USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს
თარიღი:  97518

ცნობილი ქართველი მეცნიერი, ჭიპლარის სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი

გოჩა შათირიშვილი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებს ვრცელ პოსტს უძღვნის სოციალურ ქსელში. გთავაზობთ მის მეტად საგულისხმო მოსაზრებებს:

"რამდენიმე მოსაზრება მინდა დავწერო კორონავირუსთან დაკავშირებით და ეს საკითხი სხვა კუთხით განვიხილო. არ მაქვს ექსპერტობის პრეტენზია, ასე ვხედავ მოვლენებს და გიზიარებთ.

პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპაში ყველაზე ლამაზ და ლაღ ქვეყნებში, სადაც სიცოცხლე ალბათ ყველაზე მეტად გიხარია, და რომლებიც ბევრი რამით ჩვენ გვგვანან, თუნდაც დისციპლინის და წესრიგისადმი ოდნავ მსუბუქი დამოკიდებულებით, თუმცა უდიდესი კულტურითა და ისტორიით

ყველას ხიბლავენ ამ მსოფლიოში. რაც მთავარია, ევროპული ცივილიზაციის აკვანი სწორედ აქ დაირწა და საუკუნეების მანძილზე ბევრი განსაცდელის მიუხედავად დღემდე ინარჩუნებს თავის ადგილს და ამ გასაჭირსაც დაძლევენ და გაძლიერებულები გამოვლენ და ისევ ისეთი ლაღები და ბედიერები იქნებიან, როგორც აქამდე.
ახლა კი ჩემი აზრი იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ზოგადად კორონავირუსისადმი ასეთი მოუმზადებლობა მსოფლიოში, რამაც საბოლოოდ მსოფლიო ლამის სრულ დამბლამდე მიიყვანა და კიდევ რა მოვლენები გველის და რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით.
 
დღეს ამ დაავადების მიმართ საკმაოდ უსუსურები ვართ, შეშინებული ვსაუბრობთ, რომ არ გვაქვს არც ვაქცინა და არც წამალი. და ეს 21 საუკუნეში, როცა ამ ვირუსის გენომი დაუყოვნებლივ იქნა გაშიფრული და თანამედროვე მედიცინას, ბიოლოგიას, ბიოინფორმატიკას უამრავი საშუალება აქვს, რომ ვირუსული დაავადების წინასწარი მოდელირება გააკეთონ, ასევე გამომდინარე ვირუსის გენომის თავისებურებებიდან განსაზღვრონ, თუ უკვე არსებულ რომელ ანტივირუსულ პრეპარატს შეუძლია იყოს ეფექტური და ბოლოს და ბოლოს ვაქცინის შესაქმნელად გარკვეული სამუშაოები წინასწარ გასწიონ. საქმე ისაა, რომ ამ საუკუნეში ეს კორონავირუსის მესამე ეპიდემიაა.
 
პირველიც ჩინეთში გაჩნდა და ისიც ღამურებისგან წამოვიდა, მეორე არაბეთში გაჩნდა და კიდევ უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდა. რა გააკეთეს მსოფლიო ჯანდაცვის მამებმა? მისდიეს ბოლომდე ამ დაავადებებს? გადაიარა და დაივიწყეს, ისე, რომ არც ვაქცინა და არც წამალი არ შექმნილა, არადა სარსი 2003 წელს გამოჩნდა.
 
17 წლის მანძილზე არ იყო შესაძლებლობა ამ ვაქცინის ან წამლის დამზადება? კიდევ რომ დაბრუნდეს ან ერთი და ან მეორე? ისინი გაცილებით მომაკვდინებელია, ვიდრე ახალი კორონავირუსი. მათ წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინის და პრეპარატების შექმნა ბევრად გაადვილებდა ახალი დაავადების ეფექტურ მკურნალობას. მონდომება და წინდახედულობა, ალბათ ფულიც არ ეყოთ . ევროპის და ამერიკის უაზრო რეგულაციები და უძვირესი კლინიკური კვლევები სრულიად არამიმზიდველს ხდის ამგვარ ვაქცინებში ფულის დაბანდებას, თუ ზოგადად, სახელმწიფო არ მიუდგა სახელმწიფოებრივად, ანუ საშიშ და პოტენციურად პანდემიის გამომწვევი ინფექციების კვლევაში და მკურნალობის შემუშავებაში პროექტებში ფული არ ჩადო და წამლის უბიუროკრატიულესი რეგულაციები არ შეამსუბუქა, თუმცა როგორც ჩანს აქ უამრავი ლობისტური ინტერესიც მოქმედებს, რაც ხელს უშლის მცირე ზომის, ბიოტექნოლოგიური ფირმების აქტიობას, რაც ვაქცინის სწრაფად შექმნის საშუალებას მოგვცემდა.
 
ფარმაცევტული კომპანიებისთვის ბევრად მიმზიდველია ონკოპრეპარატების წარმოება, რაც პაციენტს წელიწადში რამდენიმე ასეული ათასი დოლარი დაუჯდება, ვიდრე მომავლისათვის შესაძლო ძალიან საჭირო ვაქცინის და პრეპარატის შექმნა, რაშიც დიდი ალბათობით საკუთარი რამდენიმე მილიარდი უნდა დახარჯონ და სახელმწიფოს კი ეს ვაქცინა საერთოდ არ აინტერესებს. ასე ვერც ონკოლოგია ვითარდება და ვერც საშიში ინფექციები მარცხდება და მერე უამრავ ექიმსა და ექთანს და პაციენტს ეს ბრძოლა სიცოცხლის ფასად უჯდება.

 

mkurnali.geბობოლა ჩინოვნიკები ევროპასა და აშშ-ში ახლაც გაიძახიან, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინის ბაზარზე გატანას ერთი წელი მაინც უნდა, რომ ყველა ის ბიუროკრატიული პროცედურა გაიაროს, რაც დღეს არის დაწესებული. აქვს მსოფლიოს ამდენი დრო? და ახლაც რომ გაგვიმართლოს და მართლა ზაფხულთან რომ ერთად რომ გაქრეს ეს ვირუსი, იცით რამდენი სხვა ვირუსია საშიში პანდემიის პოტენციალით რიგში? არ უნდა შეიცვალოს სახელმწიფოების მიდგომები და დამოკიდებულება ამ ვირუსებთან მიმართებაში, თუ მსოფლიომ მარტო ბანკირების და მილიარდერების ფინანსურ გარანტიებზე უნდა იზრუნოს? როგორც ხედავთ, ვირუსი ყველას ერთნაირად ედება, პრემიერსაც და პრეზიდენტსაც, მინისტრსაც და მდიდარსაც.


ახლა დავითვალოთ სარსის გამოჩენის შემდგომ პერიოდში რამდენი ტრილიონი დოლარი დაიხარჯა თუნდაც ავღანეთში დემოკრატიის განვითარებისათვის და შედეგად ეს ქვეყანა ისევ იქაა, სადაც 2000 წელს და ალბათ მალე ტალიბანი დაიბრუნებს თავის მმართველობას, დავითვალოთ ერაყის ომის ხარჯებიც, ისიც, რამდენი რამდენი დაიხარჯა სირიის ომის მოსაგებად რუსეთის მხრიდან, ირანმაც რამდენი დახარჯა ატომური ბომბი რომ ჰქონოდა და ახლო აღმოსავლეთში ჯარები ეგზავნა, ახლა კი პირბადეები არ აქვს, აღარაფერს ვამბობ იმ ტრილიონებზე, რაც მსოფლიოს დიქტატორების და მილიარდერების ანგარიშებზე დაგროვდა და გაქრა ოფშორებში. რამდენი ტრილიონი იშოვა ეპლმა და მაიკროსოფტმა და ა.შ? ამათგან მხოლოდ ბილ გეიტსის ფონდი აკეთებს საქმეს საშიშ ინფექციებთან საბრძოლველად. მე პირადად არც ეპლის ფონდის და არც ბოინგის ან მერსედესის ფონდის შესახებ არაფერი მსმენია, რომ ამ მიმართულებით რამეში ცენტი დაეხარჯათ. მასკი საერთოდ მარზე მიფრინავს და კორონა არ ადარდებს. არაფერს ვამბობ რუსეთის , მსოფლიოს რესურსებით უმდიდრეს ქვეყნის ნულოვან წილზე მოწინავე ბიოტექნოლოგიების და ფარმაციის განვითარებაში.

მსოფლიო რომ იმას იმკის, რაც დათესა, ამაზე ეს ციფრებიც მიუთითებს: გადავხედოთ, რა ხელფასები აქვს ფეხბურთელებს და ზოგადად სპორტსმენებს წელიწადში. მესის 110 მილიონი დოლარი აქვს ხელფასი, რონალდუს 108 მილიონი , ფორმულა ერთის პილოტ ლუის ჰამილტონს 40 მილიონი ფუნტი წელიწადში, ბოქსიორების 36 წუთიან ბრძოლაში, წაგების შემთხვევაშიც კი ათეული მილიონი დოლარის ჰონორარს იღებენ, მეივეზერმა კი 275 მილიონი დოლარი იშოვა.

ახლა შევადაროთ ეს თანხები ყველაზე დიდი მეცნიერების პრიზს - ნობელის პრემიას. ადამიანმა 40 წელი უნდა შესწიროს მეცნიერებას, ყველაზე ნათელმა ტვინებმა იკვლიონ საკითხი, რომელსაც უდიდესი როლი მიენიჭება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაში და 80 წლის ასაკში ეძლევა რაღაც შანსი, თუ იცოცხლა მანამდე, მიიღოს 1 მილიონი დოლარი, რომელიც სამ მის სხვა კოლეგაზეც გადანაწილდება.

მეცნიერებაში ჩადებული თანხებიც შეადარეთ სპორტში დაბანდებულ თანხებს. და ძალიან გასაკვირია მერე, რომ კორონავირუსს ასე მოუმზადებელი შეხვდა მსოფლიო?

მჯერა, უფრო მეტად კი იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს მამებს ეს დღევანდელი და ხვალინდელი კრიზისი, რომელიც მსოფლიოს ამდენ სიცოცხლედ უჯდება, ბიზნესმენებს კი ასეულ მილიარდ დოლარად, დააფიქრებს ამ ყველაფერზე, გამოაღვიძებს და ძირეულად შეაცვლევინებს მიდგომებს და ბიუროკრატიულ რეგულაციებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში დავრჩებით მძიმე დაავადებების წინაშე მხოლოდ სპეცაღჭურვილობით, რომელსაც ზოგჯერ პირბადეებსაც ვერ ვუშოვით, საპნის იმედად და სუნთქვის აპარატების ამარა, ყოველგვარი სტრატეგიისა და პროაქტური მოქმედებების გარეშე, მუდმივ კარანტინში ჩარჩენილები და ყოველ ახალ ვირუსს 21-ე საუკუნის შავ ჭირს დავუძახებთ შუა საუკუნეების უსუსური საზოგადოების მსგავსად."
წყარო:https://www.facebook.com/gocha.shatirishvili.9/posts/10221013352660066
ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.