USD 2.7268
EUR 3.1435
RUB 3.4821
Тбилиси
მიხეილ რამიშვილი: მამას სიმღერები აკრძალული იყო, მახსოვს, როგორ ჩამოხსნეს მისი კონცერტის აფიშები
дата:  2642

ადვოკატ  მიხეილ რამიშვილს საზოგადოება გახმაურებული საქმეებით იცნობს,  რომელთა  შორის განსაკუთრებით რეზონანსული სანდრო გირგვლიანის, თამარ ბაჩალეიშვილის და ე.წ, ცინიდის საქმეები იყო. ყველა ამ საქმემი მიხეილ რამიშვილი, როგორც ადვოკატი, დაზარალებულთა ინტერესებს იცავდა, თუმცა მის მიერ გაკეთებული თამამი სამოქალაქო განცხადებებით, მისი გზა  ადვოკატობიდან პოლიტიკამდე მივიდა. ახლახან ის პოლიტიკური პარტიის „ჩვენ“ წევრი გახდა და  საკუთარ ძალებს უკვე  პოლიტიკურ ასპარეზზე მოსინჯავს.  

მიხეილ რამიშვილი ცნობილი ქართველი მომღერლის ოთარ რამიშვილის შვილია. მუსიკა მის ცხოვრებაშიც მთავარი ისტორია  იყო, თუმცა ადვოკატის საქმემ, რომელიც 25 წლის ასაკში დაიწყო, პროფესიულ მუსიკას მაინც ჩამოაშორა. დღეს   რამიშვილების დინასტიას აგრძელებს მიხეილ რამიშვილის შვილი ლიზა რამიშვილი, რომელიც ძალიან ცნობილი ჩელისტია და წარმატებული მუსიკალური კარიერა აქვს.  

საყვარელი საქმის, მუსიკის და ოჯახური ისტორიებით მიხეილ რამიშვილი  „თბილისი პოსტის“ სტუმარია.    

მიხეილ რამიშვილი: გარემო, რომელშიც გავიზარდე, იყო ძალიან ტრადიციული. ეს ტრადიციები  მოგვყვებოდა ჩემი ბებია -ბაბუადან,  რომელთაც გამორჩეული ოჯახი ჰქონდათ. ბაბუა მიხეილ რამიშვილი იყო კარგი პოეტი, ბებია იყო მარი მაისურაძე. დიდი ბებია მაშო მაყაშვილი და ქაქუცა ჩოლოყაშვილი ალალი ბიძაშვილ-მამიდაშვილი იყვნენ. ბებია ულამაზესი ქალი იყო, ძალიან დახვეწილი, ჩვენს ოჯახში იმ პერიოდიდან არსებობდა სიმღერა, პოეზია. ბაბუა კომუნისტებმა 17 წლის ასაკში გადაასახლეს, მან გადასახლებაში შეისწავლა ვოკალი, როცა თბილისში დაბრუნდა, ისეთი მონაცემები ჰქონდა ოპერის მომღერლობა შესთავაზეს, თუმცა ბაბუა ამაზე არ დათანხმდათ. ის წლები იყო მთავარი ბანკის რევიზორი.  კავსაძეზე, სახლში  სადაც დაიბადნენ მამა და მამიდა, ყოველდღე იმართებოდა პოეზიის, მუსიკის საღამოები.  მათთან იკრიბებოდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებიც ქალაქში ურთიერთობების, გემოვნების, ქცევის წესებს ამკვიდრებდნენ.   ეს ყველაფერი ძალიან აისახა მამაჩემზე და მამიდაჩემზე. მამა ძალიან ცელქი ყოფილა, პატარა იყო,  დაავლებდა თურმე ხელს მამამისის გიტარას და ვაკის ქუჩებში, ეზოდან ეზოში გიტარით დადიოდა, მთელი უბანი მას ეძებდა თურმე.  როდესაც  სამამულო ომი  დაიწყო,  ძმებმა მამაჩემი  და ბაბუას ერთ-ერთი ძმისშვილი გურიაში გაუშვეს, თითო -თითო შვილი კი  აქ, თბილისში დაიტოვეს. მამა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემო ფარცხმაში იზრდებოდა. იქ დაწერა თავისი პირველი სიმღერა“ მითხარ რად ხარ მოწყენილი“, სიმღერა მიუძღვნა გოგოს, რომელიც იქ ძალიან შეჰყვარებია. ომის დასრულების შემდეგ  ბიჭები დაბრუნდნენ თბილისში, მამამ, ცელქი ხასიათის გამო გურიიდან წამოიღო მეტსახელი „კვაჭიჭო“ ასე დააარქვა ბიოლოგიის მასწავლებელმა, რომელიც თურმე ვერ აჩერებდა გაკვეთილებზე (იცინის)

- რა გავლენა მოახდინა მამამ თქვენს ცხოვრებაზე და რა განსაზღვრა იმან, რომ პოპულარული მომღერლის შვილი იყავით?

- ყველაზე მძაფრად რაც მახსოვს ადრეული ბავშვობიდან, არის სტუმრები ჩვენს ოჯახში. დღე-ღამის რა დროც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენთან სულ იყო სტუმარი, სიმღერა, ქეიფი. მამასთან  მოდიოდნენ საოცარი ადამიანები. მათგან ვსწავლობდი, როგორ უნდა გყვარებოდა ქვეყანა, როგორ  უნდა მოქცეულიყავი ქალთან, როგორი უნდა ყოფილიყავი მტერთან, როგორ უნდა გეცხოვრა თბილისში, როგორი უნდა ყოფილიყავი  რაიონში, თუ სტუმრად ჩახვიდოდი, როგორ უნდა გამოგეხატა პატივისცემა ადამიანების მიმართ. ეს იყო  ნამდვილი აკადემია, შესაძლებლობა  - მესწავლა  ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ მამა აკრძალული იყო ანტისაბჭოური  სიმღერების გამო, ჩვენთან  სახლში  იკრიბებოდნენ სხვადასხვა რანგის ადამიანები, ცეკას მდივნები, კანონიერი ქურდები, მეცნიერები, ხელოვანები, ზოგი არც იცნობდნენ ერთმანეთს,   ყველას ერთმანეთი პროფესორი ეგონათ (იცინის) კაგებეს ერთ-ერთი პოლკოვნიკი მოგვიანებით თავის მოგონებებში წერდა, რომ უშიშროების თანამშრომელს ინაურისთვის შეუტანია მამას სიმღერების კასეტა, რომელიც  არალეგალურად ვრცელდებოდა. უკითხავს ინაურისთვის, რა მოვუხერხოთ ამ კაცსო. ინაურს მოუსმენია კასეტა, მერე მაგიდის უჯრაში ჩაუდია და უთქვამს: რას ერჩით ამ კაცს, დაანებეთ თავიო. მამას სიმღერები დიდხანს იყო აკრძალული. პირველად კონცერტზე იმღერა 1982 წელს, როდესაც გიზო ნიშნიანიძის საღამო  „პაემანი ვერაზე“  გაიმართა, რაზედაც ძალიან იბრძოლეს თავად გიზო ნიშნიანიძემ და დორიან კიტიამ. კომუნისტების ლიდერები, თურმე თავს იკლავდნენ, ოთარის ასე საჯაროდ სცენაზე გამოყვანა  არ შეიძლებაო. მაგრამ მათ მაინც თავისი გაიტანეს.  მამას მაინც იცნობდა მთელი ქვეყანა. მამიდაჩემი მღეროდა ტრიოში, სადაც მათ გიტარით აკომპანიმენტს მამა უწევდათ, დადიოდნენ გასტროლებზე საბჭოთა კავშირის მასშტაბით.  1985 წელს დაგეგმილი იყო მამას სოლო კონცერტი, მაგრამ არც ეს კონცერტი არ შედგა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ჩამოხსნეს მამას კონცერტის  აფიშები.   

იმ დროს მე და ჩემი ორივე  ძმა პატარები ვიყავით, მაგრამ მაინც  ვგრძნობდით, რომ მამა განსხვავებული იყო, ხანდახან საუბრებსაც მოვკრავდით ხოლმე ყურს. მამას ცხოვრების გამო ყველასთვის მისაღებები არ ვიყავით, მაგრამ ეს არ იყო ჩვენთვის პრობლემა. ჩვენ ვაკეში გავიზარდეთ, სადაც მძიმე 90 იან წლებშიც კი, რომელიც გავიარეთ, სრულიად სხვა წესები იყო. ერთმანეთზე მტრად გადაკიდებული ადამიანებიც კი მარტივ წესებს იცადნენ, არ გაუსწორდებოდნენ დაპირისპირებულ ადამიანს, თუ ის ქალთან,  ბავშვთან, ოჯახთან  ერთად იყო. ეს არაა ლეგენდა. ეს იყო ცხოვრების წესი, რომელსაც ქმნიდნენ ქართლოს კასრაძე, ნიაზ დიასამიძე, სხვები და სხვები. მამაც დიდი დამცველი იყო ამ წესების, რომელიც მაშინ ახასიათებდა თბილისს, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს აღარ არსებობს. მაშინ არ არსებობდა ჭორაობა, არ უნდა დაგეჩაგრა ადამიანი, არ უნდა გაგეყიდა მეგობარი. ადამიანებს არ ჰქონდათ დაუსჯელობის სინდრომი, ყველამ იცოდა, რომ თუ არასწორად მოიქცეოდა და რამეს დააშავებდა,  ჯერ ერთი მარტო რჩებოდა და მეორეც, აუცილებლად მიიღებდა  პასუხს  ადამიანებისგან, რომელთაც სიტყვაც ეთქმოდათ და ავტორიტეტი ჰქონდათ. ყველამ იცოდა, რომ თავისი ქცევით იყო პასუხისმგებელი  თავის  ღირსებაზე და  მომავალზე.  

ოთარი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა, მოდიოდნენ  ბავშვები ჩვენთან  მამებთან ერთად, თუმცა შემდეგ გაირკვეოდა ხოლმე  რომ ეს „ყურადღებიანი“  მამები ჩვენს სახლში მამაჩემის ცხოვრების შესასწავლად დადიოდნენ კაგებეს დავალებით, ზოგი თვითონაც კაგებეს თანამშრომელი იყო. მიდიოდა შესწავლა, თუ როგორ ვცხოვრობდით, როგორები ვიყავით, რაზე ველაპარაკებოდით ბავშვებს. წლები რომ გადიოდა ალალად გვიყვებოდნენ  რაც ხდებოდა. მამას ეს წინააღმდეგობები ვერ აჩერებდა. ვერ იტანდა უსამართლობას და სასტიკად ებრძოდა, უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის დასაცავად ცხრა მთას გადაივლიდა, ყველაფერს გააკეთებდა, ყველას შეაწუხებდა და მაინც დაეხმარებოდა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ უსამართლობასთან შეუგუებლობა და ბრძოლა მამაჩემისგან გადმომეცა „მემკვიდრეობით“  

228083213_4639187999447956_8272943878168240914_n

- როდესაც პროფესიული არჩევანი იურისტის პროფესიაზე გააკეთეთ, მამას როგორი რეაქცია ჰქონდა?   

- მე თავიდან  ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი. ეს რა თქმა უნდა მამის გავლენაც იყო. ვიცოდი, რომ უნდა ვყოფილიყავი მუსიკოსი და შინაგანად დღესაც მუსიკოსი ვარ. ვწერ სიმღერებს, ლექსებსაც. 5 წლის ვიყავი, როდესაც უკვე გიტარაზე ვუკრავდი,  ფილარმონიაში გამიყვანეს კონცერტზე, რომელშიც მონაწილეობდნენ გიტარისტები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებიდან.  შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში, საკმაოდ კარგი პოტენციალი მქონდა, ალტისტი ვიყავი. 90 იან წლებში კონსერვატორიაში  გამოცდაზე ჩელოს ფუტლიარით რომ მივდიოდი, პოლიცია  მაჩერებდა და იწყებდა გამოკითხვას, რა მედო ჩელოს ფუტლიარში. ვეუბნებოდი, კაცო ალტი დევს, გამოცდაზე მივდივარ, რა ალტი,  სად შენ და სად  კონსერვატორია, ავტომატი ხომ არ გიდევსო, არ მანებებდნენ თავს (იცინის)   ცუდი დრო იყო. პირადად მეც მეგობრებთან მიმართებაში ბევრ უსამართლობას წავაწყდი, იყო უკანონო დაკავებები და ადამიანის უფლებების  დარღვევები.  იმის მიუხედავად, რომ სულ ვმალავდი ჩემს სახელ-გვარს და არ მინდოდა, რომ მამაჩემის სახელით მესარგებლა,  ხან რას ვიგონებდი, ხან -რას, რომ ჩემი  ვინაობა არ გამემჟრავნებინა, დადგა დრო, რომ უნდა მეთქვა ვინ ვიყავი. ვიფიქრე, რომ  უსამართლობასთან ბრძოლა უფრო კარგად შემეძლო, თუ გავხდებოდი იურისტი. ჩავაბარე უნივერსიტეტში, იურდიულზე. იქამდე  ვუკრავდი ვასო გოძიაშვილის  სახელობის გალა - ორკესტრში, ტელევიზიის ორკესტრში, კვარტეტში, მაგრამ დავანებე ყველაფერს თავი და გავხდი იურისტი. მამა მიხვდა, რატომ მივიღე ასეთი  გადაწყვეტილება და  რატომ გავაკეთე ეს არჩევანი. 2000 წლიდან დავიწყე მუშაობა ადვოკატად. მამას მოწონდა ჩემი საქმიანობა, ხშირად მეუბნებოდა ხოლმე ხუმრობით, დათესე თხილი ამოვა თხილი, რაც მამა არის, ის არის შვილიო, თუმცა მამაჩემი ბევრად მაგარი კაცი იყო, მე მისნაირი ვერასდროს ვერ ვიქნები (იცინის)

-კარიერის განმავლობაში რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე მოგიწიათ მუშაობა, პროფესიულად რას ნიშნავდა თქვენთვის სანდრო გირგვლიანის და თამარ ბაჩალეიშვილის საქმეებზე, ასევე ე.წ. ციანიდის საქმეზე მუშაობა? 

- ყველა ეს საქმე იყო უმძიმესი,  როგორც პირადად  ჩემთვის, ასევე - საზოგადოებისთვის. პირველი იყო, სანდრო გირგვლიანის საქმე,  მე პირველი ადვოკატი ვიყავი, ვინც ამ საქმეზე მუშაობა დაიწყო, ვიცავდი ირინა ენუქიძის ინტერესებს. როდესაც სტრასბურგიდან ჩამოვიდა გადაწყვეტილება, რომელმაც მთელი სისტემა ამხილა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის ჩაფარცხვაში, ეს აღმოჩნდა წინა ხელისუფლების დასასრული. ამ საქმის გამო აღმოვჩნდი დაპირისპირებული ხელისუფლებასთან, რომელმაც 2011 წელს დამაკავა, პროვოკაცია მომიწყვეს და გამიშვეს ციხეში. მამაჩემი ისე გარდაიცვალა და ისე  დაკრძალეს, პანაშვიდზეც კი არ გამომიყვანეს, რომ  მამას დავმშვიდობებოდი. დიდი ბრძოლის შემდეგ გამოვედი ციხიდან. მოვიდა ახალი ხელისუფლება, მერე იყო ციანიდის საქმე, რომლის გამოც  დავუპირისპირდი სუსს, გოგაშვილს. მთელი სისტემა იყო ჩართული ამ საქმეში, მათ შორის საპატრიარქო. დეკანოზს უსამართლოდ მიუსაჯეს  ცხრა წელი და დააინვალიდეს. ამის შემდეგ იყო თამარ ბაჩალეიშვილის ამბავი, ყოველთვის ვამბობ,  რომ  ის მოკლეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ  საქმე  არ გახსნილიყო. სტატისტიკურად იმხელა რესურსი ჩადეს ამ საქმის არგახსნაში, რომ არც ერთ საქმეში არ ყოფილა ჩადებული ამხელა რესურსი, რაც კი საქართველოში საგამოძიებო სისტემა არსებობს. ერთხელ ვუთხარი ირაკლი შოთაძეს, მე არ გელაპარაკებით როგორც ადვოკატი, გელაპარაკებით, როგორც მამობილი, რომელსაც შვილობილი მოუკალით-მეთქი. მართლაც ამ საქმის მიმართ განსაკუთრებული ემოციები მქონდა. მე არ ვიცნობდი ამ ოჯახს, როგორც კი მშობლებმა  მოაწყვეს აქცია, სადაც განაცხადეს, რომ  დაკარგულ შვილს ეძებდნენ, წავედი  აქციაზე, როგორც 27 წლის გოგოს და 18 წლის ბიჭის მშობელი. ბაჩალეიშვილებმა მთხოვეს დახმარება, როგორც კი მოხდა ამ საქმეში ჩემი ჩართვა, მეორე დღესვე  მიიყვანეს მანქანა იმ ადგილზე. თამარ ბაჩალეიშვილის საქმე იმდენად რეზონანსული გახდა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩემი დისკრედიტაცია მომხდარიყო. თვალთვალს და მიყურადებას მარტო ჩემზე კი არა, ჩემი ოჯახის წევრებზე, მეუღლეზე, შვილებზე, ძმებზეც კი  ახორციელებდნენ. ერთხელ ჩემმა შვილმა, ლიზიკომ მითხრა: მამა თეთრი „შკოდა“ მომაშორე, 5 დღეა დამდევსო, თუმცა არც ერთ ჩემი ოჯახის წევრს  თვალთვალის არ შეშინებია, ერთი საყვედური არ უთქვამთ ჩემთვის, პირიქით, ლიზა სულ მეუბნებოდა, მიდი მამა მიაწექიო (იცინის) საბოლოდ ისე გამოვიდა, არც ერთი ხელისუფლებისთვის არ აღმოვჩნდი  მისაღები ჩემი პოზიციის გამო.   

435211472_7782050445140472_7456057324438343252_n

- ცოტა ხნის წინ პოლიტიკური პარტიის წევრი გახდით. საბოლოოდ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში ჩართვა? როგორც მახსოვს, წლების წინ   თბილისის მერის არჩევნებშიც აპირებდით კენჭისყრას.

- 2017 წელს, როდესაც თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდა, მე შევხვდი შალვა ნათელაშვილს, სადაც  ოპოზიციური სპექტრიც იყო შეკრებილი. მითხრეს, რომ თუ  ჩემი სურვილიც იქნებოდა, ოპოზიცია  წამოაყენებდა ჩემს  კანდიდატურას და მე  მექნებოდა მათი მხარდაჭერა თბილისის მერის არჩევნებში. მაშინ „ციანიდის საქმეში“ ისე  ვიყავი ჩართული, საქმეს ვერ მივატოვებდი და უარი ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი ქართული პოლიტიკის კულისები. სულ ვამბობ,  რა ღირსებითაც ვცხოვრობ საჯარო სივრცეში, იგივენაირად ვიცხოვრებდი, პოლიტიკაში რომ ვიყო. ვერაფერი შემიცვლიდა ღირებულებებს. არის წესები, რომელსაც მე არ ვემორჩილები. რომ ამბობენ, პოლიტიკა ბინძურიაო, სიბინძურე ყველგან შეიძლება იყოს, მათ შორის პოლიტიკაშიც, მაგრამ პოლიტიკაც შეიძლება აკეთო სიბინძურის გარეშე. გააჩნია, შენ როგორ უდგები შენს  ცხოვრებას და შენს საქმეს. მამაჩემს ჰქონდა ერთი კარგი ნათქვამი, სანამ ქართველები მარტო საკუთარ თავზე ფიქრს და ზრუნვას  და თხასავით „ მეე მეეს“ ძახილს არ გადავეჩვევით, მანამდე  ჩვენი საშველი არ იქნებაო. მართლაც ასეა.

პარტიაში „ჩვენ“ რომლის წევრიც ცოტა ხნის წინ გავხდი პატიოსანი, წესიერი, ქვეყნის მოყვარული  ადამიანები შედიან. მრავალი  წელია,  დავით ქაცარავა დიდ საქვეყნო საქმეს აკეთებს  საოკუპაციო ხაზთან. ამისი არდანახვა  შეუძლებელია.  მინდა ჩემი მსოფლმხედველობა, გამოცდილება გამოვიყენო  ჩემი ქვეყანის სასიკეთოდ. ძალიან მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყო  ძლიერი, მდიდარი, სამართლიანი,  ვხედავდე  ისეთ საქართველოს,  როგორიც იყო  წარსულში, როცა ადამიანებს ჰქონდათ ბედნიერი, გაღიმებული  სახეები, უხაროდათ სახლში სტუმარი და არ ეშინოდათ მასპინძლობის. მე ასეთი საქართველო მინდა და არა გაღორებული, კორუმპირებული ადამიანების მიერ გაღატაკებული ქვეყანა,  რომლებსაც მხოლოდ    საკუთარი  ოჯახები აინტერესებთ და ატყუებენ  საკუთარ ხალხს. ცდილობენ, დაამონონ, „დააჩმორონ“ ადამიანები,  წაართვან  ღირსება და თავმოყვარეობა. მათ არ იციან, რომ ყველაფერი არ იყიდება, მით უმეტეს სამშობლო არ იყიდება. დღეს არჩევანი დგას ასე - ან თავისუფლება, ან 1921 წელი. რომ გაიძახის ხელისუფლება ომი, ომიო, ვის უნდა ომი?  ომი არავის არ უნდა. ომი მხოლოდ იარაღით ხომ არ ხდება, ავტობანიდან რამდენ მეტრით არის დაშორებული ოკუპანტი, ხელისუფლების რომელიმე წევრი ჩასულა იქ და  უნახავს როგორ ცხოვრობს ხალხი საოკუპაციო ხალხთან?!  სამწუხაროდ, ასეთ მძიმე სიტუაციაში ვართ. არის წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადალახო - არც საქმეში და არც ცხოვრებაში, ეს წითელი ხაზები, სამწუხაროდ  ჩვენს ქვეყანაში ბევრმა გადალახა.

-  ოჯახზე მინდა გკითხოთ, თქვენი ქალიშვილი ლიზა რამიშვილი, რომელიც თქვენი ოჯახური ტრადიციის გამგრძელებელია.  

- როდესაც ოთარმა პატარა ლიზას მოუსმინა, მითხრა, დაიმახსოვრე, ლიზა ისეთი მუსიკოსი  დადგება, ყველა რამიშვილს გადაგვიჯოკრავსო. მაშინ ლიზას ახალი დაწყებული ჰქონდა ჩელოზე დაკვრა.15 წლის იყო ლიზა როდესაც გავუშვით  კრონბერგის  აკადემიაში და დამოუკიდებლად ავიდა იმ მწვერვალებზე. გერმანიიდან შვეიცარიაში გადავიდა, როდესაც ჟენევის კონსერვატორიიდან მიიღო მოწვევა. წლები იყო ესპანეთში, დღეს საქართველოში ცხოვრობს, აქედან დადის მოწვევით  კონცერტებზე და ფესტივალებზე  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ლიზას  ისე უყვარს თავისი სამშობლო, სხვაგან  დიდხანს ცხოვრება,  ალბათ  გაუჭირდება. ჩვენი ოჯახის ყველა სიკეთე ლიზაზე  გადავიდა. ერთხელ გამომიცხადა, შენ აღარ ჩაერიო, ბაბუას შემოქმედებას მე მივხედავო და ყველაფერი გადაიბარა. მამაჩემის  90 წლისთავის გადახდას ვაპირებდით, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ვერ მოვიძიეთ კონცერტისთვის საჭირო რესურსები. დარწმუნებული ვარ, ლიზა მაინც მოაწყობს საოცარ საღამოს,  ეს არ იქნება მხოლოდ კონცერტი, ეს  იქნება ოთარის  საღამო და გახსენება, თუ  როგორ უნდა იცხოვრო სწორად და ღირსებით.   

თამუნა ნიჟარაძე   

1488687_770856473007661_3753533640783965303_n

аналитика
რა არის პრინციპული მსგავსება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა (IRGC) და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ) შორის?

1. ირანისა და რუსეთის სპეცსამსახურების მთავარი პრიორიტეტი – პირადი გამდიდრება და „სახელმწიფო სახელმწიფოში“

IRGC მხოლოდ სპეცსამსახური არ არის – ეს გახლავთ უზარმაზარი ეკონომიკური იმპერია.
იგი აკონტროლებს მშენებლობის კომპანიებს (მაგალითად, გიგანტურ კონგლომერატს „ხათამ ალ-ანბია“), ბანკებს, სატელეკომუნიკაციო ფირმებს, პორტებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს. ირანელი უშიშროების თანამშრომლები იღებენ სახელმწიფო კონტრაქტებს კონკურსის გარეშე, არიან ჩართული კონტრაბანდაში (ნავთობი, სხვადასხვა საქონელი), ფულის გათეთრებაში და კერძო ბიზნესის რეკეტში.

ФСБ მხოლოდ სპეცსამსახური არ არის – ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე საკუთრების გადანაწილებასა და ეკონომიკის კონტროლში.
ФСБ აქტიურად ეწევა ბიზნესის „კრიშავას“, ახორციელებს რეიდერულ დაპატრონებებს გაყალბებული სისხლის სამართლის საქმეების მეშვეობით, აკონტროლებს საბანკო სექტორსა და სახელმწიფო კორპორაციების ფინანსურ ნაკადებს. ФСБ-ის მაღალი თანამდებობის პირები და მათთან დაახლოებული პირები ხდებიან დოლარიანი მულტიმილიონერები და მილიარდერები.

შედეგი: როგორც IRGC, ისე ФСБ ქმნიან სისტემას, სადაც თანამდებობა ბიზნეს-აქტივად იქცევა. ამგვარად, მათი ხელმძღვანელობა პირადად არის დაინტერესებული არსებული რეჟიმის შენარჩუნებით.


2. პროფესიული დეგრადაცია და ძირითადი ფუნქციის ჩავარდნები

წლობით, ირანის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ქვეყნის (შეიძლება ითქვას, ლიხტენშტაინისაც კი) სპეცსამსახურები დაუსჯელად კლავდნენ ირანელ ბირთვულ ფიზიკოსებსა და IRGC-ის მაღალჩინოსნებს – ეს იყო კონტრდაზვერვის სრულმასშტაბიანი მარცხი.
2018 წელს „მოსადის“ აგენტებმა თეირანში მდებარე სპეციალური საცავიდან მოიპარეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დაახლოებით 100 000 დოკუმენტი, საერთო წონით ნახევარი ტონა. თეირანის გულში, პირდაპირ IRGC-ის ცხვირწინ მოკლეს ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია.
IRGC-ის საჰაერო თავდაცვის ოპერატორმა, პანიკაში და შესაბამისი ამოცნობის სისტემის გარეშე, ჩამოაგდო უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი.
ეს ყველაფერი მიუთითებს პროფესიონალიზმის უკიდურესად დაბალ დონეზე და კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედების უუნარობაზე. სწორედ ამიტომ, დღეს ისრაელის სპეცსამსახურები ირანში აკეთებენ რაც სურთ.

ФСБ კი ათწლეულებით ჯაშუშობდა უკრაინაში, აგენტებს ანთავსებდა სახელმწიფო სტრუქტურებში, ყიდულობდა მაღალჩინოსნებს. ომამდე, ФСБ-ის მეხუთე სამმართველომ ქვეყნის ხელმძღვანელობას მიაწოდა აბსოლუტურად მცდარი სურათი – თითქოს უკრაინელი ხალხი რუსულ არმიას ყვავილებით დახვდებოდა.
ეს იყო 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაზვერვითი მარცხი, რომელმაც კატასტროფული შედეგები მოიტანა.

ტერაქტი „კროკუს სიტი ჰოლში“: მიუხედავად დასავლური დაზვერვების წინასწარი გაფრთხილებისა და შიდა ინფორმაციით, ФСБ ვერ შეძლო რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერაქტის აღკვეთა. ამ დროს მთელი რესურსი მიმართული იყო იმ ადამიანების დასაჭერად, ვინც პლაკატებს ატარებდა ან სოციალურ ქსელში კრიტიკულ პოსტებს წერდა.

დრონებით თავდასხმები მოსკოვზე, აფეთქებები ყირიმის ხიდზე, ოპერაცია „ობობა“ და შეტევები რუსული სამხედრო აეროდრომებზე ქვეყნის სიღრმეში – ყველაფერი ეს ცხადყოფს ФСБ-ის სრული უუნარობას შეასრულოს ქვეყნის დაცვის პირდაპირი ფუნქცია.

ФСБ-ის ჩავარდნებს დასასრული არ უჩანს.


3. ერთადერთი სფერო, სადაც ორივე სტრუქტურა „ეფექტიანია“ – საკუთარი ხალხის ჩახშობა

ФСБ და IRGC მშვენივრად ასრულებენ ერთ საქმეს – მშვიდობიანი პროტესტების ჩახშობას. ისინი ებრძვიან ქალებს ჰიჯაბის გარეშე და სტუდენტებს – პლასტმასის ჭიქებით ხელში.

IRGC და მისი დამხმარე „ბასიჯი“ არიან მთავარი იარაღი ირანში პროტესტების ჩასახშობად (2009, 2019, 2022 წწ.). ისინი უშიშრად იყენებენ ცეცხლსასროლ იარაღს უიარაღო მოქალაქეების წინააღმდეგ, ახორციელებენ მასობრივ დაპატიმრებებს, აწამებენ და აწყობენ საჯარო სიკვდილით დასჯებს.

ФСБ კი რუსეთის მთავარი რეპრესიული იარაღია. მათ გაანადგურეს პოლიტიკური ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია, აყალბებენ საქმეებს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც არ ეთანხმება ხელისუფლების პოლიტიკას. მათ ქვეყანაში შიშის ატმოსფერო შექმნეს – რაც რეჟიმის სტაბილურობის ერთ-ერთი საყრდენია.


დასკვნა

IRGC და ФСБ კლასიკური მაგალითებია იმისა, რაც ხდება სპეცსამსახურებში ავტორიტარული რეჟიმების პირობებში:

  1. შერწყმა ხელისუფლებასთან – ისინი წყვეტენ სახელმწიფოს ინსტრუმენტად ყოფნას და თავად ხდებიან რეჟიმის შემადგენელი ნაწილი, მისი შეიარაღებული რგოლი.

  2. უარყოფითი შერჩევა – კარიერული წინსვლა განისაზღვრება არა პროფესიონალიზმით, არამედ ლოიალურობით და მზადყოფნით, შეასრულო დანაშაულებრივი ბრძანებები. კომპეტენტური, მაგრამ დამოუკიდებელი თანამშრომლები სისტემიდან გარიყულნი ხდებიან.

  3. პრიორიტეტების ცვლილება – ქვეყნის ან ხალხის უსაფრთხოების ნაცვლად, მთავარი ხდება ერთი ადამიანის ან ვიწრო ელიტის ინტერესების დაცვა (მაღლესი ლიდერი ირანში, პრეზიდენტი რუსეთში).


თუ მოკლედ ვთქვათ — ესენი არიან სპეცსამსახურები მხოლოდ სახელით. სინამდვილეში კი კორუფციული ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმები.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати