USD 2.6042
EUR 2.9407
RUB 3.1195
Тбилиси
მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) - აფხაზების საცხოვრისი ჩრდილო კავკასიაში
дата:  3512

დაბეჭდილია “ქართველოლოგიური სიმპოზიუმის ბიულეტენი”-ში, 1994 წელი

ლენინგრადელი პროფესორი ა. ნ. გენკო (1896-1941) წლების მანძილზე იკვლევდა აფხაზურ და აბაზურ ენებს, ავტორია მრავალი გამოქვეყნებული ნაშრომისა და ითვლება აფხაზურ-აბაზური ენების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპეციალისტად. ის თავის ნაშრომში “აფხაზური და აბაზური ენების ფონეტიკური ურთიერთდამოკიდებულება” ეხება აღნიშნული ენების და კილო-თქმების გავრცელების გეოგრაფიულ არეალსაც. კერძოდ ა. გენკო აღნიშნავს, რომ თანამედროვე აფხაზური ენა გავრცელებულია არა მხოლოდ საქართველოში (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში), არამედ მისგან შორს, ჩრდილო კავკასიის დაბლობებში, ჩერქეზეთისა და ადიღეს ავტონომიურ ოლქებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე ერთმანეთის გვერდითაა გავრცელებული 1. აფხაზური ენა. 2. აბაზური ენა. 3. ყაბარდოული ენა. 4. ადიღეური ენა.
ჩრდილო კავკასიაში გავრცელებული აფხაზური ენის შესახებ ა. გენკო წერს: “ჩრდილო-აფხაზური ანუ შკარავა, ჩვენს მიერ სახელდებულია აფხაზური ენის ზელენჩუკურ კილოდ. მას მიეკუთვნება მოსახლეობა სამი აულისა: აფსუა (ყოფ. შახგირიევსკიი), სტაროკუვინსკი და ნოვოკუვინსკი (А. Н. Генко, Фонетические взаимоотношения абхазского и абазинского языков. Труды Абхазского института языка, литературы и истории. XVIII, 1957, Сухуми. стр. 188).
აფხაზური ენის ზელენჩუკური კილოს გავრცელების არეალს ა. გენკო ამატებს ჩრდილო კავკასიის “დენაციონალიზებულ” აულებს – აბაზაკატსა და იულაბს (იქვე გვ. 189). საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ა. გენკო აფხაზურ და აბაზურ ენებს არ ურევს ერთმანეთში, თუმცა კი ცნობილია ამ ენებისა და მათი კილოების დიდი სიახლოვე. ის ეხება ჩრდილო კავკასიაში როგორც აფხაზური, ისე აბაზური ენების გავრცელების არეალებს.
აღნიშნულ ენათა კილო-თქმეს ის ასე ანაწილებს:

აფხაზური ენა (აფსუა ბიზშვა)
1. კოდორის კილო (საქართველოში)
ა. აბჟივური თქმა (აბჟიუაა. მას ეფუძნება აფხაზური სალიტერატურო ენა;
ბ. სამურზაყანოს თქმა
2. ბზიფური კილო (აბზიპკვა, საქართველოში)
3. ზელენჩუკური კილო (ე. წ. აფსუა ბიზშვა, რუსეთში)
ა. შახგირევსკის თქმა (ჩაგრიია)
ბ. კუვური თქმა (ხვიჟვი)
გ. ეგიბოკოვსკის თქმა (გაბაკვაი)
დ. ულიაბური თქმა (უილაბ)

აბაზური ენა (ტაპანტა ბიზშვა)
1. დუდარუკო – ბიბერდოვსკის თქმა.
2. კუბა-ზელენჩუკ-ლოოვსკის თქმა.
3. კუმსკო-ლოოვსკის თქმა (გვ. 189).

ა. გენკო წერს, რომ ჩრდილოკავკასიაში აღნიშნულთა გარდა სხვა მრავალი აულის მცხოვრებნი წარმოშობით აფხაზები არიან, გარკვეული ზომით შენახულიცა აქვთ მშობლიური ენა, მაგრამ თავიანთი არჩევანით იყენებენ ყაბარდოულ ანდა ადიღეურ ენებს. ასეთი აულებია საუიჩადშა (ყოფ. კლიჩევსკი), აბაზაკატი (ჩერქეზეთის ავტონ. ოლქი), აული უილაბი (ადიღეს ავტ. ოლქი), ხუმარინსკი, კოშელაბი და სხვა აულების მოსახლეობის ერთი ნაწილი (იქვე, გვ. 188).
ა. გენკომ თავისი ნაშრომი დაწერა 1935-1940 წლებში; პავლე ინგოროყვას ცნობილი შრომის გამოქვეყნებამდე გაცილებით ადრე. როგორც ცნობილია, პ. ინგოროყვამ წამოაყენა თეორია, რომლის მიხედვითაც ძველი და ახალი აფხაზები სხვადასხვა წარმოშობის ხალხია. პირველნი საქართველოს მკვიდრი ქართველები არიან, მეორენი კი საქართველოში მე-16-17 საუკუნეთა შემდგომ ჩამოსახლებული ადიღეურ-ჩერქეზული წარმოშობის აფსუები (ე. ი. აბაზები), რომელთაც აფხაზები ეწოდათ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხის – აფხაზეთის სახელის მიხედვით. როგორც ცნობილია, პ. ინგოროყვას ეს თეორია აფხაზი (აფსუა) მეცნიერებისათვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა, ამიტომაც მათ საერთოდ უარყვეს თვალსაზრისი ჩრდილო კავკასიაში აფხაზების (ე. ი. აფსუების) ცხოვრების შესახებ. ა. გენკოსათვის აღნიშნული დავა უცნობი იყო. მან კეთილსინდისიერად გამოიკვლია აფხაზური ენის გავრცელების არეალი ჩრდილო კავკასიაში, დაასახელა რაიონები და სოფლები ჩრდილო კავკასიის მკვიდრი “აფხაზებისა” (აფსუებისა).
აფხაზების ჩრდილო კავკასიაში ცხოვრების შესახებ გამოჩენილი მეცნიერებიც იძლევიან ცნობებს: კლაპორტი წერს: “აფხაზები ცხოვრობენ არა მხოლოდ ზღვის სანაპიროზე, არამედ მათი ზოგიერთი ტომი ცხოვრობს კავკასიის მთავარი ქედის ჩრდილოეთით” (იულიუს კლაპორტი, მოგზაურობა კავკასიასა და საქართველოში, პარიზი, 1823, გვ. 411. იხ. აფხაზეთის ენისა და ისტორიის ინსტიტუტის დასახ. შრომები, გვ. 370). ხოლო ლ. ი. ლიულიე წერს: “აფხაზურ ენაზე (აზეგა) ლაპარაკობს ყველა აფხაზური ტომი კავკასიის ქედის როგორც ჩრდილოეთით, ისე სამხრეთ ფერდობებზე (იქვე, გვ. 373). ჩრდილო კავკასიის დაბლობებში აფხაზთა გარდა ცხოვრობენ აბაზები. მრავალი მეცნიერი ორივე ამ ტომს მიიჩნევს ერთი წარმოშობის ხალხად. აბაზები ძირითადად ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქსა და მის მომიჯნავე მხარეებში ცხოვრობენ, მდინარეების – ყუბანის, ყუმის, დიდი და პატარა ზელენჩუკის ველებზე. “ძველ დროს აფხაზები და აბაზები შეადგენდნენ ერთ ეთნიკურ ჯგუფს, ერთიან კოლექტივს, ენობრივადაც – ერთიან ენაზე მოლაპარაკეთ, რომელთაც ჰქონდათ დიალექტური სხვაობა… ჩვენს დროშიც აფხაზურ-აბაზური კილოები რჩებიან ახლომყოფებად. მათ შეინარჩუნეს გრამატიკული წყობისა და ძირითადი სიტყვიერი ფონდის ერთიანობა. ამ ორი დიალექტის წარმომადგენლებს ერთმანეთისათვის გაგებინება შეუძლიათ” – წერს ხ. ბღაჟბა (იხ. მისი “Бзыбский диалект абхазского языка”, იქვე, გვ. 868) ა. გენკოც მათ ერთი წარმოშობის ხალხად მიიჩნევდა (გვ. 370).
აღნიშნულის გამოა ალბათ, რომ თვით ჩერქეზებიც კი, აბაზ-აფხაზების საუკეთესო მცოდნენი, იმ ხალხს, რომელსაც ჩვენ აფხაზებს ვუწოდებთ, უწოდებენ აბაზებს, მაგრამ მათთან უშუალო მეზობლად მცხოვრები აბაზებისაგან განსასხვავებლად უწოდებენ “პირიქითა აბაზებს” – “კუშ-კაბისი აბაზი” (ე. ი. “აბაზები, რომლებიც ცხოვრობენ მთების იქით” (იქვე, გვ. 370).
ცნობილია, რომ იმ ჩრდილო კავკასიელ მთიელ ხალხს, რომელნიც მე-16-17 საუკუნეთა შემდგომ შემოიჭრნენ საქართველოს შავიზღვისპირეთში და დაიპყრეს აფხაზეთი, ქართველებმა მათ იქ დამკვიდრების გამო “აფხაზები” უწოდეს. როგორც თურქი, ისე ევროპელი მოგზაურები და მეცნიერები კი ამ ტომებს არა აფხაზებს, არამედ “აბაზებსა” და “ჩერქეზებს” უწოდებდნენ. აფხაზეთში დამკვიდრებულ ჩრდილო კავკასიურ ტომებს ქართველთა გავლენით სხვებმა აფხაზები უწოდეს. რუსებმაც ქართველებისაგან შეითვისეს ეს სახელი და აფხაზეთის აბაზურ-ადიღეური წარმოშობის ტომებს აფხაზები უწოდეს (ისევე, როგორც რუსებმა ქართველებისაგან შეითვისეს ისეთი სახელები, როგორიცაა “ოსეტინი”, “ინგუშეტი” და სხვა).
ევლია ჩელები აფხაზებს “აბაზებს” უწოდებს და არა აფხაზებს. “აბაზებს” უწოდებდნენ ჩვენს მიერ აფხაზებად წოდებულ ხალხს აკადემიკოსი გიულდენშტედტი, პალასი, კლაპორტი (გვ. 369); იაკობ რეინეგსიც, ქართველთა გავლენით, აფხაზეთში ჩასახლებულ აბაზას ტომებს “აფხაზებს უწოდებს და, რადგანაც აბაზების დიდი რაოდენობა ცხოვრობდა ჩრდილო კავკასიაში, წერს ორი – დიდი და მცირე აფხაზეთის არსებობის შესახებ. იგი მცირე აფხაზეთს უწოდებს ჩრდილო კავკასიაში აფხაზ-აბაზების საცხოვრისს, დიდ აფხაზეთს კი საქართველოს შავიზღვისპირეთში მდებარე ისტორიულ აფხაზეთს. მისი თქმით, დიდი და მცირე აფხაზეთის მოსახლე მთიელი ტომები ლაპარაკობენ “ერთი ენით და განსხვავდებიან მხოლოდ დიალექტით, აქვთ ერთნაირი ზნე-ჩვეულებები” (გვ. 370).
სხვა წყაროებიც ადასტურებენ, რომ აბაზები და თანამედროვე აფხაზები ერთი ხალხია, განეკუთვნებიან ერთ ეთნიკურ ჯგუფს – წერს ბღაჟბა (იქვე, გვ. 371).
ლავროვის აზრით, მე – 19 საუკუნემდე აბაზები იყვნენ კავკასიის დიდი და ძლიერი ხალხი (იქვე, გვ. 372).
როგორც ვთქვით, აბაზებსა და თანამედროვე აფხაზებს განიხილავენ ერთ ეთნიკურ ჯგუფად, ამიტომაც ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ აბაზებს – ტაპანტელებსა და აშხარუელებს – აფხაზურ ტომებს მიაკუთვნებენ. ისინი წარმოადგენენ მცირე ტომებს, ცხოვრობენ ჩრდილო კავკასიის ველებზე. ტერმინი “ტაპანტა” ა. გენკოს აზრით, ირანული (ოსური) წარმოშობისაა და “დაბლობის მცხოვრებს” ნიშნავს. აშხარუა ნიშნავს მთიელს (იქვე, გვ. 374-375). მიიჩნევა, რომ აშხარუელები ჩასახლებულან ჩრდილო კავკასიის მთებიდან ველებზე. ძველად ყველა აფხაზური ტომის დიალექტები და სამხრეთ-აფხაზური დიალექტები ქმნიდნენ ერთ ენას – წერს გენკო.
სწორედ ამიტომ, იმ ხალხს, რომელსაც გვიან საუკუნეებში ქართველებმა აფხაზები უწოდეს, ყოფენ სამ ტომად: 1. აფსუები, 2. საძები (ჯიქები, Джигеты) და 3. აბაზები (ესაა დუბროვინის თვალსაზრისი, გვ. 374).
აფსუები, ანუ აფხაზები, როგორც აღვნიშნეთ, ცხოვრობენ არა მხოლოდ საქართველოს შავი ზღვის ნაპირზე, აფხაზეთში, არამედ ჩრდილო კავკასიაშიც. საძები, ანუ ჯიქები გადაასახლეს თურქეთში მე-19 ს-ში, აბაზები ამჟამად ცხოვრობენ ჩრდილო კავკასიაში. როგორც ვთქვით, ყველა ისინი აფხაზურ ტომებად აღირიცხებიან.
თავის მხრივ, როგორც ჩრდილოკავკასიის, ისე ჩვენში დამკვიდრებული აფხაზური ტომები მიეკუთვნებიან ხალხთა უფრო დიდ ოჯახს – ქერქეზულს ანუ ადიღურს. დიუბუას აზრით, ჩერქეზი ხალხის ტომებია: 1. ადიღები, 2. ყაბარდოელები, 3. აბაზები, 4. აფხაზები. “ენები, რომლითაც ლაპარაკობენ ხალხები ამ ოთხი მთავარი განშტოებისა, მეტ-ნაკლებად ერთმანეთის მსგავსია, აქვთ საერთო ფორმები და ძირები. ყაბარდოული ენა ძალზე მცირედ განსხვავდება საკუთრივ ჩერქეზულისაგან, ხოლო აბაზურსა და აფხაზურს კიდევ უფრო ახლო მსგავსება აქვთ, მაგრამ აფხაზურ-აბაზური კი საკმაოდ განსხვავებულია საკუთრივ ჩერქეზულისაგან” (იქვე, გვ. 371).
როგორც ღრმა შესწავლით ირკვევა, თანამედროვე აფხაზები ადიღე-ჩერქეზული ტომია. ადიღე-ჩერქეზი ხალხის ძირითადი და უმთავრესი მასა მოსახლეობდა ჩრდილო კავკასიაში და მის წინამდებარე ველებზე. ბუნებრივი იქნებოდა, თუკი მკვლევარი მივიდოდა დასკვნამდე, რომ ჩერქეზი ხალხის ძირითად მასას გამოეყვნენ თანამედროვე აფხაზების წინაპრები და დამკვიდრდნენ საქართველოს შავიზღვისპირეთში. მართლაც, მთიელები თანამედროვე აფხაზებს უწოდებენ “აძეგე”-ს. ტერმინი აძეგე ამოდის ადიღეური სიტყვიდან “აძიგე”, რაც შეიძლება გაიშიფროს როგორც “წასულნი”, “ჩვენგან განშორებულნი”. ადიღელები დღესაც კი აფხაზებს უწოდებენ სიტყვას “აძიგე”, რომელიც, თუ მისი ეტიმოლოგიით ვიმსჯელებთ, უკავშირდება აფხაზურ-ადიღეური ერთობის მოგონებებს (იქვე, გვ. 374. ბღაჟბას შენიშვნა 85).
ერთ დროს მთიან აფხაზურ-ადიღეურ ერთობას გამოყოფიან თანამედროვე აფხაზების წინაპრები და დამკვიდრებულან საქართველოს ზღვისპირეთში. როდის შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? აფხაზთა გადასახლების შესახებ თვით თანამედროვე აფხაზი მეცნიერებიც წერენ. ისინი ჩრდილო კავკასიაში აფხაზურენოვანი ტომების ცხოვრებას ხსნიან იმით, თითქოსდა ისინი შავიზღვისპირეთიდან გადასახლდნენ ჩრდილოკავკასიაში დაახლოებით მე-17 ს-ში.
სწორედ მე-17 და მასთან ახლო წინამყოფი საუკუნეები უნდა იყოს ჩრდილო კავკასიაში არსებული ერთიანი ადიღე-ჩერქეზული ხალხის მასიდან აფსუა-აბაზების გამოყოფისა და საქართველოს ზღვისპირეთში დასახლების ხანა. რამდენად რეალურია არსებობა თეორიისა, რომლის მიხედვითაც ჩრილო კავკასიაში აფხაზური ტომები მე-17 ს-ის ახლო ხანაში დამკვიდრდნენ? საქმე ისაა, რომ ე. წ. “აფხაზურ-ადიღეური” ერთობა ანუ თანამედროვე აფხაზების მონათესავე ხალხის უმთავრესი მასა კომპაქტურად ცხოვრობს ჩრდილო კავკასიაში. ეს მხარე ითვლება ადიღე-ჩერქეზული ტომების სამშობლოდ. მათი თანამედროვე რომელიმე ჯგუფის სხვაგან ცხოვრება შეიძლება მხოლოდ ძირითადი მასისაგან მოწყვეტით და გადასახლებით აიხსნას და არა პირიქით. სხვაგვარად ახსნა შეუძლებელია.
საქართველოს ჩრდილოეთით, იმიერკავკასიის მიწა-წყალზე, როგორც ჩანს, თურქული და მონგოლური ტომების (პაჭანიკების, ყივჩაღების, ოქროს ურდოს ძალების) გამოჩენის შემდგომ შევიწროებული ალანების ადგილი დაიჭირეს ჩერქეზულმა (ადიღე-ყაბარდო-აბაზურმა) და თურქულმა (ყარაჩაელებმა, ბალყარელმა) ტომებმა (როგორც მიიჩნევენ, მე-13-14 საუკუნეებამდე და შემდგომ, ჩრდილო კავკასიაში ქართველებსა და ქართველურ ტომებს მნიშვნელოვანი რაოდენობრივი წილი ეჭირათ). საქართველოს სახელმწიფოს დაშლა-დაქუცმაცების შემდგომ (მე-15-16 სს.) ჩრდილო კავკასიური ადიღე-ჩერქეზული ტომები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და შეუდგნენ ჯერ საქართველოს საზღვრის მიღმა (თანამედროვე სოჭისა, ტუაფსისა) და ჩრდილოეთით მდებარე შავიზღვისპირეთის დაპყრობას (ამას უნდა დავუკავშიროთ შავიზღვისპირეთში ადიღე-ჩერქეზ-აბაზურად მოსაუბრე ტომების – უბიხებისა, საძებისა და სხვათა გამოჩენა), ხოლო შემდგომ თანდათან შეიჭრნენ საქართველოს მიწა-წყალზე და გაბატონდნენ ისტორიულ აფხაზეთში (ისტორიულ აფხაზეთსა და ოდიშს შორის საზღვარი გადიოდა ახალ ათონთან და კელასურთან, ვახუშტის თანახმად), მე-17 ს-ის შემდგომ კი შეუტიეს ოდიშს, დაიპყრეს სამეგრელოს მიწა-წყალი (იგულისხმება თანამედროვე სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის რაიონები) და მივიდნენ მდინარე ენგურამდე. ისტორიული ფაქტია ის, რომ აფხაზეთის სამთავრო მე-17 ს-ში გაფართოვდა სამეგრელოს ტერიტორიის ხარჯზე და მას ჩამოაჭრა ზემოთ აღნიშნული მიწა-წყალი. მხოლოდ ასეთი ერთიანი სურათის ფონზე შეიძლება აიხსნას ჩრდილო კავკასიის ველებზე აფხაზეთიდან, ძალზე შორს, აფხაზურენოვანი ტომების არსებობა და არა იმით, რომ აფხაზები ზღვისპირეთიდან ასახლდნენ და საცხოვრებლად გადავიდნენ ჩრდილო კავკასიაში. ასეთი მოსაზრება უმოტივო თეორიაა.
ზემოთ მოყვანილ მოსაზრებას, ჩვენი აზრით, აძლიერებს ის, რომ როგორც ჩანს, ჯიქები, რომელნიც ისტორიულად ძველთაგანვე მკვიდრნი არიან შავიზღვისპირეთისა, დაპყრობილ და დამორჩილებულ იქნენ ადიღე-აფსარების მიერ. ამას მიუთითებს ის, რომ ჯიქები გვიან (მე-18-19) საუკუნეებშიც კი ოფიციალურად და საჯაროდ აფხაზურ ენაზე საუბრობდნენ, ხოლო დამალვითა და შიშით – საკუთარ ენაზე, რომელსაც აფხაზები უწოდებენ “ასაძიპსუას”.
რუსი გენერალი ი. ფილიპსონი, რომელიც დიდხანს მსახურობდა კავკასიის არმიაში და კარგად იცნობდა ჯიქებს, წერს – “ამ ხალხს, რომელიც სუფთა აფხაზურ ენაზე ლაპარაკობს, აქვს თავისი საკუთარი ენა – ასაძიპსუა, რომელიც არ ჰგავს არც აფხაზურს და არც ადიღეურს, ის თანდათან ეძლევა დავიწყებას, იმით ხანდახან მხოლოდ დაბალი ფენის წარმომადგენლები საუბრობენ და ისიც თითქოსდა მოპარვით, სხვა ხალხისგან დამალულად” (იქვე, გვ. 374).
ბღაჟბა ვარაუდობს, რომ ასაძიპსუა თითქოსდა აფხაზური ენის დიალექტი იყო, მაგრამ თვით ავტორი ცნობისა – ფილიპსონი, კარგი მცოდნე ჯიქებისა, გარკვევით წერს, რომ ასაძიპსუა არ წააგავდა არც აფხაზურს და არც ადიღეურს.
ჯიქების არააფხაზური ენის არსებობა ამტკიცებს იმ აზრს, რომ ეს ტომი არ იყო წარმომავლობით აფხაზური და ის ასეთი გახდა მხოლოდ ადიღე-ჩერქეზული დაპყრობის შედეგად. გააფხაზების შემდგომ ამ ტომს “საძები” ეწოდა. ჯიქეთის დაპყრობის შემდგომ ადიღეურმა ტომებმა დაიპყრეს საკუთრივ აფხაზეთი, შემდგომ კი შეუტიეს ოდიშს, ჩამოაჭრეს მას აყვავებული მიწა-წყალი ენგურამდე. ამ დაპყრობის შესახებ უწყვეტლივ ლაპარაკობდნენ მოგზაურები და მისიონერები მე-19 ს-მდე (ლამბერტიდან შარდენამდე). აბაზების შესაკავებლად ლევან II დადიანმა და ეპისკოპოსებმა ააგეს დიდი კედელი (ე. წ. აფხაზეთისა), მაგრამ ჩერქეზ-აბაზების შემოტევა ვერ შეაჩერეს. აბაზების გაბატონების შემდგომ ახლა უკვე ადგილობრივი მეგრული ენა გახდა დამალულად და დაფარულად მოსახმარი, რამეთუ ქვეყნის მკვიდრი მეგრელები ყმებად და მონებად აქციეს და “აგირუები” უწოდეს. მე-19 ს-ის დასაწყისში მთელ შავიზღვისპირეთში, თანამედროვე სოჭი-ტუაფსის რაიონებშიც, ახალი ომებისა და დაპყრობების კვალი აშკარა იყო. ი. ლუკიისკი წერდა – “и в настоящее время разноплеменность и следы недавнего завоевания очень заметны в этом участке” (იქვე, გვ. 374).
აფხაზეთში გაბატონების შემდგომ, როგორც საერთოდ ეს ხდება, დაპყრობათა შემდგომ წარმოშობილ ახალ მოსახლეობასაც “აფხაზები” უწოდეს (ისე როგორც ძველი ეგვიპტელების ქვეყანაში მცხოვრებ არაბებს ამჟამად “ეგვიპტელები” ეწოდებათ, ხოლო ძველი ასირიელი ხალხის ქვეყანაში მცხოვრებ არაბებს კი – “სირიელები” და ა. შ.), მაგრამ ნამდვილი სამშობლო ახალი ე. წ. “აფხაზებისა”, ანუ აფსუებისა, ჩრდილო კავკასიის ველებია, სადაც ამჟამადაც მცხოვრები აფხაზების ენას აფსუა ბიზშვა ეწოდება.

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати