ჩვეულებრივი ადამიანები დიდ დროს ხარჯავენ ინვესტიცირებაზე.
მდიდარი ადამიანები ფულის სწორად დაბანდებას სწავლობენ.
ადამიანები, ვინც კოლოსალურ წარმატებას მიაღწია, 20 წესს გვთავაზობენ ფულთან ურთიერთობაში:
1. ისწავლეთ მომავლის განჭვრეტა.
სანამ საქმეს დაიწყებდეთ, საბოლოო შედეგი წარმოიდგინეთ. ნათლად დასახეთ საკუთარი სურვილების სურათი; როგორი უნდა იყოს თქვენი გარემოცვა, თქვენი სამყარო; რა შეიცვლება თვით თქვენში; რამდენ ფულს, კავშირებს და შესაძლებლობებს მოგიტანთ ეს?! გააღვივეთ ოცნებების მიღწევის სურვილი. ამასთან, შეაფასეთ თქვენი გადაწყვეტილების ნეგატიური შედეგები; იფიქრეთ, რა რისკი იმალება მომავალში და როგორ შეგიძლიათ, მართოთ და თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ ეს რისკი.
2. დაამუშავეთ საკუთარი ფინანსური გეგმა.
ბიზნესი არის, პირველ რიგში, ფინანსური ცოდნა. ისწავლეთ აქტივისა და პასივის გარჩევა; აქტიური შემოსავლის პასიურისაგან განსხვავება; ძვირფასი ლითონების ბრჭყვიალებისაგან გამორჩევა. დაისახეთ მიზანი, რომელშიც გათვალისწინებულია შედეგის მკვეთრი სტრატეგია. ამ გეგმის ძირითადი დონეებია: რეზერვის უზრუნველყოფა. (ფორს-მაჟორის შემთხვევაში), დაცულობის გეგმის (ხარჯი მეტია შემოსავალზე), კომფორტისა და სიმდიდრის გეგმების უზრუნველყოფა. ყოველივე ამის მისაღწევად, ჩაწერეთ გეგმა უბრალო ფორმით, ისე, რომ თვით ხუთი წლის ბავშვმაც კი ყველაფერი გაიგოს.
3. შეჰქმენით საწყისი კაპიტალი.
კაპიტალის შექმნის ვარიანტებია: აიღეთ კრედიტი; გაყიდეთ საკუთარი იდეა; მოიგეთ ლიკვიდური საქონლის ყიდვა-გაყიდვით (მაგალითად, უძრავი ქონების ან ფასიანი ქაღალდების); იპოვეთ ძლიერი მფარველი; მოიზიდეთ სტრატეგიული ინვესტორი; შეჰქმენით ბიზნესი; გაერთიანდით თქვენნაირებთან. ამის შემდეგ მოახდინეთ კაპიტალის ინვესტირება ისე, რომ პასიური მოგება მიიღოთ.
4. რა საჭიროა ველოსიპედის გამოგონება, თუ მისი ყიდვა და გამოყენება შეიძლება.
მიმართეთ პროფესიონალებს. თქვენ არ შეიძლება, იცოდეთ ყველაფერი ყველაფერზე. ამიტომ გჭირდებათ ყველაზე საუკეთესო სპეციალისტების გუნდი. გამოიყენეთ სხვა ადამიანების გამოცდილება და დრო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუღალტრული აღრიცხვისა და კანონების სპეციალისტები, რომლებიც დაგეხმარებიან, მიიღოთ აუცილებელი სახსრები, მინიმუმამდე დაიყვანოთ ხარჯები და გაითვალისწინოთ რისკი.
5. შეისწავლეთ სხვა ადამიანების გამოცდილება.
შეისწავლეთ, რა ინვესტიციებს აკეთებენ უმდიდრესი ადამიანები და როგორ მიაღწიეს მათ წარმატებას. თვალი ადევნეთ სხვათა წარმატებებს და დაიმახსოვრეთ ყველაზე მთავარი. მოაგროვეთ ინფორმაციები, - ჩვენს დროში, ინფორმაცია განაგებს მსოფლიოს. იპოვეთ ჭკუის დამრიგებელი. თუნდაც უფასოდ, იმუშავეთ ისე, როგორც უდიდესი ოსტატები მუშაობდნენ ხელქვეითებად სხვა ოსტატებთან. გახსოვდეთ, რომ როცა გამოცდილებას სწავლობ, იმ ადამიანის ოსტატობის ნაწილს შეიძენთ.
6. ბიზნესი-ეს არის ძლიერი ემოციები და მაგარი ნერვები.
ინვესტიცია შეაფასეთ არა სილამაზის, ბრჭყვიალებისა და სურვილების მიხედვით, არამედ მომგებიანობის მხრივ. იქონიეთ იმის გამბედაობა, რომ გადაწყვეტილება მიიღოთ სწრაფად; იქონიეთ იმის ძლიერი სურვილი, რომ საქმე ისე ააწყოთ, რომ მან ღირებულება აიმაღლოს. თუ ინვესტიციას წაგება მოაქვს, გამოიძებნეთ შინაგანი ძალები მასზე უარის სათქმელად.
7. წარმატება არის 10%-ით გამართლება, 90%-ით მოთმინება.
ბევრი მოგებას ვერ ღებულობს იმიტომ, რომ არ სწამს საკუთარი ძალებისა და დისტანციიდან გადმოდის მაშინ, როცა მიზნამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება. თუ გეგმა გაგაჩნიათ, კიდეც მიჰყევით მას. თუ უკეთეს გადაწყვეტას მიაგნებთ, შეცვალეთ იგი, მაგრამ მიზნიდან არ გადაუხვიოთ. გახსოვდეთ, რომ სიჯიუტე, ყურადღებიანობა და შრომისმოყვარეობა წარმატების საწინდარია.
8. ბიზნესში მხოლოდ ის აკეთეთ, რაც ფულად გადაიქცევა.
თუ ამას პრინციპულად არ გადაუხვევთ, ყოველთვის გექნებათ თავისუფალი დრო და ფულის დადებითი წყარო. კონცენტრირებული იყავით აქტივისაგან პასიური მოგების მიღებაზე და სისტემის სრულყოფაზე.
9. ბლეფი – საბოლოო გამარჯვებამდე.
წარმატებული ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია ურთიერთობები. თუ თქვენ გსურთ, საუკეთესო სპეციალისტები მიიზიდოთ, თქვენი ოცნების სურათი ისე დაუხატეთ, ვითომ უკვე ახდენილი იყოს. ისე იცხოვრეთ, თითქოს უკვე ყველა ნატვრა აგისრულდათ. როცა ადამიანები ამას დაგიჯერებენ, თქვენ ვალდებული იქნებით, ყველაფერი ცხადად აქციოთ.
10. მოამზადეთ თქვენი ბიზნესი პირველივე დღეს გასაყიდად.
გახსოვდეთ, რომ ფული თქვენთვის მუშაობს. რაც უფრო სწრაფად აბრუნებთ მას, მით უფრო ინტენსიური ხდება მისი შემოდინება. თუ თქვენ შეჰქმენით ბიზნესი, მოამზადეთ იგი დასაწყისშივე გასაყიდად; იმუშავეთ ბიზნესში სისტემისა და გუნდის შესაქმნელად, რათა ბიზნესი ფუნქციონირებდეს თქვენი უშუალო მონაწილეობის გარეშეც.
11. გახსოვდეთ, რომ თამაშში, ისევე, როგორც ბიზნესში, ყველაფერი დასაშვებია, რაც კი აკრძალული არ არის.
ნამდვილი ფული იქ კი არ არის, სადაც ბილიკი გაკვალულია, არამედ იქ, სადაც ჯერ არავის გაუვლია. ამიტომ, ეძიეთ პერსპექტიული ბაზრები და მიმართულებები. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე ეფექტურია პლანეტის ყველა მაცხოვრებლისთვის უმნიშვნელოვანესი: ჯანმრთელობა, სიმდიდრე, განათლება, ინვესტიციები, უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გამოიგონეთ გაყიდვისა და მარკეტინგის ახალი საქმეები, ახალი საშუალებები.
12. აიძულეთ ფული, იმუშაოს თქვენზე.
ღარიბები ფულისათვის მუშაობენ. მდიდრები ფულს აიძულებენ, მათთვის იმუშაოს; ამიტომ ყიდულობენ უძრავ ქონებას, ფასიან ქაღალდებს, სხვადასხვა საწარმოებსა და კომპანიებს. დახარჯეთ დრო აქტივების შეძენასა და მართვაზე. გახსოვდეთ, რომ სიმდიდრე ეს არის უნარი, იცხოვრო და არ იმუშაო.
13. თქვენს ირგვლივ ბევრი შესაძლებლობაა, ყველგან და ყოველთვის.
მდიდრები სულ ახალი და ახალი ხერხებით შოულობენ ფულს. გახსოვდეთ, რომ ჩვენს სამყაროში ფული, უბრალოდ, ფეხებს ქვეშ გვილაგია. მხოლოდ, უნდა შეგეძლოს, დაინახოთ საშუალებები, რომლებიც ფულს მოგიტანენ. გამოიფხიკეთ ყურები და დააჭყიტეთ თვალები, როცა ქუჩაში მიდიხართ, ადამიანებთან ურთიერთობთ და გაზეთებს კითხულობთ. უთხარით ,,კი” ახალ შესაძლებლობებს. როცა პირველ შესაძლებლობას დაინახავთ, დანარჩენების დანახვის უნარიც გამოიჩინეთ. მიეცით ბაზარს ის შესაძლებლობები, რომლებიც მას სჭირდება და ეს დიდ მოგებას მოგიტანთ.
14. გათავისუფლდით შიშისაგან, სიზარმაცისაგან, საკუთარ ძალებში ურწმუნოებისა და თვითდაჯერებისაგან.
ბევრი ადამიანი არაფერს აკეთებს იმის შიშით, მაინც არაფერი გამომივაო. შეშინება მაშინ შეგიძლიათ, როცა ფინანსურ თავისუფლებას მიაღწევთ. მანამდე კი, ირწმუნეთ საკუთარი ფინანსური გეგმისა და შეუდექით თვითგანსწავლულობას. ჩამოწერეთ თქვენი შიშები და შეისწავლეთ ისინი. გახსოვდეთ, რომ შიშის უკან ჭეშმარიტი რესურსი იმალება. იმოქმედეთ!
15. ყოველთვის იარეთ ახალი ჰორიზონტისაკენ.
იმისათვის, რომ არ ჩამორჩეთ, მუდმივად უნდა ვითარდებოდეთ. განავითარეთ საკუთარი გამოცდილება და ხალხი თქვენს ირგვლივ. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის უნდა სრულჰყოთ შემდეგი თვისებები: ურთიერთობა, ლიდერობა, საკუთარი დროის, საკუთარი ემოციების მართვა, გუნდის ჩამოყალიბება, გადასახადთა კანონების ცოდნა ფასიანი ქაღალდების სფეროში. გონება სულ გახსნილი იქონიეთ ახალი ცოდნის მისაღებად.
16. ცხოვრება ყველაზე კარგი მასწავლებელია.
ისწავლეთ იმ გაკვეთილებზე, რომლებსაც ცხოვრება გაწვდით. თუ მარცხი იწვნიეთ, თქვენ შეგიძლიათ, გულზე ხელები დაიკრიფოთ, მაგრამ შეგიძლიათ, ეს გაკვეთილად ჩათვალოთ და ამ მარცხიდან მოგება გამოიტანოთ. იყავით ოპტიმისტები.
17. მიეცით თავს გამდიდრების უფლება.
გამოიგონეთ ლეგენდა საკუთარ თავზე. შეისწავლეთ თქვენი წინაპრების ცხოვრება, იპოვეთ იქ იმისი საბუთი, რომ თქვენი მამა-პაპანი წარმატებული ადამიანები იყვნენ. თუ მათ მიაღწიეს რამეს, თქვენც კი შეგიძლიათ ეს! გჯეროდეთ, რომ თქვენ ღირსი ხართ, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი იყოთ.
18. თქვენი აზროვნება თქვენი მთავარი რესურსია.
თუ თქვენი გონება და ენა სწორ, ,,ეფექტურ” სიტყვებს წარმოთქვამს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია. არასოდეს თქვათ: ,,არა”; ,,არ შემიძლია”. თქვით ,,დიახ”; ,,როგორ უნდა მივაღწიოთ ამას”; ,,როგორ შემიძლია ამის გაკეთება”. მაშინ იპოვით გზებს მიზნის მისაღწევად.
19. სანამ მიიღებდეთ, ისწავლეთ გაჩუქება.
გასცემდეთ და მიიღებდეთ. იყავით უხვი, თუნდაც, დაუყოვნებლივ მოგებას არ ღებულობდეთ. სიკეთე, გულღიობა, გულუხვობა ყოველთვის გიბრუნდებათ. დრო და ყურადღება არ მოაკლოთ მეგობრებს, ნათესავებსა და ახლობლებს, საკუთარ ჯანმრთელობასა და გატაცებებს. ეს თქვენი მოღვაწეობის მძლავრი რესურსებია, რომლებიც ცხოვრებაში მხარში გიდგანან.
20. იპოვეთ საქმე, რომელიც თქვენში ნამდვილ ვნებებს აღძრავს.
ამბობენ, ვნება სიყვარულისა და სიძულვილის ნაერთიაო. ვნება და ჟინი თქვენი ცხოვრების ენერგიაა. რატომ გიყვარს ის, რაც გინდა, და რატომ გძულს საკუთარი თავი იმისთვის, რომ ამის მიღწევა არ შეგიძლია?!