USD 2.7258
EUR 3.1968
RUB 3.3665
Тбилиси
მიხეილ ყაველაშვილი - გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვედი
дата:  123
გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვედი.
გამოსვლისას აღვნიშნე, რომ მე წარმოვადგენ სამი ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის აკვანს და მამაც ქართველ ერს, რომელიც სიამაყით და ღირსებით აღსავსეა. ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში უნიკალური დამწერლობა, უძველესი ენა და 17 საუკუნოვანი ქრისტიანობის ტრადიცია გააჩნია. ხაზი გავუსვი, რომ მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს, რომელმაც იცის როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა. ხალხს, რომელიც უფრთხილდება თავის მდიდარ ისტორიასა და ტრადიციებს, მაგრამ ამავდროულად თვალს უსწორებს და უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას.
გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე განვაცხადე, რომ ჩვენს გარშემო არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ჩვენს ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი.
როგორც გამოსვლისას აღვნიშნე, დღესაც, როგორც უწინ საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს. იქიდან გამომდინარე, რომ მშვიდობის მნიშვნელობას სიღრმისეულად ვაცნობიერებთ, საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანსფორმაციაში და ცდილობს ის კონფლიქტების რეგიონის ნაცვლად, ცივილიზაციათა დიალოგისა და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცედ აქციოს. განვაცხადე, რომ მივესალმებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ისევე როგორც მის ძალისხმევას, მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომი.
სიტყვის გამოსვლისას ხაზი გავუსვი, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შუა დერეფნის სტრატეგიული მარშრუტის განვითარებაში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე უსაფრთხო, სანდო და სტაბილურ დამაკავშირებელ მარშრუტად იქცეს.
გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე გამოსვლისას აღვნიშნე, რომ ჩვენი ამოცანაა კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები განვავითაროთ ისეთ ძლიერ ეკონომიკებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა. ჩვენ, ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას. რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი.
სიტყვით გამოსვლისას აფხაზ და ოს ძმებსა და დებს მივმართე და განვაცხადე, ჩვენი კულტურული კოდი არ შეცვლილა. ჩვენთვის მრავალფეროვნება არა პრობლემა, არამედ კვლავ არსებობის აუცილებელი ფორმულაა, ამიტომ საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ თანამოძმეებს ყოველთვის ღია გულითა და გაშლილი ხელით შეგხვდებით. ჩვენი ვალია, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, წარსული წყენები კი, როგორც გამორჩეულად სულგრძელმა ხალხმა, წარსულს მივაბაროთ.
სიტყვის დასასრულს კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ და ღია ვართ, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი ვაწარმოოთ გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე, უკლებლივ ყველა მხარესთან.
Тбилиси
თბილისის ანძის ქვედა ნაწილში მოეწყობა თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი, 70 მეტრ სიმაღლეზე კი გადმოსახედი და რესტორანი - ინვესტიცია არანაკლებ 4 მილიონ აშშ დოლარია

დედაქალაქში სატელევიზიო ანძის განვითარებისა და მისი ტურისტულ ატრაქციად ქცევის პროექტის განხორციელება იწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანძის ქვედა ნაწილში მოეწყობა თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი, ხოლო 70 მეტრ სიმაღლეზე პანორამული რესტორანი.

თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძასთან იმყოფებოდა, სადაც პროექტის განხორციელების ადგილი დაათვალიერა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ეს პროექტიც იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის“.

„მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძაზე ძალიან კარგი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის კერა. 70 მეტრ სიმაღლეზე მოეწყობა გადმოსახედი და რესტორანი. ჩვენ დიდი ხანია, ამაზე ვმუშაობთ, გვქონდა არაერთი შეხვედრა ისტორიულ საბჭოსთან, თუ როგორი პროექტი უნდა განხორციელებულიყო. ყველა დეტალი, უსაფრთხოება არის გათვალისწინებული. გვყავს ასევე ინვესტორი კომპანია, რომელიც აღნიშნულით არის დაინტერესებული. მას სამშენებლო ნებართვა უკვე მიღებული აქვს. ეს არის კომპანია, რომელმაც წალკის კანიონის პროექტი განახორციელა, რომელიც დატვირთულია ტურისტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია წალკის რაიონში და აღნიშნულ ინფრასტრუქტურას უამრავი ადამიანი სტუმრობს. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტიც იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში აშენდება და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო ტურისტული სტანდარტების შესაბამისი იქნება.

„ინვესტიციის მოცულობა შეადგენს არანაკლებ 4 მილიონ აშშ დოლარს. სანებართვო პროცედურები უკვე დასრულებულია და სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადადის. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფენ პროექტის მხარდაჭერას, მათ შორის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ანძის განათების სისტემის განახლებას. ასევე, გათვალისწინებულია არსებული ტექნიკური ინვენტარის გადატანა და ანძის შეღებვა.

მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადაა 2028 წლის მარტი. ოპერირების ფაზა გაგრძელდება 25 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მოწყობილი ინფრასტრუქტურა უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფო საწარმოს - შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“.

პროექტის მიზანია სატელევიზიო ანძის ტურისტულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობად ქცევა, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, ისე თბილისის საერთაშორისო იმიჯის გაძლიერებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати