კორუფციის კონტროლის მიხედვით, მსოფლიო ბანკის 189 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილზეა. ეს „2019 წლის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მონაცემია. ამავე კვლევის თანახმად, რეგულირების ხარისხის მიმართულებით საქართველო მსოფლიოში 27-ე, ევროპაში კი მე-19 პოზიციაზეა და რეგიონში ლიდერია. ეს რეიტინგი დგება კერძო სექტორის განვითარების მიზნით ქვეყანაში გატარებული რეფორმების მიხედვით.
მთავრობის ეფექტიანობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, მსოფლიოში 36 ქვეყანას გაუსწრო, ევროპაში კი 23-ს. კანონის უზენაესობით კი დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის სამ და ნატოს წევრ შვიდ სახელმწიფოზე კარგი შედეგი აჩვენა.
კორუფციის კონტროლის კუთხით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მესამედ მოხვდა. ამჯერად ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოზე წინ, მე-19 პოზიციაზე. 2012 წელს ამავე მაჩვენებლით მსოფლიოში 62-ე ადგილზე იმყოფებოდა.
მთავრობა მსოფლიო მმართველობის ინდიკატორის ამ მონაცემებს რეფორმების და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს.