მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს მოსალოდნელია ფულადი გზავნილების გლობალური ვარდნა დაახლოებით 20 პროცენტით COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის და იზოლაციის გამო.
მათივე ინფორმაციით, უახლეს ისტორიაში ჯერ არნახული სავარაუდო კლება განპირობებული იქნება ძირითადად მიგრანტი მშრომელების ხელფასების და დასაქმების შემცირებით, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის დროს გაცილებით მეტად მოწყვლადნი არიან მასპინძელ ქვეყანაში სამუშაოს და ანაზღაურების დაკარგვის გამო.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილები დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მიმართულებით (LMICs) სავარაუდოდ შემცირდება 19.7 პროცენტით 445 მლრდ. აშშ დოლარამდე, რაც ბევრი დაუცველი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური საარსებო წყაროს დაკარგვას ნიშნავს.
მათივე ცნობით, კვლევები მიუთითებს, რომ ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად ამსუბუქებს სიღარიბეს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, აუმჯობესებს კვების ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებს , უკავშირდება განათლებაზე დანახარჯების ზრდას და ამცირებს ბავშვის შრომას არაუზრუნველყოფილ შინამეურნეობებში. ფულადი გზავნილების კლება გავლენას მოახდენს ოჯახების უნარზე აღნიშნული მიმართულებებით ხარჯების გაწევის თვალსაზრისით, რადგან მათი ფინანსები დაიხარჯება საკვების არქონის პრობლემის გადაწყვეტასა და გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.
„ფულადი გზავნილები შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს განვითარებადი ქვეყნებისთვის. COVID-19 -ით გამოწვეული მიმდინარე ეკონომიკური რეცესია უარყოფითად მოქმედებს შინ ფულის გაგზავნის შესაძლებლობაზე და კიდევ უფრო ახანგრძლივებს განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის აღდგენისთვის საჭირო დროს“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა.
მისივე თქმით, ფულადი გზავნილები ოჯახებს ეხმარება სურსათზე, ჯანდაცვაზე წვდომაში და ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში.
„რამდენადაც მსოფლიო ბანკის ჯგუფი ახორციელებს სწრაფ და ფართო ღონისძიებებს ქვეყნების მხარდასაჭერად, ჩვენ ვმუშაობთ ფულადი გზავნილების არხების ფუნქციონირების შესანარჩუნებლად და უღარიბესი ფენებისთვის ძირითად საჭიროებებზე წვდომის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მალპასმა.
ცნობისთვის, მსოფლიო ბანკი წევრ ქვეყნებს სხვადასხვა არხების საშუალებით ფულადი გზავნილების ნაკადის, ფულის გაგზავნის ხარჯებისა და მოხერხებულობის, ასევე გზავნილებზე მოქმედი ფინანსური სისტემის დაცვის რეგულაციების მონიტორინგში ეხმარება. ბანკი მუშაობს დიდი ოცეულის (G20) და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან გზავნილების ხარჯების შესამცირებლად და ღარიბი მოსახლეობისთვის ფინანსური ჩართულობის ასამაღლებლად.
როგორც მსოფლიო ბანკში აცხადებენ, ფულადი გზავნილების ნაკადების ვარდნა მოსალოდნელია მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყველა რეგიონში, განსაკუთრებით ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (27.5 პროცენტი), საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში (23.1 პროცენტი), სამხრეთ აზიაში (22.1 პროცენტი), ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში (19.6 პროცენტი), ლათინური ამერიკის და კარიბის აუზის ქვეყნებში (19.3 პროცენტი), და აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში (13 პროცენტი).
„უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს გზავნილების ფართომასშტაბიან კლებას ადგილი ექნება მას შემდეგ, რაც დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში 2019 წელს გზავნილების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს – 554 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია. ვარდნის პირობებშიც კი, გზავნილების, როგორც გარე დაფინანსების წყაროს მნიშვნელობა სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მასშტაბური შემცირების პირობებში (35 პროცენტზე მეტი)“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2021 წელს ფულადი გზავნილების დონე დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 5.6 პროცენტით, 470 მლრდ. აშშ დოლარამდე მოიმატებს.
„ფულადი გზავნილების პერსპექტივა კვლავაც გაურკვეველი რჩება, ისევე როგორც COVID-19- ის გავლენა გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე და დაავადების გავრცელების შეზღუდვის ღონისძიებებზე. წარსულში მშრომელები გაცილებით მეტ ფულს რიცხავდნენ შინ კრიზისის და რთულ პერიოდებში. თუმცა, ამჯერად პანდემიამ გავლენა იქონია ყველა ქვეყანაზე და დამატებითი გაურკვევლობები შექმნა.
ფულადი გზავნილების დონე ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში 2019 წელს სტაბილურობას ინარჩუნებდა და დაახლოებით 6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა 65 მლრდ. აშშ დოლარამდე. უკრაინა რეგიონში გზავნილების უდიდეს მიმღებად რჩება, რომელმაც რეკორდულად მაღალი მოცულობა მიიღო გასულ წელს 16 მლრდ. აშშ დოლარის ოდენობით. რეგიონის გზავნილებზე დამოკიდებულმა შედარებით მცირე ქვეყნებმა, როგორებიცაა ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი, განსაკუთრებული სარგებელი მიიღეს ეკონომიკური საქმიანობის ზრდით რუსეთში. 2020 წელს მოსალოდნელია გზავნილების კლება დაახლოებით 28 პროცენტით კორონავირუსის გლობალური პანდემიის და ნავთობის ფასების შემცირების ერთობლივი ეფექტის გამო. გზავნილების ხარჯები: ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყანაში 200 აშშ დოლარის გაგზავნის საშუალო ხარჯი მცირედ შემცირდა 6.48 პროცენტამდე 2020 წლის პირველ ნახევარში. ეს მაჩვენებელი ერთი წლით ადრე 6.67 პროცენტს შეადგენდა.