USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
მოულოდნელი უბედურება ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი
Date:  854

მედიცინაში მრავლადაა აუხსნელი მოვლენები, რომელთა მიზეზის მიგნება და თავიდან აცილება დღეს, მაღალტექნოლოგიურ ერაშიც კი, ვერ ხერხდება. ერთი მათგანია ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი.

ერთი შეხედვით ჯანმრთელი ჩვილი უეცრად კვდება. უმეტესად – ძილის დროს. ამის გამო აღნიშნულ მოვლენას ბავშვის საწოლის სინდრომსაც უწოდებენ. 1 თვიდან 1 წლამდე ასაკში სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი სწორედ ეს სინდრომია. სტატისტიკური მონაცემებით, ამერიკაში ამგვარად ყოველწლიურად 2000-ზე მეტი ჩვილი კვდება.

 

 

ვისი ბრალია?

ამთავითვე უნდა ვიცოდეთ, რომ კითხვას არასწორად ვსვამთ. ეს ტრაგიკული შემთხვევითობაა და არა ვისიმე დანაშაული. თუმცა მშობლები უბედურებას ხშირად საკუთარ თავს აბრალებენ, რაც უარყოფითად აისახება მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. ამ დროს მათ თანადგომა და დახმარება სჭირდებათ.

ამრიგად, კითხვა “ვისი ბრალია” აქ უადგილოა. მაშ, იქნებ “რისი ბრალია” იყოს მართებული?

ვარაუდობენ, რომ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომს კავშირი აქვს თავის ტვინის იმ ნაწილის პათოლოგიასთან, რომელიც სუნთქვის აქტს და გამოღვიძების პროცესს აკონტროლებს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს რამდენიმე სხვა ფაქტორიც, რომლებიც ზრდის უეცარი სიკვდილის რისკს და, ამის კვალობაზე, სახიფათო სიტუაციებისთვის თავის არიდების საშუალებებიც მოიფიქრეს. მთავარი რეკომენდაციაა, ძილის დროს ბავშვი აუცილებლად ზურგზე იწვეს.

რისკის ფაქტორთა ჩამონათვალი კი ასეთია:

* ახალშობილის მცირე წონა. ნაადრევი ან მრავალნაყოფიანი მშობიარობისას, როცა ნაყოფის წონა ნორმაზე ნაკლებია, დიდია ალბათობა, მისი თავის ტვინი სათანადოდ არ იყოს მომწიფებული და ვერ აკონტროლებდეს ისეთ აუტოსომურ პროცესებს, როგორებიცაა სუნთქვა და გულისცემა.

* რესპირატორული ინფექციები. ბევრ იმ ახალშობილს, რომლებსაც ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი განუვითარდათ, უახლოეს წარსულში გადატანილი ჰქონდათ რესპირატორული ინფექცია, რასაც შესაძლოა სუნთქვის პრობლემები გამოეწვია.

* მუცელზე ან გვერდზე წოლა. მუცელზე ან გვერდზე მწოლიარე ბავშვს ძილის დროს შესაძლოა უფრო მეტად გაუჭირდეს სუნთქვა, ვიდრე ზურგზე მწოლიარეს.

* რბილ ზედაპირზე წოლა. ალბათ, თავადაც ხვდებით, როგორ აძნელებს სუნთქვას ფუმფულა ლეიბში სახის ჩარგვა. არსებობს იმის საფრთხეც, რომ საბანი ბავშვს სახეზე გადაეფაროს.

* ცალკე ოთახში ძილი. როცა ბავშვს ცალკე ოთახში სძინავს, ძნელია, მას სათანადო ყურადღება მივაქციოთ.

 

სხვა რისკფაქტორები

* სქესი – მიიჩნევა, რომ მამრობითი სქესის ჩვილები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი აღნიშნული სინდრომისადმი.

* ასაკი – ყველაზე სახიფათო პერიოდია სიცოცხლის მეორე და მესამე თვე.

* რასა – ჯერჯერობით აუხსნელი მიზეზით, ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომისადმი მიდრეკილება უფრო მაღალი აქვთ აფრიკელებს, აფროამერიკელებს, ინდოელებს და ალასკის აბორიგენებს.

* ოჯახური ისტორია – მაღალი რისკის ჯგუფში შედიან ბავშვები, რომელთა და, ძმა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი ან მამიდაშვილი ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომს ემსხვერპლა.

* პასიური მწეველობა – უეცარი სიკვდილის ალბათობა უფრო დიდი აქვთ ბავშვებს, რომლებიც მწეველთა ოჯახში ცხოვრობენ.

დედისმიერი რისკფაქტორებია:

* 20 ასაკზე ნაკლები ასაკი;

* თამბაქოს, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარება;

* არასათანადო მზრუნველობა ორსულობის პერიოდში.

 

ემოციური მხარდაჭრა

უბედური შემთხვევის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების ემოციური და ფიზიკური მხარდაჭერა. ისინი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მომხდარს საკუთარ თავს აბრალებენ, მიაჩნიათ, რომ ბავშვს სათანადო ყურადღება ვერ მიაქციეს, კარგად ვერ მოუარეს. ამას ემატება სავალდებულო დაკითხვა და უეცარი სიკვდილის ფაქტის გამოძიება პოლიციის მიერ, რაც მშობლებისთვის დამატებითი სტრესია. ისინი ხშირად საკუთარ თავში იკეტებიან, რაც შესაძლოა ცოლქმრულ კონფლიქტში გადაიზარდოს.

ამ დროს შვების მომგვრელია ასეთივე გამოცდილების მქონე ოჯახებთან კომუნიკაცია, იმის გაგება, რომ ეს ტრაგედია სხვასაც შეეხო. მრავალ ქვეყანაში არსებობს მხარდამჭერი ჯგუფები მათთვის, ვინც ასეთი განსაცდელი გადაიტანა. სასარგებლოა კომპეტენტური აზრის მოსმენა შესაძლო მიზეზების შესახებ, იმის ხაზგასმა, რომ ტრაგედიაში ბრალი არავის მიუძღვის.

 

პრევენციის შესახებ

ცხადია, მედიცინა 100%-იან გარანტიას არასოდეს იძლევა, მაგრამ სპეციალისტები გვაძლევენ რამდენიმე რჩევას, რათა თქვენც და თქვენმა პატარამაც უფრო მშვიდად იძინოთ:

* უმჯობესია, ბავშვი ძილის დროს ზურგზე იწვეს და არა მუცელზე ან გვერდზე. თუ ბავშვს ღვიძავს და დაუხმარებლად შეუძლია ორივე მხარეს გადაბრუნება, ზურგზე წოლა აუცილებელი არ არის. ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც დაიჟინებს, რომ ძილისთვის სხვა პოზიცია ჯობია. ასევე არ არის მიზანშეწონილი ატირებული ბავშვის დასამშვიდებლად მუცელზე დაწვენა.

* დაუგეთ მაგარი ლეიბი და თხელი, მკვრივი ბალიში.

* მწოლიარე ბავშვს გვერდით ნუ დაუდებთ ბალიშს და რბილ სათამაშოს – შესაძლოა, შემთხვევით სახეზე დაეფაროს.

* ნუ ჩაათბუნებთ ბავშვს. მას იმდენივე უნდა ეცვას, რამდენიც თქვენ. თუ ოთახში შედარებით დაბალი ტემპერატურაა, კიდევ ერთი საბნის დაფარების ნაცვლად უმჯობესია, ჩვილი საბავშვო ტომარაში ან საძილე კომბინეზონში ჩასვათ. უკიდურეს შემთხვევაში, შეარჩიეთ მსუბუქი საბანი და კიდეები აუცილებლად შეუკეცეთ ლეიბის ქვეშ – ისე, რომ ბავშვს მხრებამდე წვდებოდეს და ძილში ტრიალის დროს თავზე არ წაეფაროს. ნურაფერს დააფარებთ თავზე! ნუ დააწვენთ გამათბობლის ახლოს!

* ბავშვი ცალკე უნდა იწვეს, მაგრამ მშობლების საძინებელში. საწოლში მოზრდილთან ერთად წოლა მიზანშეწონილი არ არის. ასევე არ არის სასურველი დივანზე, სავარძელზე, სარწეველაში ძილი.

* მართალია, სათანადო მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ ექიმები ვარაუდობენ, რომ 6 თვემდე ძუძუთი კვება ამცირებს ჩვილთა უეცარი სიკვდილის რისკს.

* დღეს ბევრი იყენებს ბავშვის მონიტორინგისთვის განკუთვნილ ტექნიკას. არსებობს არამხოლოდ “ელექტროძიძა”, რომელის საშუალებითაც ბავშვის ტირილის გაგონებაა შესაძლებელი, არამედ სპეციალური მოწყობილობებიც, რომლებიც ჩვილის გულისცემის სიხშირეს და სისხლში ჟანგბადის დონესაც კი ზომავს. ისინი განსაკუთრებით კარგია ბრადიკარდიისა და აპნოეს ეპიზოდების დასაფიქსირებლად. იყო დრო, როდესაც მიაჩნდათ, რომ ამ მოწყობილობების გამოყენება ამცირებდა ჩვილთა უეცარი სიკვდილის რისკს, რადგან ამ უკანასკნელს სუნთქვის შეწყვეტას და გულისცემის სიხშირის შემცირებას უკავშირებდნენ, მაგრამ გაირკვა, რომ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომს აპნოესა თუ ბრადიკარდიასთან კავშირი არ აქვს. ამის კვალობაზე, ამერიკის პედიატრთა ასოციაცია რეკომენდაციას აღარ უწევს უსაფრთხოებისთვის ამგვარი ტექნიკის გამოყენებას.

* საწოვარა თუ სათამაშო ბავშვს მხოლოდ ჩაძინებისას მიეცით, ჩაძინების შემდეგ კი ფრთხილად გამოაცალეთ.

გაითვალისწინეთ: ერთ თვემდე საწოვარას ნაცვლად ჩვილის ძუძუთი დამშვიდება ჯობს.

 

რა შეგვიძლია?

განსაკუთრებული არაფერი მოგვეთხოვება. როგორც უკვე გითხარით, ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომისგან, ისევე როგორც, საზოგადოდ, უბედური შემთხვევისგან, არავინაა დაზღვეული. ასე რომ, ნერვებს ნუ აჰყვბით. ნაცვლად ამისა, ეცადეთ, გაიგოთ მეტი, დაიცვათ წესები, რომლებიც რისკს ამცირებს და იმედით უყუროთ მომავალს.

თამარ არქანია

ჟურნალი ავერსი

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way