ტექსტი: ჟურნალ National Geographic Traveler-ის რედაქტორები
დამატებითი ცნობები: მერიელენ კენედი დაკეტი
მოგზაურობას ახლავს ხალისი, რასაც მოულოდნელობის განცდა იწვევს. პანდემიამ გაყინა ტურიზმი, თუმცა მან ვერ დაგვაკარგვინა ცნობისმოყვარეობა. მიმდინარე წელს − მოგზაურობის აღდგენის იმედით − ჩვენ დიდი ენთუზიაზმით გაცნობთ იმ 25 ადგილს, რომლებიც ჩვენს მომავალ მარშრუტებს განსაზღვრავს.
გიგანტური მწვანე ქალაქი ამერიკის დასავლეთში
COVID-19-თან დაკავშირებული ფინანსური სირთულეების მიუხედავად, დენვერი მაინც ენერგიულად მიიწევს თავისი მიზნისკენ, რომ 2030 წლისთვის 100 პროცენტით გადაერთოს განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ელექტროენერგიაზე. უახლეს ინიციატივათა შორისაა 200-კილომეტრიანი ველობილიკი 2023 წლისთვის და მზის ბაღების „დარგვა“ 2021 წლისთვის.
„დენვერის სუფთა ენერგოსექტორში ჩადებული ინვესტიციები გააძლიერებს ჩვენს ქალაქს და შეებრძოლება უამრავ პრობლემას, მათ შორის, ჩვენ მიერ დატოვებულ ნახშირბადის კვალს“, – ამბობს კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების, მდგრადი განვითარებისა და გარემოსთან ადაპტირების დენვერის სამსახურის დირექტორი გრეის რინკი. მზის ბაღები, გარდა იმისა, რომ სუფთა ენერგიას გამოიმუშავებს, სამუშაო ადგილებსაც გაზრდის.
ეკომეგობრული ინიციატივების წასახალისებლად კოლორადოს დედაქალაქი ბიზნესმენებს უფასო, ინდივიდუალურად მორგებულ მდგრადი განვითარების გეგმებს სთავაზობს. დენვერში უკვე 2000-მდე ბიზნესმენი ჩაერთო მწვანე ინიციატივებში.
„ჩვენ გაგვიმართლა, რომ ასეთ ლამაზ ადგილას ვცხოვრობთ“, – ამბობს მწვანე რესტორნის თანადამფუძნებელი ადამ შლეგელი. – Traveler US
სელაპების თავშესაფარი ხმელთაშუა ზღვაში – და ღრმა ყვინთვა უძველეს ჩაძირულ გემებთან
„დაღუპული ხომალდების პართენონის“ სახელით ცნობილ პერისტერის ჩაძირულ გემზე პირველი წყალქვეშა მუზეუმი გაიხსნა საბერძნეთ-
ში. ის მდებარეობს ალონისოსის ეროვნული საზღვაო პარკის წყლებში და, როგორც ფიქრობენ, იქ განისვენებს ძვ.წ. V საუკუნის ათენური ბარჟა. პარკი დაარსდა 1992 წელს გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ხმელთაშუაზის სელაპი-
ბერის არეალის დასაცავად. შედეგად, ამ წყლებში ადამიანთა საქმიანობაც შეიზღუდა და, ამასთან, ანტიკვარიატზე მონადირეებიც ვეღარ დათარეშობდნენ იქაურ წყლებში – ასე გადარჩა ჩაძირული გემის არქეოლოგიური ზონა.
ადგილზე რომ მოინახულოთ ეს წყალქვეშა მუზეუმი, 25 მეტრ სიღრმეზე ყვინთვის უნარები დაგჭირდებათ. – ლაქშმი სანკარანი, მთავარი რედაქტორი, Traveller India
გერმანიის საუნივერსიტეტო ქალაქი საუკეთესო მწვანე გამოცდილებას აცნობს მსოფლიოს
გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ მხარეში – ბადენ-ვიურტემბერგში, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვართან, მდებარეობს საუნივერსიტეტო ქალაქი ფრაიბურგი.
შვარცვალდის კარიბჭედ წოდებული ფრაიბურგი გარეგნულადაც და საქმითაც მწვანე ქალაქია. ტყის მასივები ურბანული ზონის 40%-ზე მეტ ფართობს ფარავს. ქალაქი ენერგიას იღებს განახლებადი წყაროებიდან. ტრანსპორტის ძირითადი სახეებია ველოსიპედი, ელექტროავტობუსი და ტრამვაი. ეს ყველაფერი ზრდის ალბათობას, რომ ფრაიბურგი მიაღწევს დასახულ მიზანს – CO2-ის ემისიების მინიმუმ განახევრება 2030 წლისთვის და კლიმატნეიტრალურობა – 2050 წლისთვის.
მწვანე ინფრასტრუქტურის საუკეთესო აპრობირებული მეთოდი – მზის პანელები თუ ურბანული ბაღები – დაინერგა ფრაიბურგის ვობანის რაიონში. ეს ეკოლოგიური და სოციალურად თანასწორი უბანი მოქალაქეთა ხედვაზეა დაფუძნებული. 2016 წელს დასრულებული ვობანი დღეს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონია ფრაიბურგში, რაც შემდეგზე მიუთითებს: თუ ქალაქს ვაშენებთ მდგრადად, იქ ხალხიც აუცილებლად დასახლდება. – ვერნერ ზიფერი, მთავარი რედაქტორი, Traveler Germany
ამ აფრიკული ქვეყნის 11% ეროვნულ პარკებს უჭირავს
სპილოები და ბეჰემოთები ლაღად დააბიჯებენ გაბონის სანაპიროებზე – „აფრიკის უკანასკნელი ედემი“, როგორც მას უწოდებს National Geographic-ის რეზიდენტი-მკვლევარი მაიკ ფეი.
ჯერჯერობით, სრულად ხელმისაწვდომი არ გახლავთ გაბონის ცამეტივე ეროვნული პარკი, თუმცა მხოლოდ ერთი ლოანგეს პარკი გთავაზობთ ლანდშაფტების მთელ კალეიდოსკოპსა და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას. ლოანგეს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა გადაშენების კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი დასავლეთის დაბლობის გორილა, ხოლო პონგარაში – 5 ეროვნული პარკიდან ერთ-ერთი, რომელიც ზღვის კუების ჰაბიტატებს იცავს – თქვენ შეხვდებით მობუდარ ტყავიან კუებს, ასევე, მიგრატორ ვეშაპებსა და დელფინებს.
ამ ქვეყნის სახმელეთო ტერიტორიის 80% ჯერ კიდევ ტყითაა დაფარული. მდგრადი განვითარების სტრატეგიით უნდა გაფართოვდეს ეკოტურიზმის მიმართულება, რაც დაიცავს ქვეყნის ველური ადგილების ხელშეუხებლობას. – ბარბერა ბოსმა, მმართველი რედაქტორი, Traveler Netherlands
ადგილი, სადაც ზღვის სიცოცხლე ხარობს სამხრეთ წყნარ ოკეანეში
კუზა ვეშაპები, მწვანე ზღვის კუები თუ დიუგონები, ყველანი ერთად იკრიბებიან ახალი კალედონიის წყლებში. რიფების ეს ვრცელი სისტემა 9000-ზე მეტ ზღვის სახეობას ითვლის და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი 2008 წლიდან.
1 300 000 კვ. კმ-იანი მარჯნის ზღვის ეროვნული პარკი 2014 წელს დაარსდა. პარკის ზოგ ნაწილში – ნაწილობრივ, ზოგან კი საერთოდ აკრძალულია ადამიანის ჩარევა, სამეცნიერო საქმიანობის გარდა. – მარი-ამელი კარპიო, მთავარი რედაქტორი, Traveler France
კოსმოპოლიტური დედაქალაქი მდგრადი სტრატეგიით
კოპენჰაგენი ცდილობს, რომ პირველ ნახშირბადნეიტრალურ დედაქალაქად გადაიქცეს 2025 წლისთვის.
„კოპენჰაგენში ჩვენ მტკიცედ მოვითხოვთ მწვანე მეთოდების გამოყენებას, რადგან მათ სარგებელი მოაქვთ – სამუშაო ადგილები თუ ცხოვრების უკეთესი ხარისხი“, – ამბობს ქალაქის მერი ფრენკ იენსენი.
„კოპენჰილი“ 70 ტონა ნარჩენს წვავს ერთ საათში და გამოიმუშავებს ენერგიას. ეკომეგობრული ქალაქგეგმარებით კოპენჰაგენში 5-ჯერ უფრო მეტი ველოსიპედია, ვიდრე მანქანა. ელექტროველოსიპედის ტურით მოინახულებთ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს. – მარკო კატანეო, მთავარი რედაქტორი, Traveler Italy
რასობრივი საკითხების განხილვის ცენტრი აშშ-ში
სახელწოდება Greenwood Rising ზუსტად აღწერს მდგრად სოციოეკონომიკურ ტრანსფორმაციას. გრინვუდი რასიზმის უმძიმესი გამოვლინების ადგილია აშშ-ის ისტორიაში.
1921 წელს თეთრკანიანი აგრესორები შეიჭრნენ „აყვავებულ“ გრინვუდში – ცნობილი როგორც „შავი უოლსტრიტი“ – მოკლეს 300-მდე შავკანიანი, დაარბიეს 35-მდე კვარტალი. ამ მოვლენის მე-100 წლისთავზე ტალსა აშენებს გრინვუდ-რაიზინგს.
ტალსის ისტორიული ცენტრი კატალიზატორად უნდა იქცეს გრინვუდის გასაცოცხლებლად და სისტემური რასიზმის დასასრულებლად აშშ-ში, – ამბობს მე-100 წლისთავის პროექტის ორგანიზატორი ფილ არმსტრონგი. – Traveler US
მაგელანის მემკვიდრეობა წყნარ ოკეანეში
გუამზე (უდიდესი კუნძული მარიანას არქიპელაგზე) დედამიწის გარშემო პირველი მოგზაურობის 500 წლისთავი უნდა აღინიშნოს, თუმცა გუამის მკვიდრი მოსახლეობისთვის ეს არ გახლავთ ერთმნიშვნელოვნად დღესასწაული. 1521 წლის მარტში ამ კუნძულზე სამდღიანი გაჩერებისას ფერდინანდ მაგელანმა არაერთი ჩამორო (მკვიდრი ხალხი) მოკლა და ირონიულად უწოდა მარიანას Islas de los Ladrones (ქურდების კუნძულები).
1519 წელს მაგელანის დაწყებული ეს მოგზაურობა 1522 წელს ესპანელმა ზღვაოსანმა ხუან სებასტიან ელკანომ დაასრულა. 2021 წლის მარტში, გუამს კვლავ მიადგება ესპანური ხომალდი დედამიწის გარშემო ამ პირველი მოგზაურობის სახსოვრად. ჩამოროს ხალხისთვის ეს ექსპედიცია ერთგვარი შესაძლებლობაა თავიანთი ამბის მოსათხრობად – მაგელანთან დაპირისპირება, გუამის კოლონიური ისტორია და ცხოვრება აშშ-ის არმიის „შუბის წვერზე“ წყნარ ოკეანეში.
გუამის კომპლექსური ამბავი ირეკლება ჩამოროს ენაში, რომელშიც ვხვდებით ესპანურ, ინგლისურ და იაპონურ სიტყვებსაც კი. ახალგაზრდა ჩამოროები განსაკუთრებით ეწაფებიან ცოდნას, რათა უკეთ შეიცნონ თავიანთი კულტურა, ამბობს ჩამორო მწერალი და აქტივისტი მაიკლ ბევაკვა. – Traveler US
ეს უძველესი სამეფო ჯერაც ბრწყინავს
კორეის ნახევარკუნძულზე მდებარე კიონჯუს უფრო კარგად ვიცნობთ მისი მეტსახელით: „მუზეუმი კედლების გარეშე“. ამ ქალაქში გასაოცარი სიმრავლით გვხვდება არქეოლოგიური ველები, რადგან კიონჯუ თითქმის 1000 წლის განმავლობაში იყო კორეის სამეფო სილის დედაქალაქი (ძვ. წ. 57 – ახ.წ. 935).
კიონჯუს ისტორიულ ზონებში (იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი) წარმოდგენილია ამ კორეული ოქროს ხანის ბუდისტური ხელოვნების ბრწყინვალე კოლექცია. საგანძურთა შორისაა: ტაძარი და სასახლის ნანგრევები, ქვის პაგოდები, კლდის მხატვრობა, VIII საუკუნის ბუდას ქანდაკება და სილის დიდგვაროვანთა 150-მდე ყორღანი.
ამ სამარხებში აღმოჩენილი ოქრო, ვერცხლი, მოოქრული ბრინჯაო თუ სამკაულები ბრწყინავს კიონჯუს ეროვნული მუზეუმის გამოფენაზე, სახელად „ოქროს სამეფო სილა“. – ბო-იონ ლიმი, მთავარი რედაქტორი, Traveler Korea
ჩინეთის „მოხატულ“ ლანდშაფტზე პირველი სახელოვნებო ფესტივალი იმართება
ტრადიციული ჩინური „შანშუის“ (პეიზაჟური ფერწერა) ეტალონია 1350 წელს დასრულებული ნამუშევარი „საცხოვრებელი ფუჩუნის მთებში“ – ვიზუალური მოგზაურობა მდინარისა და მთების გაყოლებაზე ქალაქ თუნგლუში.
2021 წელს ეს ქალაქი კიდევ ერთხელ ხვდება ყურადღების ცენტრში. გაზაფხულზე იქ იგეგმება თუნგლუს ხელოვნების პირველი გამოფენის ჩატარება. მინდვრებსა და მდინარის გასწვრივ მოეწყობა თანამედროვე ხელოვნების ინსტალაციები – ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოფენა აგროტურიზმსაც შეუწყობს ხელს.
„მდინარე ფუჩუნსა და ირგვლივ მთებში ჩამოწოლილი ღრუბლები ძალიან ჰგავს ჩინურ პეიზაჟურ ფერწერას“, – ამბობს ფესტივალის დირექტორი ფრამ კიტაგავა. – ი ლუ, მმართველი რედაქტორი, Traveler China
ჯაზი და ლეგენდები ბასკეთის კულტურულ დედაქალაქში
ბასკეთის კულტურის გვირგვინია ქალაქი ვიტორია – ბასკური სახელწოდებით გასტეისი. ისტორიულად ვიტორია კომერციულ და კულტურულ გზა-ჯვარედინზე მდებარეობდა, რომელზეც გადიოდა კასტილიის სამეფოს უმოკლესი დამაკავშირებელი გზა ჩრდილოეთ ევროპასთან.
ვიტორიელები კვლავ განაგრძობენ სხვა კულტურებთან მჭიდრო ურთიერთობის ტრადიციებს, იწვევენ ჯაზის ვარსკვლავებს და ყოველ წელს მართავენ ვიტორია-გასტეისის ჯაზის ფესტივალს. უინტონ მარსალისის ქანდაკება დგას ლა-ფლორიდაში – ერთ-ერთი პარკი წრიული ქსელიდან, რომლის წყალობითაც ვიტორიაში უფრო მეტი მწვანე სივრცეა ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე ესპანეთის ნებისმიერ სხვა ქალაქში.
ძველი ქალაქის მოედანზე პლანეტის დამცველი ვიტორიელები ტრადიციულ დღესასწაულსაც ზეიმობენ, რომელიც ეძღვნება ქალაქის მფარველ ლა ვირხენ ბლანკას (თეთრი ღვთისმშობელი). – სერხი რამისი, მწერალი, Viajes National Geographic
მკვიდრ ამერიკელთა ხმების გაჟღერება აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში
ნიუ-მექსიკოში პოპეს ქანდაკებას განადიდებენ და მისი პატივისცემისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. პოპე გახლდათ პუებლო ინდიელი, რომელიც სათავეში ედგა 1680 წელს მოწყობილ აჯანყებას. ამ ქმედებით ესპანელები გააძევეს პუებლო ინდიელების მკვიდრი მიწებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებმა კვლავ მოიპოვეს კონტროლი 1692 წელს, ეს აჯანყება მიიჩნევა პუებლო ინდიელთა კულტურის გადამრჩენელ აქტად.
პოპეს მემკვიდრეობა თვალსაჩინოა ნიუ-მექსიკოს პუებლოების 19-ივე ხალხში, მათ შორის, ტაოს პუებლოებში, რომელთა მკვიდრი მიწაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ალბუკერკეში მდებარე პუებლო ინდიელების ვიზიტორთა ცენტრი (IPCC) საწყისი წერტილია პუებლოების შესაცნობად.
„ეს არის ადგილი, სადაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ და შევიგრძნობთ დედამიწას“, – ამბობს IPCC-ის მენეჯერი პუებლო მაიკლ ლუსერო. – Traveler US
ამ ნაკლებად ცნობილ ეროვნულ პარკში მგლები და ლოსები სეირნობენ
აილ-როიალის კუნძულს მიუწვდომელ ადგილად აქცევს შტორმები და მღელვარე წყლები, თუმცა ასეთ გარემო პირობებში უნიკალური ეკოსისტემა ჩამოყალიბდა. ამ ეროვნულ პარკში ძუძუ-მწოვართა მხოლოდ 18 სახეობა გვხვდება. 2018 წლისთვის იქ მგლების სულ ერთი წყვილი დარჩა ცოცხალი და მეცნიერებმაც რეინტროდუქცია დაიწყეს. შედეგად, მგლების პოპულაციის აღდგენით ბუნებრივად დარეგულირდა ლოსების რიცხოვნობაც და მთელი ეკოსისტემა გაჯანსაღდა.
კუნძულის იზოლირებულობა აქ იზიდავს ზურგჩანთით მოლაშქრეებსა და კაიაკით მოცურავეებს. – Traveler US
„უკანასკნელი სამოთხე“ ტასმანის ზღვაში
ლორდ-ჰაუს კუნძული დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე განმარტოებული ეკოსისტემაა. ლორდ-ჰაუს გარს არტყია საზღვაო პარკი, რომელშიც გვხვდება დედამიწის ყველაზე უკიდურეს სამხრეთით მდებარე მარჯნის რიფები, 500-მდე თევზის სახეობა და გადაშენების საფრთხეში მყოფი ვეშაპისებრი ზვიგენი, თეთრი ზვიგენი და კუ ბისა.
სამოთხის დაცვის პროგრამით კუნძულიდან დევნიან ინვაზიურ სახეობებს და იცავენ ენდემურებს, როგორიცაა გადაშენების კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი მწერი, ლორდჰაუს კუნძულის ჩხირულა. – Traveler US
აქ პოლარული ციალი 240 ღამე გრძელდება წელიწადში
არქტიკის კიდეზე მდებარე იელოუნაიფი ველური ტაიგითაა გარშემორტყმული. ამ მიწებს ინდიელი დენები სტუმრობდნენ ათასობით წლის განმავლობაში. „აქ ჩვენ ვპოვებთ ბედნიერებასა და ბუნების საჩუქრებს“, – ამბობს დენე ხალხის მწერალი კეტრინ ლაფერტი.
ვიზიტორები ბუნების ერთ-ერთ საჩუქარს ჩრდილოეთის ციალისას შეიგრძნობენ, თავზე რომ ევლება ტყეებსა და უთვალავ ტბას. – ონდრჟეი ფორმანეკი, მთავარი რედაქტორი, Traveler Czechia
ბრაზილიის ველური ბუნება ძალიან ჰგავს იურულ პარკს
სამხრეთ ამერიკის უდიდესი სავანის, სერადუს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას გაუტყეურება ემუქრება სოიისა და შინაური საქონლის ფერმების გაშენებით.
ბრაზილიის კამპანია სერადუს დასაცავად – განგაშის ზარია ამ საოცრებათა სამყაროს გადასარჩენად. აქ გვხვდება ჩვენი პლანეტის მცენარეთა და ცხოველთა მთელი 5%.
სერადუს თავბრუდამხვევი ბიომრავალფეროვნება 10 000-ზე მეტი მცენარის სახეობას მოიცავს – მათი თითქმის ნახევარი სხვაგან არსად გვხვდება დედამიწაზე – და „იურული პარკის“ ზომის არსებებს: ტახისმაგვარი ტაპირები, რომლებიც წონით 300 კგ-ს აღწევენ და გიგანტური არმადილები – 50 კგ-მდე, ასევე გიგანტური ჭიანჭველაჭამიები, რომლებიც 45 კგ-ზე მეტსაც შეიძლება იწონიდნენ. წარმოუდგენელი ზომისაა გიგანტური პალმის ხეც, სახელად ბურიტი, რომელზეც ფრინველის 850-ზე მეტი სახეობა ბუდობს. – Traveler US
ციური და წყალქვეშა საოცრებების სასტარტო პლატფორმა
კოსმოსური სანაპიროს სახელით ცნობილ ამ 115-კილომეტრიან ზოლზე NASA-ს კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის პოლიგონია მოწყობილი.
მის ვიზიტორთა კომპლექსში თქვენ იხილავთ SpaceX-ის აფრენებს და ისეირნებთ გიგანტურ რაკეტებს შორის. ეს კოსმოსური ცენტრი მერიტის კუნძულის ეროვნული ველური ბუნების ნაკრძალით არის გარშემორტყმული, სადაც ერთ განსხვავებულ გიგანტსაც შეხვდებით – ფლორიდულ ლამანტინს.
ამ ნაკრძალში კაიაკებითაც ეწყობა ტურები ლამანტინებისა და დელფინების საყურებლად, ღამით კი მილიარდობით ლუმინესცენციური პლანქტონის „შოუს“ იხილავთ.
„ბიოლუმინესცენციურ ღამის ტურებზე დაინახავთ წყალქვეშ ზიგზაგისებურად მოძრავ სინათლეს, – ამბობს Florida Adventurer-ის მფლობელი ჯოშ მაიერსი, – ხოლო დღისით შეიძლება ლამანტინი ამოხტეს წყლიდან და კაიაკით მცურავ ვიზიტორებს წყალი შეგაშხეფოთ“. – ივან ვასინი, მთავარი რედაქტორი, Traveler Russia
რეალური ისტორიის პოვნა ფანტაზიებით ნასაზრდოებ მიწაზე
რუმინეთის ერთი სრულიად რეალური რეგიონი მისტიკურ საბურველში გაახვია „დრაკულამ“ – ირლანდიელი მწერლის, ბრემ სტოკერის საშინელებათა ჟანრის რომანმა. „დაწყევლილი მიწა, სადაც ეშმაკი და მისი შვილები დღესაც დააბიჯებენ დედამიწაზე!“ – როგორც ავტორი მოიხსენიებს.
თავად სტოკერს არასოდეს უნახავს ეს ადგილი და მანაც ბრიტანელი მოგზაური მწერლებისგან შეაგროვა ინფორმაცია ამ რომანის დასაწერად 1897 წელს. გარკვეულ ნიუანსებში ის სწორად გაერკვა, მაგრამ სტოკერმა ვერ წარმოაჩინა მთავარი, რითიც ცნობილი უნდა იყოს ტრანსილვანია: პასტორალური, ძველი ევროპის სული.
კოსმოპოლიტური ქალაქი კლუჟი კარიბჭეა, საიდანაც ხვდებით ტრანსილვანიის მინდვრის ყვავილებში, წიგნიდან „გადმოსულ“ ციხესიმაგრეებსა და მოკირწყლულ სოფლებში. აქ ჩასულ მოგზაურებს დაგავიწყდებათ ტექნოლოგიებით გადატვირთული მსოფლიო; თქვენ ისეირნებთ ეტლებით, ილაშქრებთ კარპატების ტყიან მთებში, მონაწილეობას მიიღებთ ცხვრის მოწველაში, კვერცხების შეგროვებასა და თივის ზვინების დახვავებაში.
„დროის შეგრძნების დაკარგვა – აი, ეს არის, რაც გამორჩეულს ხდის ტრანსილვანიას“, უთქვამს ერთხელ უელსის პრინცს, რომელსაც მუდამ ხიბლავდა ტრანსილვანიის პასტორალური შარმი. – კატალინ გრუია, მთავარი რედაქტორი, Traveler Romania
სამახსოვრო ლეგენდარული მოგზაურობა
ინგლისის სანაპირო გზა – მსოფლიოს უგრძესი, 4500 კმ-იანი ზღვისპირა სალაშქრო ბილიკი – სრულად გაიხსნება 2021 წელს.
ინგლისის სანაპირო ბილიკი, რომელზეც ვხვდებით ხელშეუხებელ გარემოსა თუ ზედმიწევნით მოვლილ ლანდშაფტებს, 67 სექციადაა დაყოფილი. მისი ერთ-ერთი სექცია – „კუმბრიის დამალული სანაპირო“ – სახელოვნებო ინსტალაციებითა და ადრენალინის მომაზღვავებელი აქტივობებითაა დატვირთული. – მარია პიერი, რედაქციის დირექტორი, TRAVELLER UK
სადაც ინდიელები უკავშირდებიან ბუნებას
ბრიტანეთის კოლუმბია 200-ზე მეტი გამორჩეული ხალხის სახლია.
ეს ჩინებული ადგილია იმისთვის, რომ ეთნოგრაფიულ მოგზაურობაში გაეშუროთ მკვიდრ ტომებთან, რომელთა ისტორია 10 000 წელსაც კი ითვლის.
სკვამიშისა თუ შიშალის ხალხი გაგიზიარებენ ცოდნას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და თქვენც ასე უკეთ შეიცნობთ ინდიელთა ცხოვრებას.
„საკუთარ თავსა და მიწას აღვიქვამთ ერთ მთლიანობად“, – ამბობს შიშალის ტომის წევრი კენდის კამპო. – TRAVELER US
კოვბოები და წეროები ევროპის ფართოდ გაშლილ ველებზე
უნგრეთის დიდ ვაკეზე ევროპის ყველაზე ვრცელი ბალახნარია. აქ ხელშეუხებლად შენარჩუნდა ჭაობები, საძოვრები თუ სტეპის მცენარეულობა. ბალახნარის ეს ეკოსისტემა ფრინველის 340-მდე სახეობის ჰაბიტატია.
ამ მიწაზე შეხვდებით მწყემსებსა და კოვბოებსაც, რომლებიც საუკუნოვან ტრადიციებს გაგაცნობენ.
ხორტობადიში ბინადრობს, ასევე, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი პრჟევალსკის ცხენი – გარეული ცხენის უკანასკნელი ცოცხალი ქვესახეობა. – ტამაშ ვიტრაი, მთავარი რედაქტორი, TRAVELER Hungary
გაჰყევით უძველეს გზებს, რომლებზედაც მთები ეგებებიან ხმელთაშუა ზღვას
თურქეთის სალაშქრო ბილიკების უდიდესი ქსელი ხელშეუხებელ სანაპიროებზე, უძველეს ნანგრევებში, დაკბილულ მთებზე, მშვიდ სოფლებსა და ხშირ ტყეებში მიიკლაკნება. 850-კილომეტრიანი მარშრუტი ფარავს უფრო დიდ ფართობს, ვიდრე მისი „დობილი“ ლიკიის ბილიკი – თუმცა, ის მასზე ნაკლებადაა ცნობილი.
კარიის ბილიკის სახელწოდება მომდინარეობს კარიიდან – ძველი ცივილიზაცია, რომელიც არსებობდა ანატოლიის ნახევარკუნძულზე.
სანაპირო ღირსშესანიშნაობებია დატჩისა და ბოზბურუნის ნახევარკუნძულები თავიანთი არაამქვეყნიურად ლურჯი ზღვის უბეებით, ასევე უძველესი ქალაქი კნიდოსი და ზღაპრული სოფელი სელიმიე. მატერიკის ოდნავ სიღრმეში გამორჩეულია ლატმოსის მთების უნიკალური ლანდშაფტი და სოფელი ჰერაკლეა თავისი ბერძნულ-რომაული ნანგრევებით.
„რაც გამოარჩევს კარიის ბილიკს გახლავთ ის, რომ აქ ერთმანეთს ერწყმის წარმოუდგენელი პეიზაჟები და უძველეს ნანგრევთა მთელი ჯგუფი, რომელთა ისტორიაც ძვ. წ. 6000 წლამდეც კი მიდის, – ამბობს ალთაი ოზჯანი, ამ მარშრუტის თანადამაარსებელი 2013 წელს, – ხოლო ეგეოსის კულტურა ამ მთელი საგანძურის თანმხლებია“. – ონურ უიგუნი, რედაქტორის მოადგილე, Traveler Turkey
ამ კუნძულის კლიმატურ მდგრადობას ამყარებს კარიბის აუზის სათავგადასავლო ტურიზმი
დომინიკას ბუნებრივ ბარიერად მიუყვება მთები, რომლებიც იცავდა მას კოლონისტების შეჭრისა თუ აქტიური მშენებლობებისგან. მის ხელშეუხებელ კუნძულ ვაიტუკუბულიზე საოცრებათა სრული კოლექციაა: 9 აქტიური ვულკანი, 365 მდინარე, მაგნეტიტური ქვიშის სანაპიროები, გეოთერმული წყაროები თუ დატბორილი ფუმაროლა, სადაც წყლის ტემპერატურა 93 გრადუსსაც კი აღწევს.
მაგრამ დომინიკა ვერ უმკლავდება კლიმატის ცვლილებას, რომელიც ქარიშხლებს აძლიერებს. ოკენის გათბობამ დამუხტა ქარიშხალი „მარია“, რომელმაც კუნძულს 2017 წელს უძლიერესად დაარტყა.
როდესაც ქარიშხალმა ჩაიარა, ხელისუფლებამ კლიმატურად მდგრადი სახელმწიფოს შენება დაიწყო. სათავგადასავლო ტურიზმი უდიდეს როლს თამაშობს სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური სტიმულის შექმნაში დომინიკის აღსადგენად თუ მისი ბუნების დასაცავად. – Traveler US
ლაშქრობა ყინულის სამეფოში
ტურისტულ რუკაზე ელ-კალაფატე მოხვდა ლოს-გლასიარესის ეროვნულ პარკთან სიახლოვის გამო – როგორც მისი კარიბჭე პატაგონიის ყინულოვან სამეფოში.
ეს 4460-კილომეტ-რიანი პარკი მოიცავს სუბანტარქტიკულ ტყეებს, სადაც ჰაბიტატს პოულობენ გუემალი, პუმა, ნანდუ, კონდორი თუ გუანაკო, მაგრამ პარკის მთავარი სანახაობა 300-მდე მყინვარია, რომელთა შორის პერიტო-მორენოს მყინვარი გამოირჩევა. მისი დალაშქვრისას თქვენ აღმოაჩენთ ელექტრული ლურჯი ფერის ჩანჩქერებს, ყინულის გამოქვაბულებს, მიწისქვეშა მდინარეებსა თუ ექსტრავაგანტურ ყინულოვან ფორმაციებს.
ეს გაყინული „უდაბნო“ ნაწილია სამხრეთ პატაგონიის ყინულოვანი ველისა, რომელიც მსოფლიოს უდიდესი კონტინენტური ყინულის მასივია ანტარქტიდისა და გრენლანდიის შემდეგ. – ერიკ პინედო, საკოორდინაციო რედაქტორი, Traveler Latin America
შორეული მიწა გულითადი მასპინძლებით
კავკასიონის 4500-მეტრიან მწვერვალებში ჩამალული სვანეთი მიუდგომელი მოგეჩვენებათ. საქართველოში მდებარე ეს უსწორმასწორო ლანდშაფტი ქვის კოშკებითაა დაწინწკლული. აქ მოინახულებთ სოფელ უშგულსაც, ზემო სვანეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, ევროპის ერთ-ერთ უმაღლეს დასახლებულ პუნქტს 2400 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
შორეული მდებარეობის გამო სვანეთის კულტურა იზოლირებულად ვითარდებოდა, შედეგად, ჩამოყალიბდა მისი უნიკალური ენა და ისეთი ტრადიციები, როგორიცაა მაგალითად, სისხლის აღება. სვანები მასპინძლობითაც გამოირჩევიან: „საქართველო სტუმართმოყვარეობით არის ცნობილი, სვანეთში კი ქართული სტუმართმოყვარეობა სულაც გაათმაგებულია“, – ამბობს მოგზაური მწერალი მიხაუ გუომბიოვსკი.
დღეს სვანეთში ასვლა გაბედულ მოგზაურებს ტრანსკავკასიური ბილიკის გავლითაც შეუძლიათ (გრძელდისტანციური სალაშქრო მარშრუტის ზემო სვანეთის მონაკვეთი). თუ მაღალ მთებზე 4-დღიან ლაშქრობას გაუმკლავდებით მესტიიდან უშგულისკენ, თქვენ წინ გადაიშლება თვალწარმტაცი ხედები, ღამით კი გულითადად მიგიღებენ სვანთა საოჯახო სასტუმროებში. – მარტინა შჩეპანიკი, საკოორდინაციო რედაქტორი, Traveler Poland