თანამშრომლებმა დაათვალიერეს.
სახლში 9 ოჯახი ცხოვრობს. პროექტის დასრულების შემდეგ მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა.
გამაგრებითი სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით შესრულდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 892 584 ლარი გამოიყო.