USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Тбилиси
მიხეილ სააკაშვილის წერილი POLITICO-ს
дата:  835

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო გამოცემა POLITICO-ს მისი ადვოკატებისა და თანაპარტიელების მეშვეობით წერილი გაუგზავნა. წერილში სააკაშვილი მის პატიმრობაზე და მმართველი პარტიის მხრიდან არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესმა უნდა განიხილოს საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევთათვის სანქციების დაწესება.

“წერილს გწერთ მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისიდან, საქართველოდან. ქვეყნიდან, რომელსაც ერთ დროს, როგორც პრეზიდენტი, ისე ვემსახურებოდი. საქართველოში რამდენიმეწლიანი დევნის შემდეგ, ოქტომბერში დავბრუნდი და დამაკავეს იმ ბრალდებებისთვის, რომელიც მჯერა, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია. 50 დღის განმავლობაში ვშიმშილობდი, ვაპროტესტებდი ჩემს დაკავებას, ასევე, საქართველოს მთავრობის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" გააძლიერა კონტროლი სასამართლო სისტემასა და ბევრ სახელმწიფო და არასახელმწიფო მედიასაშუალებაზე. დაუშვა, რომ კორუფცია გაზრდილიყო, გააყალბა არჩევნები და ქვეყანას პუტინის რუსეთთან დაახლოებისკენ უბიძგა.

ჩემი პრეზიდენტობისას, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს ეწვია, რომ განემტკიცებინა აშშ-ის მხარდაჭერა მას შემდეგ რაც რუსეთი შემოიჭრა და ნაწილობრივ ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა.

"ჩვენ, შეერთებული შტატები, თქვენ გვერდით ვდგავართ თქვენს გზაზე უსაფრთხო, თავისუფალ, დემოკრატიულ და კიდევ ერთხელ ერთიანი საქართველოს გზაზე", - პირობა დადო ბაიდენმა. მან მოუწოდა ჩემს ადმინისტრაციას, უზრუნველეყო "გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული დემოკრატია სრული ჩართულობით".

დღეს, მე მოვუწოდებ მის ადმინისტრაციას, რომ შეასრულოს მისი როლი, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს დემოკრატიას, რომელიც საფრთხეშია. ბაიდენის მიზნიდან გამომდინარე, ავტოკრატიამ დემოკრატიაზე წინ წაიწიოს, ვიმედოვნებ, რომ ის საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ თავისუფლების შელახვისთვის, რომლის მისაღწევადაც ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ.

მე საქართველოს პრეზიდენტი 2004 წელს გავხდი, როცა მშვიდობიანმა „ვარდების რევოლუციამ“ მოითხოვა დემოკრატიული რეფორმები, კორუფციის აღმოფხვრა და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაცია.

ბედის ირონიაა, რომ ნაწილობრივ ჩვენი დემოკრატიზაციის ძალისხმევის გამო, ჩემი პარტია 2012 წელს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა. ჩვენ მშვიდობიანად გადავაბარეთ ძალაუფლება კოალიციას, რომელსაც "ქართული ოცნება" ხელმძღვანელობდა და რომლის სათავეშიც ბიძინა ივანიშვილი იყო. 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმის „ბუნტის“ შემდეგ, სენატორმა ჯინ შაჰინმა მის გამოსვლაში ჩემი მხრიდან ძალაუფლების დათმობა გაიხსენა და განაცხადა, რომ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა არასდროს შეიძლება იყოს დაუფასებელი.

დემოკრატიული პროცესების გზით ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილის მთავრობა მალე იქცა ანტიდემოკრატიულად. დღეს, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის, სასამართლო, სამართალდამცავი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები, მმართველ პარტიასთან დაახლოებულ მცირე კლანის ინტერესებს ემსახურებიან. ბოლო ადგილობრივი არჩევნების დროს, ევროპის უსაფრთოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა ამომრჩეველთა დაშინებასა და სხვა არადემოკრატიულ ტაქტიკასთან დაკავშირებით.

ივლისიში კი მოძალადე და ჰომოფობიური დემონსტრანტები თბილისში თავს დაესხნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს და აიძულეს გაეუქმებინათ პრაიდის მარში, რამაც საბოლოოდ ოპერატორის გარდაცვალება გამოიწვია. აქტივისტები ჟურნალისტებისა და ლგბტ თემის მიმართ მუქარაში მონაწილეობაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

ამავდროულად, მთავრობამ დე ფაქტო შეაჩერა ყოველგვარი პრაქტიკული მცდელობა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის. ქართველმა ხალხმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა. ამის ნაცვლად, საქართველო ეფლირტავება ირანს და რუსეთს "რეგიონული თანამშრომლობის" პლატფორმასთან, რომელიც აცოცხლებს სტრატეგიული სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან დასავლური გავლენის აღმოფხვრის იდეით.

ეს უნდა აღშფოთებდეს ბაიდენის ადმინისტრაციას: როდესაც ის 2009 წელს გვეწვია, საქართველო საიმედო მოკავშირე იყო რთულ რეგიონში. დღეს "ქართული ოცნება" ფუთავს საქართველოს ბედს, როგორც რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი სახელმწიფო.

ივანიშვილის რეჟიმმა წლების წინ დაუსწრებლად წამიყენა ბრალი ძალაუფლების გადამეტებისთვის. მჯერა, რომ ეს ბრალდებები არის უსაფუძვლო და პარტიის მიერ ოპოზიციის გაჩუმების შემაშფოთებელი მაგალითი. ამიტომაც, რამდენიმე წლის შემდეგ, შემოდგომაზე, საქართველოში დავბრუნდი. ვიცოდი, რომ ციხეში მოვხვდებოდი. იმედი მაქვს, ყურადღება მიექცევა აქ არსებულ შემაშფოთებელ მდგომარეობას, რომელიც ქუჩებში ათასობით ქართველმა გააპროტესტა, გასული თვის არჩევნების შემდეგ.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ხაზი გაუსვა დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის კანონის უზენაესობისა და სიტყვის თავისუფლების განმტკიცებისა და დაცვის მნიშვნელობას. ახლა ქართველ ხალხს სჭირდება თავისი დემოკრატიული და პროდასავლური მისწრაფებების აქტიური მხარდაჭერა ავტორიტარიზმის საფრთხის წინააღმდეგ. უპირველეს ყოვლისა, შეერთებულმა შტატებმა ღიად უნდა დაგმოს საქართველოს ხელისუფლება მათი ძალისხმევისთვის, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას.

აშშ-ის კონგრესმა ასევე უნდა განიხილოს საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევთათვის სანქციების დაწესება გლობალური მაგნიტსკის აქტის მიხედვით. სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენის ან სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირის ვიზიტი ამერიკის სოლიდარობას გამომხატველი იქნებოდა საქართველოს ხალხის მიმართ.

საბოლოოდ კი, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გააუქმოს გადაწყვეტილება, მიიწვიოს საქართველოს მთავრობა მომავალ სამიტზე, მოწვევა, რომელიც აგზავნის არასწორ სიგნალს და რისკავს „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული პრაქტიკის ლეგიტმაციას.

შეერთებულ შტატებს საქართველოში არადემოკრატიული ელემენტების წინააღმდეგ სახლში და მის ფარგლებს გარეთ, დემოკრატიის მხარდაჭერის დიდი ისტორია აქვს. დღევანდელი თავისუფლების შემაშფოთებელი ეროზიისა და მზარდი რუსული გავლენის ფონზე, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცხადყოფს, სად დგას იგი", - ნათქვამია წერილში

Тбилиси
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

более
голосование
Кстати