USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
თბილისი
მიხეილ ვორონცოვი, „ყველაზე წესიერი რუსი“ - რუსეთის იმპერატორის ალტერ ეგო საქართველოში
თარიღი:  6832

მიხეილ ვორონცოვი (რუს. Михаи́л Семёнович Воронцо́в; დ. 30 მაისი [ ძვ. სტ. 19 მაისი], 1782 — გ. 18 ნოემბერი [ ძვ. სტ. 6 ნოემბერი], 1856, ოდესა) — რუსი თავადი და გენერალ-ფელდმარშალი, ცნობილი მისი წარმატებებით ნაპოლეონის ომებში, სახელი გაითქვა რუსეთის კავკასიის დაპყრობის ომების წინამძღოლობით (1844-1853). 1844 წლის 27 დეკემბრიდან 1854 წლის 29 ნოემბრამდე იყო კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის განსაკუთრებული კორპუსის მთავარსარდალი.

კავკასიაში წამოსვლის წინ იმპერატორმა ვორონცოვს უთხრა: "შენ იქნები ალტერ ეგო".

XIX საუკუნის დასაწყისიდანვე კავკასიაში რუსეთის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განმსაზღვრელი ნიშანი ის იყო, რომ ახალდაპყრობილი მხარე (Край; იმპერიის განაპირა მხარე - Окраина) განიხილებოდა ასიმილაციური მანიპულაციების სარეალიზაციო ერთიან ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ სივრცედ და იგნორირებული იყო არსებითი მნიშვნელობის გარემოება - კავკასია სინამდვილეში სხვადასხვა ისტორიის, კულტურის, განსხვავებული ეროვნული ინდივიდუალობის მქონე ერების სამშობლო იყო. საკუთრივ საქართველოში ზემოხსენებულმა პოლიტიკურმა კურსმა მკაფიო ფორმულირება პოვა "კავკასიური პრობლემისადმი" მთავარმართებელ ალექსი ერმოლოვის (1816-1827) დამოკიდებულებაში: "არ იარსებებს საქართველო და აღარც კავკასიის საკითხი იარსებებს"

"კავკასიური პრობლემის" ამგვარ გადაწყვეტას ხისტი და სწორხაზოვანი პოლიტიკური კურსითა და მეტ-ნაკლები "წარმატებით" ცდილობდნენ კავკასიის მომდევნო მმართველებიც (ივ. პასკევიჩი, გრ. როზენი, ე. გოლოვინი, ალ. ნეიდგარტი), თუმცა 1840-იან წლებში ვითარება მკვეთრად შეიცვალა და ეს არსებითი ხასიათის ცვლილება დაკავშირებულია მიხეილ ვორონცოვის "კავკასიურ პოლიტიკასთან".

1840-იანი წლების დასაწყისში, ერთი მხრივ, უაღრესად გამწვავდა მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც შამილმა რუსულ ჯარებზე ზედიზედ მოიპოვა შთამბეჭდავი გამარჯვებები; ამასთანავე, ახალი ძალა და მასშტაბები შეიძინა მიურიდიზმმაც, რომელიც ყოველი არამართლმორწმუნის (არამუსლიმის) უპირობო ფიზიკურ განადგურებას ითვალისწინებდა და ჩრდილოეთ კავკასიაში ანტიკოლონიალური ბრძოლის არა მხოლოდ სარწმუნოებრივი, არამედ პოლიტიკური იდეოლოგიის ქვაკუთხედად იქცა. მეორე მხრივ, პოლიტიკური რეჟიმისადმი ქართველი თავადაზნაურობის "სერვილური" დამოკიდებულება ქმნიდა საფუძველს, ამიერკავკასია ზოგადად და, კერძოდ, საქართველო სამხედროდან სამოქალაქო მმართველობით სისტემაზე გადასულიყო და იგივე ქართველი თავადაზნაურობა რუსეთის მონარქიას კავკასიაში იმპერიული პოლიტიკის მოკავშირედ და დასაყრდენად გადაექცია.

ასეთ ვითარებაში ნიკოლოზ I-მა გადაწყვიტა, კავკასიის მართვა ჩაებარებინა ისეთი პიროვნებისათვის, რომელშიც გაერთიანებული იქნებოდა პოლიტიკური, ადმინისტრაციული, სამხედრო და დიპლომატიური ნიჭი და პრაქტიკული შესაძლებლობები. 1844 წლის დეკემბერში იმპერატორის არჩევანი შეჩერდა გრაფ მიხეილ ვორონცოვზე (1782-1856), რომელიც იმ დროისათვის იყო რუსეთსა და ევროპაში სახელმოხვეჭილი გენერალი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, ნოვოროსიის გენერალ-გუბერნატორი და ბესარაბიის სრულუფლებიანი ნამესტნიკი. ამასთანავე, ვორონცოვი იყო უაღრესად განათლებული და დიპლომატიური უნარით აღჭურვილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ჯერ კიდევ 1800-იანი წლების დასაწყისში მსახურობდა საქართველოში მთავარმართებელ პავლე ციციანოვთან და იცნობდა ამიერკავკასიასა და მის თავისებურებებს.

თავის მხრივ, ვორონცოვმა წამოაყენა აუცილებელი პირობა, რომელიც ითვალისწინებდა კავკასიის გარდაქმნას სამეფისნაცვლოდ და მეფისნაცვლისათვის გადაწყვეტილებათა მიღების საგანგებო, რუსეთის იმპერიისათვის უპრეცედენტო უფლების მინიჭებას - არსებითად პირდაპირ იმპერატორს დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ავტონომიის შექმნას, რისი პირობაც ვორონცოვმა ნიკოლოზ პირველისგან მიიღო კიდეც. კავკასიაში წამოსვლის წინ იმპერატორმა ვორონცოვს უთხრა: "შენ იქნები ალტერ ეგო".

ბრიტანეთში განსწავლულ, ბრიტანულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ გამოცდილებაზე აღზრდილ მიხეილ ვორონცოვს სწამდა, რომ ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნება წყარო იყო იმპერიის ძლიერებისა და არა მისი სისუსტის მაჩვენებელი. იგი კავკასიაში ჩამოვიდა ფართო და საფუძვლიანი რეფორმისტული გეგმით, რომელიც ითვალისწინებდა, ერთი მხრივ, საქართველოს (ზოგადად, კავკასიის) უმტკივნეულო პოლიტიკურ-ეკონომიკურ შერწყმას რუსეთის ერთიან და განუყოფელ სახელმწიფოებრივ სივრცეში, ხოლო მეორე მხრივ, ევროპეიზაციის გზით ქართული კულტურის აღორძინებასა და განვითარებას.

ასე გაჩნდა ქართულ სინამდვილეში გამოთქმა “ვორონცოვის ხანა”…

მეცხრამეტე საუკუნის შუა წლები ქართული კულტურის, საზოგადოებრივი აზრისა და საერთოდ, ეროვნული ენერგიის აღდგენისა და განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისად არის მიჩნეული. იმჟამინდელმა ქართველობამ, გარეშე მტერთაგან თავდახსნილმა და ფეხზე წამომდგარმა, “თავისი დაკარგული ვინაობის აღდგენაზე” ფიქრი დაიწყო და ძიებებით აღსავსე გზას დაადგა.

“ქართველ საზოგადოებას XIX საუკუნის პირველ ნახევარში, როგორც ამას არჩილ ჯორჯაძე შენიშნავდა, ეროვნულად გარკვეული ფიზიონომია აღარ ჰქონდა. ძველ დროში თუ იყო რაიმე კულტურის ნასახი, თითქოს წაშლილიყო. პოლიტიკურად დასნეულებული ეროვნული სხეული დასნეულდა ზნეობრივად და გონებრივადაც. ორმოციან წლებში უკვე დასრულებული იყო დეზორგანიზაცია ეროვნულ ცხოვრებისა”.

ამის შემდეგ კი, ე.ი. XIX საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან, “მიძინებული ერი თითქოს გამოფხიზლდა და დეზორგანიზაციაში მოყვანილი საზოგადოებრივი სხეული გამთლიანებისა და განკურნების იმედმა შეიპყრო… ვორონცოვის ხანა შეიქმნა ქართული კულტურის აღორძინების ხანად”.

კავკასიაში მთავარმართებლობის დროს ვორონცოვი ემსახურებოდა მისი კოლონიზაციისა და იმპერიასთან სრული შერწყმის საქმეს, მაგრამ ამას აკეთებდა მოქნილად. მეთოდურად, უპირატესად კულტურული ღონისძიებებით: მის დროს აღდგა ქართული თეატრი, გაიხსნა საჯარო ბიბლიოთეკა, ადგილობრივი თავად-აზნაურთა შვილებს გზავნიდა რუსეთის სასწავლებლებში და სხვა. ვორონცოვი მეფის უერთგულესი მსახური იყო, სხვა მოხელთაგან გამოირჩეოდა გამჭრიახი გონებით, განათლებითა და გარკვეული ლიბერალიზმით.

მიხეილ ვორონცოვი მთელი ძალისხმევით მუშაობდა გზების კეთილმოწყობაზე. “ნაჯახის საშუალებით” მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კავკასიის დაპყრობა. აშენდა ხიდები მდინარეებზე: მტკვარზე, თერგზე, სუნქზე, ლაბეზე; საფუძველი ჩაეყარა სანაოსნო მიმოსვლას შავ და კასპიის ზღვებზე, მდინარე მტკვარზე; განხორციელდა ამიერკავკასიის მიწების დანაწევრება, 1850 წელს აშენდა ოლაგირის ქარხანა.

მეფისნაცვალი ზრუნავდა მხარეში მევენახეობის, მეღვინეობის, მეაბრეშუმეობის, ცხენოსნობისა და სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებათა განვითარებაზე.

თავადის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი სფერო იყო განათლების, მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარება.

1848 წელს თბილისში გამოსვლას იწყებს გაზეთი “კავკაზი”, ყალიბდება “ზაკავკაზსკი ვესტნიკი”, რომელმაც შეცვალა “გუბერნსკიე ვედომოსტი”. ამ გაზეთებმა ნოვოროსიისა და კავკასიის შორეული ტერიტორიები დაუახლოვა რუსეთს. ნოვოროსიის კალენდრის წარმატებამ უკარნახა ვორონცოვს, მსგავსი გამოცემა 1847 წელს თბილისშიც გაეკეთებინა. კალენდარი შეიცავდა მდიდარ ისტორიულ, გეოგრაფიულ, ტოპოგრაფიულ და სხვა სახის მასალებს, შეგროვილს მცოდნე და შრომისმოყვარე ადამიანების მიერ.

შესაფერისი შენობის შერჩევის შემდეგ, 1859 წელს თბილისში გაიხსნა საჯარო ბიბლიოთეკა, რაც მრავალეროვანი და მრავალენოვანი მხარისთვის მოვლენა იყო.

1850 წელს თბილისში შეიქმნა სოფლის მეურნეობის ამიერკავკასიის საზოგადოება, რომელიც ვორონცოვის მიერ 1828 წელს ოდესაში გახსნილი საზოგადოების მსგავსი იყო. 1850 წელს კავკასიაში საძირკველი ჩაეყარა რუსული გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებას: მაგნიტურ და მეტეოროლოგიურ ობსერვატორიას, შედგა არარატზე ასვლის გეგმა.

იყო რა საქართველოს გუბერნიის (1846 წლიდან თბილისის) ადმინისტრაციული ცენტრი, თბილისი კავკასიაში წარმოადგენდა ცენტრალურ პუნქტს ნედლეულის შესყიდვისა და პროდუქტების რეალიზაციის მხრივ. თბილისის მეშვეობით რუსეთი ამყარებდა დიპლომატიურ და სავაჭრო ურთიერთობებს აღმოსავლეთის ქვეყნებთან. საფრანგეთის კონსული გამბა, რომელიც ქალაქში XIX საუკუნის 20-იან წლებში იმყოფებოდა, წერდა:

“ტიფლისში ერთსა და იმავე დღეს ჩამოდიან ნეგოციანტები (ბითუმად მოვაჭრეები) საფრანგეთიდან, კურიერები _ პეტერბურგიდან, ვაჭრები _ კონსტანტინოპოლიდან, ინგლისელები _ კალკუტიდან და მადრასიდან, სომხები _ სმირნიდან, იეზიდები და უზბეკები _ ბუხარიდან; ასე რომ, ეს ქალაქი შეიძლება ჩაითვალოს ევროპისა და აზიის მთავარ საკვანძო ადგილად”.

თბილისში ევროპული ჩვევები ადგილობრივი ტრადიციების პრიზმაში იყო გატარებული. აქ ერთდროულად არსებობდა ფრაკი და ჩოხა, ჩეფჩიკი და ჩადრი, ქარავანი და ფაიტონი, იტალიური არია და მკაცრი ქართული პოლიფონიური სიმღერა, პოლონეზი და ლეკური, ევროპული მაღაზიები და აღმოსავლური ბაზარი.

თანამედროვეთა მოგონებების თანახმად, თბილისში ვორონცოვის ჩამოსვლამ ქალაქის ცხოვრება მთლიანად შეცვალა და სულ სხვა ხასიათი შესძინა.

ვორონცოვს შეეძლო, დაახლოებოდა უნარიან, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს. “…ყველანი აღფრთოვანებული იყვნენ ვორონცოვის ადამიანებისადმი დამოკიდებულებით”. 1845 წელს თბილისში ვორონცოვთან ერთად და შემდგომში ჩამოსულ ხალხს ქალაქის ცხოვრებაში სიახლეები შეჰქონდათ. ევროპულმა კულტურამ დაიწყო აღმოსავლური პატრიარქალური სიტუაციის შეცვლა.

1845 წელს ამიერკავკასიის მხარის შემოსავალი 1 მილიონ 649 ათას 151 მანეთს აღწევდა; 1849 წელს _ დაახლოებით 2 მილიონ მანეთს, ხოლო 1852 წელს _ 6 მილიონ 226 ათას 492 მანეთს.

ჩამოსვლის პირველივე დღიდან ვორონცოვმა თბილისის კეთილმოწყობაზე დაიწყო ზრუნვა. ქალაქი იზრდებოდა: თუ 1835 წელს აქ 25 ათასი მცხოვრები იყო, 1847 წლისათვის მოსახლეობის რაოდენობამ 43 ათას 862 კაცს მიაღწია.

ვორონცოვის პოლიტიკა საქართველოსთან და ქართველებთან მიმართებაში

ვორონცოვი ხაზგასმით გამოხატავდა პატივისცემას ქართული ენის, ქართველი ხალხის ისტორიის, კულტურის, ადათ-წესებისა თუ ზნე-ჩვეულებების მიმართ (სხვათა შორის, ქართლ-კახეთის ყოფილი სამეფო ოჯახის წევრთა მიმართაც). როგორც ჩანს, იგი მიიჩნევდა, რომ ქართველთა ენობრივი და კულტურული (ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით) თვითმყოფადობა საფუძვლად უნდა დასდებოდა რუსეთის ერთიანი და განუყოფელი იმპერიის ფარგლებში საქართველოს, როგორც ავტონომიური უფლებებით აღჭურვილი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის ჩამოყალიბებას. სარგის კაკაბაძის თვალსაზრისით, "[ვორონცოვი] ამზადებდა ნიადაგს საქართველოს ავტონომიისათვის რუსეთის იმპერიის ფარგლებში".

უნდა ითქვას, რომ ვორონცოვს საქართველოს აღორძინების ერთადერთ გზად მიაჩნდა ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო და სალიტერატურო ცხოვრების ევროპეიზაცია, რაც ძირეულად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის სახელმწიფოებრივ-იდეოლოგიურ პოლიტიკას - რუსეთის მონარქია საქართველოში ევროპეიზმის ერთადერთ წყაროდ რუსულ კულტურას, ცხოვრებისა და აზროვნების რუსულ წესს მიიჩნევდა.

ვორონცოვის ეკონომიკურ რეფორმებმა,  ქართველი თავადაზნაურობის უუნარობის გამო მისი, როგორც კლასის, მატერიალური დეგრადაცია გამოიწვია და ხელი შეუწყო საქართველოში სომხური ბურჟუაზიის ჩამოყალიბებას.

ვორონცოვის პოლიტიკა რელიგიის სფეროში,  აღიარებდა საქართველოს ეკლესიის სარწმუნოებრივ და ისტორიულ დამსახურებებს, ხოლო მეორე მხრივ, ისლამისადმი გამოვლენილი იმ დროისათვის უჩვეულო ტოლერანტობით ვორონცოვმა პოლიტიკური რეჟიმისადმი ლოიალურად განაწყო ამიერკავკასიის მუსლიმი მოსახლეობა და ამით შამილსა და ოსმალეთს კავკასიაში პირდაპირ ხელიდან გამოჰგლიჯა მოკავშირე და დასაყრდენი.

არჩილ ჯორჯაძის შეხედულებით, "ვორონცოვის დანიშვნა კავკასიის ნამესტნიკად ფრიად სასარგებლო და გამოსადეგი გახდა ქართულ ახალ კულტურის აღორძინებისათვის. მიძინებული ერი თითქოს გამოფხიზლდა და დეზორგანიზაციაში მოყვანილი საზოგადოებრივი სხეული გამრთელების და განკურნების იმედმა შეიპყრო... ვორონცოვის ხანა შეიქმნა ქართულ კულტურის აღორძინების ხანად... ვორონცოვის პოლიტიკა იყო სწორედ ის პოლიტიკა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ამაოდ ეძებდა რუსეთის მმართველობის წრეში ქართველთა პოლიტიკური აზროვნება - ერთგულება და მჭიდრო კავშირი რუსეთთან, ხოლო ნაცვლად ამისა, ქართველების ეროვნულ-კულტურული აღორძინების უზრუნველყოფა რუსეთის მფარველობის ქვეშ... ვორონცოვმა პირველმა გაბედულად გამოაცოცხლა ეს დღემდე განუხორციელებელი იმედი. ქართველთა ეროვნული კულტურა რუსეთის მფარველობის ქვეშ _ ეს ოცნება რეალობად იქცა..." [18, გვ. 104-105].

ამასთანავე, ა. ჯორჯაძე დასძენს: "ეჭვს გარეშეა, ვორონცოვი ვერ შეჰქმნიდა ჩვენში ვერც თეატრს, ვერც პერიოდულ პრესას, თვით საზოგადოებაში რომ არ ყოფილიყო ამისათვის საჭირო ელემენტები" [19, გვ. 104].

ვორონცოვის "კავკასიური პოლიტიკის" შეფასება ქართულ წყაროებსა და ლიტერატურაში დიამეტრულად განსხვავებულია - უაღრესად პოზიტიურიდან (გრ. ორბელიანი, დ. ყიფიანი, პ. იოსელიანი, ა. ფურცელაძე, ი. მეუნარგია, ა. ჯორჯაძე, მიხ. თამარაშვილი, შ. ამირეჯიბი, ს. ყუბანეიშვილი და სხვ.) უკიდურესად ნეგატიურამდე (ნ. ავალიშვილი, ვახტ. კოტეტიშვილი, ლ. ასათიანი, ს. გერსამია, ალ. კალანდაძე, რ. ჩხეიძე, ნ. ვახანია და სხვ.).

ვახტანგ კოტეტიშვილის შეხედულებით, "ვორონცოვის ხანა უნდა ჩაითვალოს იმ სისტემატური რეაქციის ეპიზოდად, რომელსაც მეფის რუსეთი აწარმოებდა საქართველოს მიმართ... ვორონცოვმა დიდი სამსახური გაუწია რუსეთს, მაგრამ რა მფარველობა გაუწია საქართველოს, - არა ჩანს. მართალია, მან ენერგიულად მოკიდა ხელი ჩვენს ქვეყანას, კულტურას თითქოს სათავეში ჩაუდგა, მაგრამ იგი თავის საქმეს აკეთებდა. და თუ ზოგჯერ ქართულ საქმეს გადმოხედავდა, ეს იყო თვალის ახვევა და შირმა... იგი ქმნიდა იმ ცენტრებს, სადაც აჩქარებით და სისტემით ხდებოდა ეროვნული დეგრადაცია...".

ვორონცოვის მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ჰქონდათ ნ. ნიკოლაძესა და, განსაკუთრებით, ალ. ორბელიანს, რომლის თხზულებებშიც ჩამოყალიბებულია ორი ურთიერთგამომრიცხავი თვალსაზრისი: „ის დრო ვარანცოვისა საქართველოში, ჩუენგნით გამოუცდელი სულ სხუა გუარი მოსატყუებელი დრო იყო... მითამ კაიკაცობას გვაჩვენებდა, ნამეტნავად უფრო კიდევ იმათ მომატებით, ვინც რუსეთის ინტერესზე იქცეოდა... ვარანცოვამდისინ ქართუელები შორს ვიდექით რუსებზე და იმან რუსებში გაგვრია, შეგვაერთა ამ ცფიერმა დიპლომატმა" ;  მეორე მხრივ, ალ. ორბელიანის თქმით, "[ვორონცოვმა] მოგვცა ქართული თიატრი და ქართული სალიტერატურო ჟურნალი - "აჰა, მარადის გქონდეთ და თქვენის მამა-პაპის კარგის ენით ისიამოვნეთო"... კნიაზ ვარანცოვი იყო დიდი გონების კაცი, სრული განვითარებული და სურდა ჭეშმარიტად ჩვენი კეთილი".

ქართულ სამეცნიერო თუ პუბლიცისტურ ლიტერატურაში ვორონცოვის "კავკასიური პოლიტიკისადმი" ნეგატიურ დამოკიდებულებას საფუძვლად ძირითადად ორი წყარო დაედო: ა) ალ. ორბელიანის ზემოხსენებული პირველი თვალსაზრისი (თუმცა იგნორირებულია მისივე მეორე _ პირველის გამომრიცხავი - შეხედულება) და ბ) ვორონცოვის მიერ ნიკოლოზ პირველისათვის წარდგენილი 1849-1851 წწ. ანგარიში, რომელშიც ვკითხულობთ: `დაარსდა თეატრი, ლიტერატურა გამოცოცხლდა, წიგნები იბეჭდება, ეს ყველაფერი მაფიქრებინებს - თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობა კეთილინებებს და ჩათვლის, რომ ამგვარი შედეგი უაღრესად კეთილისმყოფელ გავლენას იქონიებს განათლების გავრცელებაზე, გემოვნების განვითარებაზე, ზნე-ჩვეულებათა დახვეწასა და რუსებში ადგილობრივთა შერწყმაზე" ("...слияние туземцев с русскими") [1, გვ. 881].

ვორონცოვის "კავკასიური პოლიტიკისადმი" დამოკიდებულება არც რუსეთში იყო ერთგვაროვანი. ვორონცოვის მმართველობის წლებშივე მის კურსს აკრიტიკებდნენ როგორც კავკასიის ადმინისტრაციულ, ისე რუსეთის ცენტრალურ მმართველობით სფეროებში, ხოლო მოგვიანებით გავლენიანი ფიგურა რუსეთის პოლიტიკურ წრეებში და არსებითად რუსული დიდმპყრობელურ-შოვინისტური იდეოლოგიის მეთაური 1860-1880 წლებში მიხეილ კატკოვი ვორონცოვს უწოდებდა ლიბერალიზმის სახელით ნაციონალური ინტერესების უგულებელმყოფელს, არარუსული თვითშეგნებისა და კავკასიაში სეპარატიზმის წამახალისებელ მმართველს და პირდაპირ სდებდა ბრალს რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესების ღალატში; ამასთანავე, ამტკიცებდა - სწორედ ვორონცოვის პოლიტიკამ აქცია კავკასიაში რუსი დამცირებულ და შეურაცხყოფილ, არსებითად მეორეხარისხოვან ადამიანადო.

ვორონცოვი თვალსაჩინო ფიგურაა აკაკი წერეთლის შემოქმედებაში (ლექსები, პუბლიცისტიკა, მემუარები, პოემა "ვორონცოვი"). აკაკიმ სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა გულწრფელი პატივისცემა ვორონცოვის მიმართ და მანვე მოგვცა, ჩვენი აზრით, ვორონცოვის "კავკასიური პოლიტიკის" ყველაზე ლაკონიური და ზუსტი შეფასება - ვორონცოვი მომავლის საქართველოს განიხილავდა როგორც "პოლიტიკურად გარუსებულს, მაგრამ თავის სარწმუნოებით, ენით და ეროვნულ ელფერით" და ამას იგი აკეთებდა `საევროპიო სწორის გზით" ("ქართული თეატრის დაარსება საქართველოში" [14, გვ. 458].

ვორონცოვის ფლირტი ქართველ მანდილოსნებთან

მიხეილ ვორონცოვი, 70 წელს იყო გადაცილებული, როდესაც ულამაზესი ქართველი ქალი შეუყვარდა. ელენე ორბელიანი გაიცნო, მანამდე კი მანანა ორბელიანით იყო გატაცებული. ვორონცოვი საქართველოში რომ ჩამოვიდა, 62 წლის იყო, მანანა ორბელიანი კი _ 37 წლის ქვრივი, რომელსაც მე-19 საუკუნის ქართველ საზოგადოებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა.

მანანა ორბელიანსა და ვორონცოვს ფიზიკური ურთიერთობა არ ჰქონიათ, ისინი მეგობრობდნენ და ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს.  როგორც ჩანს, მათმა ურთიერთობამ შექმნა  აზრი, მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. ვორონცოვი ორბელიანს გვერდით ისვამდა. ტოლსტოი აღწერს, ვორონცოვს გვერდით ლამაზი ქვრივი ქალი ეჯდაო. მეფისნაცვალი მანანათი აღფრთოვანებული იყო და მის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა, მაგრამ მისი ნამდვილი სიყვარული და დიდი გატაცება სულ სხვა ქალი გახლდათ, ელენე ორბელიანი.

ვორონცოვი 70 წელს იყო გადაცილებული, ელენე რომ შეუყვარდა. როგორც ამბობენ, ამ პლატონური სიყვარულის შესახებ ვორონცოვის ცოლმაც იცოდა.

ცხადია, გრძნობდა, რომ ეს მხოლოდ ლამაზი სიყვარული იყო, რომელიც ფიზიკურ ურთიერთობამდე არ მივიდოდა. ამის მიზეზი არამხოლოდ ასაკოვანი და ჯანმრთელობაშერყეული ვორონცოვის მდგომარეობა იყო, არამედ ელენე ორბელიანის ქართული ბუნება და უჩვეულო კდემამოსილება.

მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი მოგონებებში წერს, რომ ვორონცოვი ელენეს ფეხებთან დაჩოქილი უნახავთ. ანდრეევსკის მოგონებებში გადმოცემულია სხვა დეტალებიც. როცა ვორონცოვი ელენესთან აპირებდა მისვლას, დილიდანვე მის სახლში აგზავნიდა თაიგულებს და ტკბილეულს, ხანდახან ძვირადღირებულ საჩუქარსაც.

ვორონცოვი არაფერს სთხოვდა ელენეს, ხანდახან თავს უფლებას აძლევდა, მისთვის ხელზე ეკოცნა. აღდგომას კი უჩუმრად, რუსული ჩვეულებისამებრ, სამჯერ ეამბორებოდა.

ელენესაც მოსწონდა ვორონცოვი, მაგრამ მისი მხრიდანაც ეს იყო პლატონური ურთიერთობა.

საქართველოდან ვორონცოვის წასვლის 10 წლისთავზე, თბილისში მისი ძეგლი გაიხსნა და დიდი ზეიმი მოეწყო. ანდრეევსკი წერს, რომ ღონისძიებას ელენეც ესწრებოდა. რაც ვორონცოვმა საქართველო დატოვა, იმ დღიდან ელენე ორბელიანი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა.

ტფილისი და „ყველაზე წესიერი რუსი“

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 1853 წლის დასაწყისში ვორონცოვმა გადადგომის ითხოვა, მიიღო ამის უფლება და გაემგზავრა საქართველოდან. 1856 წელს ის ფელდმარშალი გახდა, და იმავე წელს გარდაიცვალა ოდესაში.

კნორინგის, ციციანოვის, ტორმასოვის, პაულიჩის, რტიშჩევის, ერმოლოვის, პასკევიჩისა და როზენის შემდეგ ვორონცოვი იყო პირველი მთავარმართებელი, რომელმაც  შეძლო  და ტფილისის და მთლიანად საქართველოს გარკვეული კეთილგანწყობა მოიპოვა. ტფილისელებმა მას ახლანდელი ზაარბრიუკენის მოედანზე ძეგლიც კი დაუდგეს. რუსეთის იმპერატორის მიერ გამოგზავნილ 5 ათას მანეთს 36 ათასი დაუმატეს და 1867 წლის 25 მარტს  თბილისში ვორონცოვის ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

მიხეილ ვორონცოვის მმართველობის, ისევე, როგორც ალექსანდრე ბარიატინსკის დროს (1856-1862 წწ) კვლავ გრძელდებოდა რუსეთის დემოგრაფიული ექსპანსია საქართველოში. კვლავ იქმნებოდა რუს სამხედროთა დასახლებები (სოფლები). გრძელდებოდა საქართველოში რუსი სექტანტების (მალაკნების, დუხობორების და სხვათა), ასევე სხვა უცხოტომელთა ჩამოსახლება. ასე, რომ რუსეთის კოლონიური პოლიტიკა, რომელსაც მიხეილ ვორონცოვი უხეში ძალმომრეობის ნაცვლად მოქნილი, ლოიალური მეთოდებით ატარებდა, არანაკლებ საშიში იყო ქართველი ერისათვის. ამიტომ მიხეილ ვორონცოვის მიერ გატარებულ პოლიტიკას ნაცხვრისა და მათრახის” პოლიტიკა უწოდეს.

 

ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.