USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
მოარგეს თუ არა სს „გეფას“ 6 მილიონიანი ტენდერი
Date:  1350

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 6 783 310  მლნ. ლარის სამედიცინო ხელთათმანებს შეისყიდის. წინადადების მიღება 27 იანვარს დაიწყო და ერთ დღეში 28 იანვარს დასრულდა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ სს „გეფა“-მ მიიღო და ამჟამად შესყიდვა შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. ამ ტენდერში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტორი, ფაქტორი რომელმაც ფაქტობრივად „გეფას“ კონკურენტები ჩამოაშორა. შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვის არსი - უზრუნველყოს ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემო სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირისათვის იმთავითვე უარყოფილი იყო. საუბარია მოთხოვნაზე, რომელიც ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა დაეკმაყოფილებინა კერძოდ:

„კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საქონლის მიწოდების არანაკლებ 1,356,622.00  ლარის გამოცდილება უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ჯამურად (2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩთ.), რომლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა დაერთოს პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას“, - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ოფიციალურ დოკუმენტში.

 

არის თუ არა ეს პუნქტი სავარაუდო ელიტური კორუფციის ტიპური მაგალითი და მოარგეს თუ არა სს „გეფას“ 6 მილიონიანი ტენდერი. კითხვებზე პასუხის მიღებას შემსყიდველისგან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ამაზე პასუხს მხოლოდ მას შემდეგ გასცემს, როცა მას, ვინმე მიმართავს, პასუხის ოფიციალურად გამოტხოვის მიზნით. რამდენად რაციონალურად იხარჯება სახელმწიფო შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრები ამაზე არც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისგან. დიმიტრი ხუნდაძეცემს ოფიციალურად პასუხს. მისი პირველმა მოადგილე ლადო კახაძე კი აცხადებს, რომ კითხვების მთავარი ადრესატი სახელმწიფო შესყიდვების პირობების შემუშავებელია, თუმცა ამბობს იმასაც, რომ ტენდერთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები ლეგიტიმურია:

 „თუ რამე კითხვის ნიშნები არის პირობების შემუშავებლებს უნდა დაუსვათ შეკითხვები, მე გარედან მაყურებელი ვარ. საერთოდ ნებისმიერ სახელმწიფოში კითხვის დასმის უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს, რადგან უნდობლობის ფენომენმა უმაღლეს ზენიტს მიაღწია. ამის საწინააღმდეგო ღონისძიება კი არის დასმული კითხვა. ვერ გეტყვით ამ პირობით ყველას შეუძლია თუ არა ტენდერში მონაწილეობის უფლება. მე ისეთი პერიოდი გამოვიარე, რომ ადამიანების მიმართ მაქსიმალური ნდობა მაქვს. ერთის თქმა შემიძლია, სახელმწიფო მოხელე იქნება თუ საკონკურენციო ველზე გამოსული ინდივიდი, სამეწარმეო კორპორაცია თუ დიდი ორგანიზაცია ყველამ სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით უნდა, მოიპოვოს წარმატება. მე რომ მჭირდებოდეს მომსახურების შესყიდვა, გამოვაცხადებ ტენდერს და არ მოვიკითხავ ვინ მომაწოდებს, მთავარია ჩემთან მოვიდეს და ჩემი სოციუმი დავაკმაყოფილო“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

დეპუტატი აცხადებს, რომ ტენდერებს კითხვის ნიშნები ყოველთვის თან ახლავს და მისი თქმით, ეს პრობლემა ყოველთვის იქნება. „კომერსანტის“ კითხვაზე დაინტერესდება თუ არა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნული საკითხით ამბობს, რომ ეს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმე, თუცა თუ რაიმე კითხვის ნიშანი გაჩნდება და პარლამენტამდე მივა საკითხი, მაშინ პასუხს აღმასრულებელ ხელისუფლებას მოსთხოვს.

 „რა სფეროშიც მე მიმუშავია და მოვსულვარ პარლამენტამდე, რასაკვირველია ერთეული შემთხვევები არის. ზოგი ადამიანი მეუბნება, რომ ფერადი სათვალით ვიყურები და სიღრმეს არ ვხედავ, ეს შენიშვნა ჩემ მიმართ მართალია, რადგან ადამიანებს ვენდობი და არ მინდა მათი არაკეთილსინდისიერება დავიჯერო. ჩემი თაობის დიდი ნაწილი ამ კუთხით გაგვზარდეს და ამით შეიძლება ვიღაცამ ისარგებლოს“,- აცხადებს ლადო კახაძე.

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way