მიხეილ კეკელიას სახელი და გვარი პირველად მაშინ გავიგე, როცა მამამ სახლში მისი წიგნი „სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ (ქართლ-კახეთის სამეფო) “ მოიტანა. წიგნს ავტორმა წააწერა: „ღრმა პატივისცემით და ძმური სიყვარულით ძვირფას ნოდარ კოხრეიძეს მ. კეკელიასგან“
თავის დროზე, სამტრედიის რაიონული გაზეთი „წინსვლა“ იუწყებოდა: „ჩვენი რაიონის ყოფილმა პროკურორმა, ამჟამად საქართველოს სს რესპუბლიკის პროკურორის თანაშემწემ მიხეილ მიხეილის-ძე კეკელიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე იურდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე „სასამართლო ორგანიზაციისა და პროცესის შესახებ მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის ქართლ-კახეთის სახელმწიფოში“ (რუსეთთან შეერთების წინ)
სსრ კავშირის უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროსთან არსებულმა უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაამტკიცა მ.მ. კეკელიასთვის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მიკუთვნება.“
მეორე წიგნი-იმერეთის სამეფო, გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები მაშინ გამოვიდა, როცა მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი. პროფესორი მიხეილ კეკელია სახელმწიფოს და სამართლის ისტორიას გვასწავლიდა.
მიხეილ კეკელია აღნიშნავდა: „საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია საქართველოს ისტორიის ნაწილია. იგი მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტების შესწავლას, ავსებს საქართველოს ისტორიის ხარვეზებს და ამდენად უდიდესი ეროვნული და შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს.“
მართლაც, პროფესორმა კეკელიამ, მთელი მისი მოღვაწეობის მანძილზე, შრომა და გარჯა არ დაიშურა იმისთვის, რომ სახელმწიფოს და სამართლის ისტორიის ხარვეზები შეევსო. გადაამუშავა და გამოაქვეყნა, როგორც არქივებში მიკვლეული, ისე, საველე ეთნოგრაფიული გზით მოპოვებული მასალები.
როგორც ვიცი, ის, შვებულების დღეებშიც კი მასალების შეგროვებით იყო დაკავებული და მშობლიურ კუთხეში, არა ერთ საინტერესო მასალისთვის მიუკვლევია. ამგვარად, „მეორე წიგნში“, იქ, სადაც „ფიცზე“, როგორც უნივერსალურ მტკიცებულებაზე წერს- ნაბაკებში და დიდჯიხაიშში მოპოვებული მასალები წარმოგვიდგინა.
ნაბაკებში, წრეში ქვით ფიცი სცოდნიათ. „ვაკე იმერეთში ბოროტმოქმედის გამომჟღავნება ან თავის მართლება ასე ხდებოდა. დაზარალებული დაუძახებდა ხალხს: „მოდით ქვით გადაცემა“ უნდა მოვაწყო… „ქვით გადაცემა ასეთი იყო: „შემოხაზავდნენ მიწაზე დაახლოებით ურმის ბორბალზე უფრო პატარა წრეს. პირველად პატარა ქვას აიღებდა დამკარგველი და იტყოდა: „ვინც ჩემი ესა და ეს (რაც დაკარგა იმის სახელს იტყოდა) მოიპარა, ამ ქვასავით უსულოდ იქცეს მისი სიცოცხლე და მომავალიო“ და ქვას ჩააგდებდა წრეში.“ ასე იმეორებდნენ სხვებიც,ოღონდ იტყოდნენ: „ვინც მოიპარაო.“ წრეში ქვით გადაცემაზე „…ოჯახიდან უნდა მისულიყო თითო კაცი. თუ ვინმე თავს აარიდებდა და არ მივიდოდა, ან თუ მივიდოდა ზოგჯერ და მიკიბულ-მოკიბულად იტყოდა, ეს ცუდუის ნიშანი იყო, ე.ი. ეშინოდა დაფიცების…“
დიდჯიხაიშში მწარე ბლის ხის ჯვარზე დაფიცება სცოდნიათ. „იგი უმეტესად ვაკე იმერეთში გამოიყენებოდა. მაგალითად, მოხდა რაიმე დანაშაული, ვერ მიაკვლიეს ბოროტმოქმედს, გზაჯვარედინზე შეიყრიდა ხალხი თავს. მოჭრიდნენ მწარე ბლის ხის შტოს, მისგან სახელდახელოდ გააკეთებდნენ ჯვარს და ჩაასობდნენ მიწაში, ხელში აიღებდნენ იმავ შტოს გადანაჭრისგან გაკეთებულ კეტს, მორიგეობით მივიდოდნენ ჯვართან და დაიფიცებდნენ: „თუ ეს ჩამედინოს მე ან ჩემიანს, ან ვიცოდე, თუ ვინ ჩაიდინა, ასე, დაიმარხოს ჩემები და ჩემი მომავალიო“ და კეტს დაარტყამდა მიწაში ჩასობილ ჯვარს.“
1986 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ ეროვნული ტრადიციების პრობლემების სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრთან „ქართული ჩვეულებითი სამართლის შემსწავლელი ლაბორატორია“ ჩამოყალიბდა. ლაბორატორია საველე-ეთნოგრაფიული გზით, ჩვეულებითი სამართლის მასალების მოიპოვება და მეცნიერულად შეისწავლა ევალებოდა. ასევე უშვებდა ქართული ჩვეულებითი სამართლის ყოველწლიურ კრებულს. „ლაბორატორიის“ ხელმძღვანელად და „კრებულის“ რედაქტორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ კეკელია დანიშნეს.
„ლაბორატორიამ“ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ დაწყებული ქართული ჩვულებითი სამართლის შესწავლა გააგრძელა. „სწორედ ჩვეულებით სამართალში იყრის თავს ქართველი კაცის ხასიათის განმსაზღვრელი ფსიქიკური, ეკონომიკური, ისტორიული, კულტურული თუ სხვა ფაქტორებით განპირობებული სპეციფიკა“-წერდა მიხეილ კეკელია.
საველე გზით ქართული ჩვეულებითი სამართლის მასალების მოსაპოვებლად, მიხეილ კეკელიამ პროგრამა-კითხვარი შეადგინა.
მიხეილ კეკელია ხშირად მოდიოდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში (მერია) და უამრავი მასალა მოჰქონდა ჩვენი განყოფილების მბეჭდავ-მემანქანესთან. მაყვალა ოძელაშვილი მიხეილ კეკელიას თითოეულ ხელნაწერს გულისყურით ეკიდებოდა და უზადოდ გადაჰქონდა თაბახის ფურცლებზე.
ბატონი მიხეილი, როგორც კი მოახერხებდა, შემოვიდოდა ჩემს სამუშაო ოთახში და იმდენ საინტერესო ამბავს მომიყვებოდა, რომ ჩამეწერა, დღეს, ბევრს თუ არა, მცირედს მაინც შევმატებდი, როგორც სამართლის ისტორიას, ისე, მემუარულ ლიტერატურას.
მალხაზ კოხრეიძე