დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება და გაფართოვდება, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილების შედეგად, თითოეული მეწარმის დაფინანსების ლიმიტი 20 000 ლარიდან 50 000 ლარამდე გაიზრდება.
„გასულ წელს დავიწყეთ „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა, რომელმაც მაღალი ინტერესი და მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახური პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებული მეწარმეების საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს, რამაც აჩვენა, რომ საკმაოდ დადებითია პროგრამის ეფექტიანობა და შედეგები. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოვაყალიბოთ და გავაფართოვოთ, ასევე, გავაფართოვოთ დაფინანსება. გასულ წელს თითოეული მეწარმის დაფინანსების ლიმიტი 20 000 ლარამდე იყო, წელს კი თანადაფინანსება 50 000 ლარამდე გაიზრდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, შარშან, პროგრამის ფარგლებში, 50-მდე მიკრო და მცირე მეწარმე შეირჩა და დაფინანსდა.
„მეწარმეებმა შეიძინეს საჭირო დანადგარები და აღჭურვილობა. ბენეფიციართა შერჩევა-შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც აქტიური საწარმო გააჩნიათ და წარმოადგენენ რეალურ კონსტრუქციულ გეგმასა და ხედვას მათი ბიზნესის განვითარებისთვის. თანადაფინანსების პროპორციულობა შემდეგნაირად გადანაწილდა: 5 000 ლარამდე მოთხოვნილი თანხის 90% დაფინანსდება; 5 000-დან 20 000 ლარის ჩათვლით 85%; 20 000-დან 30 000 ლარის ჩათვლით ჩვენი მხრიდან დაფინანსება 80%-მდე იქნება, ხოლო 30 000-დან 50 000 ლარის ჩათვლით მუნიციპალიტეტის მხრიდან 70%-იანი დაფინანსება განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან იგი ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
„პროგრამის ფარგლებში მიღებული მხარდაჭერა ხელს უწყობს მოქმედი ბიზნესების კიდევ უფრო ზრდას, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ერთობლივი ძალისხმევით ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით. პროგრამაში მონაწილეებისთვის საბუთების მიღება უახლოეს პერიოდში გამოცხადდება და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას თარიღებთან დაკავშირებით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.