USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
მიხეილ სააკაშვილი - სიმართლე 2008 წელზე
Date:  1162
მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომზე კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს საკუთარ ფეისბუკის გვერდზე:
" სიმართლე 2008 წელზე
რუსეთის 58-ე არმია და ,,გრუ”-ს შენაერთები საქართველოში შემოსაჭრელად მაისის თვიდან, მოსკოვში ემზადებოდნენ.
1. რა მოხდებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომ არ დაესწროთ და საცეცხლე კონტროლით არ გადაეკეტათ გუფთის ხიდი და როკის გვირაბიდან ცხინვალისკენ მომავალი გზა?
რუსული ჯარი ოსური შენაერთების საფარქვეშ მთლიანად გაწმენდდა ჩვენს მიერ კონტროლირებადი ხეობების სოფლებს. თბილისში გამზადებული მეხუთე კოლონა ერთ ამბავს ატეხავდა, რომ ჩვენ ჩვენი მოსახლეობა მივატოვეთ.
თბილისში დაიწყებოდა არეულობა, ხოლო ვითომ ოსური შენაერთები დაეხმარებოდნენ ,,აჯანყებულებს" და ხელისუფლება ისე გამოიცვლებოდა,
რომ მსოფლიოში თითქმის ვერავინ ვერაფერს მიხვდებოდა. ამიტომ ჩვენი ჯარის 5 დღიანმა წინააღმდეგობამ სწორედ ის დრო მოგვაგებინა, რომელიც აუცილებელი იყო მსოფლიოს მხარდაჭერის მობილიზაციისთვის.
2. რა მოხდებოდა მე რომ მიმეღო ჩვენი დასავლელი მეგობრების და ზოგიერთი თანამებრძოლის შემოთავაზება, რომ ოჯახთან ერთად დამეტოვებინა თბილისი?
მოხდებოდა ზუსტად ის რაც 2021 წელს მოხდა ავღანეთში - დაისადგურებდა პანიკა, სახელმწიფო აპარატი ჩამოიშლებოდა, თბილისში არ ჩამოვიდოდა 6 ევროპელი
ლიდერი, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს რუსების გაჩერებაში, ამერიკელებიც თითს აღარ გაანძრევდნენ.
3. რა მოხდებოდა ამ ყველაფრის შემდეგ ამერიკელებს, რომ არ გამოეცხადებინათ ჰუმანიტარულ-სამხედრო ოპერაცია?
რუსები აიღებდნენ მთელს საქართველოს, შეცვლიდნენ არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ქვეყნის სტატუსსა და სიმბოლიკას.
2008 წელზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი ხალხის ერთიანობის, ჯარის გმირობის და უზარმაზარი საერთაშორისო მხარდაჭერის გამო, პუტინმა ვერ მიაღწია ვერც ერთ თავის სტრატეგიულ მიზანს. კერძოდ:
1. ვერ შეცვალა საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის, ვერ აისრულა ჩემი ფიზიკური განადგურების დეკლარირებული მიზანი.
2. ვერ გაანადგურა ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები, ვერ შეაჩერა მსოფლიოში სახელგანთქმული ქართული რეფორმები.
3. ვერ შეაჩერა ევროპული ინსტიტუტების გაფართოება, 2008 წლის ომს ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნით და მის ფარგლებში ასოცირების ხელშეკრულების და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებით უპასუხა.
სამწუხარო სიმართლე იმაშია, რომ რასაც იარაღით ვერ მიაღწია, იმის დიდი ნაწილი 2012 წლის არჩევნებით გაინაღდა და მათ შორის ყველაფერი ამის შედეგია ჩემი სამარცხვინო ტყვეობა.
გუშინდელი უთავმოყვარეო და მუდმივი თავის მოჭრა, ხან მიმოსვლები გემებით, ხან ავიამიმოსვლის ყველაზე არასწორ დროს აღდგენის პროვოკაციები. რაც მთავარია, ქართველები ტოვებენ ქვეყანას და მათ ადგილს უკვე ტანკების და ბომბდამშენების გარეშე, უკონტროლოდ იკავებენ დამპყრობლები."
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way