USD 2.5973
EUR 2.9137
RUB 3.1869
Тбилиси
მიხეილ ჯიბუტი: გაასწრო, თუ წავიდა, რომ დარჩეს?
дата:  1428

წავიდა - რა დატოვა?

 

ცნობილი ქართველი პაროდისტს - მერაბ გეგეჭკორს, ძალიან დაკვირვებული თვალი აქვს. ამიტომ, მის მიერ პიროვნებებისა და მოვლენების შეფასება ყოველთვის საინტერესოა. 

კარგა ხნის წინ, შეხვედრისას, ვთხოვე მოეყოლა ეპიზოდები მისი ედუარდ შევარდნაძედ „ყოფნის“ პერიოდიდან (მისი პაროდიები ედუარდ შევარდნაძეზე მწვავე, კრიტიკული, სასაცილო და მთავარია, საზოგადოებრივი აზრის გამომხატველი იყო). შემდეგ ვკითხე: ზოგადად პოლიტიკაზე რას იტყვი-მეთქი! ამის მოსმენა შენგან მინდოდაო, მაგრამ კარგი, რადგან მთხოვ, გეტყვიო: „ცუდადაა საქმეო“. საბუთის გარეშე, ეს რა პასუხია-მეთქი. მე როდესაც ჩემს შეფასებას ვაკეთებ, ვასაბუთებ - უამრავი ფაქტით, მონაცემებით, მოვლენებით, ანალიზით. ამაზე მიპასუხა: „არა, საქმე ცუდად კი არა, ძალიან ცუდადააო“ და გააგრძელა: „ხელისუფლებაში ვერ იპოვი ადამიანს, რომელსაც საკუთარი „მეს“, საკუთარი შინაარსის გამომხატველი სახე ჰქონდეს, რომელსაც ყველა ამჩნევს, რომ შემდეგ მასზე იმუშაო და პაროდია შექმნაო“! 

ეს იყო პროფესიული კუთხით დანახული რეალობა. ამის შემდეგ, მის მაგალითზე უფრო ხშირად ჩემი პროფესიის კუთხით შევხედე ადამიანებს, უპირატესად სახელისუფლებო და საერთოდ, საჯარო საქმიანობის დროს. 

სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტ - ეკონომიკური სფერო ძალიან ღარიბია პროფესიონალებით, რომელთაც ერთი მხრივ, აქვთ სათანადო კომპეტენცია და მეორე მხრივ, ახდენენ თავიანთი იდეებისა და პოზიციების შესახებ საზოგადოებასთან კომუნიკაციას. პარტიათა ლიდერები ხომ თავიანთი პოზიციების, აგრეთვე მოვლენების შეფასების მოთხრობისგან საერთოდ თავს იკავებენ, პროფესიონალებიც არ ახდენენ საჯარო სივრცეში არგუმენტებით მსჯელობას. 

მაგალითად, სრული სიწყნარით ჩაიარა იმ ამბავმა, რომ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიღებით, საქართველოს სახელმწიფოს ცხოვრებაში ნომერ პირველ პრობლემად იქცა სახელმწიფო ვალის საკითხი. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ალბათ უკვე მინიმუმ ათი-თხუთმეტი წლის ფარგლებში, მისთვის მოცემულობა იქნება ჯერ იფიქროს სახელმწიფო ვალების მომსახურება - გასტუმრებაზე და შემდეგ სხვა დანარჩენ საკითხებზე. ვალების ეს ოდენობა ძირითადად დაგროვილია დღევანდელი ფავორიტი პოლიტიკური ძალების - „ნაცებისა“ და „ქოცების“ მმართველობის პერიოდში, თუმცა „ვალების ორმოში ჩავარდნის გარღვევა“ ბოლო ოთხ წელიწადში განხორციელდა. 

ვის უნდა შესჩივლო? ხელსაც ვერ ჩაიქნევ იმ მიზეზით, რომ „რუსთაველი მკვდარია“! რთულ სიტუაციაში ქვეყნის გადარჩენა გინდა მხარის დასაჭერად, გინდა საპაექროდ გამორჩეული ლიდერის ყოფნა, სახელმწიფოში მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის პერსონიზება. ეს აზროვნების გადარჩენაცაა! ხდება პერსონის ობიექტივიზაცია და მასზე „მიზმანება“ (გურული ბავშვობიდან ამომიტიტივდა ეს სიტყვა - ნიშნავს „მასზე სწორებას“) 

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის მესამედი საუკუნის მანძილზე, ჰყავდა ლიდერები, რომელთა პიროვნული მასშტაბი მსოფლიო პოლიტიკოსთა შორის, მეტი იყო საქართველოს მასშტაბზე მსოფლიოს ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, უბედურებიდან გამოსავალიც იმაშია, რომ საქართველოს გაუჩნდეს მმართველობის კარგი სისტემა, როდესაც ქვეყნის მართვისთვის საჭიროა ჩვეულებრივი ადამიანობა, რწმენით შრომა, პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი და წესიერება, და როდესაც მართვა განხორციელდება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის საფუძველზე. 

თუმცა, აქამდე რომ მივიდეთ, უნდა მოხდეს მინიმუმ ქვეყნის ინსტიტუციონალიზაცია და ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ - პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბება. არ შეიძლება სამინისტრო იყოს ჭკვიანი ან შტერი, იმის მიხედვით, თუ როგორია მინისტრი. პირიქით, როგორიც არ უნდა იყოს მინისტრი, სამინისტრო უნდა იყოს ჭკვიანი! 

სამწუხაროდ, მსოფლიო დონის ლიდერებმა საქართველოში თავიანთი წასვლის შემდეგ (მნიშვნელობა არ აქვს როგორ), ასეთი სისტემა ვერ დატოვეს. შესაბამისად, ყველა მათგანის მოღვაწეობა, ცალკეული ეპიზოდური წარმატებების მიუხედავად, საქართველოს მომავლიდან დანახული, ნეგატიურია. 

და აი, ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტ - ეკონომიკური ცხოვრების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილიც, ასეთი სისტემის შექმნის გარეშე, მიდის პოლიტიკიდან, ზემოთქმულიდან გამომდინარე - წარუმატებელი! ეს ძალიან გულდასაწყვეტია, რადგანაც მას ყველა შანსი ჰქონდა ასეთი სისტემის შესაქმნელად ისევე, როგორც ყველა მის წინამორბედს და ვერც ერთმა ვერ შეძლო ქართული სახელმწიფოებრიობის შეუქცევადობის უზრუნველმყოფელი პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური, ეკონომიკური ინსტიტუციური სისტემის შექმნა.

 წავიდა, მაგრამ რა დატოვა? 

 

საქართველოს სახელმწიფოს მომავლის თვალსაზრისით, არაფერი - ყველა პრობლემა, რაც მემკვიდრეობით მიიღო ან შეინარჩუნა, ან გააღრმავა! უფრო მეტიც, ისე წავიდა, რომ შუქი დატოვა უკანა ოთახში ანთებული - „შუქის ჩაქრობა დაავიწყდა“ (პოლიტიკური ალეგორია ზ.თოიძის, სხვა შემთხვევისთვის, მაგრამ აქაც მოერგო უნივერსალობის გამო)! 

წასვლა 2.0.

ბიძინა ივანიშვილის წასვლის მოტივებზე და ვერსიებზე ბევრი ითქვა და ითქმება. უმთავრესი ინტერესი იმაშია, მართლა წავიდა თუ არა? მე დავიწყებ იქედან, რომ ამ ეტაპზე ფაქტია, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური მმართველობის ფორმალიზებული სისტემიდან გასვლა. ამის შემდეგ ის დაუბრუნდება არაფორმალური მმართველობის ნაცად მეთოდს („სოლოკრატიას“), თუ ნამდვილად დაიწყებს ცხოვრებას „2011 წლამდელი კერძო ცხოვრების წესით“? (ბიძინა ივანიშვილის წერილი, 11 იანვარი, 2021 - შემდგომში „წერილი“ 

https://gd.ge/show-news/1283/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98?lang=ge).

ეს მალე გამოჩნდება.

ბიძინა ივანიშვილის ყველა წინამორბედს ჰქონდა თანამდებობიდან წასვლა - დაბრუნების ეპიზოდები (რეკორდსმენი ედუარდ შევარდნაძეა: საბჭოთა კავშირის პერიოდის ჩათვლით მინიმუმ 8-ჯერ განახორციელა პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა - დაბრუნება). ბიძინა ივანიშვილის წასვლა 2.0 იმითაა განსხვავებული, რომ არცერთი მისი წინამორბედი პოლიტიკიდან არ წასულა!

შეძლებს პოლიტიკიდან გასვლას ბიძინა ივანიშვილი? პოლიტიკოსების პოლიტიკიდან წასვლის, როგორც ასეთის, არ სჯერა მამუკა გიორგაძეს. მისი არგუმენტი რიტორიკურ კითხვაშია: „გამჩენი დააყენებს“? საკითხს თუ უფრო ღრმად შევხედავთ, მაშინ, რა თქმა უნდა, დასაშვებია პოლიტიკიდან გასვლის სურვილი, მაგრამ რამდენადაა ეს შესაძლებელი?

ყველაზე მაქსიმუმი, ესაა აქტიური პოლიტიკური ან/და პარტიული საქმიანობის შეჩერება, ხოლო პოლიტიკიდან გასვლა, „კარების მიხურვის ეფექტით“, რომ მე აქ აღარ ვარ, ბიძინა ივანიშვილისთვის შეუძლებელია. შეუძლებელია როგორც პიროვნულად, ისე მისი მატერიალური აქტივების გამო!

ბიძინა ივანიშვილი ვერ გაემიჯნება, მისი სურვილის მიუხედავად, ვერც ერთ იმ საქმიანობას, რაც განახორციელა მისი ხელმძღვანელობის დროს პარტია „ქართულმა ოცნებამ“. ის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კიდევ დიდხანს არის პასუხისმგებელი იმ საქმიანობაზე, რომელსაც ეწეოდა პრემიერ - მინისტრის თანამდებობაზე. ძნელი დასაჯერებელია, რომ „ქართული ოცნების“ საქმიანობა მომავალში, მის მიმართ ბიძინა ივანიშვილის სრული ნეიტრალობის შემთხვევაშიც კი, მას მისცემს შესაძლებლობას დადგეს პოლიტიკის გარეთ.

ისიც შეუძლებლად მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე მოვლენები და აქტივები (პუშკინის სკვერი, საყდრისი და სხვ.) კიდევ მრავალჯერ არ გახდეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაზე „მიჯაჭვის“ საფუძველი.

ამდენად, ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლა შეუძლებელია. ზედმეტად ოპტიმისტურია მისი ნათქვამი: „შემიძლია მშვიდად გავეცალო პოლიტიკას“ (წერილი). აქ უკანა გზა ჩახერგილია! ერთადერთი სივრცე კერძო ცხოვრებისთვის შეიძლება წარმოიშვას, თუ მომავალში ის მართლა არ შეინარჩუნებს „სოლოკრატიულ“ სისტემას და პოლიტიკაში მიიღებს მონაწილეობას იმდენად, რამდენადაც ამას მოითხოვს მისი წარსული პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი საქმიანობა, მისი, როგორც მოქალაქის, უფლება - მოვალეობები. 

გაქცევა? 

ბიძინა ივანიშვილის წასვლა საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაში მრავალმხრივ შეიძლება შეფასდეს, გააჩნია, რომელი კუთხით შეხედავ. თუ შეხედავ 65 წლის ასაკის მიღწევის კუთხით და „ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახები“ (წერილი), ასპარეზის დათმობის არგუმენტით, რა თქმა უნდა, ამის გულწრფელობის დაჯერება ძალიან ძნელია! ყოველ შემთხვევაში, მე, ბიძინა ივანიშვილზე ასეთი შეხედულების არ ვარ! თუ ის ასეთი შეხედულებისაა მისი განცხადების ადრესატზე - ქართველ ხალხზე - ეს მისი გადასაწყვეტია. ახალგაზრდობის წინ წამოწევა პარტიაში გადადგომით შექმნილი ერთი გამოთავისუფლებული ადგილით მოხდება? მოკლედ, ძალიან ისეთი არგუმენტია, თითქოს მზრუნველობით აღვსილი, სინამდვილეში იმდენად „თვალში შესაყრელი ნაცრის ფუნქციით“, რომ კალამიც კი გაბრაზდა და ვერ ვაჩერებ!

ბიძინა ივანიშვილის წასვლა უფრო ჰგავს რაღაც მოსალოდნელი პროცესებისადმი თავის არიდებას, ვიდრე, ახალგაზრდებისთვის ასპარეზის დათმობას.

თუ ეს, იმ პროცესებისადმი თავის არიდებაა, რომელიც ხელისუფლების არასწორი საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკის გამო დიდი ალბათობით უკვე აპრილის თვეში სერიოზულ საბიუჯეტო-ეკონომიკურ კატაკლიზმებს გვიქადის, მაშინ, ეს „ხელის დაბანაა“.

თუ ეს, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ჩიხიდან გამოყვანისთვის რაღაც შეთანხმებული ნაბიჯია, როდესაც წერილის კონტექსტით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტია უნდა გახდეს - მაშინ ეს გაქცევაა!

წერილში თითქოს აზრის შესაქმნელად, არა ერთხელ საუბარია „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლაზე.

თუ ეს გამოწვეულია საგარეო ფაქტორებით. უკვე ცნობილია, რაღაც ისეთი, რომელიც მხოლოდ მან იცის, მაშინ ეს გასწრებაა!!!

უფრო ბოლოა!

საქართველოს უახლესი ისტორიიდან ცნობილია ასეთი წასვლა, მაგრამ არა a priori, არამედ, posteriori, უკვე მოვლენების შემდეგ. საუბარია 2003 წლის 23 ნოემბერს ე.შევარდნაძის გადადგომასა და ჟურნალისტების შეკითხვაზე, „საით მიდიხართ“, მისი პასუხზე: „სახლშიიი“. ე. შევარდნაძის გადაწყვეტილებაში იყო მის მიერ დასწრებაზე მოქმედების ელემენტი. კერძოდ, პროცესების დასარეგულირებლად საქართველოში მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ამ დროს და სხვა სცენარის შესათანხმებლად, თვითმფრინავში იჯდა და მიფრინავდა ბათუმში ასლან აბაშიძესთან.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებობს რაღაც აუტსაიდერული მოტივატორი. ამ გაგებით, ნიშანდობლივია 2021 წლის 10 იანვარს, „ამერიკის ხმის“ ქართულ გადაცემაში (ანუ სპეციალურად ქართველების საყურადღებოდ თქმული) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გრეგორი მიკსმის განცხადება: „ქართველ ხალხს ვეტყოდი, დადექით ერთად, რათა უზრუნველყოთ, რომ შენარჩუნდეს დემოკრატია და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს“.

https://www.interpressnews.ge/ka/article/636908-ashsh-is-carmomadgenelta-palatis-sagareo-komitetis-tavmjdomare-baidenis-administracia-cin-agudgeba-rusetis-tavdasxmebs-nato-s-mtavar-mokavshireebze-rogoricaa-sakartvelo

თვალში საცემია, რომ ხშირი საუბარია ძალაუფლების გადაცემაზე და დასავლეთის წარმომადგენლები არ საუბრობენ ახალ საპარლამენტო არჩევნებზე. ხომ არ არის ჩაფიქრებული რაიმე მექანიზმი არსებული არჩევნების ლეგიტიმურად ცნობის ფარგლებში პოლიტიკურ ძალთა გადაადგილებისთვის საქართველოს პარლამენტში?! როგორც ცნობილია, „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესულმა დეპუტატებმა უკვე შექმნეს 9 იანვარს ახალი პარტია „ევროპელი სოციალისტები“.

ეს გამოჩნდება პარტიებს შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით გამართულ უახლოეს კონსულტაციებზე.

ბიძინა ივანიშვილის მოქმედებაში აჩქარება აშკარაა. „ქართული ოცნება“ ყრილობას ახალი თავმჯდომარის ასარჩევად გამართავს 16 იანვარს. 

შეიძლება ეს იყოს რაიმე კავშირში აშშ მიმდინარე პროცესებთან? კერძოდ, 20 იანვარს, ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან? თუ არის, მაშინ კიდევაა ერთი კითხვა - ფაქტია, „რაღაცეები“ საქართველოში უნდა დამთავრდეს ინაუგურაციამდე, მაგრამ ეს კეთდება ახალი ადმინისტრაციის იმპულსებით, რომ ყველაფერი მათ მოსვლამდე დამთავრდეს, თუ ძველი ადმინისტრაციის მინიშნებით, ყველაფერი მათ წასვლამდე მოხდეს. ვინ ქმნის უკვეთავს მუსიკას: ვინც მოდის, თუ ვინც მიდის? 

 ეს საკითხები ყველასთვის მნიშვნელოვანია: დაწყებული ინვესტორებით და დამთავრებული საოჯახო მეურნეობაში დასაქმებულით, რომ ოდნავ მეტად პროგნოზირებადი გახადოს მის ირგვლივ შექმნილი გარემო.

 რადგანაც, პოლიტიკური კულტურა საქართველოში დაბალია, განსაკუთრებით მმართველ წრეებში, როდესაც მათი ნათქვამის ჭეშმარიტი შინაარსი ცხრა ტყავშია გახვეული, გამოსავალი არსებული მასალის სტრიქონებს შორის კითხვა და შესაძლო ვარიანტების გათვლაა.

 ივანიშვილი ხალხის მადლიერია, ხალხი?

 წერილში ბიძინა ივანიშვილი ამბობს: “პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი“. ეს სუბიექტური განწყობაა და ვერ შეედავები. თვითონ ხალხის მადლიერია, მაგრამ ხალხი მადლიერია მისი? ამის საჩვენებლად, წერილში, მოცემულია მსჯელობა, თუ რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა 2011 თუ 2012 წელს და რა შეასრულა. 

ლოგიკამ მოითხოვა დაზუსტება: რაც გაკეთდა, ეს მარტო ბიძინა ივანიშვილზე უნდა ითქვას, თუ „ქართულ ოცნებაზე“ მისი ხელმძღვანელობით?! ამის გამო გაჩნდა წერილის დანართი (ცოტა უცნაური ფორმაა ამ სტილის წერილებისთვის).

ეს დანართი შედგენილია მიზანმიმართულად „ქართული ოცნების“ საქმეების წარმოსაჩენად, რაშიც ცუდი არაფერია. სამწუხაროდ ის, იმის 10 პროცენტსაც ვერ წარმოაჩენს, რა პოზიტივსაც ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ განვლილი 8 - წლიანი მმართველობის დროს. იმის დასტურს კი წარმოადგენს, თუ რა დონის კომპეტენციაა ხელისუფლებაში. ალბათ არავინ არ დაიწყებს მტკიცებას, რომ ასეთი ანგარიშგებანი პარტიის თავმჯდომარის, ან პარტიაში მეორე რიგის პირების მიერ დაიწერა. ზოგიერთის გასაკვირად უნდა ვთქვა, რეიტინგებით მსჯელობა ვიკიპედიით დაწერილი მონოგრაფიის ავტორის მსგავსი დონის კომპეტენციის მაჩვენებელია.

თუ რა გაკეთდა 8 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ, ეს დიდი და კონკრეტული თემაა. მასში უნდა აისახოს რამდენი დრო და ფული დახარჯა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და რა გაკეთდა იქედან, რაც მთავრობის იმ პროგრამებში ეწერა, რომლითაც საქართველოს პარლამენტი მას ნდობას უცხადებდა.

როგორ შესრულდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №400 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“?

პანდემიის გამო არ შესრულდა 2020 წლის გეგმა, მაგრამ რატომ არ მოხდა მასში შესაბამისი კორექტირება, რომ ორიენტირები პოლიტიკისთვის ყოფილიყო სწორი? ის რომ არ მოხდა ჩასწორება, იმაზე უარესი მოვლენის მაჩვენებელია, ვიდრე სტრატეგიის არ შესრულება. აქედან ჩანს, რომ პროცესები თვთდინებაზეა მიშვებული, შედეგი იქნება ის, რაც იქნება, ხოლო, შემდეგ ანგარიშგებისთვის ამოკრეფ იმ ერთეულ რეიტინგებს, რომელიც ქვეყანას იმ მომენტისთვის სახარბიელო ექნება ათას სხვა არასახარბიელო რეიტინგს შორის. წარმოგიდგენიათ ჩინეთის კომპარტიის ყრილობაზე, ან აშშ კონგრესის სხდომაზე რომ გამოცხადდეს საქართველო გვისწრებს რაღაც რეიტინგითო? ეს ისეთი დონეა ანალიზის, როგორც ენის დათვალიერება, ან მკერდზე თითების დაკაკუნება მაგალითად, კომპიუტერულ ტომოგრამასთან!

სიჩქარე ეტყობა ტექსტს ყველაფერში: ტექსტიდან მკითხველი ვერ გაიგებს ავტორი 2021 წლის 11 იანვარს, რატომ საუბრობს „17 წლის განმავლობაში ქართველი ხალხის გამოცდილებაზე“ (წერილი), ან „დამოუკიდებლობის მოპოვებიდან“ „გამოვლილ ოც წელიწადზე“ (წერილი)? მაშინ, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან (1991წ.) უკვე 30 წელიწადია გასული?

ბიძინა ივანიშვილი არ აფასებს, თუ რას გრძნობს, როგორია მისდამი ქართველი ხალხის დამოკიდებულება. ის აღნიშნავს, შედეგებს:

- ვერ იქნა მიღწეული პროგრესი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში;

- არის ცუდი ეკონომიკა;

- დაუძლეველია სიღარიბე;

- ვერ მოხდა სიცრუის გაქრობა საინფორმაციო ველიდან... (წერილი).

ვერც განსახილველი წერილი და დანართი აშორდა მონაცემების შელამაზების ცდუნებას.

მხოლოდ ერთ ფრაგმენტს შევეხები.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტურიზმის სექტორში კატასტროფული მდგომარეობაა - პანდემიამ ტურიზმის სექტორში 70-80%-იანი ვარდნა გამოიწვია. დანართის ავტორები ამ ფაქტის გაპოზიტიურებას ახდენენ. ტექსტში ნათქვამია: “ორნახევარჯერ გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები - 2012 წლის 1.4 მილიარდი აშშ დოლარიდან 2019 წელს 3.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. რაკი ამ ნიშნულს ერთხელ უკვე მივაღწიეთ, პანდემიის შედეგად დაკარგულ პოზიციას პოსტ-კრიზისულ პერიოდში მალევე აღვიდგენთ“(ხაზგასმა ჩვენია-მ.ჯ.). 

https://gd.ge/show-news/1284/%E2%80%9E%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E2%80%9C-%E1%83%9B%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-8-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98:?lang=ge 

მომავალში რასაც იზამ, 2021 წლის ფაქტიური მდგომარეობის შეფასებასთან რა კავშირი აქვს? ასეთი მიდგომით, ავტორს წარმატებით შეეძლო ჩამოეთვალა საჭოთა კავშირის დროს არსებული პოზიციები და გაეტარებინა 2021 წლის შედეგების შეფასებისას, როგორც მომავალში აღსადგენი!

მთავარი დამსახურება

ბიძინა ივანიშვილის უდიდესი ისტორიული დამსახურება ისაა, რომ მისი საქმიანობის შედეგად, ქართველი ხალხი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ერთი კაცი, როგორიც არ უნდა იყოს მისი შესაძლებლობები (ეროვნული ლიდერი - საბჭოთა კავშირის დანგრევის ავტორთაგანი, მსოფლიო დიპლომატი - ბერლინის კედლის დამნგრევი, მსოფლიოში სახელმწიფოების მოწყობის აქტივისტი - საქართველოში სახელმწიფო დათრგუნვის მანქანის შემქმნელი, მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანთა კლუბის წევრი - საქართველოს სოლოკრატი...) ვერ გაამდიდრებს, ხოლო ხელისუფლება - მფლანგველი და უგუნური - გააღატაკებს ქვეყანას, რომელი მათგანიც არ უნდა იყოს მის სათავეში.

„ოცნებას“ ტოვებს, ოცნებას იტოვებს

 ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პარტიიდანაც გადის და ამტკიცებს, რომ მას ერთი ოცნება რჩება. ის წერს: „საქმიანობა მომავლის დიდ იმედს მისახავს. დემოკრატიის კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება. გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ დაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით“ (წერილი). 

გაუგონარი პოლიტიკური ოცნებაა საკუთარი პარტიის დამარცხების შესახებ! და მაინც, თუ პოლიტიკური ოცნება, თანაც ახალი პარტიის გაჩენისა, რომელიც დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილის „ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნებაა“, ეს ნიშნავს პოლიტიკაში დარჩენის ქვეცნობიერ განაცხადს, ოღონდ, ახალი პოლიტიკური ტელეპორტირების გზით.

წყარო:http://iverioni.com.ge/

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати