დაზიანდა თამარის გზატკეცილზე მაგისტრალური წყალსადენის ათასიანი მილი, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მილის შეკეთების სამუშაოები, - განაცხადა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, დაახლოებით ათი ათასამდე აბონენტს დღის სხვადასხვა მონაკვეთში შეეზღუდებათ წყალმომარაგება, მაგრამ დღის ბოლომდე აღდგენითი სამუშაოები დასრულებული იქნება.
„ასევე, რიგი გამოწვევებია ენერგო მიმართულებით. მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში დაახლოებით 150-მდე აბონენტს ამ ეტაპისთვის არ მიეწოდება შუქი, მაგრამ უახლოეს პერიოდში „ენერგო პრო ჯორჯიას“ მობილური ჯგუფების მეშვეობით მოხდება მისი აღდგენა. ამავდროულად, მცირედი შეფერხებებია გაზმომარაგების ნაწილში, მაგრამ ტექნიკური ჯგუფები მაქსიმალურად ოპერატიულად ცდილობენ, რომ აღადგინონ აღნიშნული დაზიანებები.
გაწმენდილია როგორც ესტაკადები, ხიდები, შესაბამისად, ცენტრალური მაგისტრალი, ბათუმის შემოვლითი გზა. 26 რიცხვიდან ჩვენ როგორც სასწავლო პროცესის ნაწილში, ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილში მივიღებთ აღდგენის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128